როგორ დავძლიოთ შიში
ბანჯგვლიანი ურჩხული
მაინც რით არის საშიში ეს ადამიანის მეგობარი, რომელიც გულითადი სალმის ნიშნად კუდს აქიცინებს? ალბათ, არც არაფრით, მაგრამ პატარამ ჯერ არ იცის, როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში, ამიტომ მაგალითს თქვენგან იღებს. დააკვირდით, როგორ რეაგირებთ თავად ძაღლთან შეხვედრისას. დიდი ძაღლის დანახვისთანავე იძაბებით და კრთებით, ბავშვს მაგრად უჭერთ ხელს? გაითვალისწინეთ, მოგვიანებით ისიც ასევე მოიქცევა, თანაც ნებისმიერი ძაღლის დანახვისას, განურჩევლად მისი ზომისა. უწყინარი პუდელიც კი ბავშვს შეიძლება ურჩხულად მოეჩვენოს. ბავშვებს სხვადასხვაგვარი აღქმა აქვთ, რაც ზომის ადეკვატურად შეფასებაში ხელს უშლით, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლით იმის გაგებაში, რომ საშიში არაფერია. ზოგჯერ თვით მშობლებიც უწყობენ ხელს შიშის პროვოცირებას. გაცელქებული პატარა რომ დააწყნარონ, უამბობენ მას საშიშ ისტორიებს მეზობლის ბიჭის შესახებ, რომელსაც ძაღლმა უკბინა და ახლა დიდხანს მოუწევს მტკივნეული ნემსების კეთება, რათა ცოფით არ დაავადდეს. მშობელი ვერც კი ხვდება, როგორ ისახება პატარას გულში შიში. შიშის კიდევ ერთი მიზეზია სიზმრები - ავი ცხოველები, რომლებიც მათში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. სავსებით შესაძლებელია, ასეთ განცდებს წინ უძღოდეს ეზოს ძაღლის ნაკბენი, მისი მოულოდნელი გამოჩენა. შესაძლოა მეზობლის ძაღლი ოდესღაც უნებურად წაეტანა პატარას შარვლის ტოტს, კბილები გამოაჩინა ან გაკაწრა, როცა მასთან თამაში მოუნდა.
ისწავლეთ შიშთან ბრძოლა
შიშს რომ გავუმკლავდეთ, მის მიზეზებში უნდა გავერკვეთ. უწინარეს ყოვლისა, გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში. შეეცადეთ, დაძლიოთ ცხოვრებისადმი ზიზღი (თუ იგი გაქვთ); როგორმე მოიშორეთ ბავშვის დაშინების ჩვევა; ნუ უამბობთ საშინელ ისტორიებს. ბავშვის აღელვებას მშვიდად და რბილად შეხვდით - თანადგომა და ურთიერთგაგება უფრო შედეგიანია, ვიდრე დაშინება ან პრობლემის უარყოფა. თუ საცხოვრებელი პირობები საშუალებას გაძლევთ, იქნებ სახლშიც მოიყვანოთ ლეკვი, ოღონდ პატარას თვითონ აარჩევინეთ მეგობარი. თუ საამისო პირობები არ გაქვთ, ბავშვთან ერთად ესტუმრეთ ნაცნობებს, რომელთაც ძაღლი ჰყავთ. ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ, რა საყვარლები არიან პატარა ცხოველები, რა მხიარულად ეთამაშებიან ერთმანეთს, უამბეთ მათი ცხოვრების წესის შესახებ. შიშის დასაძლევი კიდევ ერთი საშუალებაა თამაში. ის საშუალებას გვაძლევს, წარმოსახვით ვიცხოვროთ საშიშ სიტუაციაში და მასზე რეაგირება ვისწავლოთ. შესთავაზეთ ბავშვს, დახატოს ძაღლი, რომლისაც ეშინია, თქვენ კი ამავე დროს დახატეთ სიმპათიური ლეკვი. როცა ბავშვი გიჩვენებთ თავის დახატულ საშიშ მხეცს, თქვენ თქვენი ნახატი აჩვენეთ - დახატული პატარა ძაღლი სულაც აღარ ჩანს შემაძრწუნებელი. ხოლო ის გამოსახულება, რომელიც აშინებდა პატარას, დაწვით ან პაწაწინა ნაკუწებად დაჭერით ამ სიტყვებით: "შეხედე, შიში გაქრა, ის აღარ არსებობს!" როცა ბავშვი ძერწავს ან ხატავს თავის შიშს, ის მის ვიზუალიზებას ახდენს. ამის შემდეგ "გამოძერწილ ურჩხულს" შეუძლია "ენა ამოიდგას" და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სცენაში. მიაწერეთ მას სხვადასხვა თვისება, მიეცით ამ თვისებების გამოხატვის საშუალება. წარმოაჩინეთ ის მშიშარა, კეთილ არსებად. დაე, ისტორიებს მისი მონაწილეობით ჰქონდეს კეთილი დასასრული, რათა ბავშვის შფოთვა და შიში უკვალოდ გაქრეს.
მშობლები გამოცდილებას გვიზიარებენ
ჩემს ბიჭუნას ძალიან ეშინოდა ძაღლების. შიშის დაძლევაში რომ დავხმარებოდი, შევიძინე წიგნები და ფილმები, სადაც ძაღლები მეგობრობენ ადამიანებთან, ეხმარებიან მათ. გარკვეული ხნის შემდეგ შევამჩნიე, რომ შიში თანდათან გაქრა. მერე მაღაზიაში წავედით და შევიძინეთ სიმპათიური ლეკვი, რომელსაც ძილის წინ საწოლში ჩაიწვენდა. მას ძალიან გაუხარდა და მას შემდეგ ძაღლთან ჩახუტებული იძინებს.