პატარა ალაპარაკდა!
ამჯერად ჩვენი პუბლიკაცია პატარების მეტყველების ფუნქციის განვითარებას შეეხება. ვისაუბრებთ ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებზე, ამიტომ არ მოვიყვანთ სპეციალურ სავარჯიშოებს მეტყველების განსავითარებლად. უბრალოდ ვეცდებით, დაგეხმაროთ იმ შეცდომების თავიდან აცილებაში, რომლებიც მშობლებს საკმაოდ ხშირად მოსდით.
1. ძალიან ნაყოფიერია ყოველდღიური საუბარი და ურთიერთობა
ბევრს მიაჩნია, რომ მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია სპეციალური გარემო, ისეთი, როგორიც სკოლაშია, რათა პატარას ყურადღება არ გაეფანტოს, და სათანადოდ მომზადებული უფროსი, რომელიც პედაგოგის ფუნქციას იტვირთავს და განსაზღვრულ დროს მეცადინეობას დაუთმობს. რა თქმა უნდა, ეს მცდარი აზრია. სინამდვილეში ბავშვს მეტყველება უვითარდება ყოველგვარი გაკვეთილის გარეშე, ყოველდღიური ურთიერთობის, თამაშის, სეირნობის, საუბრის დროს.
წესი პირველი: მეტყველება მუდმივად, მთელი დღის განმავლობაში ვითარდება.
2. გარემო და ინდივიდუალური ნიჭი
ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ უმთავრესი ბავშვის თანდაყოლილი ნიჭია. უდავოდ, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გადამწყვეტი - ნამდვილად არა. მთავარი როლი მაინც გარემოს ენიჭება. ზოგიერთი პატარა მთელ დღეს ადამიანებთან ერთად ატარებს, თანაც სრულიად სხვადასხვა პიროვნებასთან - თანატოლებთან, უფრო დიდ ბავშვებთან, უფროსებთან... მთელი დღე სხვადასხვაგვარი საუბარი ესმის. სხვათა შორის, ეს საუბარი ზოგჯერ პატარასთვის უცხოა და მას სრულიადაც არ ეხება. არიან პატარები, რომელთაც ურთიერთობა მარტო ერთ ან ორ პიროვნებასთან აქვთ. ისინი მას უვლიან და ცოტას ელაპარაკებიან. ალბათ მიხვდებით, რომელი ბავშვი დაიწყებს ლაპარაკს უფრო ადრე.
წესი მეორე: მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მუდმივად ესმოდეს განსხვავებული საუბარი.
3. ტაქტილური შეგრძნებები ამდიდრებენ ბავშვს
მცდარია ის მოსაზრებაც, თითქოს ბავშვს მეტყველება მხოლოდ უშუალოდ ლაპარაკის დროს უვითარდება. სინამდვილეში მეტყველება და აზროვნება, მეტყველება და წარმოსახვა და მეტყველება და პიროვნებაც კი ერთად ვითარდებიან. ეს ერთიანი, განუყოფელი რამ გახლავთ. ბავშვი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურია, ბევრ საგანს, ცხოველსა თუ ადამიანს ხედავს, აქვს მათთან შეხების საშუალება, მრავალ მოვლენაში მონაწილეობს, არა მარტო უკეთ ვითარდება, არამედ ნაკლებად აქტიურ და შთაბეჭდილებებით ღარიბ თანატოლს მეტყველების განვითარების თვალსაზრისითაც აჯობებს.
წესი მესამე: ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარედან მიღებული ინფორმაცია და პირადი აქტიურობა.
4. ბავშვს არ ელაპარაკოთ ენის მოჩლექით, ესაუბრეთ როგორც თანატოლს
უფროსები ხშირად დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვს "ბავშვურად" უნდა ესაუბრონ. ამიტომ საუბარი მშრალი და ღარიბი გამოდის. სინამდვილეში კი პატარასთან საუბრისას სხვადასხვა ლექსიკა უნდა გამოვიყენოთ, ისე უნდა ვესაუბროთ, როგორც ჩვენს თანატოლს დაველაპარაკებოდით.
უფროსების მეტყველება ემოციურად მდიდარი უნდა იყოს, გაკვირვება, სიბრალული, აღფრთოვანება, რიტორიკული შეკითხვა - ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ისეთი შეკითხვებიც არსებობს, რომელთაც პატარამ უნდა უპასუხოს, თუმცა ასეთი შეკითხვები კარგად უნდა მოვიფიქროთ. არის დიალოგი, რომელშიც პატარა ბავშვი აქტიურად ვერ ჩაერთვება, მაგრამ ის მაინც საინტერესოა, ბავშვი მაინც მიიჩნევს თავს დიალოგის მონაწილედ, რადგან გრძნობს ემოციას და ურთიერთობისგან სიამოვნებას იღებს. გამოდის, რომ აზრი, რომლის თანახმადაც ბავშვთან ურთიერთობის დროს მის დონეზე უნდა დავეშვათ, სულაც არ არის მართებული. სინამდვილეში პატარას ისე უნდა ვესაუბროთ, რომ მისთვის რაღაც გასაგები იყოს, მაგრამ მთლიანად საუბარი - საინტერესო, ამიტომ არ უნდა უფრთხოდეთ ბავშვისთვის უცნობი სიტყვების და წინადადებების გამოყენებას.
წესი მეოთხე: პატარა ბავშვიც კი მეტყველების განვითარების საკუთარ დონეზე უნდა ამოვიყვანოთ.
5. ექსპერიმენტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "სწორი მეტყველება"
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, თითქოს პატარას ყოველთვის "სწორი მეტყველება" უნდა ესმოდეს. ყველამ იცის, რომ პატარები არასწორად მეტყველებენ, თუმცა, რა გასაოცარიც უნდა იყოს, ისინი სწორედ ასე ითვისებენ მეტყველებას. შესაძლოა, საუბრისას პატარას ისეთი რამ ვუთხრათ, რასაც ვერ გაიგებს, მაგრამ სწორედ ეს არის ენის ათვისების გზა.
ბავშვების მეტყველების განვითარებას ხელი რომ შევუწყოთ, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, უნდა შევეგუოთ პატარას "არასწორ" საუბარს, შეცდომები კი არ უნდა შევუსწოროთ, არამედ მდიდარი ლექსიკით უნდა ვესაუბროთ. როცა ბავშვი სიტყვას უცნაურად წარმოქვამს, ის "თამაშობს" სიტყვებით. ასეთი თამაშით პატარები ხშირად სწორედ სიტყვის არსის გაგებას ცდილობენ, ამიტომ არ არის საჭირო "შეცდომების" გასწორება.
წესი მეხუთე: სტიმული უნდა მივცეთ ბავშვების შემოქმედებას. უნდა განვასხვაოთ ის ენის ნორმების უხეში დარღვევისგან.
6. კითხვა - ტექსტის მოსმენისა და აღქმის უნარი
ხშირად მშობლები შვილებს ბევრს უკითხავენ და დარწმუნებულნი არიან, რომ პატარას მეტყველება ამ დროს ავტომატურად უვითარდება, მერე კი იმედი უცრუვდებათ. "რამდენი ვუკითხეთ, ბავშვს კი ასეთი ღარიბი მეტყველება აქვს!" - ფიქრობენ ისინი. სინამდვილეში წიგნი სულაც არ არის დამნაშავე. კითხვა და მოსმენა მართლაც უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვს შეუძლია მოსმენა და კითხვა. იგულისხმება ტექსტის აღქმისა და გაგების უნარი. ძალიან პატარა ბავშვი მხოლოდ მოვლენებსა და ყველაზე მკვეთრ დეტალებს აღიქვამს. ავტორის მახვილგონიერება, პერსონაჟთა ხასიათი, ცალკეული საინტერესო სიტყვები და გამოთქმები, აღწერები მისი ყურადღების მიღმა რჩება. ის, რომ პატარამ ტექსტი გაიგონა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან ყველაფერი გაიგო. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, კითხვის შემდეგ (მაშინვე ან როცა ორი-სამი დღე გავა) ვთხოვოთ პატარას, მოგვიყვეს, რაც მოისმინა, დახატოს პერსონაჟები. ბავშვს მოუწევს გაიხსენოს, რა მოხდა, როგორები იყვნენ ზღაპრის გმირები, ამისთვის კი დასჭირდება, დედას შეკითხვები დაუსვას.
პატარასთან საუბრისას გამოიყენეთ ზღაპრიდან აღებული სიტყვები და გამოთქმები, რათა ბავშვმა იგრძნოს, რა საინტერესოა ის, რასაც უკითხავთ; დადგით სპექტაკლი პერსონაჟთა მონაწილეობით. ამავე დროს ეს ყველაფერი უნდა მოხდეს "არადიდაქტიკურად" - ისე, რომ პატარა ვერ მიხვდეს, რომ მის განვითარებაზე ფიქრობთ.
რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია წიგნის არჩევა. პრინციპი აქაც იგივეა - წაიკითხეთ ის, რაც საინტერესოდ მიგაჩნიათ. ნუ იფიქრებთ, რომ რაკი ლიტერატურა საბავშვოა, ხოლო პატარა - უგუნური, სულერთია, რას წაუკითხავთ.
ნუ შეაჩერებთ არჩევანს მეტისმეტად პრიმიტიულ ტექსტებზე, აირჩიეთ საბავშვო კლასიკა და ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ პატარა მსმენელი რამეს ვერ გაიგებს. ამავე დროს არც ის დაგავიწყდეთ, რომ წაკითხულის მოსმენა მაინც პასიური პროცესია. რა თქმა უნდა, ჯობს ბავშვმა თავისით ისწავლოს კითხვა და რაც მთავარია, ჰქონდეს ამის სურვილი. დამოუკიდებელი კითხვა და ამ პროცესით გატაცება არის ის, რაც მართლაც ავითარებს ბავშვს.
წესი მეექვსე: პატარა უკეთ აითვისებს წაკითხულ ზღაპარს, თუ მას მოყვება ან პერსონაჟებს დახატავს.
7. უფრო მეტი დადებითი ემოცია!
მოზრდილი ადამიანისთვის მეტყველება უპირველეს ყოვლისა ინფორმაციაა. უფროსებს ხშირად ჰგონიათ, რომ პატარა ბავშვისთვისაც სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. სინამდვილეში პატარებისთვის მეტყველება ემოციების გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებაა.
ჩვენი ინფორმაციული, მაგრამ ემოციურად ღარიბი მეტყველება თითქმის არ უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას. მათთვის აუცილებელია, სიტყვების მეშვეობით გამუდმებით რაღაც "აკეთონ". სწორედ ეს არის კომუნიკაცია. დავუძახებთ ვინმეს და ის მოიხედავს, აღვფრთოვანდებით და ჩვენს ემოციას ვინმე გაიზიარებს.
ყოველგვარ სიტუაციაში მეტყველება რაღაც პრაქტიკულ შედეგს, ვიღაცაზე ზემოქმედებას უნდა იწვევდეს. სწორედ ეს სჭირდება პატარას. ამის გათვალისწინებით, ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვაგვარად (იუმორით, სატირით, ირონიით, მკაცრად, სევდიანად, ოცნებით, ფიქრით...) საუბრის უნარი, მეტყველებაში არსებული ემოციური მუხტი. ეს ყოველივე, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის მეტყველების განვითარების თვალსაზრისით არის აქტუალური.
აუცილებელია, პატარასთან მუდმივად ვაწარმოებდეთ დიალოგს, მონოლოგი კი მიუღებელია. განვითარების პროცესში დიალოგი წინ უნდა უძღოდეს მონოლოგს. ასე უნდა იყოს ყველა ბავშვის ცხოვრებაში. მას ჩვენი, ასეთი ჭკვიანი და განვითარებული უფროსების, მოსმენა კი არა, ურთიერთობა სურს, სურს, მას უსმენდნენ, მის სიტყვებსა და ემოციებზე რეაგირებდნენ, იმ ემოციებს აღიქვამდნენ, რომლითაც დატვირთულია ბავშვის ყოველი ფრაზა. რაც მთავარია, პატარას სურს, რომ ის სხვებისთვის რაღაცას ნიშნავდეს.
ბავშვი ცდილობს, მეტყველების მეშვეობით უფროსებზე იმოქმედოს. თუ პატარამ იგრძნო, რომ ყოველივე ეს ვერ მოახერხა, განიხიბლება, ბოლოს კი დაასკვნის, რომ ლაპარაკი სულაც არ არის საჭირო, მას შედეგი არ მოსდევს. ასე იქცევა მრავალი ბავშვი და არაერთი მოზრდილი.
ზემოთ აღწერილი და ბავშვისთვის მისაღები ურთიერთობა გაცილებით საინტერესოა თავად უფროსებისთვისაც. ნოტაციების კითხვას და ინფორმაციული ლექცია-მონოლოგების წარმოთქმას ეს უდავოდ სჯობს. როგორც ხედავთ, მეტყველების განვითარებისადმი ასეთი მიდგომა მოზრდილი ადამიანის ლექსიკასაც ამდიდრებს. ეს ზოგადი კანონზომიერებაა. ადამიანი, რომელიც ცდილობს კვარცხლბეკზე იდგეს და პატარა თავის სიმაღლემდე აიყვანოს, ვერასოდეს მიაღწევს საწადელს.
აუცილებელია, ვიაროთ ბავშვის მხარდამხარ და ერთად დავლაშქროთ მწვერვალები. ჩვენ არ ვავითარებთ ბავშვებს - ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენ და ბავშვი ერთად ვვითარდებით. თუ ჩვენ არ გავიზარდეთ, ვერც ბავშვები გაიზრდებიან სულიერად.
წესი მეშვიდე: ბავშვთან ურთიერთობისას გაცილებით ეფექტურია დიალოგი, ვიდრე უფროსის მენტორული ტონი.