10 ოქროს წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ოქროს წესი

რასაკვირველია, მათთან ერთად დიდ დახმარებას გვიწევს მიზანშეწონილი ქმედებების გამოცდილება, რომელსაც ინდივიდი ან სხვა ინდივიდებისგან ითვისებს, ან უფრო სარისკო გზით - საკუთარი მცდელობებისა და შეცდომების მეშვეობით იღებს. რასაკვირველია, ადამიანის პირმშოს ქცევა განისაზღვრება არა მარტო ბუნებით, არამედ ყოფითი გარემოთი, კულტურით, საზოგადოებით.

ცოდნა იმისა, როგორ მოვიქცეთ "ადამიანურად", ინფორმაციის ზღვაა. გავა ხანი და პატარა ბავშვი სწორედ ამ ზღვის ნაპირას აღმოჩნდება. როგორ აითვისებს ის ინფორმაციის ამ თვალუწვდენელ არეალს და როგორ დავეხმარებით ამაში ჩვენ? სპეციალისტები ამ კითხვაზე პასუხის ათ ვარიანტს, სხვაგვარად - ინფორმაციის ათვისების ათ მეთოდს გვთავაზობენ.

მეთოდი 1. მიბაძვა

მიბაძვა გენეტიკურად კოდირებული მექანიზმია. ის საშუალებას გვაძლევს, გადარჩენისთვის აუცილებელი ინფორმაცია მივიღოთ არა გენეტიკურად, არამედ ურთიერთობის პროცესში. ჩვენი პედაგოგიური ამოცანაა, შევთავაზოთ ბავშვს ქცევისა და ქმედებების ხარისხიანი მაგალითი, შევუქმნათ პირობები საკუთარი ქმედებებისთვის, დავეხმაროთ, ირგვლივ მყოფთა შეფასებები აქციოს თვითშეფასებად და გამოვიწვიოთ მასში ანალოგიურ ქმედებათა განმეორების სურვილი. რასაკვირველია, არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვი ჩვენი ქმედების მხოლოდ საუკეთესო მხარეებს მიბაძავს. მიბაძვის და, საზოგადოდ, ოჯახური აღზრდის როგორც აღმზრდელობითი მეთოდის სირთულე ის არის, რომ ბავშვი ითვისებს არა მხოლოდ საგანგებოდ ორგანიზებულ მაგალითს (მაგალითად, როგორც სკოლაში), არამედ იმას, რაც უფრო ხშირად ექცევა მისი მხედველობის ველში. გამოდის, რომ საჭიროა ზრუნვა, რათა განსაზღვრული მაგალითის მიბაძვა ბავშვისათვის გაცილებით სასარგებლო იყოს, ვიდრე ქცევის სხვა ვარიანტები.

უნდა ითქვას, რომ ყოველივე ზემოთქმული, პირველ რიგში, ეხება გამოცდილების არაკრიტიკული მიღების და უფროსთა აბსოლუტური ავტორიტეტის პერიოდს. გამოცდილების დაგროვებასა და ცნობიერების განვითარებასთან ერთად მიბაძვა უფრო არჩევითი ხდება - პატარა ხშირად აღნიშნავს: "დედიკოსავით", "მამიკოსავით"; ჩნდება მოტივაცია ("იმიტომ, რომ..."), ეყრდნობა ცნობიერებას ("მე ვიფიქრე, რომ..."), ყალიბდება შეფასებითი დამოკიდებულება ("დიდივით", "უფრო უკეთ, ვიდრე..."). ამიტომ, თუ ოჯახში ბავშვის აღსაზრდელად თავდაპირველად საკმარისია მაგალითი, მერე და მერე მნიშვნელოვანი ხდება მაგალითის ხასიათი და ხარისხი (ამიტომაც ამბობენ, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა). ამის კვალობაზე, ოჯახმა უარი უნდა თქვას ყოველივე იმაზე, რაც არ სურს აკეთოს მისმა შვილმა. ამ თვალსაზრისით ბავშვები მშობლების კარგი "აღმზრდელები" არიან.

მეთოდი 2. ქცევა

ქცევა საკმაოდ ფართო ცნებაა. მაგალითად, "პედაგოგიური ენციკლოპედია" მას განმარტავს როგორც რეაქციებსა და ქმედებებს, რომლებიც გამოხატავენ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ და რომელთა შედეგადაც "ადამიანი ეუფლება რეალობას, გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ცვლის მას". გასაგებია, რომ რეალობის შეცვლა უმაღლესი ადამიანის პრეროგატივაა. პატარა ბავშვის ქმედებებზე კი აუცილებელია დღესვე იფიქროთ.

ქმედება მაშინ არის შესაძლებელი, როცა რაღაც შესაფერისის უნარი გაქვს, უნარი კი ერთადერთი გზით გამომუშავდება - ვარჯიშით. ნებისმიერი ვარჯიშის არსი კი "განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბვის, ქმედებების და ქცევების გამეორება, მათი თანდათანობითი სრულყოფა და იდეალურ ვარიანტში ავტომატიზმამდე მიყვანაა". საკმარისი და წარმატებული გამეორებისას ვარჯიში უფრო და უფრო ადვილ და სასიამოვნო ქმედებად გადაიქცევა. ის აღარ მოითხოვს მნიშვნელოვან ფიზიკურ და ფსიქიკურ დაძაბვას. შედეგად ყალიბდება ეგრეთ წოდებული დინალური სტერეოტიპი - ქმედებათა ფსიქოლოგიურად ყველაზე ეკონომიური ტიპი. შემდგომ ამ უკვე ათვისებული და ამის გამო ადვილი ქმედებების ბაზაზე შეიძლება უფრო რთული უნარები ჩამოვაყალიბოთ.

მეთოდი 3. მოთხოვნა

ბავშვის ქცევის შინაგანი სტიმული და მისი მართვის მეთოდი ჩვენი მოთხოვნებია. მოთხოვნათა წაყენების სიმარტივე ამ მეთოდს ოჯახური აღზრდის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად აქცევს. ჩვენ თითქმის განუწყვეტლივ და თითქოსდა საკუთარი უფლებებით ტკბობის შეგრძნებით მოვითხოვთ ბავშვისგან რაღაცას, ვაძლევთ განკარგულებებს, ვმოძღვრავთ, ვაიძულებთ... თუმცა ჩვენს ზემოქმედებათა აღმზრდელობითი ეფექტურობა პირობათა მთელ წყებაზეა დამოკიდებული.

პირველ რიგში, მოთხოვნები ბავშვისთვის შინაარსობრივად უნდა იყოს გასაგები. "როცა აბრახუნებ, ხმაურია!" ბავშვისთვის უფრო იოლად გასაგებია, ვიდრე "კარგად მოიქეცი!"

მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი და არ უნდა იცვლებოდეს მშობლების განწყობისა თუ სხვა გარემოებების მიხედვით. ამასთან ერთად, მოთხოვნის შესრულება ბავშვისთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს. მაგალითად, მოთხოვნა "იჯექი წყნარად!" ბავშვისათვის შეუსრულებელია, რადგან მისთვის ჯდომა, მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით, არ არის ბუნებრივი; ის გაცილებით მეტ დაძაბვას მოითხოვს ბავშვისგან, ვიდრე მოძრაობა.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოთხოვნათა თანმხლებ ტონს. ზოგჯერ ბავშვს ასწავლიან რეაგირებას არა მოთხოვნის შინაარსზე, არამედ ემოციებსა და ბგერის ძალაზე. შედეგად წყნარად ნათქვამ ფრაზას "წამოდი შინ!" ბავშვი რეალურ მოთხოვნად არ აღიქვამს და მხოლოდ მრისხანე ყვირილი "რამდენჯერ უნდა გითხრა, წამოდი ახლავე, თორემ..." აიძულებს, თამაში მიატოვის და სადარბაზოსკენ გაემართოს.

ცალკე უნდა შევეხოთ იმ ემოციებს, რომლებსაც მოთხოვნა ბავშვის არსებაში იწვევს. ამ თვალსაზრისით მოთხოვნები შეიძლება 3 ჯგუფად დავყოთ:

1. არასასიამოვნო ემოციათა გამომწვევი მოთხოვნები: მუქარა, ყვირილი, თმის მოწიწკნა, საყვედური, დაცინვა, უნდობლობის გამოხატვა, გაკიცხვა და ა. შ. სამწუხაროდ, ოჯახური აღზრდისას ეს მოთხოვნები ლიდერობენ. იმიტომ, რომ ეს მოთხოვნები მარტივია და, ამასთან ერთად, მშობლებისთვის "განმუხტვის" შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. მშობელს ემოციებთან ერთად გარეთ გამოაქვს თავისი შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ბავშვის ქცევით ან რაიმე სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ასეთ მოთხოვნათა მომენტალური შედეგი თვალსაჩინოა, თუმცა ხშირი გამეორებისას ისინი უეფექტონი ხდებიან. ასეთ დროს მშობელი იძულებული ხდება, იზრუნოს "ეფექტის გაძლიერებაზე" - გააძლიეროს მუქარა, უფრო მეტხანს იჩხუბოს, ხმამაღლა იყვიროს და ფიზიკური ძალაც კი გამოიყენოს. ასეთ მოთხოვნათა წაყენებისას მთავარია ბავშვმა აღიქვას მათი შინაარსი და არა თანმხლები ნეგატივი, რომელიც, როგორც წესი, ბავშვის სურვილს თრგუნავს.

2. მოთხოვნები, რომლებიც არ იწვევს არც უარყოფით და არც დადებით ემოციებს. მათ რიცხვს ეკუთვნის განკარგულება, დავალება, საქმიანი წყნარი შეხსენება, კარნახი. როცა ამ მოთხოვნებს თან ახლავს მშობლის ემოცია, რასაკვირველია, ის ბავშვშიც შესაბამის ემოციას გამოიწვევს.

3. მოთხოვნები, მიმართული ბავშვის ნებისყოფის, სურვილების მობილიზაციისკენ, აქტიურობის, ქცევის, თვითშეფასების, ქმედებათა მოტივაციის ამაღლებისკენ. ასეთ მოთხოვნებს შეიძლება მივაკუთვნოთ თხოვნა, მოთხოვნა, რომელიც ემყარება ნდობას ("შენ გააკეთე, უკეთ გამოგივა"), აღტაცება, წარმატების რწმენა, მოთხოვნა თამაშის ფორმით. ასეთი მოთხოვნების უპირატესი გამოყენება უამრავ პოზიტიურ შედეგს გვაძლევს, სასიამოვნო პროცესად აქცევს ბავშვისა და მშობლების ურთიერთობას, პატარას ქცევას დამოუკიდებლობასა და გონიერებას მატებს.

თუ მშობლები მუდმივ კონტროლს გაუწევენ საკუთარ თავს, მათ არ გაუჭირდებათ ისწავლონ მხოლოდ მეორე და მესამე ტიპის მოთხოვნების გამოყენება. მოთხოვნას შეიძლება მივცეთ წერილობითი ფორმა, წესის, სამახსოვროს, ქცევის პრინციპის სახე. განსაკუთრებით სასურველია, მოზრდილმა ბავშვებმა ასეთი ტიპის მოთხოვნათა ფორმირებაში თავად მიიღონ მონაწილეობა.


მეთოდი 4. აღმზრდელობითი სიტუაციების ფორმირება

აღმზრდელობითი სიტუაციების ფორმირებისა და გამოყენებისას, ჩვენებისას, სწავლებისას უფროსები ცდილობენ, ბავშვებს თავიანთი გამოცდილება გადასცენ. სტიმულირებისას ან აკრძალვისას ისინი ბავშვებს მიბაძვას აიძულებენ.

აღზრდის არსი მშობელთა გამოცდილების ათვისებაა. ეს კი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ბავშვის შინაგან, საკუთარ განწყობაზე. იდეალური ვარიანტია ბავშვის აბსოლუტური ნდობა გარეშე აღმზრდელობითი ქმედებებისა და აღმზრდელების მიმართ, შეთავაზებული გამოცდილებით (ინფორმაციით) პირადი დაინტერესების მაღალი ხარისხი, საკუთარი გამოცდილების მიღება აღმზრდელების თვალსაჩინო ჩარევის გარეშე. ბავშვისთვის საკუთარი გამოცდილება ყველაზე მეტად სარწმუნოა, მას შესანიშნავად ითვისებს, თუმცა ასეთ გამოცდილებას ადამიანი ცდისა და შეცდომების სერიის შედეგად იღებს, რომელიც ხშირად საკმაოდ ძვირად უჯდება. აღმზრდელს კი შეუძლია, საგანგებოდ შექმნას სიტუაციები, რომლებიც ბავშვს საკუთარი გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება.

აღზრდისთვის საჭირო სიტუაციების ტიპური სახეა სპეციალურად ორგანიზებული სიტუაციები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ბავშვის ქცევის ან მისი პიროვნული თვისების კორექცია. მაგალითად, სკოლაში წასვლის წინ ადგომასთან დაკავშირებული სკანდალი მეხუთეკლასელს შეიძლება თავიდან ავაცილოთ, თუ გაღვიძების ფსიქოლოგიურ მექანიზმს გარე ფაქტორებიდან (მშობლები) გადავიტანთ შინაგანზე (დაგვიანების შიში, პასუხისმგებლობა). ამისთვის მშობლები სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე უნდა წავიდნენ სამსახურში. ასე მოგვარდება არა მარტო დილით ადრე ადგომის, არამედ უფრო მნიშვნელოვანი - თვითკონტროლის, თვითმართვის პრობლემა.

სპეციალური სიტუაციებით შესაძლებელია შიშის, ზედმეტად მაღალი თუ დაბალი თვითშეფასების, სხვა პიროვნული თვისებების კორექცია. ამ დროს მნიშვნელოვანია, ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ ის ბავშვისთვის სავსებით ბუნებრივი იყოს; აუცილებელია, არ გამოგვრჩეს შექმნილი სიტუაცია და დროულად ვაქციოთ ბავშვი მის სრულფასოვან მონაწილედ.

ნებისმიერი აღმზრდელობითი სიტუაციის ფსიქოლოგიური მექანიზმი გულისხმობს დაძაბულობის პირველად დონეზე მოქმედებას ან შეცვლილ სიტუაციაში ბავშვის მთელი ძალების გამოყენებას. ამ დროს მოზრდილებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ ბავშვის დამოუკიდებელი ქმედებების სირთულის დონე და შესაძლებლობები, რათა პატარამ თუნდაც განსაზღვრული დონის წარმატებას მიაღწიოს.

აღზრდის ამ მეთოდის გამოყენებისას რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ შედეგი, როგორც წესი, ამართლებს რისკს.

მეთოდი 5. დავალებები და მოვალეობები

აღმზრდელობითი დავალებები და მოვალეობები, შეიძლება ითქვას, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ეპოქის შენაძენია. ათასწლეულების განმავლობაში ერთობლივი შრომა, რაც უპირობოდ გულისხმობდა ჩვენი გაგებით პატარა ბავშვის მონაწილეობას, გაჭირვება და ცხოვრებისეული სირთულეები მისი პიროვნების ჩამოყალიბების მძლავრ და საიმედო საფუძველს ქმნიდა.

ცივილიზაცია ადამიანის ცხოვრების პირობებს უფრო სწრაფად ცვლის, ვიდრე ადამიანის ორგანიზმს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და მასში მიმდინარე პროცესებს. ბავშვის ოჯახურ პრობლემებსა და შრომაში ჩართვის სენსიტიურ (მგრძნობიარე) პერიოდად დღესაც სიცოცხლის ის ეტაპი მიიჩნევა, როცა ბავშვი ჯიუტად იმეორებს: "მე თვითონ!" სწორად შერჩეული დავალებებით შეიძლება ხაზი გავუსვათ ოჯახში ბავშვის ახალ, უფრო მაღალ სტატუსს, მისი თვითდამკვიდრების შესაძლებლობას, საკუთარი შესაძლებლობების ახალი, უფრო მაღალი დონის შეგრძნებას.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შეცდომა იქნებოდა, ბავშვის მოვალეობები მხოლოდ საკუთარი თავის მომსახურებით შემოგვეფარგლა. ყველაზე დიდი აღმზრდელობითი დატვირთვაა სხვებზე ზრუნვა. ის ავითარებს სხვა ადამიანების მოთხოვნებისა და მდგომარეობის დანახვისა და შეგრძნების უნარს (ორიენტაცია), თანაგანცდის უნარს ანუ ემპათიას, სხვა ადამიანებზე ზრუნვით კმაყოფილების განცდის უნარს ანუ ალტრუიზმს, პრობლემების დანახვისა და მითითების გარეშე მათ გადაჭრაზე ზრუნვის შესაძლებლობას (აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია).

მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ მოვალეობები უშუალოდ უკავშირდება უფლებებს. მაგალითად, როცა ბავშვი სათამაშოებს დაალაგებს, შეუძლია სხვებს მოსთხოვოს, ისინი არ აურიონ. გოგონას, რომელიც უმცროს და-ძმებზე ზრუნავს, უფლება აქვს, თავისი აზრი გამოთქვას ოჯახური პრობლემების შესახებ.

დავალება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, პიროვნებისადმი ნდობის გამოხატულება უნდა იყოს.

მეთოდი 6. საქმე

ბავშვის საქმიანობა არის "საკუთარი მოთხოვნების საკუთარი შესაძლებლობებით დაკმაყოფილების" მეთოდი. ის შეიძლება იყოს იძულებითიც და სრულიადაც არ ემთხვეოდეს პიროვნების მოთხოვნილებებსა და სურვილებს. ნებისმიერ შემთხვევაში საქმიანობა გავლენას ახდენს პიროვნებაზე, ავითარებს ან თრგუნავს მას. ამავე დროს გავლენის ხასიათი ამ შემთხვევაშიც პედაგოგიურ მიდგომაზეა დამოკიდებული.

პედაგოგური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი პოსტულატის თანახმად, რაც უფრო გონივრულადაა ორგანიზებული მოღვაწეობა და ურთიერთობა მოღვაწეობისას, მით უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ველოდეთ მის დადებით ზეგავლენას პიროვნებაზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ უდავოდ ბრძნულ პოსტულატში არის საკმაოდ სუსტი რგოლი - გონივრული პოზიცია. "ბავშვი სუფთა დაფაა, რომელზეც ყველაფერი შეიძლება დაიწეროს", - ეს პედაგოგებმა კარგად იციან. "ბავშვი ბუნების სრულყოფილი ქმნილებაა; უფრთხილდით ბუნებისთვის ხელის შეშლას!" - ღაღადებს მეორე, არანაკლებ ცნობილი პოსტულატი. "ბავშვში შეიძლება მხოლოდ ის განავითარო, რაც მის ბუნებაში ძევს", - გვიმტკიცებს მესამე. გარდა ამისა, არსებობს ათობით არანაკლებ გონივრული, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია, თუმცა თითოეული მათგანი მართლაც სასარგებლო იყო სხვადასხვა ისტორიული სიტუაციის შესაბამისი პედაგოგიური აზროვნების დონისთვის.

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?

სასურველია ყურადღების კონცენტრირება პოსტულატის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება მოღვაწეობას როგორც განვითარების აუცილებელ პირობას. იქ, სადაც არსებობს დაძაბული და საინტერესო მოღვაწეობა, თვითგადალახვა, სხვა, უფრო მაღალ დონეზე ასვლა, - პიროვნებაც ვითარდება.

თუ სიტუაცია საპირისპიროა, ყვავის მშობლის ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვს არ ხვდება არავითარი დაბრკოლება და სირთულე, - პიროვნებაც ვერ ყალიბდება. იძულებითი საქმიანობაც კი, რომელსაც ბავშვი ეწინააღმდეგება, ხშირად განაპირობებს პოტენციურად აუცილებელი თვისებების ფორმირებას. არასასიამოვნო დავალებების შესრულების გამოცდილება აუცილებელი აღმოჩნდება ყოველი ადამიანის ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე.

მოღვაწეობას შეუძლია დააკმაყოფილოს სრულიად განსხვავებული დონის ინტერესები - სხვა ადამიანებისთვის ან იდეისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანით დაწყებული, დროის სტრუქტურირებით დამთავრებული. დროის სტრუქტურირების მაგალითებია მგზავრობისას ბანქოს თამაში, ყველა ტელეგადაცემის ყურება, ქუჩაში დგომა თანატოლებთან ერთად. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხშირად ერთვება ის საქმიანობაში სიტუაციის მიხედვით და არა საკუთარი არჩევანით და მით უფრო პრიმიტიულია ამ არჩევანის მოტივები. ჩვენი, უფროსების, ამოცანაა, შევთავაზოთ ბავშვს ქმედებების არჩევის სიტუაცია, ვიზრუნოთ მის შინაარსიანობაზე, ჩამოვაყალიბოთ ამა თუ იმ საქმიანობაში ჩართვის საზოგადოებრივად ფასეული მოტივები, ირგვლივ მყოფ ადამიანთა შემფასებელი დამოკიდებულება.

შეიძლება (ზოგჯერ საჭიროცაა!) ბავშვს ვაიძულოთ აკეთოს ის, რაც ჩვენ გვჭირდება, როგორც გვჭირდება და როცა გვჭირდება, მაგრამ უფრო გონივრული იქნება, მას შევთავაზოთ ორი-სამი საქმიანობა და მივცეთ არჩევანის საშუალება, შესრულების დროისა და ხერხების მოძიების უფლება. ამავე დროს ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რა სიამოვნება შეიძლება მივიღოთ ასეთი საქმიანობისგან. ხატოვნად თუ ვიტყვით, ბავშვის ნებისმიერი საქმიანობა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მივიღოთ "ტომ სოიერის ეფექტი" - უეცარი და ამაღლებული წარმოდგენა იმაზე, რაც განდეს. ასე ხდება საქმიანობა გააზრებული და ფასეული.

მეთოდი 7. საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა

საქმიანობის განსაკუთრებულ სახეს, ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივად სასარგებლოს, რომელიც სცილდება ოჯახურ საჭიროებას, ბავშვი სხვა ურთიერთობათა სამყაროში შეჰყავს. ეს არის ზრუნვა ყოველივე იმაზე, რითაც ვსარგებლობთ ერთობლივად – საბავშვო მოედანზე, სკოლაზე. ეს არის მონაწილეობა ერთობლივ ზრუნვაში მოხუცებზე, ავადმყოფებზე, ცხოველებზე, ბუნებაზე, საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციაში.

საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა ახალ შესაძლებლობებს იძლევა პიროვნების განვითარებისთვის, შეაქვს მასში ახალი მოტივი, როლი, აფართოებს გამოცდილებას ანუ დამატებით უწყობს ხელს პიროვნების სოციალიზაციას. საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ელემენტები სკოლამდელი ასაკის ბავშვმაც უნდა აითვისოს, დაწყებითი კლასების მოსწავლისთვის მას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს სხვა სახის აქტიურობათა შორის, ხოლო მოზარდისთვის განვითარების წამყვანი ფაქტორი იყოს.

როგორია რეჟიმის, თამაშის და გრძნობის როლი პიროვნების ფორმირებაში? ამ საკითხების შესახებ მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)