ვარჯიში და მასაჟი 3-დან 4 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის
სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვის ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელებზე მეტად აქტიურობენ. ეს ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსია. ზრდის კვალდაკვალ მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ზედა კიდურების მომხრელების ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი ქრება, რაც ბავშვის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ფეხის კუნთების ჰიპერტონუსი. სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშებისა და მასაჟის კომპლექსის შერჩევისას.
ამ ასაკში შეიძლება შესრულდეს ხელების პასიური მოძრაობები. კისრის კუნთები თანდათან მაგრდება, ამიტომ თავს იჩენს მდებარეობის შეცვლის თანდაყოლილი რეფლექსი - ზურგიდან გვერდზე და მუცელზე გადაბრუნება. თუ პაწია ცდილობს მდებარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ.
სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და უკვე შეიძლება, ვარჯიშში ქვედა კიდურებიც ჩავრთოთ.
გთავაზობთ ვარჯიშისა და მასაჟის კომპლექსს ამ ასაკისთვის
1. ხელების მასაჟი - ხელსმა: ვაწვენთ პატარას ზურგზე, ფეხებით ჩვენკენ. მარჯვენა ხელის ცერა თითს ვუდებთ მარცხენა ხელში; ვაცდით, რომ კარგად მოეჭიდოს და მსუბუქად მოვწევთ ჩვენკენ. ვიწყებთ ხელსმას ხელის ჯერ შიდა, შემდეგ გარე ზედაპირზე, ხელის მტევნიდან მხრამდე. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
2. მკლავების გადაჯვარედინება და გადაშლა: ვაწვენთ ბავშვს ზურგზე ფეხებით ჩვენკენ; ორივე ხელის ცერა თითს ვუდებთ ხელებში, რომ კარგად ჩაგვეჭიდოს. შემდეგ ფრთხილად გადავუშლით მკლავებს აქეთ-იქით და ასევე ფრთხილად გადავუჯვარედინებთ გულმკერდზე. მოძრაობებს ვასრულებთ ისე, რომ ხან მარჯვენა იყოს ზემოდან და ხან მარცხენა. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
3. ხელების აწევა: საწყისი მდგომარეობა იგივეა. ბავშვს მივაწოდოთ ორი პატარა რეზინის რგოლი ან ხელებში ცერა თითები ჩავუდოთ. მაგრად რომ ჩაებღაუჭება, ორივე ხელი ავუწიოთ ჯერ წინ (ჩვენკენ), შემდეგ - თავის გასწვრივ მაღლა. გავიმეოროთ 5-6-ჯერ.
4. ფეხების მასაჟი: საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვს მარჯვენა ფეხი თავისუფლად უდევს ჩვენს მარჯვენა ხელისგულზე. თითებს ვკიდებთ კოჭში, მარცხენა ხელის სამი თითით ვუზელთ წვივისა და ბარძაყის გარეთა და წინა ზედაპირს ტერფის ზევით. ვიმეორებთ 5-6-ჯერ. შემდეგ მარჯვენა ხელით ვუკეთებთ მარცხენა ფეხის მასაჟს.
5. ფეხების მოხრა: საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვს წვივებში ისე მოვკიდოთ ხელი, რომ ჩვენი საჩვენებელი თითები წინ იყოს მიმართული. ფეხები მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ისე მოვახრევინოთ, რომ მუხლები მუცელს მივუახლოვოთ, შემდეგ გავუმართოთ და დავუშვათ. გავიმეოროთ 5-6-ჯერ.
6. რეფლექსური გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე: საწყისი მდგომარეობა - იგივე. ბავშვი წევს ზურგზე. მარცხენა ხელში ვუდებთ მარცხენა ხელის ცერა თითს, რომ კარგად ჩაეჭიდოს. ფეხებს გავუმართავთ და მარჯვენა ხელით წვივებს ისე ვუჭერთ, რომ საჩვენებელი თითი მათ შორის მოხვდეს. ახლა ბავშვი მსუბუქად გადავაბრუნოთ მარჯვენა მხრიდან ისე, რომ მენჯით მაგიდის ზედაპირს ეხებოდეს. იმავდროულად გავჭიმოთ იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელით. ვაიძულოთ, მუცელზე გადაბრუნებამდე შემოაბრუნოს მხრის სარტყელი, ტანი და თავი. მოძრაობა შევასრულებინოთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. გავიმეოროთ 2-3-ჯერ.
7. ზურგის მასაჟი (დაზელა): ბავშვი დავაწვინოთ მუცელზე, ორივე ხელს მსუბუქი და თანაბარი მოძრაობით კუდსუნიდან კისრისკენ და პირიქით ჩავუტაროთ ხელსმა. ვერიდოთ ბიძგისებრ მოძრაობებს, თითებით არ შევეხოთ ხერხემლის მალებს. გავიმეოროთ 3-4-ჯერ.
8. დუნდულების მასაჟი: ბავშვი დავაწვინოთ მუცელზე და ხელისზურგები მსუბუქად ვუტყაპუნოთ ისე, რომ კანი შეუვარდისფრდეს. გავიმეოროთ 6-7-ჯერ.
9. ფეხზე წამოყენება: ბავშვი დავაწვინოთ მუცელზე, ორივე იდაყვში მოვკიდოთ ხელი და მსუბუქად, ძალიან ფრთხილად წამოვწიოთ - ვაიძულოთ, დაეყრდნოს ჯერ მუხლებს, შემდეგ - ტერფებს. გავიმეოროთ 2-ჯერ.
10. ტერფის მასაჟი: ბავშვი დავაწვინოთ ზურგზე, მარცხენა ხელი მარჯვენა წვივზე მოვკიდოთ და მარჯვენა ხელის თითის ზურგებით დავუზილოთ ფეხისგულები ქუსლიდან წვერამდე და პირიქით. გავიმეოროთ 6-8-ჯერ.
11. "ცეკვა": ბავშვს ორივე ხელი იღლიის ქვეშ ამოვუდოთ და სახით ჩვენკენ დავაყენოთ. ბავშვი თითის წვერებზე დგას. ვაიძულოთ, მსუბუქად ჩაბუქნოს და ფეხისგულები მთლიანად შეახოს მაგიდას. გავიმეოროთ 6-8-ჯერ.
გაითვალისწინეთ:
- თუ ვარჯიშის დროს ბავშვი ატირდა, ეცადეთ, დაამშვიდოთ, თუ ჭირვეულობა არ დაიშალა, ვარჯიში შეწყვიტეთ, მეორე დღეს კი უფრო ნაკლებ ხანს ავარჯიშეთ. თითოეული მოძრაობა შეასრულეთ არა 6-8-ჯერ, არამედ 3-4-ჯერ.
- კიდურის კუნთების თანაზომიერი განვითარებისთვის სასურველია, ბავშვს საწოლში სათამაშოები ისეთ სიმაღლეზე ჩამოვუკიდოთ, რომ მათ ჩასაჭიდებლად ხელების მაქსიმალურად გამართვა და აწევა დასჭირდეს. სათამაშო ისეთი ზომისა უნდა შეურჩიოთ, რომ თავისი პაწია თითებით ჩაეჭიდოს.
თანდაყოლილი კისერმრუდობა
თანდაყოლილი კისერმრუდობა შესაძლოა გამოიწვიოს მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის მოუმწიფებლობამ, მშობიარობის დროს მიღებულმა ტრავმამ და სხვა. რაც უფრო ადრე გამოვავლენთ, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა.
გირჩევთ:
- კისერმრუდობის შემჩნევისთანავე პაწია ორთოპედს აჩვენოთ;
- დააწვინოთ ჯანმრთელი მხარით კედლისკენ;
- შეუკეროთ სპეციალური კისრის დამჭერი, რათა თავი სწორად ეჭიროს. დაზიანებულ მხარეს კისრის დამჭერი უფრო მაღალი უნდა იყოს და ჯანმრთელ მხარეს იკვრებოდეს.
- შეუკეროთ ბალიში-რგოლი, რომელიც ჯანმრთელ მხარეს უფრო მაღალი იქნება.
- ყოველივე ეს აიძულებს პატარას, თავი დაზიანებულ მხარეს ატრიალოს და არ დაზოგოს დაზიანებული კუნთი. ამით იგი თვითონვე ავარჯიშებს მას.
არსებობს ვარჯიშებისა და მასაჟის სპეციალური კომპლექსიც:
- ბავშვი წევს ზურგზე. მასაჟისტი დგას მის თავს უკან, ხელებით უჭერს თავს, მსუბუქად მიიზიდავს და დაზიანებულ მხარეს მიაბრუნებინებს, შემდეგ მეორე (ჯანმრთელ) მხარეს მოაბრუნებინებს და ნიკაპს ააწევინებს. თავის ასეთი მოძრაობა ავარჯიშებს დაზიანებულ მხარეს მდებარე კუნთებს. თუ ბავშვი ატირდა, მცირე ხნით შეასვენეთ.
- ბავშვი დააწვინეთ გვერდზე, გამრუდებული კისრის მხარეს. ხელი თავქვეშ ამოუდეთ და თანდათან გამოაცალეთ, რომ თავი თვითონვე დაიჭიროს. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
- ვარჯიშის შემდეგ კეთდება მასაჟი, რომელიც უმჯობესია სპეციალისტს მიანდოთ. პროცედურა 10-15 წუთს გრძელდება. მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. უმჯობესია, მასაჟთან ერთად ფიზიოპროცედურებიც ჩატარდეს.