იდეალური დედა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იდეალური დედა

თუ "მერი პოპინსი" წაგიკითხავთ ან ამ შესანიშნავი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი გინახავთ, გემახსოვრებათ მერი პოპინსის საყვარელი სიტყვები: "მე უნაკლო ვარ!" ამ სიტყვებს მრავალი ჩვენგანიც სიამოვნებით წარმოთქვამდა, ბუნებრივი მოკრძალება რომ არ უშლიდეთ ხელს. ეს ის ქალები არიან, რომელთაც სურთ, შინაც იდეალური წესრიგი ჰქონდეთ, თავადაც მშვენივრად გამოყურებოდნენ, შვილსაც მოუარონ და არც გამოფენებსა და პრემიერებს დააკლდნენ.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მიღწევებს სხვებიც ამჩნევდნენ და სათანადოდ აფასებდნენ. მაგრამ მართებულია კი ასეთი სწრაფვა? იქნებ იდეალურობა სულაც არ არის ისეთი კარგი, როგორიც გვგონია?

"დედა, შეიძლება ხეზე ავძვრე?" "დე, გეხვეწები, წავალ რა ბავშვებთან ერთად სხვა ეზოში", "ვირბენ რა ავტოსადგომის თავზე", - ასეთ თხოვნას ხშირად გაიგონებთ პატარა ბავშვის ბაგეთაგან.

"არა! ათი კი არ მყავხარ, ერთი ხარ!" - პასუხობს დედა.

მართლაც, დღევანდელ ოჯახებში ერთი, საუკეთესო შემთხვევაში, ორი ან სამი პატარაა. ასეც რომ არ იყოს, დედა ყოველთვის ცდილობს, შვილს საფრთხე თავიდან ააცილოს, კარგად აღზარდოს, საუკეთესო განათლება მისცეს და, საერთოდ, ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ მისმა შვილმა ბავშვობა ყოველთვის სიამოვნებით გაიხსენოს. რა არის ამისთვის საჭირო? ის, რომ დედა იდეალური იყოს.

სახლში ჩნდება წიგნები, რომლებიც აღზრდას გვასწავლის, არც ინტერნეტი იშურებს რეკომენდაციებს და დედაც თანდათან კარგავს დამოუკიდებლობას, ელემენტარული საკითხების გადაწყვეტის დროსაც კი ავტორიტეტთა აზრი სჭირდება. იდეალურობისკენ სწრაფვა ჩვენი დროის სენია. გვინდა ყველაფერი საუკეთესო, ბრწყინვალე, იდეალური გვქონდეს: სამსახური - ყველაზე პრესტიჟული, მეუღლე - ყველაზე სანდო, შვილი - ყველაზე ნიჭიერი. სინამდვილეში სამივე, - სამსახურიც, მეუღლეც და შვილიც, - უპირველეს ყოვლისა, ყველაზე საყვარელი უნდა იყოს. დანარჩენი თავისთავად მოგვარდება.

რა თქმა უნდა, სამსახურის თაობაზე რეკომენდაციებს წიგნებში ვერ ვიპოვით, მაგრამ ბავშვის ამა თუ იმ საქციელსა და ჩვენი რეაქციის თაობაზე ხშირად ვეძებთ სპეციალისტთა ნააზრევს. ასე ვკარგავთ საკუთარ თავს, ინდივიდუალობას, სპონტანურობას, ემოციებს. ჩვენ კი რობოტები არ ვართ და შვილებსაც იმიტომ ვუყვარვართ, რომ მათი მშობლები ვართ! მშობლები და არა აღმზრდელები, მასწავლებლები, დამრიგებლები...

დედა კეთილი, მგრძნობიარე და რეალური ადამიანია. მან შესაძლოა იტიროს, როცა დაინახავს, რომ მისმა საყვარელმა ბიჭუნამ მისივე საყვარელ ყვავილს ფოთლები დააგლიჯა ან იყვიროს, როცა აღმოაჩენს, რომ გოგონამ შპალერი გააფერადა, მაგრამ ისიც შეუძლია, გულში ჩაიკრას ბიჭუნა, რომელსაც უნებლიეთ ფინჯანი გაუტყდა და ახლა შეშინებული მალავს ცრემლებს. ასეთ სიტუაციებში უწინარესად საკუთარ თავს უნდა ვუგდოთ ყური და საკუთარი გულის კარნახით ვიმოქმედოთ - დედობრივი ალღო არასოდეს გვიღალატებს. ამით განსხვავდება რეალური დედა იდეალურისაგან, რადგანაც იდეალური დედა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში ცოცხლობს.

მიუხედავად ამისა, მოდი, მაინც ვცადოთ საკუთარი "იდეალურობის" ხარისხის შეფასება. თუ აღმოაჩენთ, რომ უმეტესად იდეალურ დედასავით იქცევით, ესე იგი თქვენ იდეალამდე არც ისე ბევრი გაკლიათ. თუ აღმოჩნდა, რომ იდეალისგან ძალიან შორს ხართ, ნუ დაღონდებით - ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უბრალოდ ტესტია! ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ. სხვათა შორის, იუმორი აღზრდის პროცესშიც დიდ დახმარებას გაგიწევთ.

  • სიტუაცია #1. დილაა, ოჯახის ყველა წევრი ჩქარობს, რათა საუზმეს მალე მორჩეს და დროზე გავიდეს შინიდან. უცებ ოთხი წლის ბიჭუნა ჩაის გადაისხამს, ტანსაცმელსაც დაისვრის და მაგიდასაც მოსვრის. იდეალური დედა უმალვე იხსენებს, რომ ბავშვი კი არ უნდა დავტუქსოთ, არამედ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქციელია ცუდი. "რა ცუდია, ყველაფერი დაისვარა, მაგიდის გადაწმენდა და ტანსაცმლის გამოცვლა მოგიწევს!" - ეუბნება ის პატარას. ბავშვიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პატიოსნად ეცდება მაგიდის გადაწმენდას და ამ დროს ტკბილ ჩაის თანაბრად გაანაწილებს მთელ მაგიდაზე, შემდეგ კი ტანსაცმლის გამოსაცვლელად გაემართება. ამ დროს დედა საათს შეხედავს, მაგიდას გადაწმენდს, აღელვებული კიდევ ერთხელ გაიფიქრებს, რომ ბავშვის აღზრდა ძალიან ძნელია და დაასკვნის, რომ ყველანი 15 წუთით ადრე უნდა ადგნენ. რეალური დედა უმალვე შესძახებს: "ესღა გვაკლდა! წადი, ჩქარა გამოიცვალე ტანსაცმელი!", მაგიდას თავად გადაწმენდს და როცა დაინახავს, რომ პატარას ჯერ კიდევ არ ჩაუცვამს, ამ საქმესაც თავად დაასრულებს, თან იბუზღუნებს.

დასკვნა: ბავშვს ჭიქა შემთხვევით წაექცა, ამიტომ არ ღირს მისი დატუქსვა. მთავარია, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რომ ასეთმა "მარცხმა" შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, პატარამ უნდა შეამჩნიოს, რომ დედა ნაწყენია. ბავშვისთვის საუკეთესო სასჯელი იმის შეგრძნებაა, რომ დედას გული ატკინა. მართლაც არარეალურია, პატარა ბავშვს მაგიდა ვაწმენდინოთ და ამის გამო სამსახურში დავაგვიანოთ.


  • სიტუაცია #2. საბავშვო ოთახში უჩვეულო სიჩუმეა. დედამ ოთახში შეიხედა და დაინახა, რომ... პატარა გოგონა კედლებზე პომადით ხატავს. იდეალური დედა მთელ ნებისყოფას მოიკრებს და ყვირილისგან თავს შეიკავებს, მერე წყნარად გამოართმევს პატარას პომადას და აუხსნის, რატომ არ შეიძლება კედლებზე ხატვა. რეალური დედა დაიყვირებს: "რას შვრები, რას!" შესაძლოა, პატარა მიტყიპოს კიდეც. შპალერი უბრალო რვეული ხომ არ არის - უნდა აახიო, იყიდო, გააკვრევინო... გულდაწყვეტილი დედა ატირდება, ხოლო ბავშვი მიხვდება, რომ ცუდად მოიქცა, თავადაც იტირებს და დედას ჩაეხუტება. ამის მერე დედა-შვილი შერიგდება და გოგონა მიხვდება, რომ მეორედ ეს აღარ უნდა ჩაიდინოს.

დასკვნა: ბავშვი უნდა ხედავდეს, რა ცუდია მისი საქციელი. აქ ერთადერთი კრიტერიუმი მოქმედებს - მისი საქციელისადმი დედის დამოკიდებულება. ასე რომ, ემოციების შეკავება აუცილებელი არ არის. პირიქით.

  • სიტუაცია #3. ბავშვი ველოსიპედით სეირნობდა, მაგრამ უეცრად დაეცა, მუხლი გადაიყვლიფა და ატირდა. იდეალური დედა მაშინვე შვილთან მიირბენს, თან გულში საკუთარ თავს დატუქსავს იმის გამო, რომ სეირნობისას ბავშვის გვერდით არ იყო. ის პატარას ხელში აიყვანს, მოეფერება და შინისკენ წაიყვანს. ბავშვი კიდევ დიდხანს იტირებს. დედა მას ჭრილობას გაუწმენდს, შეუხვევს და შინ დატოვებს. რეალური დედაც მყისვე მიირბენს შვილთან, მაგრამ კი არ შეიცხადებს, არამედ გაამხნევებს: "არაფერია, წამო, ასკინკილით წავიდეთ!" შინ ჭრილობას გაუსუფთავებს, შეუხვევს და ისევ ეზოში გაუშვებს. "დიდი ამბავი, ვინ არ წაქცეულა!" - ფიქრობს ის.

დასკვნა: პრობლემების ოპტიმისტური გადაწყვეტის უნარი ბავშვმა თავიდანვე უნდა შეიძინოს. ასწავლეთ პატარას, უსიამოვნებაზე არ მოახდინოს კონცენტრირება. უსიამოვნება მოხდა? - მოვაგვაროთ და ცხოვრება გავაგრძელოთ. არ არის საჭირო ხანგრძლივი ჭმუნვა.

  • სიტუაცია #4. პატარა სადილის დროს ჭირვეულობს და წვნიანზე უარს ამბობს. იდეალური დედა სასწრაფოდ გამოიყენებს თავის არტისტულ მონაცემებს, საშველად უხმობს ოჯახის წევრებს. პატარა ყურადღების ცენტრშია. მას ეს მოეწონება და ხვალაც მოითხოვს სპექტაკლის გამეორებას. თავდაპირველად რეალური დედაც შეეცდება მსგავსი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ მალე თეფშს გვერდით გადადგამს: "თუ არ გინდა, იყავი მშიერი!"

დასკვნა: ნუ აჭევთ ბავშვს ძალით. თუ ჭამიდან ჭამამდე პატარა ათასგვარ ნუგბარს არ შეექცევა, კერძს აუცილებლად შეჭამს.

  • სიტუაცია #5. ბავშვის ადრეული განვითარება შემდგომი წარმატებების საწინდარია. ჩვენმა შვილმა სკოლაში კარგად რომ ისწავლოს, ამისთვის პატარაობიდანვე უნდა შევუქმნათ სათანადო გარემო. იდეალური დედა ჯერ კიდევ ორსულობისას უსმენს კლასიკურ მუსიკას, პატარა ენას ამოიდგამს თუ არა, მასწავლებელთან მიჰყავს, რათა უცხო ენას დაეუფლოს. რეალური დედა ყიდულობს კუბებს და ერთ-ორ სათამაშოს, რომლებიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს.

დასკვნა: სასკოლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მას ნებისმიერი ჯანმრთელი ბავშვი აითვისებს. რა თქმა უნდა, ადრეული განვითარება საჭიროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გარეშე ბავშვს სწავლა გაუჭირდება.

  • სიტუაცია #6. საბავშვო ბაღში პირველი დღე ცრემლებით დამთავრდა. იდეალური დედა ან უარს იტყვის შვილის ბაღში ტარებაზე, ან პატარას ბაღში მხოლოდ ორი საათით დატოვებს, ხოლო დედა-შვილის დამშვიდობება ხანგრძლივი და ემოციური იქნება. რეალურმა დედამ ძალიან კარგად იცის, რომ რამდენიმე დღეში სამსახურს უნდა დაუბრუნდეს, ბავშვმა ბაღში აუცილებლად უნდა იაროს, ამიტომ პირველ დღეებში მას ადრე მიაკითხავს, მერე კი პატარაც სხვებივით მთელი დღე დარჩება ჯგუფში.

დასკვნა: ხანგრძლივი დამშვიდობება მეტი ცრემლი და უარყოფითი ემოციაა.

დედებო, ყველა თქვენგანი მართლაც არაჩვეულებრივია! რატომ უნდა ვიყოთ იდეალურები? იცხოვრეთ ისე, როგორც გული გკარნახობთ, დატკბით საკუთარ საყვარელ, უშუალო, ცელქ პირმშოსთან ურთიერთობით და ნუ ეცდებით იდეალურები იყოთ.