სასუნთქი სისტემის დაავადებები და სამკურნალო ფიზკულტურა

ყოველივე ეს შესაძლებელია და ამაში სამკურნალო ფიზკულტურა დაგვეხმარება. გვესაუბრება პედიატრი ქეთევან გავაშელი:
- სამკურნალო ფიზკულტურა სასუნთქი სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის აუცილებელი ნაწილია. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ცხოველქმედებას.
თუ ტანვარჯიში რეგულარულია, ბავშვს იმუნიტეტი უძლიერდება და იშვიათად ავადმყოფობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, მაგალითად, ბრონქული ასთმის დროს. ადრეულ ასაკში ხშირი გაციების მიზეზია სასუნთქი სისტემის აგებულების თავისებურება და არასწორი სუნთქვა. სამკურნალო ფიზკულტურა ორგანიზმს აირთა ცვლასა და ფილტვების სისხლით უკეთ მომარაგებაში, სუნთქვის სწორი რიტმისა და ტემპის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
- უმთავრესად რომელი ნიშნებით ვლინდება სასუნთქი სისტემის დაავადებები?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ეს ნიშნებია:
- სურდო;
- ცემინება;
- ყელის სიმშრალე;
- ხმის ტემბრის შეცვლა;
- ხველა;
- ქოშინი.
ყოველივე ამას არცთუ იშვიათად ერთვის ტემპერატურის მომატება, ბავშვი ადვილად იღლება, გაღიზიანებულია, იტკივებს თავს. ხშირად მოავადე ბავშვი, წესისამებრ, ცუდად სწავლობს, დარღვეული აქვს ტანადობა, ფიზიკური განვითარებით ჩამორჩება თანატოლებს. სასუნთქი სისტემის დაავადებების ყველაზე ხშირი სიმპტომია ხველა. ხველა - ეს არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია, რომელიც სტიმულს იძლევა ბრონქების გასუფთავებისთვის. ხველას სხვადასხვა ხასიათი აქვს. როცა იგი ხანმოკლეა და არ მეორდება, საშიში არაფერია. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი დღეში საშუალოდ ათჯერ წამოახველებს. თუ ხველა ხანგრძლივია ან შეტევითი, ეს უკვე დაავადებაზე მეტყველებს.
- რა და რა სახის ხველა არსებობს და რა შემთხვევაში მიუთითებს იგი ავადმყოფობაზე?
- პროდუქტიულობის თვალსაზრისით ხველა შეიძლება იყოს მშრალი და სველი (ნახველიანი), ხანგრძლივობის მიხედვით კი მწვავე (ხანმოკლე) და ქრონიკული.
მშრალი ხველა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთების საწყის სტადიაში წარმოიშობა. მშრალი, მყეფავი ხველისას სახმო იოგები ზიანდება და ავადმყოფს ხმის ტემბრი ეცვლება.
სველი ხველა მთავრდება ნახველის გამოყოფით, რაც ავადმყოფს შვებას ჰგვრის. ასეთი ხველა ახასიათებს ქრონიკულ პნევმონიას, რომელიც უმთავრესად მოზრდილ ასაკში გვხვდება.
ბავშვებში პნევმონია ძირითადად მწვავედ მიმდინარეობს. შეტევითი სპაზმური ხველა ბრონქების დაზიანებაზე მეტყველებს. მაგალითად, ობსტრუქციული ბრონქიტის ან ბრონქული ასთმის დროს ხველა მსტვენია. ღრმა ჩასუნთქვისას ხველა პლევრის გაღიზიანებაზე მეტყველებს. მას თან სდევს ტკივილი გვერდში, დაზიანებული პლევრის მხარეს.
გახანგრძლივებული (ორ კვირაზე ხანგრძლივი) ხველა გვხვდება ვირუსული ტრაქეობრონქიტის დროს, ასევე - მწვავე რესპირატორული დაავადების გადატანის შემდეგ. ასეთი ხველა ხველის რეცეპტორების ვირუსით გაღიზიანების შედეგია.
არსებობს ხველა ფიზიკური დატვირთვის დროს. იგი წარმოიშობა ბრონქული ასთმის დროს ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის გამო.
ფსიქოგენური ხველა ბავშვის რეაქციაა ოჯახსა თუ სკოლაში არსებულ სტრესულ სიტუაციებზე. ხშირად მას ტიკის ხასიათი აქვს.
საკვების მიღების დროს ხველა ყლაპვის პროცესის დარღვევის ან საყლაპავის არასწორი მუშაობის გამო წარმოიშობა. უკანასკნელ შემთხვევაში ხველას თან სდევს უხვი ქაფიანი ნახველის გამოყოფა. ასეთ დროს საჭიროა საყლაპავის კონტრასტული გამოკვლევა.
ხველა ღამის საათებში სინუსიტს, ადენოიდიტს, ცხვირით სუნთქვის დარღვევას ახასიათებს და მკურნალობას მოითხოვს. პირით სუნთქვის გამო შრება ლორწოვანი გარსები. ლორწო შესაძლოა მოხვდეს ხორხში. საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის დროს ხველა კუჭის შიგთავსის ყელში მოხვედრის შემთხვევაში ვითარდება. ბრონქული ასთმის დროს შეტევები გამთენიისას მძაფრდება, ძლიერდება ბრონქოსპაზმი.
ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს ნახველი ლორწოვანი და გამჭვირვალეა. დაავადების მწვავედან ქრონიკულ ფორმაში გადასვლისას იგი ჩირქოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. უხვი ნახველი დილის საათებში ბრონქოექტაზიური დაავადების კლასიკური ნიშანია, მწებავი ნახველი კი მუკოვისციდოზის მანიშნებელია.
ტუბერკულოზით დაავადებულები უჩივიან მუდმივ (რამდენიმეკვირიან) ხველას ნახველით, ზოგჯერ - სისხლიანი მინარევით.
- როგორც ხველა, ცემინებაც თავდაცვითი რეაქციაა, თუმცა იგი მხოლოდ სასუნთქი სისტემის დაავადებაზე როდი მიგვანიშნებს...
- სასუნთქი გზების დაავადებების ერთ-ერთი პირველი ნიშანი ცემინებაა. როგორც წესი, მას თან სდევს სურდო. ხველის მსგავსად, ცემინებაც ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ცხვირის ლოროვანი გარსი ნორმაშიც კი ყოველ 10-20 წუთში გამოყოფს ცოტაოდენ ლორწოს. ანთების დროს სეკრეცია ძლიერდება, ცემინება კი ორგანიზმს ზედმეტი ლორწოსაგან ათავისუფლებს. ცემინებას თან სდევს ლორწოვანის სიმშრალე (ყელში ფხაჭნის შეგრძნება). ცემინება შესაძლოა გამოწვეული იყოს მწვავე რესპირატორული დაავადებით, ქიმიური გამღიზიანებლებით (სუნით) ან ალერგენით (მაგალითად, მცენარის მტვრით პოლინოზის დროს).