დაიცავით თავი კიბოსგან
გთავაზობთ ონკოლოგთა რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ თავი ავთვისებიანი წარმონაქმნებისგან და შევამციროთ კიბოთი დაავადების რისკი. კიბოს პროვოცირებას უწევს:
- მემკვიდრეობა;
- გარემო;
- ქიმიური ფაქტორები (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამკურნალო პრეპარატები);
- ფიზიკური ფაქტორები (ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვა);
- ბაქტერიები, ვირუსები;
- სტრესი;
- ქრონიკული გადაღლა;
- იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორები;
- ქრონიკული დაავადებები;
- თამბაქო, ალკოჰოლი, ნერვული სისტემის მოშლილობანი, ძილის დარღვევები.
ეს ყველაფერი ძლიერ ამცირებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას, ამიტომ ასეთ პირობებში კიბოს წარმოშობის ალბათობა იმატებს.
კლინიკამდელი გამოკვლევები
არსებობს კვლევათა ეფექტური სისტემა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების კლინიკამდელ სტადიაში დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანს ჯერ კიდევ არაფერი აწუხებს. ამ სტადიაში აღმოჩენილი სიმსივნისგან განკურება გაცილებით ადვილია. დროულად უნდა ჩატარდეს ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილი ყველა სკრინინგული კვლევა. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მათ, ვისი პროფესიული საქმიანობა თუ ოჯახური მდგომარეობაც ხშირ სტრესს, ხანგრძლივ გაღიზიანებას უკავშირდება. ამ უკანასკნელის გავლენით ნორმალური უჯრედები რთულ მოდიფიკაციურ ცვლილებებს განიცდიან, რის შედეგადაც ყალიბდება სახეცვლილი ქსოვილი - სიმსივნე. სიმსივნური ქსოვილი ორგანიზმის ყველაზე სუსტ ადგილზე ვითარდება. არსებობს დიაგნოზი: კიბოსწინარე მდგომარეობა. ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. სიმსივნური ქსოვილის სრული ამოკვეთა შესაძლებელია მისი ადრეულ სტადიაში ამოჩენისას. კიბოს მკურნალობის მთავარ სირთულეს სიმსივნური ქსოვილის სხვა ორგანოებზე გავრცელება წარმოადგენს. კიბოსგან თავის დასაცავად აუცილებელია:
სხეულის მასის კონტროლი
25 წლის ასაკში არსებული წონის ცვლილება მომდევნო წლებში არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს, ანუ დასაშვებია მასის მხოლოდ 15%-იანი მატება ან კლება. ცხიმი ჰორმონაქტიური ქსოვილია, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, სინთეზში მონაწილეობს, მათი კონცენტრაციის მატება კი ზრდის სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, თირკმელების, წინმდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობას.
ვაქცინაცია
საჭიროა დროული ვაქცინაცია არსებული ვაქცინებით. დადასტურებულია, რომ 99,7%-ში საშვილოსნოს ყელის კიბო ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეულ ინფექციას უკავშირდება. საბედნიეროდ, არსებობს ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც, სასურველია, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ყველა გოგონამ ჩაიტაროს იმუნიზაცია.
კვება
ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მიიღოთ ჩ ვიტამინით რაც შეიძლება მდიდარი პროდუქტები - შავი მოცხარი, ციტრუსები, მწვანილი, წიწიბურა, ასევე - B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი სტაფილო, წიწაკა. იაპონელ მკვლევართა აზრით, ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას ხელს უშლის ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი, კიტრი, ოხრახუში, ნიახური, ბადრიჯანი, სტაფილო. ამრიგად, ყოველდღე მიირთვით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული; მარცვლოვნები და პარკოსნები. შეზღუდეთ რაციონში ხორცის, რაფინირებული ცხიმის, კონსერვების, შაშხის, სწრაფი კვების პროდუქტების წილი. თქვენს თეფშზე სამი წილი მცენარეული პროდუქტი უნდა იყოს, ერთი კი და ცხოველური წარმოშობის ცილა. თუ არჩევანი შესაძლებელია, ღორისა და ცხვრის ხორცს თევზი, ფრინველი და პარკოსნები ამჯობინეთ. გაითვალისწინეთ: საჭმლის მონელების პროცესში ხორცის გადამუშავებისას წარმოიქმნება კანცეროგენული თვისების მქონე ტრიპტოფანი, რომელიც ზრდის სწორი ნაწლავის კიბოს რისკს.