თქვი "დე-და!"
სხვისი შვილები 1 წლიდან ლაპარაკობენ. მაინტერესებს, როდის იწყებს ბავშვი ლაპარაკს და რა შეიძლება იყოს ჩემი შვილის "სიმუნჯის" მიზეზი.
ბავშვების უმრავლესობა ერთი წლის ასაკისთვის ბგერებს წარმოთქვამს. ამ ბგერებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ზოგი სავსებით ჯანმრთელი ბავშვი ალაპარაკებას არ ჩქარობს. როგორც ჩანს, ეს უმთავრესად ბავშვის ტემპერამენტსა და ბუნების თავისებურებებზეა დამოკიდებული. არც გენეტიკის უგულებელყოფა შეიძლება - მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც გვიან ალაპარაკებული ბავშვების მშობლებსაც გვიან ამოუდგამთ ენა. ასე რომ, კარგად გამოიკითხეთ თქვენი პატარაობის ამბავიც.
ენის ამოსადგმელად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება. ზოგჯერ რაიმე მიზეზით (ოჯახური თუ სამსახურებრივი კონფლიქტით) გამოწვეული ნერვული დაძაბულობის გამო დედა ბავშვს თითქმის სულ არ ელაპარაკება და ისიც გულჩათხრობილი ხდება.
ზოგჯერ უფროსები მეორე უკიდურესობაში ცვივიან: გამუდმებით აკონტროლებენ ბავშვს, განძრევისა და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევენ და ამით ყოველგვარ ინიციატივას უსპობენ. ასეთი ბავშვი საკუთარ თავში იკეტება. ნებისმიერ ადამიანს, მოხუცს თუ ახალგაზრდას, აზრის გამოთქმის სურვილი მაშინ უჩნდება, როდესაც გულღია, თანაგრძნობით აღსავსე ადამიანებს შორის იმყოფება. არც პატარაა გამონაკლისი. მას ალაპარაკების სურვილი რომ გაუჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა იგრძნოს, რომ გარშემო მყოფებს მისი მოსმენა სურთ.
ასევე მიაჩნიათ, რომ ენას გვიან ის ბავშვები იდგამენ, ვისაც ემსახურებიან, ხელს არ ანძრევინებენ, ყოველგვარ სურვილს უსრულებენ. ასეთი ბავშვი მართლაც ნელა ივსებს ლექსიკურ მარაგს, მაგრამ სულ ჩუმად როდი იქნება... არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დედა პატარას ისეთი გრძელი წინადადებებითა და მაღალფარდოვანი ფრაზებით ესაუბრება, რომ ის ერთ სიტყვასაც ვერ იმახსოვრებს.
თუ ბავშვმა ენის ამოდგმა მეტისმეტად დააგვიანა, მშობლები უკვე იმაზე ფიქრობენ, გონებრივად ჩამორჩენილი ხომ არ არის მათი შვილი. თუ ბავშვი ასაკის შესაბამისად ვითარდება, კონტაქტში ადეკვატურად შემოდის, სხარტი რეაქციები და მიზანმიმართული მოძრაობები აქვს, მაშინ ამისა ნუ შეგეშინდებათ.
იქნებ ბავშვს სმენის პრობლემა აქვს?
თუ პატარა ხმაურზე და თავისი სახელის გაგონებაზე რეაგირებს, არც ეს ყოფილა გვიან ალაპარაკების მიზეზი.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა დიდხანს არ ამოიდგა ენა?
ამის გამო ნუ გაუბრაზდებით და ნურც ნაჩქარევად დაასკვნით, რომ გონებრივად ჩამორჩენილი შვილი გყავთ. მიეფერეთ, მიეალერსეთ და ეცადეთ, ინიციატივა არ ჩაუხშოთ, მიეცით საშუალება, სხვა ბავშვებთან იტრიალოს, ესაუბრეთ მეგობრული კილოთი, უბრალო და გასაგები სიტყვებით, მაგრამ ენას ნუ მოუჩლექთ. ბავშვების უმრავლესობა პირველ სიტყვებს ამახინჯებს, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო უკეთ და სუფთად მეტყველებს. ზოგ ბავშვს ცალკეული ბგერების წარმოთქმა უჭირს. ამის მიზეზი ენის მოუქნელობა ან მეტყველების სხვა ორგანოს დეფექტია.
ზოგჯერ ბავშვი არასწორად წარმოთქვამს რომელიმე სიტყვას, თუმცა ამავე ბგერებს სხვა სიტყვებში ზუსტად გამოთქვამს. თუ ბავშვი ნორმალურად ვითარდება, მხიარული და გონიერია, მეტყველების განვითარებაში უმნიშვნელო ჩამორჩენა საშიში არ არის. კარგი იქნება, თუ დროდადრო გამოთქმას შეუსწორებთ, მაგრამ ნუ გაუბრაზდებით და დღენიადაგ ნუ უჩიჩინებთ, სწორად რატომ არ მეტყველებო.
გვსურს, თქვენი ყურადღება კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩეროთ. ბოლო ხანს ბავშვის კარგი აღზრდის ერთ-ერთ კრიტერიუმად მისთვის უცხო ენაზე მოლაპარაკე ძიძის აყვანა მიაჩნიათ. ეს კიდევ ერთი პრობლემაა ბავშვის ფსიქიკისთვის. ხშირად ენის დაგვიანებით ამოდგმის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. პატარა, რომელიც ქართულად მოლაპარაკე ოჯახში იზრდება და მას ძიძა რუსულ, ინგლისურ ან სხვა, მისთვის უცხო ენაზე ესაუბრება, ვერ მიმხვდარა, რომელ ენაზე ალაპარაკდეს. უკეთეს შემთხვევაში იგი შერეული სიტყვებით აგებს წინადადებებს. გასაგებია მშობლების სურვილი, ბავშვმა ბევრი უცხო ენა იცოდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს - ნუ ეცდებით, ერთი წლის ბავშვი პოლიგლოტად აქციოთ.
რა ვუყოთ ბავშვს, რომელიც სამი, ოთხი ან ხუთი წლის ასაკში იმდენად გაურკვევლად ლაპარაკობს, რომ სხვა ბავშვებს არაფერი ესმით?
უწინარეს ყოვლისა, სმენა შეუმოწმეთ. თუ დარღვევა არ აღმოაჩნდა, ლოგოპედს მიმართეთ. ის უნდა იყოს საქმის მცოდნე, პროფესიონალი, ფლობდეს თანამედროვე მეთოდებს, სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს, უნარი უნდა შესწევდეს, პატარა ბავშვებს საინტერესო გაკვეთილები ჩაუტაროს.
ბავშვმა რაც შეიძლება მეტი ხანი უნდა დაყოს ბავშვების, სასურველია, თანატოლების საზოგადოებაში. უფრო უკეთესი იქნება, თუ მას კარგ საბავშვო ბაღში მიაბარებთ. გონიერი აღმზრდელი მეტყველების დეფექტიან ბავშვს ამხანაგების დაცინვისგან ტაქტიანად დაიცავს. საზოგადოდ, აღმზრდელს უფრო მეტად შეუძლია, ბავშვს მეტყველების ნაკლის გამოსწორებაში დაეხმაროს, ვიდრე მშობლებს.