ყველაფერი ოჯახის ახალი წევრისათვის
ყველაფერი ტუალეტისთვის - კანის დამატენიანებელი კრემი, კრემი პამპერსებით გაღიზიანებული კანისთვის, საბავშვო საპონი. სასურველია, ყველა ეს საშუალება ერთი და იმავე ფირმისა იყოს.
ბანაობისთვის აუცილებელია საბავშვო აბაზანა, სპეციალური ქაფი ხისტი წყლის დასარბილებლად, ყურის საწმენდი ჩხირები.
პირსახოცი - ის უნდა იყოს რბილი და დიდი.
ხელსახოცები - შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთჯერადი, ისე ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული ხელსახოცები. მათი დანიშნულებაა ბავშვის კანის კარგად გაშრობა.
- ტანსაცმელი - უნდა იყოს მსუბუქი, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, უნდა ირეცხებოდეს სარეცხ მანქანაში, ადვილი უნდა იყოს მისი ჩაცმა-გახდა.
- საწოლი - მტკიცე, არატოქსიკური მასალისაგან დამზადებული, უსაფრთხო, მაგარი ლეიბით.
- მაგიდა, სადაც ბავშვს ჩააცმევთ.
- ეტლი - გირჩევთ აირჩიოთ მოდელი, რომელიც დაახლოებით 2 წლამდე გამოგადგებათ.
- ყველაფერი კვებისთვის - ბოთლები, საწოვარა, მატყუარა საწოვარა. ეს ყველაფერი დაგჭირდებათ ძუძუთი კვების შემთხვევაშიც, თუ შინიდან გასვლა მოგიხდათ - გამოწველილ რძეს დატოვებთ და ისე წახვალთ.
- საფენები - მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალი ფირმა აწარმოებს, ყველას რატომღაც მაინც "პამპერსებს" უწოდებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი მიღწევა. დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენი დრო გვეზოგება მათი წყალობით. ისინი სავსებით გვათავისუფლებენ იმ შრომისგან, რომელიც ჩვრების რეცხვასა და უთოობაზე იხარჯებოდა. გარდა ამისა, ერთჯერადი საფენების ღირსებაა კარგი შეწოვა, რის წყალობითაც ჩვილი ბავშვის ნაზი კანი რჩება მშრალი და დაზღვეულია გაღიზიანებისგან. კარგი საფენი უნდა იყოს თხელი და რბილი, რათა არ იწვევდეს დისკომფორტს.
რასაკვირველია, თუ საშუალება გვაქვს, კარგი იქნება, სათანადო იერი მივცეთ ბავშვის ოთახს. იდეალურ ვარიანტში ბავშვის ოთახი ისეთი უნდა იყოს, რომ ღიმილს იწვევდეს და ეს ღიმილი დიდხანს შეინარჩუნოთ, მაშინაც კი, როცა ბავშვი ცოცვასა და ოთახის აქტიურ შესწავლას დაიწყებს.
კარგია:
- ნათელი ფერის მხიარული შპალერი სათამაშოების ან ცხოველების გამოსახულებით, ყვავილებით;
- ფართოუჯრედებიანი კუბოკრული ქსოვილი, მსხვილი ბურთები ფარდებსა თუ გადასაფარებლებზე;
- ღია ფერის საბავშვო ავეჯი.
თუ ოთახი შემდგომშიც ბავშვისა იქნება, აუცილებელია შექმნათ სივრცე, რომელსაც შემდეგ ბავშვის ასაკის შესაბამისად შეცვლით. ამ შემთხვევაში ჯობს აირჩიოთ ნეიტრალური ფერი კედლებისთვის და აქსესუარების ცვლით შეცვალოთ ოთახის ზოგადი იერი.