გოგონა და ბიჭი
აქედან მომდინარეობს ყველა განსხვავება ქალსა და მამაკაცს, გოგონასა და ბიჭუნას შორის. შესაბამისად, აღზრდისადმი მიდგომებიც განსხვავებულია. ურთიერთობაც სქესის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა ავაწყოთ.
წესრიგი და ქაოსი
გოგონასთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობა, ამიტომ ის ყურადღებას აქცევს სხვათა გრძნობებს, განცდებსა და დამოკიდებულებებს და, როგორც წესი, იოლად ამოიცნობს მათ, შესწევს უნარი, იყოს ისეთი, როგორიც სურთ დაინახონ სხვებმა, რათა უყვარდეთ და ხშირად დაიმსახუროს ქება. ბიჭუნებისთვისაც მნიშვნელოვანია უყვარდეთ, მაგრამ ეს მათთვის მიზანი კი არა, მხოლოდ საშუალებაა. ბიჭი მიდრეკილია ძიებისკენ, აქტიური მოქმედებისკენ, გამოკვლევებისა და მიღწევებისკენ. თუ მას ეჭვი ეპარება დედის სიყვარულში, ნაკლებად თავდაჯერებული იქნება, მაგრამ თუ ამაში დარწმუნებულია, მაშინ, ო, როგორ გაშლის ფრთებს! მას აზრადაც არ მოსდის, რომ დედას - სწორედ იმიტომ, რომ ასე ძალიან უყვარს - ეს შესაძლოა აწუხებდეს. გოგონას ყველაზე მეტად უფროსების კეთილგანწყობის დამსახურება სურს, ბიჭი კი თითქოს მიილტვის სადღაც, შორეული მიზნისაკენ. გოგონასთვის უფრო იოლია საკუთარ თავზე ყურადღების კონცენტრირება, უკეთ ფლობს მიმიკას, ხმას, უკეთ მეტყველებს, მაგრამ უფრო დამოკიდებულია. ბიჭი აფასებს თავისუფლებას და შეუძლია, ბევრი რამ გაწიროს ამისთვის. თავისუფლება იძლევა აქტიური ძიების შესაძლებლობას, მამაკაცის მოწოდება კი სწორედ ძიებაა. გოგონები, როგორც წესი, მოწესრიგებულები, ფაქიზები არიან - წესრიგი ხომ წინასწარჭვრეტა და სტაბილურობაა. ბიჭები კი ამით იშვიათად გამოირჩევიან. ბიჭები, ჩვეულებრივ, უკეთ ასრულებენ არასტანდარტულ დავალებებს, ხოლო ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც დიდ მოთმინებასა და ნებისყოფას მოითხოვს, უკეთ გამოსდით ქალებს. გოგონებისთვის აუცილებელია სხეულებრივი კონტაქტი, ალერსი, სითბო. ბიჭები შედარებით იშვიათად მოითხოვენ ალერსს - მხოლოდ მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობენ ან თვითონვე მიისწრაფვიან სითბოსკენ. გოგონას პატარა სივრცეც ჰყოფნის ცხოვრებისა და თამაშისთვის. ბიჭს უფრო დიდი სივრცე სჭირდება, რათა ძიების საშუალება ჰქონდეს. ინდივიდუალური განსხვავებების გაბნევა ბიჭებში უფრო დიდია, ვიდრე გოგონებში. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც გონებაშეზღუდულები, ისე გენიოსები ბიჭებს შორის უფრო მეტია. გოგონები უფრო ახლოს არიან ოქროს შუალედთან.
ისეთი, როგორიც ხარ
სამყარო, რომელსაც ქმნის გოგონა თავის გარშემო, თბილი, ახლობელი, კარგად ნაცნობი ნივთებისა და საყვარელი ადამიანების სამყაროა. ის კონსერვატიულია, დახურული და სტაბილური. ამ სამყაროში გოგონა თავს კარგად გრძნობს, თუ, რა თქმა უნდა, ის უყვართ დედას და მამას. ბიჭის სამყარო ღიაა, გახსნილი, შეუცნობელი. ბიჭუნებს უყვართ რისკი, ფანტაზია, მოქმედება. მათი დათრგუნვის მცდელობა სახიფათოა. ასევე სახიფათოა გოგონას ჩათრევა წმინდა ბიჭურ თამაშებსა და შეჯიბრებებში. სამწუხაროდ, ჩვენ გვინდა, ჩვენ გვერდით ვხედავდეთ დამჯერე და იოლად სამართავ ბავშვებს. ამ იდეალს გოგონები უფრო შეესატყვისებიან. თუ ბიჭმა წინააღდეგობა გაგვიწია, “გაუგონარს”, “ხულიგანს” ვეძახით, თუ დაგვემორჩილა - უარესია, რადგან ამით ის უარს ამბობს საკუთარ თავზე. ამ კონფლიქტში ჩვენ უნდა დავდგეთ შვილების და არა საზოგადოების მხარეს, დავიცვათ ისინი სტანდარტული მოთხოვნისგან, უარყონ საკუთარი თავი. დაე, ჩვენი გოგონები ნამდვილი გოგონები იყვნენ, ჩვენი ბიჭები კი - ნამდვილი ბიჭები!