როგორ დავაინტერესოთ ბავშვი სწავლით, ფიქრით, ახლის გაგების სურვილით
აუცილებელია ამ ცნობისმოყვარეობის სტიმულირება, რათა მან შემოქმედებითი ხასიათი მიიღოს. როცა მშობლები ამჩნევენ და სტიმულს აძლევენ ბავშვის სურვლს, დააგროვოს ცოდნა, პატარა ამ ყოველივეს ბეჯით მოწაფესავით აკეთებს. თუ მშობლები შეეცდებიან დათრგუნონ ბავშვის "კვლევითი საქმიანობა", იგი დაკარგავს მისი გაგრძელების სურვილს და ცოდნასაც ნაკლები გულმოდგინებით შეიძენს.
როგორ განვუვითაროთ ბავშვს ცნობისმოყვარეობა, რომ სწავლის სურვილი მას მთელი სიცოცხლე გაჰყვეს?
- ყურადღებით უნდა მოვისმინოთ ბავშვის შეკითხვები და მათ ხალისით ვუპასუხოთ. ბავშვმა ძალიან ბევრი რამ უნდა გაიგოს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამოიდგამს თუ არა ენას პატარა, მაშინვე უამრავი შეკითხვა უჩნდება. გასაგებია, რომ ორმოცდამეათე შეკითხვის შემდეგ უფროსებს პასუხის გაცემის სურვილი უქრებათ, მაგრამ ასე არ უნდა მოვიქცეთ. ბავშვის ყველა შეკითხვა იმსახურებს პასუხს. როცა ბავშვი კითხვაზე პასუხს ვერ იღებს ან პასუხი არ აკმაყოფილებს, მაგალითად, როცა პასუხად ესმის "იმიტომ" ან "გაიზრდები და გაიგებ", შესაძლოა შეკითხვების დასმის სურვილი გაუქრეს. პასუხი აუცილებელია, მაგრამ ის უნდა შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს, იყოს მარტივი და მოკლე.
- შევურიგდეთ ბავშვის კვლევით საქმიანობას და სტიმული მივცეთ მას. სამყარო სავსეა საინტერესო საგნებითა და მოვლენებით, ბავშვისთვის ექსპერიმენტები აუცილებელია, თუმცა მშობლებს ეს ყოველთვის არ ესმით. თავი უნდა შევიკავოთ, როცა პატარა წესრიგსა და მყუდროებას არღვევს, რათა სამყაროს შესწავლის სურვილი არ დავუკარგოთ.
- ცნობისმოყვარე ბავშვს აინტერესებს, რა მოხდება, თუ ქოთნის ყვავილს ფოთოლს მოაწყვეტს, ამხანაგს სახეში ქვიშას შეაყრის ან სათამაშო მანქანას ფანჯრიდან გადააგდებს. რა თქმა უნდა, ექსპერიმენტი, რომელიც პატარას საფრთხეს უქმნის, უნდა შევაჩეროთ, მაგრამ ამ დროს ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენთვის კვლევის პროცესი კი არ არის მიუღებელი, არამედ შედეგია საშიში. უნდა ვეცადოთ, ასეთ დროს ბავშვს ყურადღება სხვა ობიექტზე გადავატანინოთ. მოიგონეთ "ექსპერიმენტები", რომელთა ჩატარება თქვენივე მეთვალყურეობით არის შესაძლებელი – შეუბერეთ სული ბაბუაწვერას, გაცერით ქვიშა, აურიეთ კულინარიული საღებავი წყალში.
- აჩვენეთ ბავშვს სამყარო. მუზეუმი, სათამაშო მოედანი, გუბე, სათამაშოების მაღაზია, პარკი, ზოოპარკი, ხალხმრავალი ქუჩა – პატარა ბავშვისთვის ყველაფერი საინტერესოა. გაუზიარეთ ბავშვს საკუთარი დაკვირვებები და ხშირად დაუსვით შეკითხვები.
- მიეცით ბავშვს მრავალფეროვანი შთაბეჭდილების მიღების საშუალება. მან უნდა იქანაოს საქანელაზე, ჩამოსრიალდეს გორაკიდან, იჭყუმპალაოს აუზში, დარგოს ყვავილები, ითამაშოს ბურთი, მოზილოს ცომი, დახატოს ცარცით, თითი მიაჭიროს ზარს. ერთი სიტყვით, შესაძლებლობა ყველგანაა. შეძენილი გამოცდილება თავისთავადაც ფასეულია, მაგრამ თქვენი კომენტარები მას უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს.
- სტიმული მიეცით ბავშვის იმპროვიზაციას. ბავშვი სწავლობს არა მარტო რეალური, არამედ წარმოსახვითი სამყაროდანაც, რომელიც წიგნების, ფილმების, ტელეგადაცემების წყალობით სულ უფრო მეტად ვითარდება. ამ თვალსაზრისით ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია. თამაშის დროს ბავშვი შეიძლება იქცეს მოზრდილ ადამიანად, ციყვად, ჩექმებიან კატად თუ ჩიპოლინოდ, ერთი სიტყვით, რადაც მოისურვებს.
- ნუ წაახალისებთ ბავშვს, ხშირად და დიდხანს უყუროს ტელევიზორს. ტვინის დასვენების უმარტივესი გზა სწორედ ტელევიზორის გამორთვაა. მართალია, ბავშვს შეუძლია ზოგიერთი საბავშვო გადაცემიდან სასრგებლო ინფორმაციაც მიიღოს, მაგრამ ეს მხოლოდ პასიური სწავლაა. ის ბავშვს დამოუკიდებლად სწავლის ჩვევას ვერ შესძენს, არ აქცევს მას შემეცნებითი პროცესის აქტიურ მონაწილედ. ბავშვები, რომლებიც ტელეეკრანიდან სწავლობენ, ეჩვევიან იმ აზრს, რომ ყველა პასუხი მათთან მზა სახით მივა. ასეთი პატარებისგან ცნობისმოყვარე მოსწავლე არ დადგება, მათ არ სურთ საკუთარი აღმოჩენების გაკეთება.
- აქციეთ სწავლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. ეს სულ მცირე ძალისხმევითაც მიიღწევა. შეიძლება, ბავშვს გააცნოთ ციფრები, ფერები, ასოები. რასაკვირველია, ამის მიზანი სულაც არ არის ის, რომ წლინახევრის ბავშვს კითხვა ვასწავლოთ; უბრალოდ, კარგი იქნება, ბავშვს ამ ასაკშივე გავუღვივოთ ცოდნისადმი ინტერესი - ეს საფუძველს ჩაუყრის მის შემდგომ წარმატებას.
- პატარა ბავშვის სწავლა გართობა უნდა იყოს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას აიძულებენ სწავლას, საყვედურობენ ან დასცინიან წარუმატებლობის გამო, აძლევენ ასაკისთვის შეუფერებელ დავალებებს, მას სწავლა კი არ ეყვარება, არამედ შეეშინდება მისი.
- მიეცით ბავშვს მაგალითი. პატარამ უნდა გაიგოს, რომ თქვენც გიყვართ გარესამყაროს კვლევა, რომ თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობთ. იცოდეთ, სწავლის სურვილი გადამდებია.