მშვიდი დასვენებისთვის
რაზე გავამახვილო ყურადღება, რომ დასვენება ბავშვებისთვისაც სასიამოვნო იყოს და მშობლებისთვისაც?
ზღვაზე დასვენება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა, თუ ყველა ნიუანსს გონივრულად მივუდგებით. დასვენება, ცურვა, თამაში უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს ბავშვს. ეს არის ორგანიზმის, ნერვული სისტემის, ფსიქიკის საოცარი განტვირთვა.
ზღვის წყალი, ჰაერი, მზის სხივები აკაჟებს სხეულს. გარდა ამისა, ზღვა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ბავშვებში, ამაღლებს განწყობას, ცურვა, ქვიშაში თამაში, ნავით, ზღვის ველოსიპედით თუ კატერით გასეირნება სასიამოვნო შთაბეჭდილებებით ავსებს ბავშვის ცნობიერებას. მაგრამ იმისთვის, რომ ეს სასიამოვნო წუთები უსიამოვნო შემთხვევამ არ ჩაგვამწაროს, ზოგი რამ უნდა გავითვალისწინოთ:
- დასასვენებლად უნდა გავჩერდეთ ოფიციალურად ნებადართულ ადგილებზე. სამედიცინო პუნქტის, სამაშველო სამსახურის სიახლოვე უსიამოვნების ალბათობას შეამცირებს.
- მშობლები ხშირად ეკითხებიან სპეციალისტებს, შეიძლება თუ არა პატარა ბავშვისათვის შიშვლად ბანაობა ან გარუჯვა. არ გირჩევთ! ბავშვის ინტიმური ადგილები დაფარული და დაცული უნდა იყოს ქვიშისა და მტვრისგან. პლაჟის ტყაპუნა ქოშები ბავშვის სათუთ ფეხისგულებს ცხელი ქვიშისგან, მინის ნამსხვრევებისა თუ ნიჟარებისგან დაიცავს. გარდა ამისა, ზღვის სანაპირო ნაწლავური თუ პარაზიტული ინფექციების წყაროა. ცხელ ქვიშაში მიკრობები და ჭიის კვერცხები ადვილად მრავლდებიან!
წყლის პროცედურები
სასურველია, საზღვაო სეზონისთვის ბავშვი წინასწარ მოამზადოთ: რეგულარულად დაუზილეთ სხეული სველი ტილოთი, გადაავლეთ გრილი შხაპი, ასწავლეთ ყელის ამორეცხვა მარილიანი წყლით - ამის წყალობით ბავშვი ადვილად აღარ გაცივდება.
კურორტზე ჩასვლისთანავე შეამოწმეთ წყლის სიღრმე, წყალქვეშა ღრმულები. ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას, უფროსის გარეშე წყალში ღრმად შეცუროს. წყლის სიღრმე ბავშვის სიმაღლეს არ უნდა აღემატებოდეს.
ბავშვი წყალში უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა ჩავიდეს, მაშინაც კი, როცა დამცავი ჟილეტით, საცურაო რგოლით ან ლეიბით არის შეიარაღებული.
- აუცილებლად შეამოწმეთ, თბილია თუ არა წყალი, - მისი ტემპერატურა 20 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ნუ დართავთ ბავშვს ნებას, ზღვაში ერთბაშად შეცუროს - ამან შესაძლოა კრუნჩხვა გამოიწვიოს. დაე, ჯერ გაიაროს წყალში, შეეჩვიოს ტემპერატურას, შემდეგ ოდნავ ღრმად შევიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ცურვა. ნუ მისცემთ წყალში 15 წუთზე მეტხანს დარჩენის უფლებას.
ბავშვი და მზე
ბავშვის კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. პირველ დღეებში მხოლოდ ჩრდილში უნდა გაირუჯოს, მაგრამ მზისგულზე ნურც მერე გაჩერდება 15-20 წუთზე მეტხანს. სასურველია, მზეზე მსუბუქი ზედატანი ან მაისური ეცვას, ქუდი კი აუცილებლად უნდა ეხუროს!
აუცილებლად უნდა ესვას მზისგან დამცავი კრემიც, თავდაპირველად - არანაკლებ 50-ის ტოლი ინდექსით, 7-10 დღის შემდეგ კი შეგიძლიათ SPF-40-30-იც გამოიყენოთ. კრემი ყოველი ბანაობის შემდეგ ხელახლა უნდა გადაუსვათ.
იზრუნეთ დასალევ წყალზე, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გამოშრობა და სითბური დაკვრა. თუ ბავშვი სისუსტეს, თავის ტკივილს ან გულისრევის შეგრძნებას უჩივის, ეს შესაძლოა გადახურების მაუწყებელი იყოს. მაშინვე გადაიყვანეთ ჩრდილში, დაალევინეთ წყალი, დაზილეთ სველი პირსახოცით.
თუ მზემ დაწვა, დამწვარ ადგილებზე წაუსვით დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალება. დამწვარ ადგილებს ნუ შეუხვევთ, ნურც ცხიმოვან კრემს წაუსვამთ.
არ მოადუნოთ ყურადღება!
სამწუხაროდ, ზღვის სანაპირო ზოლზე ყოველთვის ხალხმრავლობაა და პატარა ადვილად შეიძლება დაიკარგოს. უსაფრთხოების წესები აქაც ისევე უნდა დაიცვათ, როგორც ქუჩაში ყოფნისას: არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ არც ერთი წუთით, ნუ მისცემთ მას თქვენგან მოშორებით თამაშის უფლებას. აუკრძალეთ უცხო ადამიანებთან საუბარი, მათთან შეხება, მათ მიერ მოწოდებული ნივთისა თუ ტკბილეულის გამორთმევა. ნუ მისცემთ უცნობ ადამიანებთან თამაშის უფლებას.
მშობლები ხშირად გვეკითხებიან, საჭიროა თუ არა, სასკოლო ასაკის ბავშვებს ზაფხულში მეცადინეობა დავაძალოთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს სარგებლობას ვერ მოგვიტანს. ბავშვს დასვენება სჭირდება, ზაფხული კი ის დროა, როცა ბავშვი ფსიქოლოგიურად სწორედ დასვენებისა და განტვირთვისთვის არის განწყობილი. მას სწავლისა და განვლილი მასალის განმეორებისთვის განწყობა არ ექნება, უამისოდ კი ვერც შედეგს მივიღებთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მივაწერინოთ წერილები ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, ვახატვინოთ, შევაგროვებინოთ ჰერბარიუმი, ერთად წავიკითხოთ საბავშვო წიგნები. სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეიძლება შევახსენოთ გრამატიკის, არითმეტიკის წესები...