რატომ ვერ იძინებს ჩვენი პატარა - რჩევები პედიატრისგან
- რა შეიძლება უშლიდეს ხელს ბავშვს დაძინებაში?
- როდესაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ არსებობს, ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი საწოლი ოთახის ზედმეტად თბილი და გამომშრალი ჰაერია. ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. ტრადიციისამებრ, წლამდე ასაკის ბავშვმა დილის 6-დან ღამის 22 საათამდე 2-4-ჯერ უნდა იძინოს, ჩვენ კი გირჩევთ, ერთი ძილი გამოტოვოთ, ოღონდ არა წინას გახანგრძლივების ხარჯზე. მაგალითად, თუ ბავშვს დღეში სამჯერ 2-2 საათი სძინავს, დააძინეთ ორჯერ, მაგრამ არა 3-3 საათით. თუ ძილი მოერია, გაართეთ, მაქსიმალურად გაუხანგრძლივეთ დრო მომდევნო დაძინებამდე და გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ.
დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დახარჯვინეთ - ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ავარჯიშეთ, ათამაშეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ.
ნურც ოთახს გაუთბობთ ზედმეტად. საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.