ვიაზროვნოთ ლოგიკურად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიაზროვნოთ ლოგიკურად

გასართობი თამაშები და გამოცანები ხელს უწყობს მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების, სივრცითი წარმოდგენების, მეტყველების, წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარის განვითარებას. თამაშის დროს ბავშვი ახდენს თავისი გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის რეალიზაციას, იძენს დამოუკიდებლობას, სწავლობს თვითკონტროლს.

2-2,5 წლის ბავშვებისთვის. თამაში წვრილი მოტორიკის განსავითარებლად

სქელ ქაღალდზე დახატეთ 15-20 სმ სიგრძის გზა - ორი სწორი ხაზი, რომელთა შორისაც მანძილი 2-3 სანტიმეტრი იქნება. პატარას უჩვენეთ, როგორ შეიძლება გავასრიალოთ თითი გზაზე და შესთავაზეთ, ერთ გზაზე - მარჯვენა, მეორეზე კი მარცხენა ხელის საჩვენებელი თითები გაასრიალოს, თან ერთმანეთს "შეაჯიბროს". არ დაგავიწყდეთ გამარჯვებული თითის შექება. როცა ბავშვი კარგად აითვისებს სწორ ხაზზე თითების სრიალს, დახატეთ მიხვეულ-მოხვეული გზა, თანდათანობით გაართულეთ ტრასა.

თამაში კოორდინაციის განსავითარებლად

იატაკზე ორი ლენტით "გაიყვანეთ" გზა. ხელის ზურგზე დაიდეთ კუბი და შეეცადეთ, ხელი ისე გაატაროთ გზაზე, რომ კუბი არ ჩამოვარდეს. ახლა იმავეს გაკეთება პატარას შესთავაზეთ. ამის შემდეგ დავალება გაართულეთ - კუბი შეცვალეთ პატარა ბურთით (ბურთის დაჭერა გაცილებით ძნელია!), ხოლო გზა გაამრუდეთ.

3-4 წლის ბავშვებისთვის. თამაში წარმოსახვის, დაკვირვების უნარის განსავითარებლად

წარმოსახვით შეასრულეთ რაიმე მოქმედება და შესთავაზეთ ბავშვს გამოიცნოს, რას აკეთებთ. მაგალითად, უჩვენეთ, როგორ თამაშობთ ბურთს, სვამთ ჩაის, ჭრით პურს... ახლა პატარას შესთავაზეთ, თავად გააკეთოს რაიმე - მას ხომ შესანიშნავად შეუძლია მიწის თხრა, ხატვა, ხელების დაბანა, კუბებისგან კოშკის აშენება... გაითვალისწინეთ, თამაში მხიარული, ემოციური უნდა იყოს.

მხიარული ფიფქები

ამ თამაშის წყალობით ბავშვი გაიაზრებს ცნება "ერთნაირის" მნიშვნელობას. თამაში ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას. მშობლები ქაღალდისგან ჭრიან ფიფქებს. თავდაპირველად ფიფქები მხოლოდ ორი სახისაა, მერე მრავალფეროვანი ხდება. მოუყევით პატარას, რომ ზამთარში ქარი უბერავს და ფიფქებს ფანტავს, თან ბავშვთან ერთად ფანტელებს სული შეუბერეთ. აჩვენეთ პატარას ერთი ფიფქი და სთხოვეთ, იპოვოს მისი მსგავსი. ახლა სთხოვეთ, ერთნაირი ფიფქებისგან პატარა ბილიკი გააკეთოს. არ დაგავიწყდეთ შექება.

მხიარული ფირფიტები

ამ თამაშის მიზანია, ბავშვს გავაცნოთ ფერები. ფერადი მუყაოსგან სხვადასხვა ფერის წრეები გამოჭერით და ყუთში ჩააწყვეთ. სთხოვეთ ბავშვს, ერთნაირი წრეები ერთად შეკრიბოს.

5-6 წლის ბავშვებისთვის. მივდივართ, მივდივართ!..

ეს თამაში ორიენტაციისა და ყურადღების გამომუშავებას ემსახურება. მშობლები ფორმატზე ხატავენ გზებს, ხოლო პატარები ამ გზებზე მანქანებს ატარებენ და "ავტოფარეხისკენ" მიემართებიან. პატარა ცდილობს, მოძრაობის წესებიც დაიცვას, ამიტომ წინასწარ საგზაო მოძრაობის ნიშნებიც უნდა მოვამზადოთ. ეს ადვილია - შეგვიძლია ავიღოთ ხის ჯოხი ან ფანქარი, მასზე მივამაგროთ ფირნიში, ხოლო სადგარი კარტოფილისგან დავამზადოთ. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ შუქნიშნები. კარგი იქნება, თუ ამ სამზადისში ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას.

მაღაზია

ეს თამაში კლასიფიცირებას, საგნების დახარისხებას გვასწავლის. ცნობილია, რომ პატარებს ძალიან უყვართ დიდობანას თამაში. მაღაზიობანა ერთ-ერთი ასეთი თამაშია. ის ბავშვებს დიდების პრობლემასთან შეხების საშუალებას აძლევს.

თამაშის დროს ბავშვის ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ მაღაზიაში საგნები გარკვეულ ჯგუფებად არის დალაგებული: ერთ დახლზე ძეხვეული აწყვია, მეორეზე - რძის ნაწარმი, ცალკეა პური და ასე შემდეგ. პატარას უნდა ავუხსნათ, რომ ეს გამყიდველს საჭირო პროდუქტის პოვნაში ეხმარება. ამის შემდეგ შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარას, სახლში საკუთარი მაღაზია მოაწყოს. საქონელი სათამაშოები იქნება, ხოლო დახლები - სკამები, სავარძლები. პატარამ ერთად უნდა დაალაგოს მანქანები, კუბები, რბილი სათამაშოები. ასე მიეჩვევა ის ერთნაირი საგნების სისტემატიზებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ "ვაჭრობა" დაიწყოთ. პატარა გამყიდველი იქნება. სთხოვეთ მას, თავაზიანად მოგემსახუროთ.

მაღაზიობანას თამაში შეიძლება თვლის სასწავლადაც გამოვიყენოთ. ბავშვს სთხოვეთ, მოგაწოდოთ 2 კუბი, 1 მანქანა, 4 ფანქარი... ეს თამაში ბავშვს 10-20 წუთის განმავლობაში გაართობს. 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება თამაში მობეზრდეს, მაგრამ დადებითი ემოცია დარჩება.

რას მივაქციოთ ყურადღება

თუ ბავშვს რაიმე არ გამოსდის, ეცადეთ, მისი ყურადღება სხვა თამაშზე გადართოთ და რამდენიმე ხნის შემდეგ დაუბრუნდეთ თავდაპირველ საქმიანობას. თუ პატარას უჭირს, დაეხმარეთ, წარმატებებისთვის კი შეაქეთ. არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილის წარმატებები სხვა ბავშვებისას. თუ ხედავთ, რომ ბავშვს თამაში არ სურს, ჯობს თავი დაანებოთ.