მთავარია ჯანმრთელობა
მთავარია, ამ დროს ავად არ გავხდეთ. ნამდვილად არ არის სასურველი ლოგინში წოლა, როცა სხვები ქვიშის კოშკებს აშენებენ, მდინარეში ბანაობენ და ხილს მიირთმევენ. ამ პერიოდში ყველაზე მეტად კუჭ-ნაწლავის დაავადებებია გავრცელებული. სად არიან ჩასაფრებულნი მათი გამომწვევები და როგორ გადავურჩეთ მათ?
ნაწლავის ჩხირი
ნაწლავის ჩხირი ანუ ეშერიხია პირველად მიკრობიოლოგმა თეოდორ ეშერიხმა აღწერა. ბაქტერიას სახელი სწორედ აღმომჩენის პატივსაცემად უწოდეს. ნაწლავის ჩხირი ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში ყოველთვის ბინადრობს. ეს სულაც არ არის საშიში. ცუდი სულ სხვა რამაა - ნაწლავის ჩხირის ყველა ნაირსახეობა როდია ბავშვისთვის უვნებელი. თუ დასუსტებულ ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვდა, ნაწლავის ჩხირს შეუძლია გამოიწვიოს ცისტიტი, გასტროენტერიტი, ფაღარათი.
ზოგ შემთხვევაში ნაწლავის ჩხირი ახალშობილის მენინგიტის ან დედის მასტიტის მიზეზადაც იქცევა. მედიკოსები პათოგენურ ნაწლავის ჩხირთა 5 ნაირსახეობას გამოყოფენ. თითოეულ მათგანს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა საერთო სახელწოდება კი ეშერიხიოზია.
ეშერიხიოზი, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარეობს. ეშერიხიოზი უმეტესად პატარა ბავშვებს ემართებათ. განსაკუთრებით ხშირია დასნებოვნება დაბინძურებული საკვებითა და წყლით. ნაწლავის ჩხირის პათოგენური შტამის წყარო შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, მზა საკვები, ასევე - ისეთი უწყინარი საგნები, როგორებიცაა საკვების საჭრელი დაფა, ქვიშაში სათამაშო ფორმები. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ნაწლავის ჩხირი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია და გარემოში უცებ არ იღუპება.
ჰელმინთები
ჰელმინთოზი ანუ პარაზიტებით დასნებოვნება საკმაოდ ძველი დაავადებაა. მის შესახებ ჯერ კიდევ ავიცენა წერდა და დაავადებულებს ურჩევდა, მიეღოთ აბზინდის რძიანი ნაყენი ორგანიზმიდან პარაზიტების გამოსადევნად. ჰელმინთოზს ახასიათებს გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ზოგჯერ - უმადობა, უძილობა.
ზოგიერთი პარაზიტით დასნებოვნება საკმაოდ ადვილია. საკმარისია ქვიშაში თამაში. თუ იქ, სადაც ბავშვი თამაშობს, ცოტა ხნის წინ დაავადებული ცხოველი თამაშობდა ან თუ ბავშვს მასთან ახლო კონტაქტი ჰქონდა და მერე დაუბანელი ხელები პირში ჩაიდო, დასნებოვნების შანსი ძალიან დიდია, რადგან პარაზიტების კვერცხები გარემო ფაქტორების მიმართ გამძლენი არიან და სხვადასხვა გარემოში საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს.
სისუფთავის ქებათა ქება
უფროსებს მიაჩნიათ, რომ ქალაქის ხმაურისა და მტვრისგან შორს, სოფელში თუ აგარაკზე, ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს ილუზიაა. ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ მანქანების ხმაურსა და გამონაბოლქვის არასასიამოვნო სუნთან ერთად ქალაქში მიკრობებსაც ვტოვებთ. ისინი სოფელშიც არანაკლებია. პატარა ბავშვი ავად არ გახდება, თუ "საველე პირობებშიც" არ დავივიწყებთ სისუფთავეს და ჰიგიენისტებისა და პედიატრების რჩევებს.
პათოგენური ნაწლავის ჩხირებისა და ჰელმინთების წინააღმდეგ ერთ-ერთი ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიებაა აგრაკის ძირფესვიანი დალაგება. სველი წესით დალაგება აუცილებლია შემდგომ პერიოდშიც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შესასვლელს, სადაც ფეხსაცმელებს იცვლიან. მნიშვნელოვანია ხელსაბანი ნიჟარის სისუფთავეც, რადგან მიკრობებს ძალიან უყვართ ნესტიანი გარემო. ბავშვს ხშირად გამოუცვალეთ ტანსაცმელი, ყოველდღიურად გამოუცვალეთ საცვლები. ჭუჭყიანი საცვალი არცთუ იშვიათად ჰელმინთებით განმეორებითი დასნებოვნების მიზეზია.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ სათამაშოებს, რომლებიც ბავშვს ეზოში გააქვს. კარგი იქნება, თუ იმ დროს, როცა ბავშვი არ თამაშობს, ქვიშის მოედანს ცელოფანს დააფარებთ - ქვიშა ცხოველთა ექსკრემენტებით არ დაბინძურდება. პერიოდულად აუცილებელია ქვიშის სათამაშოების გარეცხვა სპეციალური სარეცხი გელით. თუ აგარაკზე გასაბერი პატარა აუზი გაქვთ, რომელშიც ბავშვი სიამოვნებით ჭყუმპალაობს, საღამოს არ დაგავიწყდეთ წყლის გადაღვრა, აუზის გარეცხვა და გაშრობა. მიკრობებს ძალიან უყვართ თბილი წყალი და შიგ თავს შესანიშნავად გრძნობენ. ეცადეთ, არ იყიდოთ ხორცი და თევზი საეჭვო ადგილებში. დარწმუნდით, რომ მათ სათანადო ტემპერატურაზე ინახავენ.
აუდუღარი სოფლის რძე მხოლოდ მაშინ შეიძლება ბავშვს დავალევინოთ, თუ დანამდვილებით იცით, რომ ცხოველი, რომლის რძეც ჭიქაში ასხია, აბსოლუტურად ჯანრთელია. სხვა შემთხვევაში რძის ადუღება აუცილებელია.
არ არის სასურველი ბავშვის მეტისმეტად მჭიდრო კონტაქტი ცხოველებთან, კოცნა, თამაში, ლოგინში ჩაწვენა.
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და ყურადღება მიაქციეთ, რომ იგივე გააკეთოს ბავშვმა, განსაკუთრებით - ქვიშაში თამაშის შემდეგ. ბავშვს ფრჩხილები აუცილებლად დაჭრილი უნდა ჰქონდეს.