რაინდები და მზეთუნახავები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაინდები და მზეთუნახავები

ისტორია I. სჭირდება თუ არა ინტელიგენტს კუნთები?

როცა გიგი დაიბადა, ბებიამ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო პატარას გაკაჟება. რასაკვირველია, ეს არ არის ურიგო რამ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბებიამ სულაც არ იცოდა, როგორია გაკაჟების წესები და ამ საკითხზე საკუთარი უსაფუძვლო შეხედულებები ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ პატარა ეტლით უნდა გყავდეს გარეთ რაც შეიძლება დიდი ხნით და ის თავისთავად გაკაჟდება. ეს პრინციპი ბებიამ უკვე გაატარა უფროსი შვილიშვილის - მარის აღზრდისას და ყველაფერი კარგად დამთავრდა. მარი მართლაც ძალიან იშვიათად ხდებოდა ავად და ჯანმრთელი გოგონა იყო. თუმცა ბებიამ ვერ გაითვალისწინა, რომ ახალშობილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ბიჭი მალე გახდა ავად, მას ფილტვების ანთება დაემართა, სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში კი 6-ჯერ იავადმყოფა! საბოლოოდ ფიზიკურად სუსტ, ძალიან მაღალ და გამხდარ არსებად ჩამოყალიბდა. არც ბაღის, არც სკოლის ასაკში სპორტით არ იყო დაკავებული. გიგი ჭკვიანი, ნიჭიერი ბიჭია, მასთან საუბარი სასიამოვნო და საინტერესოა, თუმცა ზედმეტად მორცხვი და უკონტაქტოა. გოგონების ეშინია, გამარჯობის თქმაც კი არ უნდა. ახლა გიგი 15 წლისაა, რასაკვირველია, გოგონებისადმი ინტერესი აქვს, იმაზე მეტიც კი, ვიდრე მის თანატოლებს. უფრო მეტად იმიტომ, რომ საკუთარი მორიდებულობისა და მორცხვობის გამო გოგონები მისთვის მიუწვდომელნი არიან. ბიჭს ხომ იმ გოგონასთან, რომელიც მოსწონს, საუბრის წამოწყებაც კი არ შეუძლია. გიგი ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა ეს თამაში ძალიან უყვარს - ტელევიზორში ყველა თამაშს უყურებს, ზეპირად იცის გუნდების შემადგენლობა, მათი თამაშების ანგარიშები... ის ნამდვილი ფანატიკოსია, მაგრამ თავად ბურთს ფეხსაც კი ვერ დაარტყამს. გიგი არასოდეს ჩხუბობს და ჭიდაობს. მან ეს არ იცის, ეშინია. ის კეთილი ბიჭია, ეზოში ყველას უყვარს, მაგრამ ბიჭები არასოდეს სთავაზობენ სადმე წასვლას. ამიტომაც იტანჯება მარტოობისგან. სწავლაში გიგი წარმატებულია, თუმცა სკოლაში სიამოვნებით არ დადის. მისი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთის კალენდრის შედგენა და ინდიელებზე ფილმების ყურებაა. ერთი სიტყვით, ბავშვობამ ბიჭს ბევრი რამ ვერ მისცა, ის არ იყო ბედნიერი. ახლაც, 15 წლის ასაკში, მისთვის ცხოვრება სულაც არ არის იოლი. რასაკვირველია, მშობლებს უყვართ ბიჭი და ზრუნავენ მასზე, მაგრამ მათ აზრადაც არ მოსვლიათ გიგის ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა. ისინი თვლიან, რომ ეს სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მოკრივე და მტვირთავი ხომ არ იქნება? იურისტს ან ეკონომისტს კი რაში სჭირდება ძლიერი კუნთები?!

ისტორია II. სილამაზე მართლაც უდიდესი ძალაა

სალომე 15 წლისაა. ის გიგის თანაკლასელია. 7 წლის ასაკამდე სალომე სავსებით ნორმალური და ბედნიერი ბავშვი იყო. ლამაზი, მომხიბლავი გოგონაა. დიდი ცისფერი თვალები, ქერა თმა და სპილოსძვლისფერი სახე აქვს. 7 წლის ასაკამდე სალომე ცოცხალი, ცელქი გოგონა იყო, მაგრამ ამ ასაკში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ ბავშვი სულ შეფუთნული დადიოდა, ძალიან გასუქდა. მალე გოგონას ქცევაც შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა. ძალიან იოლია მისი განაწყენება, მუდმივად ეკამათება თანაკლასელებს, უახლოეს მეგობრებს და საყვარელ მამასაც კი. გოგონა თავისუფალ დროს შინ ატარებს, ხშირად ტირის. თითქოს სალომე სულ სხვა ადამიანია. სინამდვილეში რა შეიცვალა მის ცხოვრებაში? დაავადება დამთავრდა. მართალია, დარჩა სიმსუქნე, მაგრამ გოგონას არაფერი სტკივა, ის ჩვეულებრივ დადის სკოლაში. თუმცა თუ ადრე საკუთარი თავის რწმენა ჰონდა და ოდნავ თავხედიც კი იყო, ახლა დაკომპლექსებულ, თითქმის ნევრასთენიკ პიროვნებად გადაიქცა. სალომე აღარ დადის მეგობრების წვეულებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან კარგად ცეკვავს. გოგონამ დაივიწყა მრავალი საყვარელი საქმიანობა. ამის სანაცვლოდ მხოლოდ თავის ავადმყოფობაზე საუბრობს, დილაობით დარბის და ნორმალური აღნაგობის დაბრუნებაზე ოცნებობს.

* * *

პრობლემის გაგება მისი გადაწყვეტის საწინდარია. გიგი და სალომე იმის მაგალითები არიან, როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ფიზიკურმა მდგომარეობამ სულიერ სიმშვიდესა და ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. დავაზუსტებთ: ამ ფაქტორებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა, თუმცა შესაძლებელია ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდეს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, უფროსებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, გიგის და სალომეს მშობლები პრობლემას ვერ ხედავენ და არც დახმარებას ცდილობენ. გიგი მაშინ გახდა ავად, როცა რამდენიმე თვის იყო. მას თავი ავადმყოფი ახსოვს. მშობლებს ნამდვილად შეეძლოთ დახმარებოდნენ ბიჭს, რომ ის ძლიერი ადამიანი გამხდარიყო. მათ შვილს ხომ არავითარი ორგანული დარღვევა არ ჰქონდა, ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. თუ ბავშვს თანდათანობით მივაჩვევთ ფიზიკურ ვარჯიშებს, სპორტს და გაკაჟებას (ოღონდ არსებული რეკომენდაციების საფუძველზე!), ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. აშკარაა, რომ გიგის ძალიან უნდა, ნამდვილი, ძლიერი მამაკაცი გახდეს. სწორედ აქედან მოდის მისი ინტერესი ფეხბურთისა და სიმამაცეზე შექმნილი ფილმების მიმართ. ბიჭმა არ იცის, როგორ აისრულოს თავისი სურვილი, მას არ აქვს საშუალება რაღაც დამოუკიდებლად შეცვალოს ცხოვრებაში. რასაკვირველია, მშობლებს შეეძლოთ დახმარება, მაგრამ მათ პრობლემა ვერც შეამჩნიეს. სალომეს ახსოვს, რომ პრინცესასავით ლამაზი იყო. ის მისდაუნებურად ადარებს თავის ამჟამინდელ გარეგნობას ძველს. ეს შედარება კი მის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას იწვევს. გოგონას მიაჩნია (უფრო სწორად, გრძნობს), რომ ის ადრე ყველას სწორედ მომხიბლავი გარეგნობის გამო უყვარდა. და საერთოდ, კარგი გარეგნობა არის ის, რის გამოც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, გარეგნობა არის წარმატების პირობა. სწორედ ამიტომ იტანჯება სალომე. რასაკვირველია, მშობლებს შეუძლიათ შეცვალონ გოგონას მცდარი აზრი, ასწავლონ, რომ არსებობს თვითდამკვიდრების სხვა გზებიც, მაგალითად, სიკეთე, მზრუნველობა...


შეიძლება მშობლები დაეხმარონ გოგონას, რომ გაუჩნდეს ახალი გატაცება, აგრძნობინონ, რომ ადამიანები მხოლოდ სილამაზეს არ სცემენ პატივს. მათ ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ ვერ გააცნობიერეს, რაოდენ მტანჯველია ეს პრობლემა მათი შვილისთვის. მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფიზიკური ძლიერება თანამედროვე ბიჭებისათვის, ხოლო მშვენიერება - გოგონებისთვის? ჩვენ ხომ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, პირველყოფილი ხანა კარგა ხანია გავიდა! ალბათ ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ბავშვების შედარებას პირველყოფილ ადამიანებთან გარკვეული საფუძველი აქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ეს არის განვითარების აუცილებელი, გარდაუვალი მომენტი. რასაკვირველია, ტერმინში "პირველყოფილი ადამიანი" ჩვენ სულაც არ ვდებთ დამამცირებელ მნიშვნელობას. პირველყოფილი მხოლოდ ყოფაზე მიუთითებს, მის პრიმიტიულობაზე. სხვა მხრივ მრავალი ასპექტით პირველყოფილი ადამიანები შესაძლოა ჩვენზე უკეთესებიც კი იყვნენ. მაგალითად, პირველყოფილ ადამიანებში ლიდერი პირველი ეკვეთებოდა მტერს, ცხოველს, პირველი მიდიოდა სანადიროდ, თანამედროვე ლიდერებს კი ამას არავინ სთხოვს. პირველყოფილი ადამიანები აფასებდნენ ნამდვილ დამსახურებასა და ადამიანურ თვისებებს - მამაცობას, გულადობას, ძლიერებას. ამ ფასეულობების პატივისცემა ახასიათებთ ბავშვებსაც! ამავე დროს, ფიზიკური ძალა ძალიან დიდ როლს ასრულებს როგორც პირველყოფილ კულტურაში, ასევე ბავშვთა სუბკულტურაში. სუსტებს პატივს არ სცემენ, ხშირად დასცინიან კიდეც. ჯერჯერობით კი ოჯახთა უმრავლესობაში აღზრდა ბავშვთა ამ ფსიქოლოგიურ თავისებურებას სულაც არ ანიველირებს. ბავშვისთვის უკვე 4-5 წლის ასაკიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლების აზრს. პატარა ისწრაფვის თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისკენ. ფიზიკური სისუსტე კი, განსაკუთრებით ვაჟების შემთხვევაში, ამ ყოველივეს ეწინააღმდეგება. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ პატარები კონფლიქტების გადაჭრას ხშირად მუშტების მეშვეობით ცდილობენ. ამ შემთხვევაში კი საკუთარი თავის დაცვის უნარი მართლაც მნიშვნელოვანია. თუ ბიჭს ეს არ გამოსდის, ის თავს დაჩაგრულად გრძნობს. ეს კი ძალიან საშიშია! არავინ ამბობს, რომ ფიზიკური სისუსტე უშუალო ზეგავლენას ახდენს პიროვნულ განვითარებაზე. პირდაპირი კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის არ არსებობს, თუმცა... ბიჭის ფიზიკური სისუსტე შეიძლება თანატოლთა აგდებული დამოკიდებულების მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი თავს დაჩაგრულად, არასრულფასოვნად გრძნობს. ეს კი ძალიან საშიშია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ბიჭი ძლიერი და სპორტული იყოს. რატომ არის გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარეგნობა? ეს კვლავ მამაკაცურ ან ქალურ სრულფასოვნებაზე განსაკუთრებულ წარმოდგენებთანაა დაკავშირებული. ეს წარმოდგენები აქვთ პრიმიტიულ ადამიანებს და ბავშვებს. ბავშვების აზრით, ულამაზო გოგონა არ არის სავსებით ნორმალური. რატომ აღმოცენდება მსგავსი წარმოდგენა? იმიტომ, რომ სოციალური გარემო სხვადასხვაგვარად აფასებს ლამაზ და ნაკლებად ლამაზ გოგონებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ხშირად მაინც ასეა. სწორედ ლამაზი გოგონები მოსწონთ ბიჭებს და ეს საბავშვო ბაღშიც კი იჩენს თავს. სწორედ ლამაზი გოგონები ამყარებენ უფრო ადვილად ურთიერთობებს. მათ უფრო მეტს პატიობენ. ისინი გრძნობენ საზოგადოების კეთილგანწყობას და საკუთარი ძალებისაც სჯერათ. რასაკვირველია, სურათი შეიცვლება, თუ შეიცვლება დამოკიდებულება გოგონების მიმართ და წინა პლანზე წამოვა სულიერი ღირებულებები. თუმცა ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენგანის ქვეცნობიერი თვისება, აღფრთოვანდეს ქალის სილამაზით, დაკავშირებულია უძლიერეს ინსტინქტებთან. რაიმეს შეცვლა შეუძლებელია, ეს ბუნებრივია. ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში ქალის მომხიბლაობა ძალიან დაფასებულია. ის სულაც არ არის დევალვირებული, როგორც ფასეულობა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი. რა არის ფიზიკური ძალა და ჯანმრთელობა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. სილამაზესთან დაკავშირებით კი საქმე სულ სხვაგვარადაა. სინამდვილეში რა არის სილამაზე? რა არის ლამაზი და რა - არა, ძალზე საკამათო საკითხია. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნებისმიერი გოგონა შეიძლება იყოს ლამაზი. უბრალოდ, ზოგიერთს ეს განსაკუთრებული შრომის გარეშე შეუძლია, უმრავლესობამ კი ეს ყველაფერი სპეციალურად უნდა ისწავლოს. უნდა ისწავლოს თავდაჭერა, თავისუფალი და ლამაზი მოძრაობა, ცეკვა, სწორი მეტყველება, გემოვნებით ჩაცმა, საკუთარი გარეგნული ღირსებებისა და ნაკლის გაგება. ამ ყოველივეს სწავლა კი შეიძლება ხუთი-ექვსი წლის, ზოგჯერ უფრო პატარა ასაკიდანაც დავიწყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი სულაც არ არის სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების დაკმაყოფილება. ასეთი სტანდარტები, ობიექტურნი თუ ვიქნებით, სულაც არ არსებობს, სილამაზე ხომ არასტანდარტული, ინდივიდუალური რამაა. მთავარია გოგონა თავად იყოს დარწმუნებული საკუთარ თავში. სწორედ აქეთაა მიმართული მთელი ძალისხმევა. გარეგნობას კი სულაც არ აქვს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს სიმართლეა. თუმცა ზოგჯერ გარეგნობის თავისებურებები იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსის და ნევროზის ჩამოყალიბებას. ეს კი სერიოზული რამაა! რა შეიძლება დასკვნის სახით მშობლებს ვურჩიოთ? უნდა ეცადონ, ყველა ბიჭი ძლიერი და გოგონა მომხიბლავი იყოს. უფროსის მოვალეობაა, დაეხმაროს შვილს. მთავარია ჰქონდეს ამის სურვილი!

როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

ბავშვებისთვის საკუთარ გარეგნობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მოზრდილებისთვის. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა პატარას აშკარად სჭირდება დახმარება.

1. თუ ოჯახში ბიჭი იზრდება, ის სათანადოდ ძლიერი არ არის და ეს მის ფსიქიკაზე აისახება, აუცილებელია სპორტი, ვარჯიში, გაკაჟება.

2. თუ გოგონა თავს არ მიიჩნევს მომხიბვლელად, იქნებ, ტანვარჯიში ან ცეკვა დაგეხმაროთ.

3. თუ ბავშვს აქვს გარეგნული დეფექტი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია, ეცადეთ შვილის ყურადღება გადართოთ სხვა რამეზე და ბავშვს აგრძნობინოთ, რომ ადამიანს აფასებენ არა გარეგნული სილამაზის ან ფიზიკური სიძლიერის გამო, არამედ სულ სხვა ფასეულობების წყალობით. რასაკვირველია, უნდა აირჩიოთ ფასეულობა, რომელიც თქვენს შვილს აქვს.

4. დაიმახსოვრეთ, რომ მნიშვნელოვანია არა თავად გარეგნობა, არამედ ბავშვის სუბიექტური დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ. თუ ბავშვი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ესე იგი ყელაფერი კარგადაა!