ნუთუ ჩვილი გაგვიცივდა?

ამიტომ დაავადებასთან ბრძოლა უჭირს, ხოლო ნერვული სისტემა უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი მძაფრად რეაგირებს.
როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვილი გაცივდა? გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე.
ჩვილის ჭირვეულობა, უძილობა, უმადობა ყოველთვის ავადმყოფობაზე როდი მიუთითებს. როგორ გავიგოთ, კბილების ამოჭრის გამო შეეცვალა ბავშვს ხასიათი თუ საქმე უფრო სერიოზულადაა?
- ბავშვს ხასიათი შეიძლება შეეცვალოს კბილების ამოჭრისა თუ უბრალოდ მეტისმეტად თბილად ჩაცმის, გადახურების გამოც, მაგრამ თუ ამას თან სდევს საერთო მდგომარეობის დამძიმება - ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება - საქმეში დროულად უნდა ჩაერიოს ექიმი.
მშობლებს ჰგონიათ, რომ გაციება დაავადება არ არის. სინამდვილეში გაციება სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციაა, მედიცინის ენაზე - მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია (მრვი), რომელიც აზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს - ცხვირს, ყელს, ტრაქეას, ბრონქებს.
როგორ ვითარდება მრვი?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ორგანიზმში ჰაერწვეთოვანი გზით შეჭრილი ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში მრავლდება. ის ასუსტებს ორგანიზმის დაცვით ბარიერს და ამით კარს უღებს ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს სხვა ორგანოების - ნუშურა ჯირკვლების (ადენოიდიტი), შუა ყურის (ოტიტი), ფილტვების (პნევმონია) - ანთებით დაზიანებას.
მრვი-ს დროს ტემპერატურა ძალიან მაღალ ციფრებს არ აღწევს, მაგრამ ბავშვი წუხს, ვერ სუნთქავს ცხვირით, ახველებს, უჩივის ყელის ტკივილს. დიდია რისკი, დაავადებამ ქრონიკული ხასიათი მიიღოს.
როგორ მოვიქცეთ ტემპერატურის მომატების დროს?
- ტემპერატურა უნდა გაიზომოს დღეში სამჯერ - დილას, შუადღეს და საღამოს, საჭიროებისას - უფრო ხშირადაც. ტემპერატურის მომატება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომლის მეშვეობით ის ინფექციას ებრძვის, ამიტომ, თუ უკუჩვენება არ არსებობს, 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის დამწევი საშუალებები არ უნდა გამოიყენოთ.
39 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა სახიფათოა ჩვილისთვის, რადგან მაღალია კრუნჩხვის - ფებრილური გულყრის - განვითარების რისკი,
ამიტომ, თუ საბავშვო სიცხის დამწევი საშუალებების (პარაცეტამოლის, ნუროფენის) მიღების მიუხედავად, ტემპერატურამ არ დაიკლო, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. შესაძლოა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, განსაკუთრებით - თუ ის 3 თვემდე ასაკისაა.
რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ექიმის მოსვლამდე?
- ზოგიერთ შემთხვევაში სიცხის დამწევი საშუალებები ნაკლებად ეფექტურია. ასეთ დროს:
- დაადეთ პატარას ცივ წყალში დასველებული საფენი მუხლისა და იდაყვის მოსახრელებში, სადაც გადის მსხვილი ვენები და არტერიები და ამიტომ გაძლიერებულია სითბოს გადაცემა;
- დაზილეთ პატარა გრილი წყლით და შემშრალების შემდეგ მცირე ხნით დატოვეთ შიშველი ან მიაფარეთ თხელი საფენი, რათა სხეულიდან ადვილად აორთქლდეს წყალი.
- შეგიძლიათ, გამოიყენოთ ოთახის ტემპერატურის მიკროოყნა - შეუყვანოთ ნაწლავებში 20-30 მლ წყალი.
- ჩააცვით პატარას მისი გუნება-განწყობის შესატყვისად. თუ ცხელია, კანი შეწითლებული აქვს და უხურს, შემოსეთ მსუბუქად, ბამბის პერანგით. თუ ფერმკრთალია, მივარდნილია, მობუზული - შესაძლოა, ამცივნებს. ასეთ დროს თბილი ხელით გაუთბეთ კიდურები ან შემოახვიეთ ტანზე თბილი საფენი, ხოლო ხელ-ფეხზე ამოაცვით თბილი წინდები.
როგორ ვკვებოთ ავადმყოფი ბავშვი?
- ნუ აიძულებთ პატარას ჭამას, დაე, იმდენი ჭამოს, რამდენიც სურს. თუ პირი არაფერს დააკარა, 10-15 წუთში ერთხელ ჩაის კოვზით ასვით ლიმონჩაწურული წყალი.
ძალზე შემაწუხებელია ცხვირიდან გამონადენი, სურდო. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
- ცხვირიდან გამონადენს თან ახლავს ცხვირით სუნთქვის გაძნელება და პირღია სუნთქვა, რაც ჩვილისთვის, მეტადრე - ძილის დროს, დამატებითი დისკომფორტია. სუნთქვის გასაუმჯობესებლად შეეცადეთ პატარა ისე დაიკავოთ, რომ თავი სხეულთან შედარებით შემაღლებული ჰქონდეს, ღამით კი საწოლს თავი წამოუწიეთ.
ასპირატორით - ამოსაქაჩით - გაუთავისუფლეთ ცხვირი ლორწოსგან, ჩააწვეთეთ თითოეულ ნესტოში 2-3 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი. ნესტოების გასუფთავების შემდეგ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სპეციალური ცხვირის წვეთები.
დაავადების პირველ ორ დღეს ეფექტურია ინტერფერონის ჩაწვეთება. თუ ცხვირით სუნთქვა საერთოდ არ შეუძლია, აწვეთეთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება (ნაზივინი) დღეში 3-ჯერ, არა უმეტეს 5-7 დღისა.
თუ აწვეთებთ მარჯვენა ნესტოში, თავი ოდნავ გადაუწიეთ მარჯვნივ და პირიქით. გირჩევთ, ეს პროცედურა ჩაატაროთ კვებამდე - ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება წოვასაც აადვილებს.
ზუსტად დაიცავით ეს წესები და ექიმის მითითებები.