ახალი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში

ბავშვი სკოლაში მიდის. დგება ოჯახისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი. სკოლა უცნობი სამყაროა, რომელიც პატარას უამრავ სიახლეს ჰპირდება: ახალ სოციალურ გარემოს, თანატოლთა ახალ საზოგადოებას, ახალ მეგობრებს, მასწავლებლებს, რომელთაგანაც უამრავ საინტერესო რაიმეს შეიტყობს... ბუნებრივია, მშობლები ღელავენ, იწყება ახალ გარემოსთან შეგუება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ეს კი ხანგრძლივი პროცესია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის შერჩევას, როგორ სკოლაში მიგვყავს ბავშვი მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მონაცემების მიხედვით, რათა ნაკლებ პრობლემებს გადავაწყდეთ ისედაც ახალი და რთული ეტაპის დაწყებისას მის ცხოვრებაში.

ნებისმიერი მშობლის წინაშე დგება კითხვა - რამდენად მზად არის ბავშვი სკოლაში წასასვლელად და როგორ შეარჩიოს მისთვის სკოლა.

კარგი სკოლის შერჩევა მართლაც საპასუხისმგებლო ამოცანაა და თითოეულმა მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს მისთვის და მისი შვილისთვის „კარგი სკოლა“.

მშობლების უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ კარგია სკოლა, სადაც კარგად ასწავლიან და გაკვეთილები არ ცდება. შემდეგ მოდის კარგი პირობები, პრესტიჟულობა, სისუფთავე, დაცულობა, მცოდნე მასწავლებლები და ა.შ. (თუმცა, პრიორიტეტებთან დაკავშირებული თანმიმდევრობა შეიძლება სხვაგვარიც იყოს).

რას ნიშნავს თანამედროვე კარგი სკოლა და როგორი უნდა იყოს მისი კონცეფცია, სერიოზული დისკუსიის საგანია ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და განათლების სფეროს მუშაკებისთვის, მაგრამ როცა მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულად რომელ სკოლაში მიიყვანოს ბავშვი, ის უფრო კონკრეტულ პასუხსაც ელოდება. ჩვენც ვეცდებით შეძლებისდაგვარად პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

მშობელმა, უპირველესად უნდა იზრუნოს ბავშვის სწორ განვითარებაზე, მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. სასკოლო ასაკსა და სკოლის შერჩევაზე მსჯელობაც ამით უნდა დავიწყოთ.

სკოლა ისე უნდა შეირჩეს, რომ მაქსიმალურად მოერგოს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ამის გაკეთება კი საკმაოდ ძნელია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტები არაერთხელ შევხვედრივართ სიტუაციას, როდესაც ბავშვი თითქოს ყოველმხრივ „კარგ სკოლაში“ სწავლობს, მაგრამ თავს არ გრძნობს ბედნიერად და არ უყვარს სკოლაში სიარული. ამ მოვლენასთან დაკავშირებული ასაკობრივი დიაპაზონი საკმაოდ ფართოა - დაწყებითიდან დამამთავრებელ კლასებამდე.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?.. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ბევრი სხვადასხვა გარემოებით.ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ დაწყებით კლასებზე.

საქმე ის არის, რომ ბავშვი სკოლაში წასასვლელად მზად უნდა იყოს არა მხოლოდ საწყისი მასალის ცოდნის მხრივ, არამედ მას უნდა შეეძლოს ურთიერთობა კოლექტივში, დათმობა, სხვისი საჭიროებების გაგება, ურთიერთობის დამყარება როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 6 წლის ასაკში ბავშვს ყოველთვის არც ნებელობითი ყურადღება აქვს ფორმირებული იმ დონემდე, რომ კარგად გაძლოს გაკვეთილზე 45 წუთის განმავლობაში.

ახალ რეჟიმს დაუქვემდებარებლობა კი შეიძლება საკმაოდ დიდი იმედგაცრუების წყარო აღმოჩნდეს მისთვის, რამაც შემდგომში ბავშვი შეიძლება მიიყვანოს სხვადასხვა ემოციურ და ქცევით აშლილობამდეც კი.

მშობელმა უნდა გაარკვიოს, რა შესაძლებლობები აქვს სკოლას, როგორია მიდგომა ბავშვისადმი სხვადასხვა სიტუაციაში. ამავე დროს, რასაკვირველია, უნდა გაეცნოს პედაგოგიურ კოლექტივს და თავად შეაფასოს, არიან ის ადამიანები, ვისაც შვილს ანდობს, თუ არა…

ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების უდიდესი ნაწილი არც იმას მიიჩნევს პრობლემად, რომ უფრო მოგვიანებითაც დაიწყოს ბავშვმა სწავლა, თუკი 6 წლის ასაკში არ არის მზად სკოლისთვის.და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მშობლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას - ეს არის ბავშვის ფიზიკური ამტანობა. ამიტომ საყურადღებოა სკოლის განლაგება, ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა, რადგან ბავშვი არ შეიძლება დაღლილი მივიდეს სკოლაში.

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მომენტი სკოლის შერჩევისა და სწავლის დაწყებისთვის არის არა ასაკი და წერა-კითხვის ცოდნა, არამედ სასკოლო მზაობის დონისა და კონკრეტული სკოლის ბავშვის საჭიროებებისადმი მორგებულობის შეფასება.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კითხვები ბავშვის სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ფსიქოლოგს. ჩვენი ფსიქოლოგები დაადგენენ, რამდენად არის ბავშვი მზად სკოლისთვის და გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, თუ როგორ და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით სჯობს თქვენი ბავშვისთვის სკოლის შერჩევა.

პირველი კლასი ბავშვის ცხოვრების მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარა ჯერ ვერ აცნობიერებს, სად მოხვდა. არ იცის, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება, ახალი მოვლენები, ახალი მოვალეობები. აქამდე ის მშობლებს იყო მინდობილი და ახლა ცდილობს, მათი ქცევის, მათი განცდების მიხედვით ამოიცნოს, რა ხდება მის თავს.

სკოლამდე ბავშვის ერთადერთი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი ყველაფერი შეიცვლება. თუ პატარა საბავშვო ბაღში დადიოდა, სკოლასთან შეგუება გაუადვილდება, რადგან ბაღშივე გამოიმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს. იქ ბავშვს უწევს მაგიდასთან თანატოლების გვერდით ჯდომა, პედაგოგის კითხვების მოსმენა, პასუხის გაცემა, ამას ემატება მიზანმიმართული მეცადინეობები, წიგნის, რვეულის, საწერი კალმის გამოყენება...

ბევრს მიაჩნია, რომ საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელი არ არის - სკოლისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავება შინაც შეიძლება. მათ ავიწყდებათ, რომ შინ ბავშვი თავისუფალია, ყველა თავს ევლება, არავინ ზღუდავს, სკოლაში კი ის იქაურ წესებს უნდა დაემორჩილოს: განსაზღვრული ხნის განმავლობაში იჯდეს მერხთან, უნებართვოდ ვერ გაინძრევა... საბავშვო ბაღში ნასიარულევი ბავშვი ამას უკვე შეჩვეულია, „ოჯახის ბავშვს“ კი პრობლემები ექმნება. თუმცა, ისეც ხდება, რომ თანატოლებთან ურთიერთობას მოწყურებულნი, მეტი ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. ზოგიერთი ბავშვი მტკივნეულად განიცდის ახალ გარემოში მოხვედრას, ტირის, უჭირს მშობლების გარეშე ყოფნა.

უნდა გვახსოვდეს: ახალ გარემოსთან ადაპტაცია არც ისე იოლია. თუ ბავშვმა მძაფრი რეაქცია გამოხატა, ძალდატანება არ შეიძლება. ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა შევაჩვიოთ სასკოლო რეჟიმს.

სკოლაში, გარდა მასწავლებლებსა და თანატოლებთან ურთიერთობისა, ბავშვი კიდევ ერთ სირთულეს აწყდება - სწავლის პროცესს. ზოგი ინტერესითა და სიხარულით ხვდება ამ სიახლეს, ზოგს კი ძალიან უჭირს თამაშიდან სწავლაზე გადასვლა.

  • ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე შეიყვანს ბავშვს სკოლაში, მით უკეთესია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ხუთი წლის ბავშვი საამისოდ პატარაა. რომელი მიდგომაა უფრო მართებული?

ზრდასთან ერთად ბავშვი განვითარების განსაზღვრულ ეტაპებს გადის. თითოეულ საფეხურზე ხდება მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მომწიფება. ექვს წლამდე სკოლაში მიყვანა ნაადრევია - ბავშვი სკოლისთვის ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად უნდა მოემზადოს, რათა თავი გაართვას მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს. სწავლის პროცესში ძალდატანება დაუშვებელია - ამან შესაძლოა უკურეაქცია, სწავლის სიძულვილი გამოიწვიოს. ბავშვი ჯერ არ გამოსულა თამაშის სტადიიდან, ამიტომ ამ ეტაპზე თამაშისა და სწავლის შერწყმა უნდა მოხდეს. პატარას თანდათან უნდა გავაცნობიერებინოთ, რა არის სწავლა, რა არის დავალება. მეცადინეობის შემდეგ უნდა დავასვენოთ, გართობის საშუალება მივცეთ, შევეცადოთ, სწავლის მიმართ უარყოფითად არ განეწყოს. თანდათანობით უნდა მივახვედროთ, რომ დავალების შესრულება აუცილებელია. დიდი ტაქტით ავუხსნათ, რა არის ნიშანი - რომ ამგვარად აფასებენ, რამდენად კარგად შეასრულა ბავშვმა დავალება. ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ პატარა არ დაითრგუნოს. მან არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თუ მაღალი შეფასება დაიმსახურა, კარგი ბავშვია, ხოლო თუ დაბალი - ცუდი. ზოგჯერ პირველ კლასში ნიშნების ნაცვლად პედაგოგები სიმბოლოებს - მოღიმარი და მოწყენილი მზის გამოსახულებას იყენებენ. მოღიმარი მზე კარგ შეფასებას ნიშნავს, მოწყენილი კი ცუდს. ამ მეთოდის გამოყენებისას ბავშვი ნაკლებად ითრგუნება. სამაგიეროდ, ხვდება, რომ მეტი უნდა იშრომოს, რათა მზემ გაუღიმოს. ზოგჯერ სიტუაციას მშობლები ართულებენ.

ბუნებრივია, ყველას სურს, მისი შვილი წარმატებული იყოს, მაგრამ უმჯობესია, ბავშვს შრომის ჩვევა გამოვუმუშაოთ და არა ნიშნებისთვის ომში ჩავაბათ და თანაკლასელებთან შეჯიბრებისკენ წავაქეზოთ. აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს. არ არის საჭირო დაბალი შეფასების გამო ბავშვის დატუქსვა, დასჯა - უმჯობესია ავუხსნათ, რომ თუ მოინდომებს, უკეთ ისწავლის, მაღალ შეფასებას დაიმსახურებს.

ხშირად უნდა შევაქოთ ბავშვი, ბეჯითობისთვის წავახალისოთ, უყურადღებოდ არ დავტოვოთ მისი არც ერთი წარმატება.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დახვდებიან ბავშვს სკოლაში. აქ დიდი ტაქტი, პედაგოგიური ოსტატობაა საჭირო, რადგან თუ ბავშვს სკოლასთან შეგუება გაუჭირდა, უცხო გარემოში მოხვედრისას ის ყოველთვის წააწყდება სირთულეს. ყველა ბავშვი თავისებურია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ პრობლემა სერიოზულია, სასურველია საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა. აუცილებელია პედაგოგებთან, სხვა მშობლებთან ურთიერთობა - არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაიძლიოს, რაც, საბოლოოდ, ყველაზე ძვირფასს - ბავშვის სწორ აღზრდასა და ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებას ემსახურება.