ვარჯიშთა კომპლექსი 6-დან 9 თვემდე ასაკის პატარებისთვის
ცდილობს კიდეც, "თავის ენაზე" უპასუხოს მათ. ამის კვალობაზე, კარგი იქნება, თუ ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას დაელაპარაკებით კიდეც და მისცემთ მითითებებს: "გადაბრუნდი", "მომეცი ხელი", "ასწიე თავი" და ა.შ.
ნორმალური ფიზიკური თუ ფსიქომოტორული განვითარებისას 6 თვის პატარა იწყებს პირველი ბგერების წარმოთქმას, დამოუკიდებლად ჯდება, სწორად უკავია წელი, თავისუფლად ბრუნდება მუცლიდან ზურგზე, თუ ხელებით ან გულმკერდით გვიკავია, დგება და ცდილობს, ნაბიჯი გადადგას, ხოხავს, თამაშობს სათამაშოებით, გადააქვს ისინი ხელიდან ხელში, იღებს დაბლა დავარდნილ სათამაშოს, აქნევს მას.
7 თვის ბავშვი დგება ოთხზე და თავისუფლად დახოხავს. თუ საყრდენი აქვს, მყარად ზის, თუ ორივე ხელში ჩავეჭიდებით, დგება მუხლებზე, ფეხებზე და თამამად დგამს ნაბიჯებს; ეძებს და პოულობს საგნებს, რომლებსაც უფროსები უსახელებენ.
8 თვის ბავშვი მანეჟის კიდეზე ხელმოკიდებულად დგება და ჯდება. ცდილობს, გაუყვეს კედელს, შემოჰკრას ტაში, გამოხატავს ინტერესსა და გაკვირვებას ახალი სათამაშოს დანახვისას, თამაშობს დამოუკიდებლად - ათვალიერებს, ერთმანეთს ურტყამს სათამაშოებს. ცდილობს, მოისროლოს ისინი და ამით ყურადღება მიიპყროს, თვალით ეძებს საჭირო ნივთებს და მათი დაუფლებისკენ ისწრაფვის.
9 თვის პატარა საყრდენის გარეშე ცდილობს ფეხზე დგომას, დამოუკიდებლად დადის ჭოჭინით, ინარჩუნებს წონასწორობას, ასრულებს რთულ მოძრაობებს, აწყობს კუბიკებს, აგროვებს ერთნაირ საგნებს, ასრულებს მარტივ მოთხოვნებს: "მომეცი ხელი", "დამიქნიე ხელი", რეაგირებს თავისი სახელის გაგონებაზე.
ვარჯიშთა კომპლექსის შერჩევისას ეს ყოველივე უნდა გავითვალისწინოთ. ვარჯიშები უნდა ასტიმულირებდეს ხოხვას, ხელს უწყობდეს კუნთების გამაგრებას სწორი ჯდომისა და დგომისთვის, ხვეწდეს მოძრაობის კოორდინაციას, რიტმულობას ხმოვანი მითითებებით.
გარემოსთან კონტაქტს ჩვილი შეხების რეცეპტორებისა და სმენის მეშვეობით ამყარებს, ამიტომ ყოველი პროცედურის დროს ბავშვს უნდა ველაპარაკოთ და მოვეფეროთ (სწორედ ამას გულისხმობს ცნება "კონტაქტური მასაჟი"). ორგანიზმი თანდათანობით ეჩვევა განსაზღვრულ რეჟიმს - თუ პროცედურა მასში სასიამოვნო ემოციებს იწვევს, იგი დადებითად განეწყობა მის მიმართ და სიხარულით ელის მომდევნო პროცედურის დროს.
6-9 თვის ბავშვისთვის განკუთვნილი კომპლექსის ხანგრძლივობა 10-15 წუთია
1. ბავშვს ვაწვენთ ზურგზე, ფეხებით ჩვენკენ. ხელისგულებში ვუდებთ ცერა თითებს, რომ კარგად ჩაეჭიდოს და გამართულ მკლავებს წრიულად ვაბრუნებთ მხრის სახსარში. ვიმეორებთ 4-5-ჯერ.
2. ვუტარებთ მუცლის მასაჟს.
3. გამართულ ფეხებს 90-გრადუსიანი კუთხით ვუხრით მენჯ-ბარძაყის სახსარში და მაღლა ვუწევთ.
4. ვუზელთ ტერფებს (ეს პროცედურა აუცილებელია ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად).
5. ვაიძულებთ, ზურგიდან გადაბრუნდეს მუცელზე ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ მარცხნიდან. ამ დროს ვეხებით მხოლოდ ფეხებს - ბავშვი ორივე კოჭით ერთდროულად გვიჭირავს.
6. ვაწვენთ მუცელზე ფეხებით ჩვენკენ. ვუტარებთ ზურგის მასაჟს. ეცადეთ, ამ დროს პატარას თავი მაგიდაზე ედოს.
7. მუცელზე მწოლიარე ბავშვს ორივე ხელის საჩვენებელ თითებს ვუდებთ ხელისგულებში, რომ კარგად ჩაგვეჭიდოს. ხელებს წინ გავუწევთ. ამ დროს პატარა ნელ-ნელა წამოსწევს თავს. შემდეგ ხელებს ვუხრით იდაყვში და თანდათან დაბლა და უკან ვაწევინებთ. ვასრულებთ 1-2-ჯერ.
8. ბავშვი წევს მუცელზე, ჩვენს საჩვენებელ თითებს ჩაჭიდებული. ხელები წინ აქვს გაწეული. ვცდილობთ, თანდათან წამოვაყენოთ, ხელები ამ დროს განზე გაიწევს, ბავშვი დგება ჯერ მუხლებზე, შემდეგ ფეხზე. ვასრულებთ 1-2-ჯერ.
9. ვაწვენთ ზურგზე, ვუტარებთ გულმკერდის მასაჟს.
10. ბავშვი წევს ზურგზე და ჩვენს ცერა თითებს არის ჩაჭიდებული. ვცდილობთ, თანამიმდევრობით მოვუხაროთ და გავუშალოთ ხელები ჯერ იდაყვის, შემდეგ მხრის სახსარში (როცა დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის, ეს ვარჯიში მჯდომარეს ჩაუტარეთ). სრულდება 6-8-ჯერ.
11. ბავშვი წევს ზურგზე, ხელებით ჩვენს ცერა თითებს ჩაჭიდებული. თანდათანობით ვეწევით ჩვენკენ იდაყვში მოხრილი ხელებით და ვცდილობთ, წამოვსვათ.
12. ბავშვი წევს ზურგზე. ხელები ჩავჭიდოთ კოჭ-წვივის სახსარში ისე, რომ ტერფებს არ შევეხოთ. მოვახრევინოთ ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ისე, რომ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ტერფით მაგიდის ზედაპირს ეხებოდეს. სრულდება 10-15-ჯერ.
13. ბავშვი წევს ზურგზე, ჩვენ გვერდით ვუდგავართ. ცალი ხელით ვუჭერთ მუხლებს, რომ ვარჯიშის დროს არ მოხაროს და გამართულ ფეხებს თანდათან ვუწევთ მაღლა. იმავდროულად მეორე ხელით მსუბუქად ვაწვებით წელზე და წამოჯდომაში ვეხმარებით. ვარჯიშის მეორე ნაწილია ბავშვის საწყის მდგომარეობაში თანდათაობით გადაყვანა - ჯერ გამოაცალეთ ხელი წელის არიდან და თავი მაგიდაზე დაადებინეთ, შემდეგ ფეხები დააშვებინეთ.
14. ფეხების ტრიალი მენჯ-ბარძაყის სახსარში ვაჟებისთვის და გოგონებისთვის სხვადასხვანაირად სრულდება. ვაჟებისთვის: ბავშვს ვაწვენთ ზურგზე, მუხლებში ოდნავ მოხრილ ფეხებს ორივე ხელით ვუჭერთ და 90-გრადუსიანი კუთხით ვუწევთ მაღლა. შემდეგ მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრილ ფეხებს ნელ-ნელა ერთდროულად ვაბრუნებთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გოგონებისათვის: ვაწვენთ ზურგზე, ფეხებს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ვუხრით და თანდათან, ძალიან ფრთხილად გადავუწევთ აქეთ-იქით. ვცდილობთ, მუხლები ერთმანეთს მაქსიმალურად დავაშოროთ, შემდეგ ფეხებს შევატყუპებთ, გავუმართავთ და ასეთ მდგომარეობაში დავუშვებთ მაგიდის ზედაპირზე.
15. ბავშვს ვაწვენთ მუცელზე. მაგიდაზე ვუდებთ საყვარელ სათამაშოს ისე, რომ ხელით მისწვდეს. ფეხებს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში ვუხრით და ხელისგულებით მსუბუქად ვუბიძგებთ ტერფებზე. ბავშვი სათამაშოსკენ გახოხდება. თუ დამოუკიდებლად ხოხვას ვერ ახერხებს, შეეშველეთ - ხელი გულმკერდის ქვეშ ამოუდეთ და სათამაშოსკენ გასწიეთ.
16. ბავშვს ხელებს იღლიის ქვეშ ამოვუდებთ, მხრებით დავიკავებთ და მაგიდაზე ვაყენებთ, უმჯობესია სახით ჩვენკენ. პატარამ უნდა გადადგას 5-6 ნაბიჯი, მერე და მერე ამ ვარჯიშის შესრულებისას პატარა უკვე არა მხრებით, არამედ მაჯებით გვიჭირავს.
ჭარბწონიანი ჩვილი
ჭარბ წონასა და სიმსუქნეს არც მოზრდილებისთვის და არც ჩვილებისთვის კარგი არაფერი მოაქვს. მართალია, ზოგიერთს გულს უხარებს ლოყებ- და ღაბაბჩამოკიდებული ღიპუცა პატარების ყურება, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არ არის სასიხარულო - ჭარბი წონა მომავალში მრავალი დაავადების წინაპირობად შეიძლება იქცეს, მათ შორის -შაქრიანი დიაბეტისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა. ბავშვები, რომლებსაც პატარაობიდანვე ავარჯიშებენ, უფრო მოძრავნი, ასაკის კვალობაზე კარგად განვითარებულნი არიან.
ჭარბწონიან, პარატროფიულ ბავშვებს კი ვარჯიში განსაკუთრებით სჭირდებათ. ის კვებისა და დღის რეჟიმის კორექციის პარალელურად ინიშნება და პედიატრის მეთვალყურეობით სრულდება.