უზრუნველყოფილ ბავშვებსაც აქვთ პრობლემები
მაგრამ მაინც აქვთ პრობლემები. პრობლემები, უსიამოვნებები, კინკლაობა ბედნიერ და უზრუნველყოფილ ოჯახებშიც ხდება. ამისგან დაზღვეული არავინაა. თუმცა მსგავსი შემთხვევები ამგვარ ოჯახებში, როგორც წესი, კეთილად და მშვიდობიანად მთავრდება. რადგან ბავშვებიც და მშობლებიც აფასებენ და უფრთხილდებიან კარგ ურთიერთობებს, სულიერ კომფორტს და მეგობრულ ატმოსფეროს. ჩვეულებრივ, ისინი ერიდებიან ურთიერთშეურაცხყოფას, ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს და კომპრომისი მოძებნონ.
კონფლიქტების მოგვარების მიზნით ბევრი ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგს, ზოგჯერ ამგვარი ინიციატივა ბავშვებისგან მოდის, რომლებიც თვითონ ცდილობენ ოჯახში მშვიდობის დამყარებას. ფსიქოლოგების პრაქტიკაში უამრავი ასეთი შემთხვევაა.
სოფო
ეს პაციენტი, სოფიკო, შეძლებული და უზრუნველყოფილი ოჯახიდან არის. იგი 15 წლისაა. ბავშვობის წლების ნახევარზე მეტი გოგონამ სხვა ქვეყანაში გაატარა. სოფიკოს მამა მაღალკვალიფიციური სპეციალისტია და საფრანგეთში მიიწვიეს სამუშაოდ. მასთან ერთად გაემგზავრნენ მეუღლე და ვაჟი, ერთი წლის შემდეგ კი გაჩნდა სოფიკო, რომელსაც იქაურები სოფის ეძახდნენ. საფრანგეთში დადიოდა საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გოგონას, რომელიც თავისუფლად მეტყველებდა ორ ენაზე, მეტყველების დარღვევები დაეწყო. მშობლებმა ჩათვალეს, რომ ის უნებლიეთ ჯერ თავისთვის ფრანგულ სიტყვებს გაიაზრებდა, შემდეგ კი ქართულად მეტყველებდა და შეფერხებაც ამის გამო ხდებოდა. ფრანგულად საუბარი გოგონას არ უჭირდა. გადიოდა დრო, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა. ეს უბრალო შეფერხება კი არა, ჩამოყალიბებული ენაბლუობა იყო. სოფო სკოლაში ზეპირი მეტყველების ნაცვლად წერილობით შესრულებულ დავალებებს აბარებდა. გოგონამ თვითონ მოსთხოვა მშობლებს, ფსიქოლოგთან წაეყვანათ. მალე გაირკვა, უკვე 7 წლის განმავლობაში ასე საუბრობდა.
გოგონა დახმარებას ითხოვდა. მას სურდა შეეცვალა თავისი ცხოვრება, დაეძლია მტანჯველი პრობლემა, მისი ასეთი მონდომება უკვე პირველი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ.
ფსიქოლოგისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფომ უცხოეთში ძალიან მშვიდი და მხიარული ბავშვობა გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ოჯახს უამრავი საზრუნავი და პრობლემა შეექმნა. გარდა ამისა, მშობლებმა იჩქარეს მისი შეყვანა ძლიერ სკოლაში, რომელიც მათმა ვაჟმა ბრწყინვალედ დაამთავრა. გოგონას წარმატებებს ყოველთვის ძმისას ადარებდნენ. საფრანგეთში ენის დაუფლებასთან ერთად გოგონამ შესანიშნავად აითვისა იქაური გარემო, ხოლო ახალი, ქართული გარემოს უამრავი წვრილმანი მისთვის ბოლომდე მიუწვდომელი დარჩა, რამაც მას არასრულფასოვნების განცდა გაუჩინა.
ფსიქოლოგის დახმარებით სოფომ შეძლო შიშის გადალახვა მოზრდილი ადამიანისთვის დამახასიათებელი სიმტკიცით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემო ძნელად იღებს ხოლმე არასტანდარტულ ბავშვებს. სოფომ შეძლო მტკიცედ მოეთხოვა პედაგოგისთვის, არ გამოეხატა მისადმი სიბრალული. ის გრძნობდა, რომ ეს თანაგრძნობა მისთვის დამთრგუნველი იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გამოიჩინოს მოთმინება, ჰუმანური დამოკიდებულება ენაბლუობის მიმართ. ზედმეტი ყურადღების გამახვილება დაუშვებელია. მთავარი ნაბიჯი ამ შემთხვევაში ბავშვმა გადადგა. თუ როგორ წარიმართება მომავალში მისი ცხოვრება, დამოკიდებულია მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, მათ მოთმინებასა და ყურადღებაზე.
ირაკლი
ირაკლი 15 წლისაა. სკოლა-ლიცეუმში დადის, სადაც გაძლიერებულად ისწავლება ფიზიკა და მათემატიკა. ამ მეცნიერებების დაუფლება არც ისე იოლია - ზღვა მასალა ისწავლება, ყოველდღიური გამოკითხვები და რეგულარული დამოუკიდებელი სამუშაოებია, გაუთავებელი ტესტირებები. ირაკლის ყოველი დღე წუთებითაა გათვლილი. კვირაში ორჯერ მასთან ინგლისურის მასწავლებელი დადის. ირაკლის მშობლებს მიაჩნიათ, რომ ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული შესწავლის მიუხედავად, ინგლისური ენის გარეშე დღეს იოლად ვერ გახვალ. აუცილებელია კომპიუტერის შესწავლაც. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ სამკურნალო ფიზკულტურაზე სიარული აუცილებლად ჩათვალა ირაკლის დედამ, რადგან მისი აზრით, ბავშვი ბეჭებში მოხრილი და მოდუნებულია. ირაკლიმ სიარული დაიწყო კერძო კლინიკაში, სადაც მისი დედა მუშაობს.
ოჯახში მეგობრული გარემოა, მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან. ირაკლის მამა კომპიუტერული ფირმის პრეზიდენტია. ყოველ ზაფხულს ოჯახი საზღვარგარეთ მიემგზავრება დასასვენებლად. ალბათ ბევრი ჩვენგანი ოცნებობს ამგვარ ცხოვრებაზე, მაგრამ მოულოდნელად ამ ოჯახში ყველაფერი შეიცვალა. ირაკლიმ ხელი აიღო დავალებებისა და ტესტური სამუშაოების შესრულებაზე, მასაჟისტთან სიარულზე, კარს არ უღებდა ინგლისურის მასწავლებელს. ყოველ საღამოს უხმოდ იჯდა კომპიუტერთან და ხელს არ აკარებდა მას. კარგი ოჯახი, მზრუნველი მშობლები, შესანიშნავი პედაგოგები და უეცრად ასეთმა გონიერმა მეცხრეკლასელმა ყველაფერზე გული აიცრუა.
დაბნეულ მშობლებს თვითონ ირაკლიმ ურჩია, ფსიქოლოგთან მიეყვანათ. ფსიქოლოგმა გაარკვია, რომ ირაკლის მძიმე ტვირთად დააწვა მშობლების მოთხოვნები და მასზე დამყარებული დიდი იმედები. ასეთ პრობლემას დღეს ბევრი ოჯახი აწყდება. მშობლები შრომობენ, ოფლს ღვრიან, რათა შვილებს ბრწყინვალე განათლება მისცენ, დაუქირავონ რეპეტიტორები, უზრუნველყონ ისინი საუკეთესო საკვებითა და მოდური ტანსაცმლით. ბავშვებიც ხედავენ მშობლების შრომასა და ზრუნვას. პასუხისმგებლობასაც გრძნობენ. მათ უმადურობას ვერ დავაბრალებთ, ისინი ცილობენ, ღირსეულად დაუფასონ უფროსებს სულიერი თუ მატერიალური ამაგი. ბავშვებმა ისიც იციან, რომ ბევრი მათი თანატოლი მოკლებულია ყოველივე ამას. თანდათანობით მათ შიში იპყრობს, რომ ვერ გაამართლებენ მშობლების იმედებს.
ასეთ მოზარდს სულს უხუთავს შიში, რომელსაც თავიდან გაუცნობიერებელი ხასიათი აქვს. ეს შიში ორმხრივია: ჯერ ერთი, ის იცავს ადამიანს, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, არ აძლევს საშუალებას, რომ სისულელე ჩაიდინოს. ამასთან, შიშის განცდის მეორე შედეგია ადამიანის პარალიზება. ამის გამო მას არ შეუძლია იმოძრაოს, ირბინოს, თავი დაიცვას და სწორედ ამიტომ უარს ამბობს სწავლაზე, სპორტზე და ა.შ.
მშობლებისადმი ირაკლის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ბავშვს ნეგატიური გრძნობა გაუჩნდა მათ მიმართ. ფსიქოლოგმა მასთან ერთად განიხილა სიტუაცია, აუხსნა, თუ რის გამო და როგორ ჩნდება შიშის განცდა. ბიჭი მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს. მოხდა ემოციური განმუხტვა და ირაკლიმ უდიდესი შვება იგრძნო. ამ დროს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ირაკლის მშობლებმა ფსიქოლოგს თავიანთი მხარდაჭერა და თანამშრომლობა შესთავაზეს. ისინი მიხვდნენ, რომ ირაკლის გაუჭირდა მათ მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ტვირთის ზიდვა.
ამიტომ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით კი მოზარდებს, მშობლების მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. ნუ დავაჩქარებთ მათ, მივცეთ ფიქრის, გადაწყვეტილებების მიღებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება. დროდადრო უნდა დავინტერესდეთ მათი პრობლემებით, ვაგრძნობინოთ ყველაზე მთავარი - თანადგომა და ჩვენი სიყვარული.