დავითვალოთ!
ამ დისციპლინასთან ურთიერთობის პირველ ნაბიჯებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი მეორე მნიშვნელოვან მომენტს - თვლას შევეხებით.
ყველამ იცის, რომ სულ პაწაწინებსაც კი სიამოვნებთ, როცა დედა მათ თითებს ითვლის - ამას ხომ დედის ნაზი შეხება, ტაქტილური კონტაქტი ახლავს თან.
როცა ბავშვი წამოიზრდება, თვლის შესწავლას ყველგან შეიძლება ჩავუყაროთ საფუძველი - ქუჩაში, ტრანსპორტში, სამზარეულოში, სააბაზანოში... სეირნობისას შეიძლება ვითვალოთ ბავშვის ნაბიჯები, კიბის საფეხურები, მანქანები, ძაღლები, ეტლით მოსეირნე პატარები...
ეს ისე გაართობს ბავშვს, რომ საკმაო მანძილიც კი შეიძლება შეუმჩნევლად გაიაროთ. ტრანსპორტითაც მშვიდად იმგზავრებთ, თუ პატარას რამე ისეთის დათვლას შესთავაზებთ, რასაც იშვიათად ხედავთ.
სარეცხის გაფენისას სთხოვეთ ბავშვს, იმდენი სარჭი მოგაწოდოთ, რამდენიც გჭირდებათ (ერთი, ორი, სამი, ოთხი). სუფრის გაწყობისას სთხოვეთ, დაითვალოს ოჯახის წევრები და მოგიტანოთ საჭირო რაოდენობის კოვზი. ამავე დროს, ხშირად უმეორეთ, რომ მის დაუხმარებლად ძალიან გაგიჭირდებოდათ და ხშირად შეაქეთ, რომ საკუთარი თავით იამაყოს.
თვლის ჩვევის განსამტკიცებლად შესთავაზეთ ბავშვს, გააწყოს მაგიდა თავისი სათამაშოებისთვის - პატარა თავად უნდა მიხვდეს თვლის პრინციპს, ამიტომ კარგი იქნება, თუ თავის ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებს.
3 წლისთვის ბავშვების უმრავლესობას უკვე შეუძლია 10-მდე თვლა, ზოგიერთი კი 2-დან 5-მდე საგანს თვალის შევლებით, თითის გაუყოლებლადაც ითვლის. როცა ბავშვი კარგად აითვისებს თვლას, შეგიძლიათ, უკუთვლას შეეჭიდოთ. რასაკვირველია, ეს ადვილი არ არის, ამიტომ სწრაფ შედეგს არ უნდა ელოდეთ.
უკუთვლის სწავლა დაიწყეთ სამიდან, ხუთიდან. კარგი იქნება, თუ თვალსაჩინო მაგალითებსაც გამოიყენებთ. მაგალითად, კიბეზე ასვლისას, როცა სამი საფეხურიღა დარჩება, დაითვალეთ: “სამი, ორი, ერთი”. გაიმეორეთ რამდენჯერმე და მერე ბავშვს შესთავაზეთ, თავად დაითვალოს.
ითამაშეთ თვითმფრინავობანა და აფრენამდე დაითვალეთ: “სამი, ორი, ერთი!” ითვალეთ მხიარულად, ხმამაღლა, სიცილით. შეიძლება, ყუთში ჩააწყოთ კუბები და ამოღებისას უკუღმა დაითვალოთ.
-
სახალისო მათემატიკა
ვაგრძელებთ საუბარს პატარა ბავშვის ცხოვრებაში მათემატიკის ადგილის შესახებ. წინა წერილებში თვლის საფუძვლებზე ვისაუბრეთ. დროა, ციფრებზე გადავიდეთ.
რა ციფრია?
როცა პატარა ბავშვი კარგად აითვისებს ზეპირ თვლას, ნელ-ნელა ციფრებსაც გავაცნოთ. ვეცადოთ გავაგებინოთ, რომ ციფრი რაღაც დაგრეხილი ხაზები ან ჯოხები კი არა, გარკვეული რაოდენობის აღმნიშვნელი ნიშანია. ამისთვის საჭიროა კავშირის ჩვენება. ეს საკმაოდ ადვილია - ქაღალდისაგან უნდა დავამზადოთ კვადრატები და დავაწეროთ ციფრები 1-დან 9-მდე, ამასთან, უნდა დავამზადოთ ფერადი წრეებიც; ვუჩვენოთ ბავშვს ციფრი და გვერდით მივუწყოთ შესაბამისი რაოდენობის წრე. ასე შევქმნით თვალსაჩინო კავშირს ციფრსა და რაოდენობას შორის.
როგორ ვაკონტროლოთ დამახსოვრება
- ყოველდღიურად ასწავლეთ მხოლოდ ერთი ციფრი.
- ყოველდღე შეამოწმეთ, ნამდვილად დაიმახსოვრა თუ არა ბავშვმა წინა დღეს ნასწავლი. თუ აღმოჩნდა, რომ არ ახსოვს, ახალზე გადასვლას ნუ იჩქარებთ, იმავე ციფრს დაუბრუნდით.
- მოიფიქრეთ საინტერესო თამაში - ბავშვს შესთავაზეთ, ესა თუ ის ციფრი რაიმე ნივთს ან ცოცხალ არსებას მიამსგავსოს. მაგალითად, რვიანი ჰგავს პეპელას, ბაფთას, ბებოს სათვალეს, ოთხიანი - ადამიანის პროფილს. შეგიძლიათ, ციფრების შესახებ პატარა მოთხრობაც შეთხზათ.
- შესთავაზეთ ბავშვს, სეირნობისას იპოვოს ციფრები და შეეჯიბრეთ, ვინ უფრო მეტ ციფრს შეამჩნევს. ყურადღება მიაქციეთ სახლების, ავტობუსებისა და მანქანების ნომრებს, დროს, ტემპერატურას, მაღაზიაში ნაწარმის ფასებს.
როცა ბავშვი კარგად აითვისებს პირველ ცხრა ციფრს, გააცანით ახალი ციფრი - ნული.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/5757-sakhaliso-mathematika.html