სკრინინგის პროგრამა კიბოს პრევენციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სკრინინგის პროგრამა კიბოს პრევენციისთვის

2009 წლის 21 იანვარს ევროპის პარლამენტის სამიტზე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამაგალითოდ აღიარეს და დააჯილდოეს სპეციალური პრიზით “სიბრძნის მარგალიტი”. 2008 წლის 26 დეკემბერს ეროვნულ სკრინინგცენტრს მიენიჭა “ქართული ხარისხის ნიშანი” და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება შეფასდა როგორც საუკეთესო. სადღეისოდ ეროვნული სკრინინგცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სკრინინგის პროგრამას. ის მოიცავს უფასო გამოკვლევებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის, ასევე - პროსტატის კიბოს რისკის მართვისთვის. საქართველოს განსაზღვრული ასაკის მოქალაქეებისთვის სკრინინგი უფასოა.

სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის ექიმი, მამოლოგი თამარ აბულაძე:

- რა ასაკის ქალებისთვის არის განკუთვნილი სარძევე ჯირკვლის სკრინინგის პროგრამა და რა გამოკვლევები ეკუთვნით მათ უფასოდ?

- ეროვნული სკრინინგცენტრი 2008 წლის 1 მაისს გაიხსნა. სკრინინგის პროგრამის სახელმწიფო დონეზე დანერგვა საქართველოში სწორედ მან დაიწყო, პროგრამის განხორციელების იდეა კი ეკუთვნის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს. სარძევე ჯირკვლის სკრინინგის პროგრამა განკუთვნილია 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის. პროგრამის ფარგლებში მათ უფასოდ ეკუთვნით მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია (სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ექოსკოპიური და ციტოლოგიური გამოკვლევაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს სარძევე ჯირკვლიდან აღებული ქსოვილის უჯრედულ დონეზე შესწავლა-შემოწმებას. თუ, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მსხვილნემსიანი ბიოფსია და უფრო ღრმა კვლევების ჩატარება, პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში იგზავნება. უკვე ექვსი წელია, სკრინინგის პროგრამა ფუნქციობს და დღეს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება-გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ აფხაზეთიდანაც ბევრი პაციენტი გვყავს. თავდაპირველად, როდესაც სკრინინგის პროგრამა ამოქმედდა, ქალები, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებდნენ მას, სადღეისოდ კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი პროგრამით გათვალისწინებულ კვლევებში და, შესაბამისად, მომართვიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალია. თბილისში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი (წერეთლის გამზირზე და ვარკეთილში არსებული ორი ფილიალი 12 ქვეკონტრაქტორთან ერთად) თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით. რეგიონებში კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი (23 ქვეკონტრაქტორთან ერთად), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. საზოგადოდ, ქართველ ქალებში ძალიან ამაღლდა ექიმთან მიმართვისა და გასინჯვის კულტურა. ამდენად, მუშაობის ტემპი არათუ შენელდა, გაიზარდა კიდეც. მაღალი მომართვიანობისა და გაზრდილი მომსახურების გამო შაბათსაც კი გვიწევს მუშაობა. თუ ქალი ჯანმრთელია, განმეორებითი უფასო გამოკვლევისთვის ორი წლის შემდეგ ვიბარებთ. ზოგიერთ ქალს კი, რადიოლოგიური კვლევის შედეგიდან გამომდინარე, ექვსი თვის შემდეგ უწევს მოსვლა. ქალბატონებს ისე კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ კვლევების მნიშვნელობა, რომ დანიშნულ დროს აუცილებლად მოდიან. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეულ სტადიებზე გამოვლენისთვის, ადრეული გამოვლენა კი გადამწყვეტია მკურნალობისთვის, რადგან ადრეულ სტადიებზე კიბოსგან განკურნების მაჩვენებელი მაღალია. სკრინინგის პროგრამამ არაერთი ქალი იხსნა სასიკვდილო განაჩენისგან. მისი წყალობით სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვლენა ძალიან ადრეულ სტადიაზეა (პირველი, მეორე ა და მეორე ბ სტადიები) შესაძლებელი. გვქონია შემთხვევები, როდესაც ნულოვან სტადიაზეც კი გამოგვივლენია პათოლოგია. ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს ქალებისთვის რჩევებითა და რეკომენდაციებით, გამოცემულია ბუკლეტები, რადიოთი თუ ტელევიზიით პერიოდულად გადაიცემა ინფორმაცია იმის თაობაზე, როდის უნდა მიმართოს ქალმა ექიმ მამოლოგს, რატომ არის აუცილებელი სკრინინგის პროგრამაში ჩართვა, როგორ უნდა აწარმოოს სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა და რომელ ნიშნებზე გაამახვილოს ყურადღება. ყველა სარეკომენდაციო ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ინფორმირებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის ექიმი გინეკოლოგი, მე-8 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მეან-გინეკოლოგი ნანა ძამაშვილი:

- ქალბატონო ნანა, რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა და სახელდობრ, რომელი გამოკვლევები ტარდება უფასოდ?

- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართულნი არიან 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალები. მათ უფასოდ უტარდებათ საშვილოსნოს ყელის პაპ-დიაგნოსტიკა ანუ PAP-ტესტი, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანებებისა და ბრტყელი ეპითელიუმის ინვაზიური კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით. ანალიზისთვის ნაცხის აღება ხდება საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და საშვილოსნოს ყელის არხიდან. ვიღებთ ეპითელიუმის უჯრედებს, რომლებიც გადაგვაქვს სასაგნე მინაზე და მიკროსკოპის ქვეშ ვათვალიერებთ. დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად ტარდება კოლპოსკოპიური კვლევა და თუ კოლპოსკოპიურადაც დადასტურდა დაზიანება, კეთდება ბიოფსია დაზიანებული უბნიდან. ყველა ეს გამოკვლევა პროგრამაში ჩართულ ქალებს უფასოდ უტარდებათ. ეს ეხება როგორც თბილისის, ისე რეგიონის მოსახლეობასაც. დადებითი პასუხი შეიძლება იყოს შემდეგი ინტერპრეტაციით:

  • ASCUS, რაც გულისხმობს ატიპურ ბრტყელ ეპითელიოციტებს უცნობი მნიშვნელობის ატიპიით. დაზიანების ეს ხარისხი უმეტესად ბრუნდება ნორმულ მდგომარეობაში;
  • LLSIL - დაბალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება - ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული უჯრედული ცვლილებები, მსუბუქი დისპლაზია ჩIN1;
  • HSIL - მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება - მოიცავს ზომიერ დისპლაზიას ჩIN2 და მძიმე დისპლაზიას ჩIN3;
  • დაბოლოს, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა - საშვილოსნოს ყელის კიბო.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობის გარეშე ჩIN1 და ჩIN2 დაზიანებათა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეიძლება მიაღწიოს ინვაზიურ კიბოს.


- ამრიგად, პაპილომავირუსული ინფექცია ყოველთვის არ იწვევს სიმსივნურ პროცესს. რა მასშტაბის რისკზეა ასეთ დროს საუბარი და რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა, რომელთა PAP-ტესტის პასუხიც დადებითი აღმოჩნდება?

- პაპილომავირუსი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ინფექციის პიკი მოდის მოზარდებსა და ადრეული რეპროდუქციული ასაკის ქალებზე (16-30 წელი). პაპილომავირუსის 100-მდე ტიპი არსებობს. 30 მათგანი ტროპულია გენიტალური ტრაქტის მიმართ. განასხვავებენ დაბალი და მაღალი რისკის ტიპის ვირუსებს. დაბალი რისკის ვირუსები იწვევს CIN1 ხარისხის დაზიანებას და გენიტალურ კონდილომებს. მაღალი რისკის ვირუსებიდან ონკოაგრესიულია 13 ტიპი. დანარჩენ ტიპებს უკავშირდება ე.წ. კეთილთვისებიანი პათოლოგიები - კონდილომების, პაპილომების განვითარება და სხვა. საზოგადოდ, პაპილომავირუსული ინფექცია იწვევს როგორც კიბოსწინარე პათოლოგიებს, ასევე დასაბამს აძლევს საკუთრივ სიმსივნურ პროცესს. რა თქმა უნდა, პაპილომავირუსის გამოვლენა ყოველთვის არ არის სიმსივნური პროცესის დასტური. კიბოს ჩამოყალიბებას საკმაო ხანი სჭირდება, ამიტომაც ნორმის მქონე (უარყოფითი პასუხის შემთხვევაში) პაციენტებმა სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ საკონტროლო კვლევა, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, კოლპოსკოპიური კვლევა ტარდება და თუ ამ მეთოდითაც დადასტურდა დაზიანება, კეთდება ბიოფსია დაზიანებული უბნიდან. ამგვარად განისაზღვრება, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ქალმა საკონტროლო გამოკვლევა. მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს, თუ ერთხელ ჩაიტარა გამოკვლევა და არაფერი გამოუვლინდა, სამუდამოდ დაზღვეულია - განმეორებითი გამოკვლევები აუცილებელია, რათა ცხოვრების რომელიმე ეტაპზე არ გამოგვეპაროს პათოლოგიური პროცესი.

- პირიქითაც ხომ ხდება - ქალს არ უდასტურდება პაპილომავირუსული ინფექცია, მაგრამ სიმსივნითაა დაავადებული?

- თუ ქალს საშვილოსნოს ყელის კიბო აღმოაჩნდება, აღარც PAP-ტესტს და აღარც სხვა გამოკვლევას აღარ აქვს აზრი. ასეთ პაციენტს პირდაპირ ვგზავნით ონკოლოგიურ კლინიკაში, რომელსაც თავად აირჩევს. პაპ-ტესტის ჩატარებამდე, საშვილოსნოს ყელის დათვალიერებით, უკვე ჩანს, ჩამოყალიბებული კიბოა ეს თუ რომელიმე სხვა, მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მაგალითად, ეროზია ან წყლული. საშვილოსნოს ყელის მსუბუქი დაზიანებების შემთხვევაში PAP-ტესტის პასუხი ზოგჯერ უარყოფითია. ამ შემთხვევაში სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი ნაკლებია, ამიტომ ქალს ვურჩევთ, სამ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს საკონტროლო გამოკვლევა. ეროზია და წყლული კიბოსწინარე პათოლოგიებად მიიჩნევა, ამიტომ მათაც სჭირდება დროული მკურნალობა და, რაც მთავარია, მუდმივი კონტროლი, რომ რომელიმე ეტაპზე კიბოდ არ გადაგვარდეს.

- როდის უნდა მიაკითხოს ქალმა ექიმს?

- ჩვეულებრივ, სკრინინგი ჯანმრთელი მოსახლეობის შემოწმება-გამოკვლევას გულისხმობს, მაგრამ მოგვმართავენ ისეთი ქალებიც, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი გამონადენი საშოდან. მათ დიდ ნაწილს ესა თუ ის ინფექცია (არა პაპილომავირუსული, არამედ სხვა) უდასტურდება. საზოგადოდ, თუ პაციენტი უჩივის კონტაქტურ (სქესობრივი კავშირის დროს) სისხლდენას ან სისხლიან გამონადენს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. საყურადღებოა აგრეთვე გახანგრძლივებული სისხლდენა რეპროდუქციული ასაკის ქალებთან, სისხლიანი გამონადენი ასაკოვნებთან.

- მენსტრუალური ციკლის რომელ დღეს ჯობს PAP-ტესტის ჩატარება? რა უნდა გაითვალისწინონ გამოსაკვლევად მოსულმა ქალებმა?

- PAP-ტესტისთვის ნაცხის აღება უნდა მოხდეს შუალედში, როდესაც მენსტრუაციის დასრულებიდან გასულია, სულ მცირე, 4-5 დღე და მომდევნო მენსტრუაციამდე 4-5 დღე მაინცაა დარჩენილი. თუ ქალმა ახლო წარსულში იმშობიარა, მშობიარობიდან 5 თვე მაინც უნდა იყოს გასული. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ საშვილოსნოს ყელმა აღიდგინოს უჯრედული სტრუქტურა და ფუნქცია. ზოგჯერ ისეთი ქალებიც მოგვმართავენ, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით დიაგნოსტიკური გამოფხეკა აქვთ ჩატარებული. მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ პაპ-დიაგნოსტიკის სათანადოდ ჩასატარებლად გამოფხეკიდან ერთი სრული თვე მაინც უნდა იყოს გასული, ხოლო თუ ქალს გადატანილი აქვს კრიოდესტრუქცია (ე.წ. მოყინვა), ელექტროკოაგულაცია (დენით მოწვა) ან ლაზეროვაპორიზაცია (ლაზერით მოწვა), სასურველია, გასული იყოს 2-3 თვე.

- დასასრულ, რას ურჩევთ ქალებს?

- უპირველესად, გადალახონ შიში, ერთგვარი კომპლექსი და დროულად ჩაერთონ სკრინინგის პროგრამაში. ხშირად გვესმის: არაფერი მაწუხებს, რომ მივიდე და რაღაც აღმომაჩნდეს, ხომ გული უნდა გამისკდესო. მათ, ვინც ამის გამო არიდებს თავს ექიმთან ვიზიტს, მინდა ვუთხრა, რომ, ძუძუს კიბოს მსგავსად, საშვილოსნოს ყელის კიბოც მანამდე არ ვლინდება, სანამ სავალალო მდგომარეობას არ მიაღწევს, ამიტომ უმჯობესია, დროულად გამოვავლინოთ და დროულადვე აღმოვფხვრათ რაციონალური მკურნალობით.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური პათოლოგიის, სახელდობრ, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას პაპილომავირუსულ ინფექციასთან ერთად უამრავი სხვა ფაქტორიც უწყობს ხელს, მათ შორის - სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება, რამდენიმე პარტნიორის ყოლა, თამბაქოს წევა, მრავლობითი მშობიარობა, კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) ხანგრძლივი (წლობით) მოხმარება, გენიტალური ინფექციებით ხშირი ავადობა, ამიტომ ყველას ვურჩევ, მეტი ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობას და მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.