როგორ გამოვიმუშაოთ ყურადღება
შეგიმჩნევიათ თუ არა, როგორ ათვალიერებს 7-8 თვის ბავშვი საგანს, რომელიც მას მართლაც აინტერესებს? წლინახევრის პატარა ბურთს ხვრელში აგორებს და შემდეგ უცქერის, როგორ ”მოიქცევა” ის... ეს მაგალითები მოწმობს, რომ პატარა ბავშვსაც კი აქვს ყურადღების კონცენტრირების უნარი, როცა რაიმე ნამდვილად აინტერესებს. თუმცა ამ უნარის განვითარებაც შეიძლება, თუ პატარას მიზანმიმართულად ვავარჯიშებთ.
-
ნუ შეაწყვეტინებთ!
მარია მონტესორიმ, რომლის პედაგოგიკის პრინციპებსაც ხშირად ვიმოწმებთ, კონცენტრაციის უნარის ამ ადრეულ გამოვლინებას სპონტანური შინაგანი კონცენტრაცია უწოდა. მისი საფუძველი არჩევანის თავისუფლებაა. კონცენტრირებამ შესაძლოა ისეთ მაქსიმუმს მიაღწიოს, რომ ბავშვი ვეღარ ამჩნევდეს ვეღარც ადამიანებს, ვეღარც მუსიკას, ვეღარც ხმაურს. ამ უნარს მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება, უფროსები კი, სამწუხაროდ, საპირისპიროდ იქცევიან. ბავშვი რაღაცამ გაიტაცა, მისი ყურადღება რაღაც საგანმა მიიპყრო, ამიტომაც აღარ ესმის დედის ნათქვამი: ”მოდი, ვჭამოთ, რად გინდა ეგ სათამაშო!” ნუ ეცდებით, პატარა ”რეჟიმში” დააუბრუნოთ. არაფერი დაშავდება, თუ რამდენიმე წუთით გვიან ივახშმებს.
-
როცა გაინტერესებს...
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატარას ირგვლივ სივრცეში ისეთი საგნების არსებობას, რომელთაც მისი ყურადღების მიპყრობა შეუძლიათ. მარია მონტესორი წერს, რომ თუ პატარა ბავშვი საგნების მიმართ ინტერესს იჩენს და მათ დანიშნულებისამებრ იყენებს, იქმნება ერთგვარი გონებრივი წესრიგი. სწორედ კოორდინირებული მოძრაობის სრულყოფა და გონებრივი წესრიგია კონცენტრირების უნარის საფუძველი.
როგორი ტაქტიკა უნდა აირჩიონ მშობლებმა, რათა ეს მნიშვნელოვანი უნარი განავითარონ?
- ნუ შეაწუხებთ ბავშვს აკრძალვებით.
- მიეცით არჩევანისა და ინტერესის გამომჟღავნების სრული თავისუფლება.
- დაეხმარეთ ირგვლივ არსებული საგნების შესწავლასა და მოძრაობათა კოორდინაციის სრულყოფაში. სურს, შუქი თვითონ ჩააქროს? - მიუტანეთ სკამი, დააყენეთ ზედ და ღილაკზე თითის დაჭერაშიც დაეხმარეთ.
ბავშვს იტაცებს ყველაფერი, რაც ნამდვილია. მის აღფრთოვანებასა და ინტერესს იწვევს ყოველგვარი სანახაობა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ საშუალება გაქვთ, პატარა ხშირად ატაროთ თეატრსა და მუზეუმში. სწორედ აქ იპყრობს ბავშვის თვალსა და ყურს სანახაობა, რაც მას ხანგრძლივი დაკვირვების უნარს გამოუმუშავებს. ასეთი სანახაობითი ღონისძიებების ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს.
-
წესრიგი უპირველეს ყოვლისა!
სიცოცხლის პირველი ოთხი წელი ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ბავშვი ამ პერიოდში ეჩვევა მოვლენათა განსაზღვრულ თანმიმდევრობას, რაც მას სამყაროს საიმედობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას გამოუმუშავებს. თუ პატარას მაგიდასთან თავისი ადგილი აქვს, თქვენ კი შეეცდებით, ის სხვაგან დასვათ, არ არის გამორიცხული, ეს ბავშვმა ტირილით გააპროტესტოს. თუ დაძინებისას დედა მის გვერდით წვება, ბავშვი ამას ყოველთვის მოითხოვს. მოვლენათა ჩვეული თანმიმდევრობის დარღვევა ბავშვისთვის ნამდვილი ტრაგედიაა.
-
გამეორება ცოდნის დედაა
განსაზღვრული წესებისადმი მიჩვევა ხსნის, რატომ უყვართ ბავშვებს გამეორება. ისინი მრავალჯერ იმეორებენ ერთსა და იმავე ქმედებას, გვთხოვენ, წავუკითხოთ ერთი და იგივე ზღაპარი... ეს სწრაფვა განივრულად უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან სწორედ ასეთი გამეორება აყალიბებს კონცენტრირების უნარს.
- ეცადეთ, მკვეთრად არ შეცვალოთ დღის რეჟიმი და რიტუალები (მაგალითად, ზღაპარი ძილის წინ ან გასეირნება კვირა დღეს).
- შესთავაზეთ პატარას თამაში, რომლის დროსაც განსაზღვრული რიტუალები მეორდება.
-
გართობას + სარგებლობა
- თევზაობა: ჯამში ჩაასხით წყალი, ჩააგდეთ შიგ რამდენიმე პატარა სათამაშო, ბავშვს მიეცით პატარა საცერი, სთხოვეთ, ეს მცურავი საგნები დაიჭიროს და იქვე, თეფშზე დააწყოს. შემდეგ ”თევზები” ისევ წყალში გაუშვით... ეს ყველაფერი რამდენჯერმე გაიმეორეთ.
- განძის კუნძული: დიდ ჯამში ჩაყარეთ ბურღული (ხორბალი, ბრინჯი, წიწიბურა), შიგ ”ჩამარხეთ” პატარა სათამაშოები, შემდეგ ერთად მოაწყვეთ `გათხრები~ და ნაპოვნი საგნები ერთად დააწყვეთ.
- დავალება კონკიასათვის: აიღეთ მანანის ბურღული და რომელიმე მარცვლეული ან პარკოსანი (ბარდა, ლობიო, ბრინჯი, სიმინდი...), აურიეთ ერთმანეთში და ბავშვს მათი განცალკევება შესთავაზეთ, აჩვენეთ, როგორ გამოიყურება თითოეული მათგანი, რა ჰქვია, აუხსენით, რომ ამ დავალების შესრულება მისი პაწია თითებითაც კი ძალიან ძნელია და საცერი შესთავაზეთ. აუხსენით ბავშვს, რატომ გვეხმარება საცერი ნარევის განცალკევებაში.
- ”სავსე და ცარიელი”: აიღეთ ორი ჯამი, ერთი ბურღულით აავსეთ, პატარას კოვზი მიეცით და სთხოვეთ, ბურღული ნელ-ნელა ერთი ჯამიდან მეორეში გადაყაროს, შემდეგ კი უკანვე დააბრუნეთ.
- ”ყულაბა”: აიღეთ გამჭვირვალე ბოთლი, რომელსაც ხრახნიანი თავსახური აქვს, თავსახურზე პატარა ღრიჭო ამოჭერით და ბავშვს შიგნით ჩააყრევინეთ ღილები, მაკარონი, ხურდა ფული, ჩხირები... როცა ბოთლი გაივსება, ხრახნი მოხსენით და შიგთავსი გადმოყარეთ. შემდეგ კვლავ დაიწყეთ ავსება.
აიღეთ ძველი ყუთი, დახურეთ, ზედაპირზე პატარა ადგილი ამოჭერით და შიგ სხვადასხვა საგანი ჩაყარეთ. შემდეგ ”უჯრა” გამოაღეთ და შიგ ჩაყრილი საგნები ”იპოვეთ”.
რა თქმა უნდა, არავინ ელის, რომ ამ "ვარჯიშებს" ბავშვი უმალვე დამოუკიდებლად შეასრულებს, მაგრამ დახმარება, შექება და სტიმული მალე მიაღწევინებს წარმატებას.
-
ნამდვილი საქმე
ნუ შეგაშინებთ ბავშვისთვის დავალების მიცემა. ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმიანობა მათთვის ძალიან საინტერესოა. მაგალითად, პატარა გოგონებს ძალიან უყვართ სახლის დალაგება, რეცხვა ხომ მათი სტიქიაა... ბიჭები კი სახრახნისებით და ჩაქუჩებით ერთობიან.
-
თამაში ყურადღების კონცენტრირებისთვის
ბავშვს უჩვენეთ რამდენიმე სათამაშო, შემდეგ სთხოვეთ, თვალები დახუჭოს და ერთი სათამაშო დამალეთ. პატარამ ”დანაკლისი” უნდა აღმოაჩინოს.
- ბავშვი ხატავს მარტივ ნახატს და მას უფროსს გადასცემს. უფროსი ნახატს დაასრულებს და ბავშვს სთხოვს, ცვლილებები იპოვოს.
- სარკე: პატარა დგას თქვენს წინ და თქვენს მოძრაობებს იმეორებს.
-
მიეცით გზა ენერგიას
პატარებს არწმუნებენ, რომ წყნარად ყოფნა კარგია, ხოლო აქტიურობა - ცუდი, მაგრამ ბავშვმა აუცილებლად უნდა დახარჯოს ენერგია. სხვაგვარად რაიმე საქმიანობაზე მისი კონცენტრირება ძალიან გაგვიჭირდება. თამაშს, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, დროდადრო აუცილებლად უნდა შეენაცვლოს აქტიური თამაში. ამ დროს თქვენ მისი ტოლი უნდა გახდეთ, მასთან ერთად იყვიროთ, იცინოთ, იგორაოთ იატაკზე.
-
ნდობის ფაქტორი
თუ პატარა დარწმუნებული არ არის, რომ მშობლებს უყვართ, ვერასოდეს მოახდენს კონცენტრირებას. როცა ბავშვს საალერსო სიტყვები იშვიათად ესმის, საყვედურები კი ხშირად, ის აგრესიული და დაბნეული ხდება. ალერსიანი შეხება, მზერა, ღიმილი, ქება აუცილებელია. პატარამ უნდა ისწავლოს გულისხმიერება, მოზრდილთა პრობლემების გაზიარებაც კი. მას თანაგრძნობის უნარი უნდა გააჩნდეს, უნდა აცნობიერებდეს, რომ დედა, ბებია დაღლილები არიან, ცდილობდეს, თავისი მზრუნველობით მათ ასიამოვნოს. ყოველივე ეს კი მშობლების მზრუნველობის პასუხად ჩნდება.
-
ჰიპერრეაქტიულობა განსაკუთრებული შემთხვევაა
არის შემთხვევები, როცა დაბნეულობა, კონცენტრირების უნარის უქონლობა პათოლოგიის გამოხატულებაა. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.