დიარეა ბავშვებში
მწვავე დიარეა, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება და გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციით. ამას გარდა, მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს:
- მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატების მიღებამ;
- ანტიბიოტიკების მიღებამ;
- ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა;
- ციტომეგალოვირუსულმა ინფექციამ;
- ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ;
- ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა;
- ფრუქტოზის ან ლაქტოზის აუტანლობამ;
- ლამბლიოზმა, სალმონელოზმა, როტავირუსულმა ან სტაფილოკოკურმა ინფექციამ;
- კვებითმა მოწამვლამ და სხვა.
ქრონიკული დიარეა უფრო გახანგრძლივებულია, შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა და მეტი. ის შეიძლება იყოს იერსინიოზის, ნაწლავის ჩხირის, მუკოვისციდოზის, ნაწლავთა ანთებითი დაავადებების, იმუნოდეფიციტის, ენდოკრინული დარღვევების ნიშანი.
- რა სიმპტომები ახასიათებს დიარეას?
- დიარეის ძირითადი სიმპტომია პოლიფეკალია და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება თხელი განავლოვანი მასებით, დღე-ღამეში 4-5-ჯერ და მეტად, რამაც შესაძლოა ბავშვის ორგანიზმში წყლის დეფიციტი გამოიწვიოს.
გადაუდებელ დახმარებას ითხოვს მდგომარეობა, როდესაც ბავშვს აღენიშნება:
- გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
- "ჩაცვენილი" თვალები;
- პირისა და კანის სიმშრალე;
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ყიფლიბანდის ჩავარდნა;
- ტირილის დროს ცრემლის გამოყოფის შემცირება.
- გახშირებული კუჭის მოქმედების გარდა, კიდევ რას უნდა მიექცეს ყურადღება დიარეის დროს?
- ცალკეული ვითარება მშობლისა და ექიმის სწრაფ ორიენტაციასა და რეაგირებას მოითხოვს. მაგალითად, თუ ბავშვს დიარეა მწვავედ დაეწყო, აქვს მუცლის კოლიკა, გულისრევა, ღებინება და სუბფებრილიტეტი, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ვირუსულ გასტროენტერიტთან. ეს მდგომარეობა ითხოვს პედიატრის დაუყოვნებლივ ჩარევას და სათანადო მკურნალობას.
თუ ბავშვი რაიმე პრეპარატს ღებულობს, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკს და მას დაეწყო დიარეა, უნდა ვიფიქროთ მედიკამენტის გვერდით ეფექტზე. პროფესიონალი მოახერხებს მკურნალობის კორექციას.
თუ დიარეა მწვავედ დაიწყო, თან ახლავს გულისრევა, ღებინება, სპაზმები, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ხოლო მსგავსი სიმპტომები ოჯახში სხვასაც აღენიშნება, სავარაუდოდ კვებით მოწამვლაზე უნდა ვიფიქროთ.
ასე რომ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებელია მშობლისა და ბავშვის ექიმის მჭიდრო და გააზრებული კონტაქტი.
- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს დიარეის დროს?
- აღსანიშნავია, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ბავშვი იღუპება დიარეის გართულებებით. მიზეზი კი ამ ქვეყნებში არსებული საკვების უკმარისობა, დაბინძურებული გარემო და სამკურნალო საშუალებების დეფიციტია. ამ გართულებათა რიგშია:
- გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) - ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ამ მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ჩვილები, რადგან გაცილებით ადვილად კარგავენ უჯრედშორის სითხეს, ვიდრე მოზრდილები;
- ჰიპოვოლემიური ან სეპტიკური შოკი - რაც საეჭვო ხდება მაშინ, თუკი ბავშვს გაუცივდა ხელ-ფეხი, დაეცვარა კანი, აღენიშნა ტაქიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- ჰიპოკალემია, ჰიპოკალცემია;
- კრუნჩხვები;
- სისხლდენა.
- როდის ხდება სიტუაცია საგანგაშო და სამედიცინო ჩარევა გადაუდებელი?
- გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს სიტუაცია, თუ ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას თან ახლავს ბავშვის:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა (38,50C და მეტი);
- მუცლის ძლიერი ტკივილი;
- სისხლიანი მინარევი განავალში;
- ძლიერი საერთო სისუსტე;
- შეუპოვარი ღებინება;
- ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
- თვალის სკლერებისა და კანის მოყვითალო შეფერილობა;
- გამონაყარი კანზე.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ნაწლავთა დისფუნქცია 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში. სხეულის მცირე მასის გამო ეს ბავშვები სწრაფად კარგავენ სითხეს და მათი მდგომარეობა მალე მძიმდება, სწრაფი რეაგირებაა საჭირო აგრეთვე კვებითი, მაგ. სოკოთი, მოწამვლის დროს.
- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს?
- უპირველესად საჭიროა დაავადების ანამნეზის გულდასმით შეკრება, ექიმის მიერ ბავშვის დათვალიერება და ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- განავლის საერთო ანალიზი;
- განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
- კოპროგრამა;
- განავლის ანალიზი პარაზიტულ დაავადებებზე;
- მუცლის ღრუს ექოსკოპია;
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და შემდგომი კვლევები, რაც სტაციონარულ მომსახურებას მოითხოვს.
- როგორია პროფილაქტიკა?
- პროფილაქტიკა უმთავრესად გულისხმობს:
- პირადი ჰიგიენის გულდასმით დაცვას;
- ინფექციური დაავადების მქონე პირთან კონტაქტის დროებით შეწყვეტას;
- ხილისა და ბოსტნეულის ხარისხიან გარეცხვას;
- მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვების მიღებას;
- უცხო ქვეყანაში ყოფნისას აუდუღარი წყლის, ასევე ნახევრად უმი თევზის ან ხორცის პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავებას;
- ოჯახში რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში, პერსონალური ჭურჭლით სარგებლობას.
- როგორ ვუმკურნალოთ დიარეას?
- ზოგადი რეკომენდაციით, აუცილებელია დიეტოთერაპია, ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვისგან თავის შეკავება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, ხოლო მძიმე პაციენტებისთვის - ინტრავენური ინფუზიები, ტკივილგამაყუჩებლები, ნაწლავის მოტორიკის მარეგულირებელი პრეპარატები, სორბენტები და სხვა.
საზოგადოდ კი, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა დიარეა საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომი აღმოჩნდეს, ამიტომ ექიმთან ვიზიტის დაყოვნება დაუშვებელია.