რძიანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რძიანა

ახალშობილები ძალიან დაუცველნი არიან, მათი ფლორა თანდათან იწყებს დასახლებას და ზრდას, იმუნიტეტი კი თანდათან ძლიერდება - მის გარშემო ხომ უამრავი ბაქტერია და ვირუსი ბინადრობს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და არასასიამოვნო სტუმარია კანდიდოზი, ხალხში რძიანას სახელით ცნობილი ინფექციური დაავადება, რომელსაც კანდიდას გვარის საფუარა სოკო იწვევს.

- როგორ ხვდება პირის ღრუში სოკო?

- ახალშობილის ინფიცირება შეიძლება მოხდეს დედისგან სამშობიარო გზებში გავლის დროს ან დაბადების შემდეგ მშობლებისგან, მათი პირადი ნივთების საშუალებით, ანდა სამშობიაროს მედპერსონალისგან, რომელიც თვითონ არის კანდიდას მატარებელი.

- როგორ გამოვლინდება რძიანა?

- სოკოვანი დაზიანება, ჩვეულებრივ, ლორწოვან გარსებზე ლოკალიზდება. ამას ხელს უწყობს ლორწოვანის ქიმიური შემადგენლობა - პირის ღრუში არის მჟავე არე, რაც ძალზე ხელსაყრელია დაავადებისთვის.

გარეგნულად სოკოვანი სტომატიტი ისე გამოიყურება, თითქოს პირის ღრუს - ენას, ღრძილებს, სასას, ლოყის შიგნითა ზედაპირს - მოდებულია ხაჭოს ნამცეცები, ამიტომ ხალხში მას რძიანას უწოდებენ. დაავადების პროვოცირება შეუძლია ხშირ წამოქაფებასა და დისბაქტერიოზს. გარდა ამისა, რძიანა შეიძლება ერთვოდეს სასუნთქი სისტემის ვირუსულ ინფექციას, ნაწლავურ ინფექციას, ალერგიულ რეაქციებს.

გარდა ლორწოვანისა, სოკო კანდიდა აზიანებს კანს (მეორე ადგილზეა პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანების შემდეგ), შინაგან ორგანოებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სხვა. ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა, რომელიც ახალშობილებსა და იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებში გვხვდება, პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებაა.

დაზიანებული ადგილის მდებარეობის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:

  • სტომატიტი - პირის ღრუს მთელი ლორწოვანის დაზიანება. კანდიდოზური სტომატიტი შეიძლება იყოს პირველადი და გამოვლინდეს ჯანმრთელ ახალშობილებსა და ჩვილებში; და მეორეული, განვითარებული სხვადასხვა დაავადების, დაქვეითებული იმუნიტეტის, ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე.

დაავადება იწყება ლორწოვანი გარსების სიმშრალითა და გაწითლებით, მადის დაქვეითებით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. პირის ღრუში შეინიშნება თეთრი ან კრემისფერი ნადები ან ხაჭოს მსგავსი ფიფქები. ზოგიერთ შემთხვევაში რძიანა ნადების გარეშე, მხოლოდ ლორწოვანის სიწითლით ვლინდება. მეორეული სტომატიტის დროს დაზიანება უფრო ღრმაა, შეინიშნება ეროზიები და ლორწოვანი გარსების დაწყლულება.

  • გინგივიტი - ღრძილების ლორწოვანი გარსის დაზიანებაა. შეიძლება იყოს კატარული და წყლულოვანი, ხშირად შეინიშნება სისხლმბადი სისტემის დაავადების მქონე ბავშვებში. ვლინდება შეშუპებულ ღია-ვარდისფერ ღრძილებზე გაჩენილი მრავალრიცხოვანი წყლულით, რომლებსაც უსწორმასწორო ფსკერი აქვს და რუხი ნადებით არის დაფარული.
  • გლოსიტი - ენის სოკოვანი დაზიანებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენის ზედაპირზე თეთრი ნადების არსებობა, ენის წვერისა და გვერდითი ზედაპირების გამოკლებით. შემდგომ ნადები ყვითლდება ან ყავისფრდება. ენის დვრილებმა შესაძლოა ატროფია განიცადოს ან, პირიქით, გაიზარდოს.
  • ქეილიტი - ტუჩების სიწითლე, შეშუპება, აქერცვლა, ზოგჯერ - სისხლმდენი ნახეთქები, თეთრი ნადები, ეროზიები.
  • ტონზილიტი - შეიძლება, დამოუკიდებელი დაავადების სახითაც განვითარდეს; უფრო ხშირად გვხვდება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ფონზე ან პირის ღრუს კანდიდოზის დროს, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შედეგად.

ტონზილიტის ეს ფორმა ბაქტერიული ტონზილიტისგან განსხვავდება. მას არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდება.


- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- კანდიდოზის დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა ჩატარდეს პირის ღრუს ლორწოვანის, ნახველის ან სხვა ბიოლოგიური მასალის ბაქტერიოლოგიური დათესვა.

- მოითხოვს თუ არა მკურნალობას?

- ლაბორატორიულად დიაგნოზის დაზუსტებამდე დაავადებაზე მეტყველებს ბავშვის ზოგადი მდგომარეობის ცვლილება, მადის დაქვეითება ან ჭამაზე უარი, პირის ღრუს ლორწოვანის ფერის ცვლილება (გაწითლება) და ნადების არსებობა მასზე. ამ ნიშნების არსებობისას უნდა მიმართოთ ექიმს.

კანდიდოზის დროს ტარდება კომპლექსური თერაპია, მიმართული ორგანოებისა და სისტემების დარღვეული ფუნქციის აღსადგენად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. წარმატებული მკურნალობის მნიშვნელოვან ასპექტად ითვლება ბავშვის სწორი კვების ორგანიზება. არ შეიძლება ძუძუთი კვების შეწყვეტა. თუ პატარა უარს ამბობს ძუძუზე (შესაძლოა, წოვა დისკომფორტს უქმნიდეს), შეგიძლიათ, ერთხანს კვებოთ გამოწველილი რძით, კოვზით. უფრო მოზრდილ ბავშვებს შეუზღუდეთ შაქარი და ის პროდუქტები, რომელიც ხელს უწყობს დუღილს. საკვები უნდა იყოს გახეხილი, ერთგვაროვანი. სანელებლების გარეშე.

ანთებითი მოვლენების შესამცირებლად რეკომენდებულია პირის ღრუს ლორწოვანის დამუშავება 2-4%-იანი საჭმელი სოდის ხსნარით. ამისთვის ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა (200მლ) გადადუღებულ წყალს დაუმატეთ 1-1,5 ჩაის კოვზი სოდა. პატარებს ვერ დავავალებთ ხსნარის პირში გამოვლებას, ამიტომ დედამ თითზე უნდა დაიხვიოს სტერილური ბინტი, დაასველოს იგი მომზადებულ ხსნარში და ნაზად გამოუსვას ბავშვს პირის ღრუში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ. მძიმე შემთხვევებში შედეგიანია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები - ადგილობრივი მოქმედების ხსნარი, გელი ან სუსპენზია.

რჩევები მშობლებს

რძიანას პროფილაქტიკისთვის მომავალი დედა რეგულარულად უნდა დადიოდეს ექიმთან, გასაკუთრებით - ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ბავშვის კვებამდე დედამ მკერდი უნდა დაიმუშაოს თბილი წყლით (უსაპნოდ), მიკროტრავმების ან ნახეთქების არსებობისას ძუძუსთავებზე წაისვას სპეციალური კრემი. მეძუძურმა დედამ ყოველდღე უნდა გამოიცვალოს ბიუსტჰალტერი, გამოიყენოს ერთჯერადი საფენები. ხელოვნური კვების შემთხვევაში ყოველი კვების წინ უნდა გადაადუღოთ ბოთლები და საწოვარა ან დაამუშაოთ ისინი სტერილიზატორში.

კანდიდოზის განვითარებას ხელს უწყობს მწვავე რესპირატორული დაავადებები, ალერგია, შეკრულობა, ამიტომ საჭიროა მათი პროფილაქტიკა.