მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო
რედაქციას მოუგროვდა რამდენიმე წერილი, რომლებიც ბავშვის კვებას ეხება.
-
სწრაფი საკვები
ჩემს 3 წლის გოგონას ძალიან მოეწონა სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი. ბავშვთა საკვების მაღაზიებში შევამჩნიე სხვა ბურღულის ფანტელიც. რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი ბავშვებისთვის?
სწრაფი მომზადების ფანტელი, რომელსაც, როგორც წესი, გამომშრალი ხილი ან კენკრა აქვს დამატებული, ბავშვის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დამუშავებისას ბურღული კარგავს სასარგებლო თვისებებს. განსაკუთრებით დიდია დანაკარგი ვიტამინებისა, რომლებიც მეტად მგრძნობიარეა თერმული და მექანიკური დამუშავების მიმართ. გარდა ამისა, სწრაფი მომზადების ფანტელი უფრო ნაკლებ უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ბურღული. აქედან გამომდინარე, ბავშვი, რომელიც უპირატესად სწრაფ და ადვილად მოსამზადებელ საკვებს მიირთმევს, სათანადო რაოდენობით ვერ იღებს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს.
სწრაფი მომზადების მშრალი სუპები და ფაფები, გარდა თერმულად დამუშავებული ბურღულისა, შეიცავს საკვებ დანამატებს, გემოს გამაძლიერებლებს (ნატრიუმის გლუტამატს), წიწაკას, ტომატის ფხვნილს და საჭიროზე მეტ მარილს. ასეთი პროდუქტების გამოყენება ნებადართულია იშვიათად, გამოუვალ მდგომარეობაში, დროის დეფიციტის შემთხვევაში, მგზავრობისას. გაცილებით უფრო სასარგებლოა ჩვეულებრივი ბურღულის ფაფა, რომელსაც, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ხილი (ვაშლი, ბანანი), კენკრა, ბოსტნეული (გოგრა).
საკვები დანამატების შემცველ გარნირებს შვიდ წლამდე საერთოდ ნუ აჭმევთ. თუ გამოუვალი ვითარებაა და სწრაფი მომზადების სუპის ან ფაფის შეძენა მოგიხდათ, აუცილებლად შეამოწმეთ ვარგისობის ვადა.
-
გავთალოთ თუ არა ხილი
ჩემს 6 წლის შვილს არ უყვარს რძე. გამიგონია, რომ კარალიოკი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. შეიძლება თუ არა მისი მიცემა და საჭიროა თუ არა მისი გათლა?
კალციუმი აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. თუ ბავშვი რძეს არ სვამს, კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად შესთავაზეთ რძის ნაწარმი - ხაჭო, ყველი, მაწონი. გაამდიდრეთ ყოველდღიური რაციონი ამ პროდუქტებით. კალციუმის დეფიციტის შევსება ამ ელემენტის შემცველი ხილითა და ბოსტნეულითაც შეიძლება. ასეთია კარალიოკიც. სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს მისი რბილობიც და ქერქიც, ამიტომ შეგიძლიათ, გაუთლელი აჭამოთ, ნებისმიერი სხვა ხილის გათლა კი აუცილებელია - შესაძლოა, ქერქი პესტიციდებით იყოს დაბინძურებული. ამავე მიზეზით ხილი გამდინარე წყლის ქვეშ დიდხანს უნდა რეცხოთ. გათლა კი იმის საწინდარია, რომ ბავშვის ორგანიზმში მავნე ნივთიერებები და მიკროორგანიზმები არ მოხვდება.
დაიხსომეთ: ხილი ჯერ უნდა გაირეცხოს და მერე გაითალოს, რათა დაბინძურებული ქერქიდან მავნე ნივთიერებები და მიკრობები გათლილ რბილობზე არ მოხვდეს.