საშინაო ტანსაცმელი და განწყობა
როგორც უძველეს დროში ცხოველის ბეწვი იცავდა ადამიანს სიცივისაგან, ახლა ფსიქოლოგიურად კოსტიუმი გვიცავს ნიღაბივით, ფარავს ჩვენს ნაკლს და გვმატებს თავდაჯერებას. ნებისმიერი ქალისთვის განუზომლად მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება საზოგადოებაში, სამსახურში, ტრანსპორტში, რესტორანში, სტუმრად და ა.შ. როცა ის სახლში ბრუნდება, სრულდება ტანსაცმლის (საგარეო საშინაოთი იცვლება) გამოცვლის მაგიური რიტუალი - პრინცესა კონკიად იქცევა.
რა გვაცვია შინ?
ბევრისთვის უმნიშვნელოა, რა აცვია შინ. ამ მიზნით ხშირად ძველ სამოსს ვიყენებთ - გახუნებულს, ფორმადაკარგულს, თუმცა ჯერ კიდევ სასურველსა და საყვარელს. არის მეორე ვარიანტიც - სპორტული კოსტიუმი, რომელსაც ხშირად მოხდენილი ქალის უფორმო და უსქესო არსებად გადაქცევა შეუძლია. დაბოლოს, მესამე ვარიანტია - საშინაო ხალათი. არა ნახევრად გამჭვირვალე პენუარი ნატიფი მაქმანებით, საპნის ოპერებში საძინებელ ოთახებში გათამაშებულ სცენებში რომ არის, არამედ სწორი თარგით აჭრილი დიდჯიბეებიანი, უხეში ქსოვილისა და „მხიარული“ შეფერილობის სამოსი.
საშინაო ხალათი საბჭოთა ეპოქის გადმონაშთია. მას ატარებდნენ მზარეული ქალები, რომელთაც „სახელმწიფოს მართვა შეეძლოთ“. მაგრამ თუ ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედავთ, გავიხსენებთ, რომ სანდომიანი ქალბატონების საშინაო ტანსაცმელი იყო კაბა, მართალია უბრალო, მაგრამ სამეჯლისო კაბებზე არანაკლებ ელეგანტური. ასეთი ტანსაცმლით შესაძლებელი იყო როგორც მაგიდის გაწყობა, ისე სტუმრების მიღება.
ეს საინტერესოა
ტანსაცმლის სხვა დეტალებივით ხალათმაც ქალის გარდერობში მამაკაცის გარდერობიდან გადმოინაცვლა. დღეს იშვიათად ნახავთ სახლში კაცს ხალათით - ის სპორტულ ტანსაცმელს ამჯობინებს. ადრე კი ხალათი არისტოკრატული პეწის მანიშნებელი იყო. ევროპაში ეს საგანი თურქეთიდან შემოიტანეს, მას ძვირფასი ქსოვილების - ატლასის, ხავერდისა და ფარჩისგან კერავდნენ. თუ ადამიანი ხალათს იცვამდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის არ იყო საქმით დაკავებული.
საინტერესოა, რომ ხალათი სმოკინგის წინაპრად მიიჩნევა. სწორედ ასე ეძახდნენ ადრე შავი ატლასის სპეციალურ ხალათს, რომელსაც მოსაწევად მიმავალი მამაკაცები კოსტიუმის ზემოდან მოისხამდნენ ხოლმე, რომ სიგარეტის ფერფლს კოსტიუმზე კვალი არ დაეტოვებინა. დღეს, როცა ელიტური მამაკაცის გარდერობის შემადგენელს - ელეგანტურ სმოკინგს ვხედავთ, აღარც კი გვახსენდება უფორმო ხალათი, რომელიც სულ უფრო ხშირად მუშათა სპეცტანსაცმელთან ასოცირდება.
ფსიქოლოგთა აზრი
საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების ინდიკატორი (რომ არაფერი ვთქვათ ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე) ჩვენი საშინაო ტანსაცმელია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალის თვითშეფასებაზე ზეგავლენას ახდენს ის წამიერი შთაბეჭდილება, რომელსაც ის ღებულობს სარკეში მომენტალური ჩახედვისას. ამასთან, არა სამსახურში ან სტუმრად ყოფნისას, არამედ შინ, ჩვეულ და ბუნებრივ გარემოში. სწორედ ამიტომ საშინაო ტანსაცმელი უნდა იყოს ელეგანტური, მოსწონდეს მის მფლობელს და ამავე დროს „თავისად“ მიაჩნდეს. სწორედ შინ ყოფნისას გვაქვს განცდა, რომ ვართ გახსნილი და მოდუნებული. საშინაო ტანსაცმლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს, ფაქტურას, სილუეტს, ქსოვილის ელასტიკურობას, მოხერხებულობას.
შემოქმედებითი მიდგომა
ტანსაცმლის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ადამიანს სახლისთვის უნდა ჰქონდეს ნივთების 3-4 კომპლექტი, რომელთა კომბინირება ერთმანეთთან ადვილია. მათი თანმიმდევრულობა უნდა შეირჩეს საქმიანობის მიხედვით: ბავშვებით ხართ დაკავებული, საკვებს ამზადებთ, ალაგებთ თუ სტუმრებს ელოდებით. მაგრამ ყველა მათგანი უნდა შეესატყვისებოდეს რამდენიმე კრიტერიუმს:
1. მოხერხებულობა. უპირველესად, მოდელი მოხერხებული უნდა იყოს. არ ჰქონდეს კორსეტი, ღრმა ამონაჭერი, შესაკრავი, არ იყოს შემოტმასნილი. თავისუფლად მოძრაობა, დაჯდომა და ხელის აწევა უნდა შეგეძლოთ. ამავე დროს, არც ტანზე ჩამოკიდებული უნდა იყოს სამოსი, სასურველია ტანზე მომდგარი. ასეთია კაბა-სარაფანი.
2. პრაქტიკულობა. ამჯობინეთ მუქი ფერის ნატურალური ქსოვილები. ოღონდ ფერი სევდის მომგვრელი არ უნდა იყოს. გახსოვდეთ, გეომეტრიული ფიგურები და ძალიან მკვეთრი ფერები ხელს შეგიშლით მოდუნებასა და დასვენებაში. ასეთი შეიძლება იყოს: შინდისფერი, შოკოლადისფერი და მუქი ლურჯი ტრიკოტაჟის ტანსაცმელი.
3. ესთეტიკურობა. შინაც ქალად უნდა იგრძნოთ თავი, უნდა იყოთ ლამაზი და მომხიბვლელი. მაშინაც კი, თუ თქვენი ქორწინება ათ წელზე მეტს ითვლის, ან სულაც მარტო ცხოვრობთ.
რჩევა: გამოიყენეთ სხვადასხვა აქსესუარი - თმა შეიკარით აბრეშუმის ბაფთით ან დაიმაგრეთ ლამაზი თმის სარჭით. მთავარი წესი - შინ ისე უნდა გამოიყურებოდეთ, რომ არ შეგრცხვეთ კარს მომდგარი სტუმრის დახვედრა!