რა უფრთხობს პატარას ძილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უფრთხობს პატარას ძილს

მაგალითად, წინა ძილის ხანგრძლივობასა და სიღრმეზე. რაც უფრო მეტად დაიღლება პატარა, მით უფრო მეტხანს იძინებს, კარგად დანაყრებულსაც ტკბილად სძინავს. მაგრამ ყოველთვის ასე როდია. ძილს ხელს ბევრი რამ უშლის: ტკივილი, მაღალი სიცხე, ხველა, გულისრევა, მძიმე და ჩახუთული ჰაერი... კიდევ რამ შეიძლება შეაწუხოს ძილის დროს პატარა? ამაზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვესაუბრება.

- ჩვილი დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას არაფერი აწუხებს. ყველაზე ხშირად რა უფრთხობს პატარას ძილს?

- ჩვილის უძილობის, ჭირვეულობის, ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი ნაწლავთა ჭვალი ანუ კოლიკაა. ის ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება და სამ-ოთხ თვემდე გასტანს, მერე კი თავისთავად გაივლის. შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს, შემდეგ კი სწრაფად შლის - თითქოს მიგვანიშნებს, რა სტკივა. ზოგიერთი ჩვილი მოთმინებით იტანს ჭვალს და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს "ღამის კონცერტს", ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება კოშმარს ემსგავსება.

- დამოკიდებულია თუ არა ჭვალი კვების ხასიათზე?

- განსაზღვრული კავშირი კვების ხასიათსა და ნაწლავთა ჭვალს შორის უდავოდ არსებობს. ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ხელოვნური ნარევებით კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან და ეს ტკივილის ატანას უადვილებთ.

- გარდა კვების ხასიათისა, რა უწყობს ხელს კოლიკის განვითარებას?

- არსებობს ფაქტორთა რამდენიმე ჯგუფი:

  • ფსიქოსოციალური ფაქტორები: დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და სხვა;
  • დედის მავნე ჩვევები: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სხვა;
  • დედის კვების განსაზღვრული რეჟიმი და ხასიათი - პატარებს კოლიკა უფრო მეტად მაშინ აწუხებთ, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიოს, ბარდას, ცერცვს), პომიდორს, ყურძენს, ციტრუსებს, სვამს ძროხის ცხიმიან რძეს, ზედმეტად დამტკბარ ჩაის ან წვენს. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც თვით დედის ორგანიზმშიც წარმოქმნის აირებს.

ასე რომ, ძუძუთი კვება ჩვილის მშვიდი ძილისთვის არ კმარა. პატარა კოლიკამ რომ არ შეაწუხოს, აუცილებელია, დედამ თვითონ დაიცვას კვების მართებული რეჟიმი, მიირთვას ჯანსაღი საკვები. როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდება, საჭიროა მედიკამენტების მოშველიება. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, სასურველია, დედამ და ჩვილმა პარალელურად მიიღონ ფერმენტი, პრობიოტიკი და სხვა.

- ხშირად მშობლები ჩივიან, რომ პატარას დღისით სძინავს, ხოლო ღამით ჭირვეულობს, დაძინება აღარ უნდა. რით აიხსნება ეს?

- ეს არის შებრუნებული რეჟიმის დაავადება. ის უფრო სოციალური პრობლემაა, მისი სამკურნალო წამალი არ არსებობს, ვითარებაში თვითონ მშობლები უნდა გაერკვიონ და გამოსავალი იპოვონ.

- რა შეიძლება უშლიდეს ხელს ბავშვს დაძინებაში?

- როდესაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ არსებობს, ღამის ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი საწოლი ოთახის ზედმეტად თბილი და გამომშრალი ჰაერია. ეცადეთ, პატარას დღის განმავლობაში ძილი ოდნავ დააკლოთ. ტრადიციისამებრ, წლამდე ასაკის ბავშვმა დილის 6-დან ღამის 22 საათამდე 2-4-ჯერ უნდა იძინოს, ჩვენ კი გირჩევთ, ერთი ძილი გამოტოვოთ, ოღონდ არა წინას გახანგრძლივების ხარჯზე. მაგალითად, თუ ბავშვს დღეში სამჯერ 2-2 საათი სძინავს, დააძინეთ ორჯერ, მაგრამ არა 3-3 საათით. თუ ძილი მოერია, გაართეთ, მაქსიმალურად გაუხანგრძლივეთ დრო მომდევნო დაძინებამდე და გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ.

დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ენერგია დახარჯვინეთ - ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, ავარჯიშეთ, ათამაშეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ ეცადეთ, მეტისმეტად თბილად არ ჩააცვათ. ნურც ოთახს გაუთბობთ ზედმეტად. საწოლი ოთახი წინასწარ მოამზადეთ - გაანიავეთ, დაალაგეთ სველი წესით. ძილისთვის იდეალურია 18-20 გრადუსი ტემპერატურა და 60-70% სინოტივე. ასევე კარგია ძილის წინ თბილი აბაზანა.


- ზოგიერთი პატარა ძილში ლაპარაკობს. რისი ბრალია ეს?

- არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებიც ძილში ლაპარაკის (სომნოოფია) ახსნას ცდილობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ძილის დროს ასეთი აქტიურობა გადატანილი სტრესის, დადებითი თუ უარყოფითი ემოციის შედეგია. მშობლებს ვურჩევთ, თუ ბავშვს მშფოთვარე დღის შემდეგ მოუსვენრად სძინავს, დამამშვიდებელ ბალახებსა და მიქსტურებს ნუ მისცემენ. სედაციური საშუალებების დანიშვნის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს. თუ ბავშვს ძილში ლაპარაკის გარდა არავითარი ნევროზული რეაქცია არ აღენიშნება, მკურნალობა საჭირო არ არის. ეცადეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე ასეირნოთ, შინ მშვიდი, მყუდრო გარემო შეუქმნათ. ტელევიზორს გვიანობამდე ჩართულს ნუ დატოვებთ, ბავშვის ოთახი კი ძილის წინ გაანიავეთ.

თეორია მეორე: შესაძლოა, ძილში ლაპარაკი ერთგვარი კომპენსატორული რეაქცია იყოს, რომელიც ძილის ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას აადვილებს. ძილი ერთგვაროვანი არ არის. ის ნელ და სწრაფტალღოვან ფაზებად იყოფა. სანამ ჩვენ გვძინავს, ეს ფაზები ერთმანეთს ენაცვლება.

სომნოლოგებმა, რომლებიც ძილსა და მის ფაზებს შეისწავლიან, დაადგინეს, რომ ადამიანი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს. თუ ბავშვი რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამს, მერე კი მშვიდად განაგრძობს ძილს, მშობლებს ვურჩევთ, ნუ აღელდებიან. მიეფერონ პატარას, ალერსიანი სიტყვები ჩასჩურჩულონ ისე, რომ არ გამოაფხიზლონ.

თეორია მესამე: პატარა ბავშვისთვის, რომელიც გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, ძილის დროს წარმოთქმული ფრაზები და სიტყვები შესაძლოა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის გამოძახილი იყოს. ვინ იცის, პატარები ძილში იმეორებენ ახალ სიტყვებს, რათა ცხადში გააზრებულად წარმოთქვან.

მოსაზრება მეოთხე: ძილში ლაპარაკი შესაძლოა ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა სიმპტომებიც.

- როდის არის საჭირო ექიმის ჩარევა?

- ბავშვი ექიმს, კერძოდ კი ნევროპათოლოგს, უნდა აჩვენოთ, თუ:

  • ძილში ლაპარაკის დროს სახე უწითლდება;
  • მეტისმეტად ოფლიანდება, უძლიერდება ნერწყვდენა;
  • ხედავს კოშმარებს, ყვირის;
  • აქვს მოხრჩობის შეტევები;
  • მთვარეულივით დადის სახლში;
  • ახალგაღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, გამოფხიზლება უჭირს;
  • გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.

მშობლებს ვურჩევთ, ნევროპათოლოგთან მისვლამდე დააკვირდნენ:

  • რამდენად ხშირად ლაპარაკობს ძილში ბავშვი;
  • ცალკეულ სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ჰყვება;
  • აკვიატებული ხომ არ აქვს ერთი და იგივე თემა;
  • გარკვევით ლაპარაკობს თუ არა;
  • რაზეც ძილში ამბობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია.

ეს ინფორმაცია ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

- არცთუ იშვიათია ძილში კბილების კრაჭუნიც...

- ძილის დროს კბილების კრაჭუნი, თუ მას თან ახლავს პირღია ძილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, უზმოზე პირიდან უსიამოვნო სუნი, ჭიების არსებობას გვაეჭვებინებს. ჭიებით ინვაზიას აქვს კიდევ ერთი უსიამოვნო ნიშანი - უკანა ტანის ქავილი. ის სწორედ ღამით, ძილის დროს იჩენს თავს, როდესაც ჭია ორგანიზმს უკანა ტანიდან ტოვებს. სწორედ ამ მომენტში წარმოიშობა შემაწუხებელი ქავილი უკანა ტანისა და შორისის მიდამოში.

- ხვრინვა არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ხვედრიც ყოფილა. რატომ?

- ცხვირით სუნთქვის გაძნელება ბავშვს აიძულებს, პირით ისუნთქოს, ეს კი ხშირ ტონზილიტს, ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს იწვევს. პირღია ძილის მიზეზია ადენოიდები (ადენოიდური ვეგეტაციები) - ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლების გადიდება (ჰიპერპლაზია).

განასხვავებენ ჰიპერპლაზიის ოთხ ხარისხს, როდესაც ადენოიდები მნიშვნელოვან ზომას აღწევენ, ისინი ხელს უშლიან ცხვირით თავისუფალ სუნთქვას. მოსალოდნელია ცხვირის ლორწოვანში, ცხვირის დანამატ წიაღებსა და შუა ყურში შეგუბებითი მოვლენებიც, მაგრამ წამყვანი სიმპტომები მაინც ცხვირით სუნთქვის გაძნელება და შეუპოვარი სურდოა.

ღია პირით სუნთქვის გამო ბავშვები ხშირად ცივდებიან, ემართებთ სასუნთქი გზების ინფექციები. ადენოიდური ვეგეტაციების გამო სუნთქვის გაძნელება და ხმაურიანი სუნთქვა უპირატესად 2-3 წლიდან შეინიშნება. თუ ბავშვი დაბადებიდანვე ხმაურით სუნთქავს, მიზეზი უმეტესად სასუნთქი გზების: ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის - განვითარების ანომალიაა. ამ ანომალიებიდან უნდა გამოვყოთ თანდაყოლილი სტრიდორი. იგი ვითარდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის მესამე კვირას, ვლინდება ჩასუნთქვისას მსტვენი ხმაურით. ხმაური ძლიერდება აღგზნებისას, ტირილისას, მცირდება ძილის დროს, მოსვენებისას.

თუ თქვენი პატარა ძილში ხვრინავს, მიმართეთ ყელ-ყურის სპეციალისტს, რათა დროულად გაირკვეს მიზეზი და მოქმედების სათანადო გეგმა დაისახოს.


- ღამის უნებლიე შარდვის - ენურეზის დროს ბავშვს არ ეღვიძება, მაგრამ ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება მაინც არ შეიძლება. რა არის და რისი ბრალია ენურეზი?

- ღამის ენურეზი შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობაა და ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს.

პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამომუშავების დაგვიანება, მეორეულის დროს კი შარდის შეკავების უკვე გამომუშავებული რეფლექსი ქრება.

პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ის გვხვდება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - გენეტიკური, ენდოკრინული (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამით შარდის გამომუშავებას), ფსიქოლოგიური. ამ მიზეზთა გვერდით უნდა ვახსენოთ გამოღვიძების პროცესის დარღვევა, შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა, უროდინამიკური პრობლემები, საშარდე გზების ინფექციები, ხერხემლის სვეტის დაზიანება (სპინა ბიფიდა).

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობას. მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით იჩენს თავს - ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას. ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას. დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა, რომ ის ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება.

ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო მათ დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო დავამძიმებთ. დღევანდელმა მედიცინამ ეს პრობლემა გადაჭრა. არსებობს მარტივი მოწყობილობის ტრუსი-მაღვიძარა, რომელიც სისველის მოხვედრისთანავე რთავს ზარს და პატარას აღვიძებს. იგი ბავშვის მშრალი ღამის გარანტიაა.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ღამის ენურეზი აქვთ?

- მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს. აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ამას ბავშვს ნუ გააგებინებთ. შეადგინეთ დღიური, სადაც აღნიშნული გექნებათ სველი და მშრალი ღამეები. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ. ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას, პირიქით, არ დაუშალოთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სიარული. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება სხვებს.

5 წლამდე ასაკის ბავშვებში ღამის ენურეზი პათოლოგიად არ ითვლება. მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. ენურეზის დროს საკმაოდ ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება, თუმცა მისი იგნორირება მაინც არ შეიძლება.

- მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ღამის კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი - კრუპის შეტევა. სრულიად ჯანმრთელ ბავშვს ძილის დროს შეტევა ეწყება. რისი ბრალია ეს და როგორ დაეხმაროს მშობელი შვილს?

- ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს განვითარებულ სინდრომთან, რომელიც ლორწოვანი გარსების შეშუპების შედეგია. კრუპის შეტევა უმთავრესად ღამით, უფრო სწორად, გამთენიის ხანს იწყება. ბავშვს ერთბაშად აუვარდება უხეში მყეფავი, მშრალი ხველა. ხველას ერთვის ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი სუნთქვა. ტემპერატურა უმეტესად ნორმის ფარგლებშია, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იწყებს მომატებას, ხველა კი ინტენსიური და პროდუქტიული ხდება.

კრუპი უმთავრესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, რაც სასუნთქი გზების სისტემის აგებულების ანატომიური თავისებურებით აიხსნება. ასაკის მატებასთან ერთად ისიც გაივლის. კრუპის დროს აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება, გრილი ორთქლით ეპინეფრინის ინჰალაციები, რაც სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება. ძილის წინ საწოლი ოთახის ჰაერი დაანოტივეთ, ბავშვს ასვით თბილი სითხეები, გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.

კრუპის შეტევის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების მოქმედებას. ნუ მიეცემით პანიკას, იყავით მაქსიმალურად მობილიზებული, გამოიძახეთ ექიმი, მის მოსვლამდე კი დაამშვიდეთ პატარა - მას ისედაც ეშინია, სუნთქვა რომ უჭირს, მშობლების ნერვიულობა კი უფრო მეტად დააფრთხობს.

დაბოლოს, ყველამ იცის, რომ ძილში ბავშვი იზრდება, ინაზღაურებს დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას, მოზღვავებული ინფორმაციისგან ასვენებს ტვინს. ამდენად, მშვიდი, უშფოთველი ძილი ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პირობაა.