ხშირად მოავადე ბავშვი
რისი ბრალია ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან ავადმყოფობა? ამის თაობაზე პედიატრი მარინა აფციაური გვესაუბრება.
- რა უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოთ მშობლებს, ექიმებს ნორმად მიაჩნიათ, თუ ბავშვი დროდადრო ცივდება, ცხვირიდან ჩამოსდის, ახველებს, აქვს დაბალი (სუბფებრილური) სიცხე. ოღონდ ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს აღრიცხვაზე აიყვანენ როგორც ხშირად მოავადეს და ამის შესახებ აუცილებლად მიუთითებენ მის ისტორიაში, რომელიც, წესისამებრ, პოლიკლინიკაში ინახება.
- რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი ხშირად მოავადედ?
- ბავშვი ხშირად მოავადედ ითვლება, თუ:
- სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ოთხჯერ გახდა ავად სასუნთქი გზების მწვავე დაავადებით;
- ერთიდან სამ წლამდე იავადმყოფა ექვს ჯერზე მეტად;
- ოთხიდან ხუთ წლამდე ავადმყოფობდა წელიწადში ხუთჯერ.
ამ შემთხვევაში მის სამედიცინო ფორმაში უნდა ჩაიწეროს "ხშირად მოავადე" და ბავშვი პედიატრისა და ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის მიერ აყვანილ იქნეს დისპანსერულ მეთვალყურეობაზე. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც შესაძლოა ხშირად არ ხდებოდნენ ავად, მაგრამ 10-14 დღეზე მეტხანს ავადმყოფობენ. აქედან გამომდინარე, უფრო მართებული იქნებოდა, ასეთი ბავშვებისთვის ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვები გვეწოდებინა.
- რა შედეგი მოაქვს ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობას?
- ყოველი გადატანილი ვირუსული ინფექცია აუარესებს იმუნური სისტემის თავდაცვით ფუნქციას, გარკვეულწილად აფერხებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები.
- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
- მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხშირად მოავადე ბავშვს გაციების ტიპური სურათი ყოველთვის არ ჩამოუყალიბდება. არცთუ იშვიათად ნორმალური ტემპერატურის ფონზე ხანგრძლივდება ესა თუ ის სიმპტომი - ხველა ან სურდო. ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ; რაც უფრო ადრე დაისმება ზუსტი დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა, მით უფრო სწრაფად გადავა ბავშვი ჯანმრთელი ბავშვების კატეგორიაში.
ასევე პირობითია ხშირი ავადობის განსაზღვრის სიხშირე. ზოგი ბავშვისთვის თუ სეზონზე 2-3-ჯერ გაციება ითვლება ნორმად, ზოგისთვის - 6-7-ჯერ.
- რისი ბრალია, ბავშვი ხშირად რომ ავადმყოფობს?
- მცირე ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია. ამ ფონზე ხელშემწყობ როლს ასრულებს მრავალი ფაქტორი. საბოლოო ჯამში, ხშირი ავადობა დამოკიდებულია იმაზე:
- დადის თუ არა პატარა საბავშვო დაწესებულებაში - ბაგა-ბაღში, ბაღში;
- ყოველდღე გაგყავთ თუ არა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ;
- იზოლირებულია თუ არა ინფექციებისგან;
- იზრდება თუ არა არახელსაყრელ სოციალურ და გარემო პირობებში და სხვა.
ჩაითვლება თუ არა ესა თუ ის ბავშვი ხშირად მოავადედ, ეს მისმა პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით. ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა: ბავშვს პატარაობიდანვე უნდა შევუდგინოთ ერთგვარი ჯანმრთელობის პროგრამა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს "სასწაულმოქმედი" პრეპარატების გამოყენებას.
ჯანმრთელობის პროგრამა მოიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლებიც არა მხოლოდ ბავშვმა, მისი ოჯახის წევრებმაც უნდა გაითვალისწინონ. სახელდობრ:
1. ცხოვრების წესი და სრულფასოვანი კვება. მიაჩვიეთ ბავშვი ცხოვრების ჯანსაღ წესს: სწორ კვებას, სუფთა ჰაერს, ამინდის შესაბამის ჩაცმას (მეტისმეტად ნუ ჩაათბუნებთ, ნურც, პირიქით, შილიფად ჩააცმევთ), დროულ დასვენებასა და ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას. ავადმყოფობის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს.
2. ადეკვატური მკურნალობა. ბოლო დროს იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზებს დაემატა ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად), ვიტამინების კომპლექსებისა და თანამედროვე ფარმაცევტული წარმოების სხვა მიღწევების მასობრივი გამოყენება. თავისთავად ვიტამინები ცუდი არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სასწაულმოქმედი ტაბლეტები არ არსებობს და არც ვიტამინების მიღებას აქვს აზრი, თუ არ შეიცვალა გარემო, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე. არ დაივიწყოთ: ვიტამინების კომპლექსი - სამკურნალო პრეპარატია, რომლის გადაჭარბებული მიღება საზიანოა.
3. ინფექციებთან კონტაქტის თავიდან აცილება. უპირველეს ყოვლისა, თავი არიდეთ ინფექციის მატარებელთან კონტაქტს. ყოველი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაღაზიასა თუ პოლიკლინიკაში ვიზიტი, საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერი ადგილის (თეატრის, კაფეს) სტუმრობა, წვეულებაზე ყოფნაც კი ზრდის რესპირაციული ინფექციით დასნებოვნების ალბათობას. თუ ბავშვი სკოლაში ან ბაღში დადის, ესეც დიდი რისკია, მაგრამ მას წინ ვერ აღვუდგებით. აქ უკვე თვით იმ მშობლის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დგას, რომელიც ავადმყოფ შვილს სკოლასა თუ ბაღში უშვებს და ამით სხვებსაც უქმნის საფრთხეს.
4. ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე უდიდეს გავლენას ახდენს ოჯახის დანარჩენი წევრების ჯანმრთელობა. თუ მათ ქრონიკული ავადმყოფობა აქვთ და არ მკურნალობენ, ეს საფრთხეს უქმნის პატარას, გახდეს ხშირად მოავადე ბავშვი.
5. მავნე ჩვევებთან ბრძოლა. ოჯახში არსებულ რისკფაქტორებს ეკუთვნის თამბაქოს წევაც. როცა ოჯახის წევრები ეწევიან, ბავშვი პასიური მწეველი ხდება. იგი გამუდმებით ჩაისუნთქავს ნიკოტინის გამონაბოლქვს, განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, ეს კი არამარტო სასუნთქ სისტემას ვნებს.
ალბათ, უხერხულია, მაგრამ მაინც ღირს ოჯახის წევრების პირად ჰიგიენაზე საუბარი - მას, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვს ბავშვთან, შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, რომ ხელები რეგულარულად იბანოს, შინ დაბრუნებისას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოიცვალოს და სხვა.
ხშირად გაანიავეთ ოთახი, ერიდეთ სტუმრიანობას, ხმაურს, მიეცით შვილს ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითი. კვებეთ ზომიერად, სრულფასოვნად, მიაჩვიეთ მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვას.
- როგორ მოვაძლიეროთ ორგანიზმი?
- მშობელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: ზამთარი თუ გავიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს რესპირაციული ვირუსი აღარ შეხვდება. სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა.
გამოგადგებათ რამდენიმე რჩევა: დავანოტივოთ ლორწოვანი გარსები. როგორც ცნობილია, სასუნთქი გზების ვირუსი ორგანიზმში ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსებიდან იჭრება. სწორედ აქ მდებარეობს თავდაცვის პირველი საფეხური - ნერწყვი, ნახველი და ცხვირის გამონადენი. ყველა ამ სითხეს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, შეიცავს იმუნურ ცილებს და ხელს უშლის ვირუსებსა და მიკრობებს, დასახლდნენ ლორწოვანზე და მის შიგნითა შრეებში შეიჭრან. როცა ამა თუ იმ მიზეზით ცხვირ-ხახის ლორწოვანი გამომშრალია, ადგილობრივი იმუნიტეტი აღარ მუშაობს და ვირუსი უფრო ადვილად იჭრება ორგანიზმში. ამიტომ ისეთ ოთახში დიდხანს ყოფნა, სადაც ჰაერი გამომშრალია, ბავშვისთვის საზიანოა, ვირუსისთვის კი ხელსაყრელი.
ლორწოვანის გამოშრობას იწვევს არასაკმარისი ოდენობის სითხის მიღება (მით უმეტეს, როცა მშობელი ბავშვს მეტისმეტად თბილად აცმევს), დაბინძურებული ჰაერი, დარღვეული კვების რეჟიმი. როცა ბავშვი მუდმივად რაღაცას ღეჭავს (მაგალითად, მატყუარას, საღეჭ რეზინს), ნერწყვი თავის გამაუვნებლებელ თვისებებს კარგავს.
გამოვიყენოთ იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებებიც. ვგულისხმობთ თანამედროვე, ბალანსირებულ ვიტამინმინერალურ კომპლექსს ასაკის შესაბამისად. თუ იმუნოსტიმულატორების, იმუნომოდულატორების მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, თვითნებურად ნურაფერს მისცემთ ბავშვს.
თუ ბავშვი ალერგიული არ არის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგია თაფლისა და დინდგელის გამოყენება. ინფექციებისადმი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აძლიერებს სხვადასხვა ბალახის ნაკრები, მიქსტურა, ნაყენი. ასეთებია, მაგალითად, ყველასთვის ცნობილი ჟენ-შენი, ექინაცეა, ელეუტეროკოკი, ალოე, ჭინჭარი. სპეციალისტის აზრი მათი შერჩევის დროსაც გაითვალისწინეთ.
გაციების პროფილაქტიკის ინტენსიური საშუალებაა იმუნიტეტის ადგილობრივი სტიმულატორები: წვეთები, სპრეი, კაფსულები, ტაბლეტები, რომლებიც ბაქტერიული უჯრედების ნაწილაკებს შეიცავს. ორგანიზმში მათი მოხვედრისას აქტიურად წარმოიქმნება დამცავი ნივთიერებები ნახველში, ცხვირიდან გამონადენში. ამ საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დროს.
- დაბოლოს, რით დააიმედებთ ხშირად მოავადე ბავშვის მშობლებს?
- თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, თითქოს ბავშვი ისე არ გაიზრდება, ავად არ გახდეს. თუნდაც ექიმმა თქვენი შვილი ხშირად მოავადეთა კატეგორიას მიაკუთვნოს, ფარ-ხმალს ნუ დაყრით. გააანალიზეთ, გამოიკვლიეთ ბავშვის გარემო და მიხვდებით მისი ხშირი ავადმყოფობის მიზეზს. ასე ექიმსაც გაუადვილებთ მის მკურნალობას და იმასაც შეძლებთ, შეცვალოთ ცხოვრების არასწორად ორგანიზებული წესი.
ყოველდღე დაალაგეთ ოთახი სველი წესით. ხშირად გაანიავეთ სახლი, განსაკუთრებით - ის ოთახი, სადაც ბავშვს სძინავს. ყოველდღე გაასეირნეთ პატარა სუფთა ჰაერზე. თუ სწორად, ამინდის შესაფერისად ჩააცმევთ, არ გაცივდება.
შეუდგინეთ კვების წორი რეჟიმი, უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სითხით. თუ ავადმყოფობის ნიშნები გამოაჩნდა, დროულად მიმართეთ ექიმს, ნუ ეცდებით თვითმკურნალობას.