აღმზრდელის აღზრდა
ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ თავისი სტატუსის გამო ის უკვე არის აღმზრდელი: "მე დედა ვარ, ესე იგი ვარ უფროსი, ჭკვიანი... რა ესმის ამ ერთი ციდა არსებას? ჩემი ამოცანაა, მივუთითო, დავიცვა, ვიზრუნო მასზე, ჭკუა დავარიგო..." დედებმა, რომლებიც ასე ფიქრობენ, არ იციან აღზრდის ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება:
ის, ვინც უარს ამბობს განვითარებაზე, თვითსრულყოფაზე, ვერც სხვაზე ახდენს სასიკეთო გავლენას, თუნდაც ეს სხვა საკუთარი შვილი იყოს - პატარა და უსუსური.
სამყაროს შეცნობა ბავშვთან ერთად ძალიან საინტერესოა. არიან დედები, რომლებიც ორსულობის პერიოდშივე იწყებენ პედაგოგიური ლიტერატურის კითხვას. მათ მოსწონთ, რომ თავს გრძნობენ ძლიერ პიროვნებად, პაწაწინას მცველად. მათ ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, როგორ იცვლება და იზრდება პატარა. ისინი ისე უყურებენ შვილს, როგორც სასწაულს. ბავშვი იზრდება; მის ოთახში ჩნდება ნახატები, ასოები, ციფრები. ბავშვი მათ ნელ-ნელა იმახსოვრებს. გარდა ამისა, ის იძენს უფროსების დახმარების ჩვევას - ცდილობს, დედას ჩანთა გამოართვას, ჩუსტები მიაწოდოს. დედა ყიდულობს ფერადნახატებიან წიგნებს და პატარასთან ერთად კითხულობს. დედა-შვილი ხშირად მსჯელობს, წაკითხულს იხსენებს...
დგება ბაღში წასვლის დრო. საღამოს დედა ხშირად ესაუბრება შვილს საბავშვო ბაღის, ახალი მეგობრების შესახებ. დედა-შვილი კვლავ ბევრს საუბრობს. ასეთი დედები საკმაოდ მომთხოვნნი არიან. ისინი არ აძლევენ შვილს ტყუილის თქმის უფლებას, მაგრამ არც მათ ფანტაზიას თრგუნავენ.
დედებს სურთ, მათი შვილი კარგად სწავლობდეს. სწორი აღზრდის შემთხვევაში ცნობისმოყვარე, აქტიური, განვითარებული და მოწესრიგებული პატარა კარგადაც სწავლობს და მასწავლებლის მოწონებასაც იმსახურებს, თუმცა საჭიროებისას არც ჩხუბს გაურბის, დედის მღელვარების პასუხად კი ამბობს, რომ თავის თავს იცავდა და მეორედ ასე აღარ მოიქცევა.
აღზრდის პროცესში დედაც იცვლება. სანამ პატარა 7 წლის გახდება, მის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დედას ხშირად უწევს ინტერნეტსა თუ ენციკლოპედიაში საჭირო ინფორმაციის ძიება. გარდა ამისა, სწავლობს საბავშვო თამაშებს, ცდილობს უფროს მეგობრად იქცეს. რა თქმა უნდა, დედა-შვილი ზოგჯერ კამათობს კიდეც. შვილის ქცევა დედას ყოველთვის არ მოსწონს, თუმცა მათი ურთიერთობა საკმაოდ მტკიცეა.
დედა, რომელზეც ვსაუბრობთ, სავსებით ჩვეულებრივია. ის სხვებივით ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, მაგრამ, მშობელთა გარკვეული ნაწილისგან განსხვავებით, თავადაც "იზრდება".
მოდი, ახლა აღზრდის პროცესს აღსაზრდელის ანუ ბავშვის თვალით შევხედოთ. პატარას, რომელიც მისთვის უცნობ სამყაროს მოევლინა, უდავოდ სჭირდება დედის დიდი სიყვარული და მზრუნველობა. დედა მისი ცხოვრების მზეა - სიცოცხლის, სითბოს, საკვების წყარო. თუმცა ყოველივე ამასთან ერთად ახალშობილს სჭირდება ურთერთობა. ეს მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული. ბავშვის რეაქცია დედის ღიმილზე, დედის ყურადღებაზე მადლიერებას კი არ გამოხატავს, არამედ ურთიერთობის გამო კმაყოფილებას.
2-3 წლის ბავშვი უკვე სავსეა დედის სითბოთი, საკუთარ თავში დარწმუნებულია, განვითარებულია ფიზიკურადაც და გონებრივადაც. მას ხშირად სულაც არ მოსწონს, როცა მუდმივ მზრუნველობას გრძნობს. მას ახლა მხარდაჭერა უფრო სჭირდება - ის ხომ სამყაროს "იკვლევს"! დედა უნდა იყოს ცხოვრების, ადამიანების, ცხოველების, ბუნების მოვლენების შესახებ ინფორმაციის წყარო. პატარას სურს, დედა აქეზებდეს მის მიერ სამყაროს შეცნობის სურვილს, აღიარებდეს შვილის წარმატებებს. ბაღში და შემდეგ სკოლაში ბავშვი სოციალური არსება ხდება. მეგობრობა, მტრობა, საკუთარი თავის ძიება - აი ძირითადი ინტერესები. დედა, რა თქმა უნდა, კვლავ საჭიროა, მაგრამ როგორც თანამოსაუბრე, უფროსი მეგობარი, რომელთანაც შეიძლება განიხილო ის, რაც არ გესმის, გაუზიარო შენი პრობლემები. ეს უკვე დედის განვითარების სხვა დონეა.
მოზარდ ასაკში კი ბავშვს სხვა, თვისებრივად განსხვავებული დედა სჭირდება. უფროსებს ხშირად ჰგონიათ, რომ კვარცხლბეკზე დგანან და ჭეშმარიტებას ქადაგებენ, პატარებმა კი მათ ყურადღებით უნდა უსმინონ. სინამდვილეში ეს აღზრდა არ არის. ბავშვის აღზრდა შეუძლებელია მუდმივი თვითაღზრდის, თვითსრულყოფის გარეშე. ერთი სიტყვით, აღზრდა მშობლისა და შვილის ერთობლივი განვითარების პროცესია.