მოზარდს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოზარდს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება

12-13 წლიდან 17-18 წლამდე ასაკს მომწიფების ხანას ანუ პუბერტულ პერიოდს უწოდებენ. ეს არის ადამიანის ცხოვრების ის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება.

მკვეთრად გამოხატული ფიზიკური განვითარების პარალელურად ადამიანი დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ პიროვნებად ყალიბდება, იკვეთება მისი სუბიექტური შეხედულებები, ინტელექტუალური შესაძლებლობანი, პრინციპები და თვისებები. მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, მისი ინტენსიური ფიზიკური თუ გონებრივი განვითარება ამ ასაკში ჰორმონთა გაძლიერებული სეკრეციით (გამოყოფით) არის განპირობებული. ამ პერიოდში უხვად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი ინსულინი, ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონები.

პუბერტულ პერიოდში მოზარდებს განსაკუთრებული ჰიგიენა, კვებისა და დასვენების საგანგებო რეჟიმი სჭირდებათ. რაც მთავარია, მათ განსაკუთრებით სათუთად უნდა მოვეპყროთ, მათდამი დამოკიდებულება რაც შეიძლება ფრთხილი, თბილი და თანაგრძნობით განმსჭვალული უნდა იყოს.

მაინც როგორ მივუდგეთ მოზარდს?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სქესობრივ მომწიფებასთან ერთად მწიფდება და გარდატეხას განიცდის მათი ფსიქიკაც, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნული მე. აქედან გამომდინარე, მათი საქციელი და შეხედულებანი, რა მიუღებელიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, მკაცრად არ უნდა გავაკრიტიკოთ.

"თავისუფლება მინდა!"

როგორც წესი, ეს მოზარდთა მთავარი სატკივარია. მშობლებსა და სხვა ახლობლებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ მოზარდი ბავშვი არ არის, - დამოუკიდებელი აზროვნებისა და შეხედულებების მქონე სუბიექტია, ყურადღებას არ აქცევენ მათ აზრს და მათგან კვლავ ბავშვურ მორჩილებას მოითხოვენ იმ საკითხებშიც კი, რომლებიც მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად, სწავლა, შრომა, მუშაობა, პროფესიისა თუ სპორტის ან ხელოვნების რომელიმე სფეროს შერჩევა). როცა მოზარდი განუწყვეტლივ წინააღმდეგობას აწყდება, საშუალება არ აქვს, რაიმე დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როცა მისგან მუდივად მორჩილებას მოითხოვენ, ეს მის სულში კონფლიქტსა და სტრესს იწვევს, იძაბება და განხეთქილებამდე მიდის ურთიერთობები.

თავისუფლების წყურვილი იმდენად მძაფრდება, რომ მოზარდებს შინიდან გაქცევის სურვილიც კი უჩნდებათ.

გაუთავებელი შენიშვნები

მოზარდს ეცვლება გემოვნება, შეხედულებანი, აზროვნება, ზოგჯერ თავადაც ვერ გაურკვევია, რა მოსწონს, რა ურჩევნია; ისეც ხდება, რომ ჩაცმულობითა და მანერებით უარყოფით პერსონაჟებს ბაძავს. ამის გამო ნუ დასცინებთ, ნუ გააკრიტიკებთ, ირონიულად ნუ უგულებელყოფთ. მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ, მაინცდამაინც ისე ჩაიცვას და მოიქცეს, თქვენ რომ მოგწონთ და გსიამოვნებთ. უფროსების კატეგორიული ტონი და მკაცრი მოთხოვნები მხოლოდ უკურეაქციასა და პროტესტს გამოიწვევს.

გახსოვდეთ: ალერსიანი, თბილი და კომპრომისული დამოკიდებულებით, ურთიერთგაგებით მათ უფრო ადვილად მიიმხრობთ.

პუბერტატულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს კვებისა და დასვენების რეჟიმს. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ეს კომპონენტები აუცილებელია მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებისთვის, იმუნური სისტემის სრულყოფისა და განმტკიცებისთვის.

ზოგჯერ ბავშვობიდან გამოყოლილი რაიმე დაავადება ამ ასაკში მწვავდება. ასეთ მოზარდებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

ამ ასაკის გოგონები გადამეტებული ყურადღებით ეპყრობიან საკუთარ გარეგნობას, ზედმეტად კრიტიკულები ხდებიან თავიანთი თავისადმი, ეჩვენებათ, რომ სულაც არ არიან მომხიბვლელები, ცდილობენ, დაიკლონ წონა. ამიტომ მათზე გამორჩეული კონტროლია საჭირო, რათა ყველაზე რთულ პერიოდში აუცილებელი საკვები ნივთიერებები არ დააკლდეთ და ზიანი არ მიაყენონ ორგანიზმს. არაფრით არ შეიძლება გადაღლა, გადაძაბვა. ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა რაციონალურად უნდა იყოს შერწყმული დასვენებასა და განტვირთვასთან.

ღამით 8-9 საათი მაინც უნდა ეძინოთ, დაუშვებელია ამ ასაკში გვიანობამდე კომპიუტერთან ჯდომა. მოზარდმა აუცილებლად უნდა მისდიოს სპორტს.

კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე ხელოვნება - სიმღერა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ცეკვა... ყოველივე ეს შესანიშნავი განტვირთვაც არის.

კვების არასწორი რეჟიმი, ცხოვრების უწესრიგო რიტმი, მუდმივი კონფლიქტი და სტრესი მოზარდებში უამრავ ფსიქოსომატურ დაავადებას იწვევს, ამ უკანასკნელთა პროფილაქტიკის სადავეები კი თქვენს ხელთაა. ასე რომ, ეცადეთ გაუგოთ, თანაუგრძნოთ და სწორად მიუდგეთ მოზარდს.