როგორ აღვზარდოთ მხატვარი
ვცადოთ, ზედმეტი ემოციების გარეშე გავარკვიოთ ბავშვის ასეთი ქცევის მიზეზი და გავაღვიძოთ მათში ხატვისადმი ინტერესი. ჩვეულებრივ, როცა ბავშვი უარს ამბობს ხატვასა თუ სხვა საქმიანობაზე, მას ყოველთვის აქვს საამისო მიზეზი. მაგალითად, შეიძლება უგუნებოდ იყოს ან იმწუთას სხვა რამის გაკეთება სურდეს. მაგრამ თუ ბავშვი ხატვაზე გამუდმებით უარს ამბობს, მიზეზი სამიდან ერთია:
ეჭვი და შიში
იქნებ გაგიკვირდეთ, მაგრამ საკმაოდ ხშირად ბავშვი ხატვაზე იმიტომ ამბობს უარს, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა არ სჯერა და უბრალოდ ეშინია წარუმატებლობის, ეშინია, რომ მისი ნახატი არ მოეწონებათ, დასცინებენ ან გაუბრაზდებიან. ასეთი ბავშვი, როცა კი ხატვას შესთავაზებენ, უარით პასუხობს და ხშირად ტირის კიდეც. ის გამუდმებით იმეორებს: `ხატვა არ ვიცი, არ გამომივა~. თუ პატარას გვერდით მიუჯდებით, უკარნახებთ, როგორ დახატოს, შესთავაზებთ სხვადასხვა ხერხს, ცრემლები უმალვე შეაშრება, წყნარად აიღებს ფანქარს ან ფუნჯს და ხატვას დაიწყებს. და მისი ნახატი სულაც არ იქნება სხვა ბავშვების ნახატებზე უარესი. პატარები ხშირად საკმაოდ თავდაჯერებულები არიან, საკუთარ ფანტაზიებში ნებისმიერი საქციელისთვის არიან მზად. შეიძლება ვკითხოთ, იციან თუ არა მანქანის მართვა, შეუძლიათ თუ არა მთვარეზე გაფრენა - პასუხი დადებითი იქნება. პატარები მართლაც დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, თუ მათ მიღწევებს უარყოფითად შევაფასებთ ან ყურადღებას არ მივაქცევთ, ისინი ადვილად გადაცვივდებიან მეორე უკიდურესობაში და ქმედებაზე საერთოდ უარს იტყვიან. არც ის არის გამორიცხული, დავალება განზრახ შეასრულონ ცუდად. მართლაც, რა საჭიროა მცდელობა, თუ უფროსები მაინც არაფერს მოიწონებენ?
ხატვა არ არის საინტერესო
ზოგჯერ უფროსები სულაც არ ცდილობენ პატარას ხატვით დაინტერესებას. უბრალოდ, ეტყვიან: `მოდი, დახატე!~ ან `წადი, რამე გააკეთე, დახატე მაინც!~ პატარას კი სულაც არ სურს, მოსწყდეს მისთვის საინტერესო საქმიანობას და ფანქრები აიღოს. საბავშვო ბაღში, სადაც ხატვას თან უნდა ახლდეს სიურპრიზისა თუ თამაშის მომენტები, პატარას ხშირად ასევე ვერ უღვიძებენ ხატვისადმი ინტერესს. მაგალითად, როცა მასწავლებელი ამბობს: `ბავშვებო, მოდი, დავხატოთ კურდღელი!~ - შეიძლება, ბავშვს სულაც არ გაუჩნდეს ამის სურვილი. არც მასწავლებელს და არც მშობლებს არ ჰყოფნით დრო და ფანტაზია, რომ ხატვა სახალისო და საინტერესო საქმიანობად აქციონ.
ბავშვს არ აქვს ხატვისადმი მიდრეკილება
ეს მიზეზი გაცილებით იშვიათია, ვიდრე პირველი ორი, თუმცა ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. ასე რომ, არსებობენ ისეთი პატარებიც, რომელთაც სულაც არ უყვართ ხატვა. როგორც არ უნდა ვცადოთ, მათ მაინც კითხვა, კონსტრუქტორის აწყობა ან სხვა გასართობი ურჩევნიათ. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? არანაირად. ეს, რა თქმა უნდა, ძნელია. სამაგიეროდ, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა. პატარას თავი უნდა დავანებოთ და მასთან ერთად იმ საქმიანობას მოვკიდოთ ხელი, რომელიც ბავშვს სიამოვნებს. შეიძლება, დროდადრო სასხვათაშორისოდ, ძალდაუტანებლად შევთავაზოთ ფანქრები ან ფუნჯი. დროთა განმავლობაში ბავშვს შესაძლოა შეეცვალოს ხატვისადმი დამოკიდებულება. თუ არ შეეცვალა, არც ეს არის საგანგაშო - არც ჩვენ გვიყვარს ყველანაირი საქმიანობა. წარმოიდგინეთ, რომ ნამცხვრების ცხობა არ გიყვარდეთ, ნაცნობ-მეგობრები კი გამუდმებით გიჩიჩინებდნენ, რა კარგია ცხობა, გჩუქნიდნენ კულინარიულ წიგნებს და ხშირად გეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გამოაცხვეო. განა ეს ცხობას შეგაყვარებდათ? მიუხედავად ამისა, ყველა ბავშვს შეიძლება გავუღვივოთ ხატვისადმი ინტერესი. აი რამდენიმე წესი:
1. იყავით მშვიდად. ბავშვი ყოველთვის გრძნობს მშობლის განწყობას - თუ თქვენ ინერვიულებთ, ისიც დაიძაბება.
2. არავითარი იძულება! წინადადება ძალდაუტანებელი უნდა იყოს. უარის შემთხვევაში სხვა საქმიანობა შესთავაზეთ.
3. ნუ ჩაერევით, როცა ბავშვი ხატავს. უფროსებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, ბავშვს შეუსწორონ, უკარნახონ, გააუმჯობესონ მისი ნახატი. ეცადეთ, ამისგან თავი შეიკავოთ. მიეცით პატარას საშუალება ხატოს ისე, როგორც უნდა. თუ მეტისმეტად გაშფოთებთ იისფერი მინდორი და ექვსფეხა ძაღლი, ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაესაუბრეთ, როცა ხატვას დაამთავრებს. ოღონდ შენიშვნებს ერიდეთ, რადგან ის, რაც თქვენ უცნაურად გეჩვენებათ, პატარასთვის შეიძლება ბუნებრივი იყოს. ჯობს ჰკითხოთ, რატომაა ბალახი იისფერი. იქნებ ასეთი ბალახი მარსზე იზრდება, ხოლო ძაღლი რომელიმე უცხოპლანეტელი ცხოველია.
4. წაახალისეთ ბავშვის წარმატებები. იმავე დროს გახსოვდეთ, რომ პატარები კარგად გრძნობენ სიყალბეს. ამიტომ ნუ მოიწონებთ იმას, რაც არ ვარგა - ეცადეთ იპოვოთ ის, რაც მართლაც კარგია.
5. ეცადეთ გამოიყენოთ არასტანდარტული ტექნიკა - თითებით ხატვა, სველ ქაღალდზე ხატვა, ტრაფარეტი, შხეფი.
6. შესთავაზეთ ბავშვს ხატოს ის, რაც უნდა. ასე ხატვა მას ნამდვილად მოეწონება.