რით გამოვკვებოთ ბავშვი ვირუსული ინფექციის დროს
ამ დაავადებებს მაღალი ტემპერატურა და სხვადასხვა ხარისხის ინტოქსიკაცია ახასიათებს. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. მაღალი სიცხის, სუნთქვის გახშირების, ქოშინის, ოფლიანობის გამო ორგანიზმი საკმაო ოდენობის სითხეს კარგავს, რაც წყალმარილოვანი ბალანსის რღვევას, სისხლის შესქელებას და სხვა არასასურველ პროცესებს იწვევს, ამიტომ ავადმყოფ ბავშვს პირველ ყოვლისა სითხე უნდა მივაწოდოთ.
-
სითხის მარაგის შევსება
რეჰიდრატაციისთვის ანუ სითხის მარაგის შესავსებად გამოგადგებათ:
- ოდნავ დამტკბარი ჩაი და კომპოტი;
- ელექტროლიტების ხსნარი (რეჰიდრონი, რეჰიდრინი და სხვა);
- უგაზო მინერალური წყალი.
მეტად სასარგებლოა ვიტამინებით გამდიდრებული სითხეები, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, ასკილის ნაყენი, ხილისა და კენკრის წვენი. საზოგადოდ, უმჯობესია, სითხე შემთბარი იყოს, მაგრამ თუ პატარას პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება აწუხებს, აჯობებს, გრილი (და არა ცივი) სასმელი მივცეთ.
-
კვება მწვავე პერიოდში
დაავადების მწვავე პერიოდში, როდესაც ტოქსიკოზის ნიშნები (მაღალი ტემპერატურა, უმადობა) აშკარაა, რეკომენდებულია შედარებით მსუბუქი და იოლად მოსანელებელი საკვები. სასურველია, კერძი ბავშვს გახეხილი ან ბლენდერში ათქვეფილი მივცეთ. ხორცი და თევზი ნაკლებცხიმიანი, მოხარშული და გატარებული სჯობს. იცვლება კვების რეჟიმიც: დაავადების მწვავე პერიოდში მიზანშეწონილია, პატარას უფრო ხშირად და ხანმოკლე ინტერვალებით - დღეში 5-7-ჯერ, 2,5-3 საათში ერთხელ ვაჭამოთ, ულუფა კი შევუმციროთ, რათა ორგანიზმმა საკვები უკეთ აითვისოს და დარღვეული ფუნქციები უფრო სწრაფად აღიდგინოს. თუ პატარა კუთვნილ ულუფაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ, თორემ შესაძლოა, აღებინოს და მდგომარეობა უფრო მეტად დაუმძიმდეს. საკვების ნაცვლად, უკეთესია, სითხით დატვირთოთ.
თუ პატარას უჭირს ყლაპვა და ყელი სტკივა, თხევადი საკვები მიეცით, ძლიერი ხველის დროს კი რაციონიდან ამოიღეთ მშრალი, მლაშე და მჟავე საკვები, ორცხობილა, ხრაშუნა კვერები. ჩვილებს სურდოს დროს ძუძუს წოვა უჭირთ - ამაში გაჭედილი ცხვირი უშლით ხელს, ამიტომ ჭამის წინ ნესტოები სპეციალური საქაჩი ტუმბოთი და ბამბის ტამპონით გამოუსუფთავეთ. ავადმყოფი ბავშვის რაციონი უნდა შეიცავდეს საკმარისი ოდენობის ცილას, უპირატესად - ცხოველური წარმოშობისას. ის ღვიძლის ფუნქციების აღსადგენად არის აუცილებელი - ინფექციური დაავადების დროს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებლება ხომ ღვიძლს ავალია.
გაამდიდრეთ ბავშვის მენიუ რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით, აციდოფილური ნარევებით. საკვები, მით უფრო მაღალი სიცხის დროს, ნაკლებცხიმიანი სჯობს, ვინაიდან ამ დროს დაქვეითებულია საჭმლის მომნელებელი წვენის წარმოქმნა და ორგანიზმს ნოყიერი საკვების გადამუშავება უჭირს. სასურველია ნახშირწყლების შეზღუდვაც, ვინაიდან ისინი ნაწლავებში დუღილის პროცესს ამძაფრებს, სისხლში შაქრის ოდენობის მომატება კი უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნახშირწყლები უმჯობესია მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მეშვეობით მიიღოს. თანაც ეს პროდუქტი მდიდარია ვიტამინებით, რომლებიც ასე სჭირდება ავადმყოფ ბავშვს.
ვიტამინებით ორგანიზმის გამდიდრება სპეციალური აბების - პოლივიტამინების მეშვეობითაც შეიძლება. მაღალი სიცხის დროს გაძლიერებული ოფლდენისა და შარდვის, პირღებინების გამო ორგანიზმი კარგავს კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, ქლორს. მათი მარაგის შესავსებად ექიმი პოლივიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების კომპლექსს დაგინიშნავთ. როდესაც ვირუსული დაავადება მძიმედ და დიდხანს მიმდინარეობს, მენიუ განსაკუ-თრებით მდიდარი უნდა იყოს ცილით (ასეთია ხორცი, თევზი, ხაჭო, კვერცხი).
მადის მოსაგვრელად ბავშვებს აძლევენ ბულიონს (ხორცის, ბოსტნეულის ნახარშს), უპირატესად მომჟავო ხილის წვენს. ავადმყოფობის მსუბუქი მიმდინარეობისას, როდესაც ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არცთუ ისე ცუდია და არც უმადობას უჩივის, რაციონს განსაკუთრებული კორექცია არ სჭირდება. კვების რეჟიმი, შემადგენლობა და საკვების ოდენობა ისეთივე რჩება, როგორიც ავად გახდომამდე იყო. საკმარისია, პატარას ორგანიზმს სითხე და ვიტამინები არ მოაკლდეს.