ხაჭო და ზეთი ბავშვის რაციონში
თუ ბავშვი ექვსი თვიდან იღებს დამატებით საკვებს, მაშინ ხაჭო მის რაციონში რვა თვიდან უნდა ჩართოთ. თუმცა პედიატრებს ამის თაობაზე სხვადასხვა აზრი აქვთ. ბოლო ხანს ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ბავშვისთვის ხაჭოს მიცემა ერთ წლამდე არ არის მიზანშეწონილი - შესაძლოა, ჭარბი წონა გამოიწვიოს, თუმცა ეს არ ეხება იმ პატარებს, რომლებიც წონას ცუდად იმატებენ.
ხაჭო, სხვა დამატებითი საკვების მსგავსად, ჩვეული წესით უნდა მისცეთ ბავშვს - დაიწყოთ ნახევარი ჩაის კოვზით და ულუფა თანდათან გაუზარდოთ. ერთი წლის ბავშვი დღეში დაახლოებით 50 გრამ ხაჭოს უნდა იღებდეს.
დანამატებიანმა ხაჭომ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მივცეთ. ხაჭოს გემო ზოგიერთ პატარას არ მოსწონს. ამ შემთხვევაში სასურველია, ის თვითონვე მოამზადოთ შინ, მაღაზიაში შეძენილ პროდუქტს კი თავი არიდოთ.
ზეთი
პატარების რაციონის აუცილებელი კომპონენტია ზეთიც. განვიხილოთ მისი ძირითადი თვისებები.
ზეთი უმთავრესად ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების უხვი შემცველობით ფასობს. ეს მჟავები აუცილებელია ადამიანის უჯრედებისთვის, რადგან აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა, მცენარეული ცხიმი E ვიტამინის ძირითადი წყაროა, ეს უკანასკნელი კი მეტად სასარგებლოა პატარებისათვის. მისი წყალობით ბავშვის კანი ელასტიკური და ჯანსაღი ხდება.
განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული ზეთი - ის მდიდარია ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ხელს უწყობს ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების ათვისებას. ზეთი საუკეთესო ნაღველმდენი საშუალებაა. გარდა ამისა, გამოირჩევა საფაღარათო მოქმედებით და, ამდენად, პირდაპირ ნაჩვენებია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კუჭის მოქმედება უჭირთ. უმჯობესია, უმთავრესად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ - ის ნაკლებად ალერგიულია და, რაც მთავარია, სრულად აითვისება, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთისგან განსხვავებით.
ზეთების მოკლე დახასიათება
- მზესუმზირას ზეთი - ყველაზე ფართოდაა გავრცელებული და ნებისმიერი ოჯახის სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უხვად შეიცავს E ვიტამინსა და ცხიმოვან მჟავებს (ომეგა-6). ცალკეულ კომპონენტთა შემცველობის გამო ბავშვებში ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
- ზეითუნის ზეთი - აითვისება 100%-ით. ერთადერთი ზეთია, რომელსაც სრულფასოვნად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისთვის, გულის მუშაობისა და გამომყოფი სისტემის ფუნქციობისთვის. პატარებისთვის რეკომენდებულია ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი.
- სელის ზეთი - სელის თესლისგან მიიღება და ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავების წყაროა. ამ ზეთს კარგად გამოხატული საფაღარათო მოქმედება აქვს, აძლიერებს იმუნიტეტს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის კანზე. სელის ზეთით რეკომენდებულია სალათების შეზავება. კარგია ფაფებში დამატებაც, ოღონდ აუცილებლად მომზადების შემდეგ.
რჩევები
ბავშვის საკვებად უმჯობესია რაფინირებული ზეთები გამოიყენოთ - ისინი გაწმენდილია თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და საღებავებისგან, შესაბამისად, ჰიპოალერგიულია და, აქედან გამომდინარე, ბავშვის რაციონში 5-6 თვის ასაკიდან შეიძლება ჩართოთ. ზეთი ბავშვისთვის განკუთვნილ კერძს მომზადების შემდეგ უნდა მოასხათ.