პროფესია და ცხოვრების წესი

ბევრმა არ იცის, რომ საოფისე სამუშაო ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. "მჯდომარე" პროფესიები მრავალი დაავადების მიზეზი გახლავთ. რომელი პათოლოგიებით შეიძლება დაგვასაჩუქროს პროფესიამ და როგორ გავხადოთ ის ნაკლებ საზიანო? ამ კითხვებზე ექიმი ირმა აბულაძე გვიპასუხებს.
- რომელი დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს პროფესია, რომელიც მჯდომარე ცხოვრების წესს მოითხოვს?
- უმთავრესად - კისრისა და გულმკერდის ოსტეოქონდროზისა. ცნობილია, რომ ოფისის მუშაკთა 87%-ს კისრისა და გულმკერდის სხვადასხვა სეგმენტის ოსტეოქონდროზი აღენიშნება. თავისა და ხელების იძულებითი პოზა იწვევს პერიფერიული ნერვებისა და კუნთების გადაძაბვას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, შედეგად კი ნევრალგიასა და ნევრიტს, მუდმივი ჯდომა - ბუასილს, ქრონიკულ ყაბზობას, პროსტატიტს. ხშირია მხედველობის დაქვეითება, ქვედა კიდურების ვარიკოზული გაგანიერება, ნერვული და გონებრივი გადაძაბვის გამო - ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ფსიქონევროზი.
ჯდომა ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. ის სხეულის ქვედა ნაწილში, კერძოდ, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას და სისხლის შეგუბებას იწვევს, შინაგან ორგანოებს სისხლი საკმარისად არ მიეწოდება და კვება აკლდება. იმავე დროს მათში დიდი რაოდენობით გროვდება მეტაბოლიზმის უვარგისი პროდუქტები, რომელთა უჯრედებიდან გამოტანა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო დროულად ვერ ხერხდება.
ამრიგად, მჯდომარე ცხოვრების წესი ზიანს აყენებს თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს. თუ რომელიმე თითზე მჭიდროდ მოვიჭერთ ხელს, ანუ ხელს შევუშლით მის ნორმალურ სისხლმომარაგებას, ის ჯერ გალურჯდება, მერე კი შესივდება. ასეთი რამ ხდება მთელ ორგანიზმში რამდენიმესაათიანი ჯდომის შედეგად. ყველაზე მეტად მცირე მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოები ზიანდება, განსაკუთრებით კი ქვედა კიდურების ვენები, რომლებსაც ამ მდგომარეობაში უჭირთ ჭარბი სისხლის გულისკენ უკუდენა.
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და მუცლის ღრუს გამუდმებით არაბუნებრივ პოზაში ყოფნა სერიოზულ ზიანს აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას: ნელდება საკვების მონელება, მცირდება მისი ეფექტიანობა, ძნელდება ნაწლავებში საკვების გადაადგილება, უარესდება იმ ჯირკვლების მუშაობა, რომლებიც საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. საკვების არასათანადო მონელება ყაბზობას, აირების დაგროვებას და ზოგად მოთეთილობას იწვევს.
არანაკლები ზიანი ადგება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, კერძოდ, ხერხემალს. არადა, ის სხვებზე გაცილებით ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. საგრძნობლად ფერხდება სასუნთქი სისტემის მუშაობაც - სუნთქვა ზედაპირულია, ადამიანი ბოლომდე ვერ იყენებს ფილტვების სასუნთქ ტევადობას.
- როგორ მოვიქცეთ?
- პროფესიის შეცვლა ძნელია, ამიტომ უმჯობესია, იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე პროფესიიდან მომავალი საფრთხე. პირველი მიზეზი სისხლის შეგუბებაა, რომლის შემცირებაც მინიმუმამდეა შესაძლებელი მოძრაობით და ერთგვაროვანი პოზის შეცვლით. ნახევარ საათში ერთხელ 5 წუთით მაინც უნდა შეიცვალოთ სხეულის პოზა, ჩვეულებრივ ორგანიზმი თავად გკარნახობთ, როგორი მდგომარეობაა მისთვის მოცემულ მომენტში ყველაზე ხელსაყრელი.
ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას სწორად უნდა იჯდეთ: სკამი ან სავარძელი ავტომობილის სკამის მსგავსი უნდა იყოს: საჯდომი ნაწილი საშუალო სირბილის, საზურგე კი უნდა იმეორებდეს სხეულის კონტურებს. შეარჩიეთ საოფისე ტიპის სკამი და სავარძელი, რომელსაც აქვს საჯდომი ნაწილის ასაწევ-დასაწევი და საზურგის დახრის მექანიზმი. სავარძელს უნდა ჰქონდეს ნახევრად რბილი სახელურები, რომლებიც კომპიუტერის კლავიატურის სიმაღლეზე იქნება.
თუ პროფესია ხშირად წამოდგომას მოითხოვს, უმჯობესია, სავარძელი გორგოლაჭებიანი იყოს, რადგან ამ შემთხვევაში სწორად წამოდგომა სწორად ჯდომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
- სპეციალისტები ამბობენ, რომ მჯდომარე სამუშაოს ნეგატიური შედეგების შემცირება სამუშაო ადგილის სწორი ორგანიზებითაც არის შესაძლებელი...
- ოფისში მომუშავეთა უმრავლესობას შრომა კომპიუტერთან უწევს. მასთან ურთიერთობის მოგვარებაში კომპიუტერული ჰიგიენა დაგეხმარებათ:
- კომპიუტერი პირდაპირ უნდა დაიდგათ. ეს აუცილებელია არა მხოლოდ ხერხემლისთვის, არამედ კისრის კუნთებისთვისაც, რომლებსაც ძლიერ უჭირთ, როდესაც მათ მფლობელს თავი მუდმივად გვერდზე მდგარი ეკრანისკენ აქვს მიბრუნებული.
- მონიტორის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, უნდა იყოს უსაფრთხო, დიაგონალი - 17 დუიმი, გარჩევადობა – მინიმუმ 1024X768 პიქსელი 80-100-ჰერციანი რეჟიმის დროს.
- მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სინათლის სხვა წყაროს (ფანჯრიდან შემოსულ სინათლეს, ნათურას და სხვა). ის ყოველდღე უნდა გაწმინდოთ ანტისეპტიკური ხსნარით.
- მონიტორის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს მკვეთრად კონტრასტული - მეტისმეტად ძლიერი ან სუსტი. დაუშვებელია კომპიუტერთან მუშაობა მაგიდის ნათურით განათების პირობებში.
- 30 წუთში ერთხელ აუცილებელია 2-3-წუთიანი შესვენება.