ახალი მიდგომები ბავშვის აღზრდაში
- ჩვილი ვერ გვიხსნის, რა სურს. ხშირად თვითონვე უჭირს ამის გარკვევა, თუმცა კი გრძნობს, რომ რაღაცის ნაკლებობას განიცდის. ასეთ დროს ერთადერთი სიგნალი არსებობს - ტირილი, თუმცა მშობლები ყოველთვის ვერ ხვდებიან მის მნიშვნელობას, მით უმეტეს, თუ ეს მათი პირველი შვილია. დედა იწყებს გამოსავლის ძებნას და უკვე გამოცდილი ბებიის რჩევით, პატარას აძლევს წყალს, ხილის წვენს, ხან - წყლით განზავებულს, ხან - არა. პატარა მაინც ტირის, დედა ისევ ღელავს... მისი მღელვარება გამართლებულია. წინათ, როცა ცხოვრების დონე დაბალი იყო და მეძუძური დედა სრულფასოვნად ვერ იკვებებოდა, ხოლო ხელოვნური ნარევები დაბალი ხარისხისა იყო და არასაკმარისად დაბალანსებული ვიტამინებითა და მინერალებით, ექიმები ურჩევდნენ ჩვილისთვის 2-3 თვიდან მიეცათ ხილისა და ბოსტნეულის წვენი. დღეს სხვა ვითარებაა, ორსული და მეძუძური დედების კვება საგრძნობლად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, მათ ხელი მიუწვდებათ ხარისხიან ვიტამინომინერალურ დანამატებზე. წვენების რაციონში ნაადრევად ჩართვა არასასურველია, რადგან დროზე ადრე იწვევს ნაწლავური ფლორის ცვლილებას.
- რა ვასვათ ჩვილს?
- 6 თვემდე ერთადერთი და საუკეთესო სასმელია სუფთა წყალი. ამ ასაკამდე სასმელად თუ საკვების მოსამზადებლად წყალი ჯერ უნდა ავადუღოთ, შემდეგ გავაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ. 8 თვიდან შეიძლება ბავშვს მივცეთ საბავშვო წყალი, რომელიც იყიდება ბავშვთა კვების მაღაზიებში. მისი ადუღება საჭირო არ არის. წყალი ბავშვს კვებათა შორის, შუალედში ასვით. რაოდენობას იგი თავად განსაზღვრავს.
- რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ დამატებითი საკვების მიცემა?
- შეიცვალა დამატებითი საკვების, მათ შორის - წვენების, მიცემის დროც. პირველ თვეებში ჩვილი ინტენსიურად იზრდება და მას სჭირდება მაღალი ენერგეტიკული ღირებულების საკვები, მისი კუჭი კი ჯერ კიდევ პატარაა და ბევრს ვერ იტევს. წყალგარეული თუ სუფთა წვენები ნაწილობრივაც კი ვერ შეცვლის ისეთ კალორიულ პროდუქტს, როგორიცაა დედის რძე. არსებობს წვენების რაციონში ნაადრევად შეტანის საწინააღმდეგო კიდევ ერთი არგუმენტი: წვენები შეიცავს ხილის მჟავებს რბილობის გარეშე, რომელიც აზიანებს, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. 9 თვემდე ასაკის ბავშვების 30-35%-ს რაციონში წვენების დამატებისას უვითარდება ალერგიული რეაქცია და ერღვევა კუჭ-ნაწლავის მუშაობა. ამიტომ, თანამედროვე მიდგომით, 9 თვემდე წვენების მიცემა არ არის რეკომენდებული.
- რა ასაკიდან ჯობს წყლის მიცემა?
- ამის აუცილებლობა დამატებითი საკვების მიცემისთანავე წარმოიშობა, თუმცა არაფერი დაშავდება, თუ უფრო ადრე - 2 თვიდანაც დავიწყებთ. საგანგაშო არაფერია, თუ ბავშვმა უარი თქვა წყალზე - ეს ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვილის უარის ახსნა იმით შეიძლება, რომ სითხის მოთხოვნილებას მას სავსებით უკმაყოფილებს დედის რძე. ნუ ეცდებით, მისცეთ თითო ჯერზე მკაცრად განსაზღვრული ულუფა, 10-20 მლ. ბავშვმა იმდენი უნდა სვას, რამდენსაც მოისურვებს. ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ამინდი, კვების ხასიათი და ბავშვის მოძრაობითი აქტიურობა. მიაქციეთ ყურადღება ინტერვალს კვებასა და წყლის სმას შორის. ახალნაჭამ ბავშვს არ მისცეთ წყალი, არც ახალწყალნასვამს - საკვები. ბავშვის კუჭის ტევადობა გასაზღვრულია და რასაც ვერ დაიტევს, წამოაღებინებს. ნუ ინერვიულებთ, თუ ბავშვმა საერთოდ უარი თქვა წყალზე. შესთავაზეთ მოგვიანებით. ორი კვირის შემდეგ მან შესაძლოა სულ ერთი ყლუპი დალიოს და ამით დაკმაყოფილდეს. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ჩვილს დამატებითი კვების პირველ თვეებშიც ჰყოფნის ის სითხე, რასაც დედის რძით იღებს. არ იფიქროთ, რომ ბავშვს წყლის გემო არ მოეწონა და ამიტომ ამბობს მასზე უარს. ამ მიზნით არავითარ შემთხვევაში არ დაუტკბოთ წყალი! ნუ მიაჩვევთ ბავშვს სიტკბოს პატარაობიდანვე.
- როგორ ვასვათ წყალი - ბოთლით თუ კოვზით?
- ხუთი თვის ჩვილს უკვე შეუძლია ჭიქიდან სმა. თუ პირველი ცდა წარმატებით დაგვირგვინდა, ის მეორედაც სიამოვნებით დალევს ჭიქიდან. მთავარია, სწორად ასვათ: ხელზე გადაიწვინეთ, თავი ოდნავ წამოუწიეთ, ჭიქა პირთან მიუტანეთ (სავსე არ უნდა იყოს) და ცოტაოდენი, სულ რამდენიმე წვეთი მოასმევინეთ, დააცადეთ გადაყლაპვა და მერეღა მიეცით მომდევნო ყლუპი. თუ ბავშვი თავს იქნევს, ხელს ჰკრავს ჭიქას, ნუ დააძალებთ, მოგვიანებით სცადეთ. თუ, პირიქით, ცდილობს ხელი წაატანოს ჭიქას და დამოუკიდებლად დალიოს, ნუ დაუშლით. დაე, სცადოს. ნურც გაუბრაზდებით, თუ წყლის უმეტესი ნაწილი დაღვარა.
- შევახვიოთ თუ არა ახალშობილი?
- ძველ საბერძნეთსა და რომში ბავშვის გახვევა იყო მიღებული. ახალი აღთქმიდანაც ცნობილია, რომ მარიამმა ახალდაბადებული იესო შეახვია და ისე მიაწვინა ბაგაში. თავდაპირველად შეხვევა აუცილებელი იყო მოხერხებული გადაადგილებისთვის, მოგვიანებით კი ამტკიცებდნენ, რომ მას ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვისაც სარგებლობა მოჰქონდა - ხელ-ფეხი სწორად ყალიბდებაო. მხოლოდ XVII საუკუნეში გამოჩნდნენ ჩვილის შეხვევის პირველი მოწინააღმდეგენი. დღემდე გრძელდება ბჭობა იმის თაობაზე, შევახვიოთ თუ არა ჩვილი. ეს მშობლის გადასაწყვეტია, თუმცა არსებობს შემთხვევებიც, როცა შეხვევის საჭიროებას ექიმი წყვეტს. ჩვილს, ჩვეულებრივ, 3-4 თვემდე ახვევენ. ყველაზე საიმედო ორიენტირი თვით ბავშვის რეაქციაა. ზოგიერთს მშვიდად სძინავს შეხვეულს, ზოგი ვერ წყნარდება, სანამ ხელებს არ გაითავისუფლებს. არსებობს შეხვევის რამდენიმე ფორმა:
- თავისუფალი - ბავშვი ხალვათადაა შეხვეული და შეუძლია, თვითონვე გაითავისუფლოს ხელ-ფეხი, როცა მოისურვებს;
- ხელების გარეშე - ხელები თავისუფალი აქვს, ფეხები კი გახვეული;
- ფართო - ხელები თავისუფალი აქვს, ხოლო ფეხები - განზე გაზიდული. ამისთვის იყენებენ პატარა ბალიშს ან რამდენიმე ფენად მოკეცილ საფენს. ასეთი შეხვევა გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, როდესაც ეჭვი აქვთ მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილ პათოლოგიაზე;
- მჭიდრო - ხელ-ფეხი ტანზეა მიკრული.
- ზოგიერთს ჰგონია, რომ შეხვეულ ბავშვს უფრო მშვიდად სძინავს. მართალია თუ არა ეს?
- ახალშობილს ახასიათებს მოროს რეფლექსი - თავდაცვითი რეფლექსი, როდესაც საყრდენის გამოცლის შემთხვევაში უნებლიეთ იწყება ხელ-ფეხის კრთომა. ეს რეფლექსი განსაკუთრებით ძლიერია სიცოცხლის პირველ თვეს და ქრება მე-3-4 თვეს. ამ ასაკში ჩვილი ძილში ხშირად კრთება და შეშინებულს ეღვიძება, სახვევი კი ხელს უშლის არაკოორდინირებულ მოძრაობებს და ბავშვს უფრო მშვიდი ძილი აქვს. არსებოს სხვა მოსაზრებაც - ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ მუცლად ყოფნის უკანასკნელ თვეს ნაყოფს შეზღუდული აქვს მოძრაობა, შეხვევით კი მას თითქოს ჩვეულ სითბოსა და სიმყუდროვეს ვუბრუნებთ. აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევებით დასტურდება, რომ რამდენიმე დღის ჩვილი უკვე სრულ თავისუფლებას ამჯობინებს და შეხვევისას წრიალებს, ამიტომ უმჯობესია, თავისუფლად გვყავდეს, თუმცა შეიძლება შეხვევა მომატებული აღგზნების, მოუსვენრობის შემთხვევაში. განურჩევლად იმისა, როგორ აპირებთ ბავშვის გაზრდას, მაინც ჯობს, შეიძინოთ 10 თხელი და 5 თბილი ფლანელის საფენი. ისინი გამოგადგებათ მაგიდაზე გადასაფარებლად ტანსაცმლის გამოცვლისა თუ მასაჟის დროს, გადასაფარებლად ჩვილის შიშვლად დატოვების შემთხვევაში და ასე შემდეგ. დაბადებიდანვე მიეცით ბავშვს არჩევანი. დაე, თვითონ გადაწყვიტოს, საფენებში გაიზარდოს თუ ჯინსებში, რა ჭამოს და რამდენი. ახალი თაობა ფეხდაფეხ მიჰყვება დროს და აღზრდის თანამედროვე მიდგომებს.