როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა
გინდათ, პატარამ მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ.
ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან, ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ.
ბავშვის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაციები:
- მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
- სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
- გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმარზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
- გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ უნდა აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები უნდა აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
- ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბავშვს მეგობრების თანდასწრებით. შენიშვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.
- მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.