ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული გართულებები (გულისრევა და პირღებინება)
როგორია ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული გართულებების გამოვლინებები? როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ გართულებებს პაციენტი, როგორ შეასუსტოს მათი გამოხატულება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, ასევე კონკრეტულად, გულისრევისა და პირღებინების არიდების გზებზე გვესაუბრება ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ნადირაძე.
ბატონი ირაკლი ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა (1990 წ.) და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია (1999წ.); ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 190 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადების, ორი გამოგონებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.
-
ბატონო ირაკლი, ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული გართულებები განსაკუთრებულად აღელვებთ ხოლმე პაციენტებს და პრინციპში, ამ მიზეზით უარსაც კი აცხადებენ ქიმიოთერაპიაზე...
– პაციენტებს და მათ ნათესავებს ხშირად აინტერესებთ შესაძლო გართულებები, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტურ მკურნალობას უკავშირდება. კერძოდ, აინტერესებთ, გარდაუვალია თუ არა ამ გართულებების განვითარება ქიმიოთერაპიის დროს, როგორია მათი გამოვლინება და რამდენად მოსალოდნელია პაციენტის კონკრეტულ შემთხვევაში.
მკითხველს შესაძლოა არასასიამოვნოდ გაუკვირდეს, რომ მედიკამენტური მკურნალობა უკავშირდება სიმსივნის საწინააღმდეგო პრერატების გვერდითი მოქმედებით განპირობებულ გართულებებს. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი გართულებები არც ისე ხშირია. პაციენტთა უმრავლესობასთან ქიმიოთერაპიას თან ახლავს მხოლოდ უმნიშვნელო გართულებები. ბევრ შემთხვევაში კი ისინი საერთოდ არ ვითარდება.
-
პრეპარატზე დამოკიდებულებით წინასწარ თუ არის ცნობილი, რომელი გვერდითი ეფექტია მოსალოდნელი მკურნალობის პროცესში და როგორი შეიძლება იყოს მისი გამოხატულება?
– რა თქმა უნდა, გართულებათა გამოხატულება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ სიმსივნის საწინააღმდეგო რომელ პრეპარატებს გამოიყენებენ კონკრეტულ შემთხვევაში და როგორი რეაქციით უპასუხებს მკურნალობას პაციენტის ორგანიზმი. ამის შესახებ პაციენტმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს მკურნალ ექიმს, დააზუსტოს, რა გართულებებია ყველაზე სავარაუდო მის შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს მათი ხანგრძლივობა, რამდენად საშიშია ისინი და რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ გართულებების გამოვლინებათა მაქსიმალურად შესასუსტებლად.
პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების გამოვლინებათა უმრავლესობის წარმატებით დაძლევა შესაძლებელია!
-
რა არის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების არასასურველი გვერდითი მოქმედების მიზეზი?
– სიმსივნური უჯრედებისათვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა და შედარებით სწრაფი გაყოფა-გამრავლება. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები არა მხოლოდ ბლოკავენ ამ პროცესებს, არამედ იწვევენ ამ უჯრედთა შეუქცევად დაზიანებასა და სიკვდილს. თუმცა, ზოგიერთი ნორმალური უჯრედებიც ასევე სწრაფად იზრდებიან და იყოფიან. მაგალითად, ძვლის ტვინის, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის, რეპროდუქციული სისტემისა და თმის ფოლიკულების უჯრედები. ამიტომ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები ამ ნორმალურ უჯრედებსაც აზიანებენ, რაც ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებულ გართულებათა მიზეზია. ამ გართულებათა გამოვლინებებს მიეკუთვნება: გულისრევა და პირღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ანემია, გამელოტება, დაღლილობა-სისუსტე. ქიმიოთერაპიის გვერდითი მოქმედებით აიხსნება აგრეთვე, სისხლდენისა და ინფექციური გართულებების დიდი ალბათობა.
მკურნალობის პროცესს შეიძლება ისეთი არასასურველი შედეგებიც მოჰყვეს, როგორიცაა თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევები.
-
უსიამოვნო გამოვლინებებს შორის ხშირია გულისრევა და პირღებინება. შესაძლებელია თუ არა მათი არიდება?
– გულისრევა და პირღებინება შეიძლება კუჭის ლორწოვან გარსზე ან თავის ტვინის გარკვეულ სტრუქტურებზე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების არასასურველ მოქმედებას უკავშირდებოდეს. ავადმყოფებთან ამ რეაქციის გამოხატულება არაერთგვაროვანია და მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ქიმიოთერაპიული პრეპარატებია გამოყენებული.
ბევრ პაციენტს გულისრევა და პირღებინება საერთოდ არ აღენიშნება. ავადმყოფთა ნაწილი უჩივის ხანგრძლივ ზომიერ გულისრევას, ზოგიერთი კი აღნიშნავს ძლიერ, მაგრამ შედარებით ხანმოკლე გულისრევას, როგორც ქიმიოთერაპიის ჩატარების, ასევე მისი დამთავრების შემდეგ. გულისრევა და ზოგჯერ პირღებინებაც პაციენტს შეიძლება დაეწყოს უშუალოდ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალების შეყვანის შემდეგ, ან რამდენიმე საათში. არის შემთხვევები, როდესაც გულისრევა აწუხებთ ავადმყოფებს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის შეყვანის შემდეგ პაციენტს დაეწყო გულისრევა ან პირღებინება, აუცილებლად უნდა დაეკითხოს მკურნალ ექიმს.
თანამედროვე მედიცინის არსენალში არის მთელი რიგი სამკურნალო პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც ქიმიოთერაპიის მსვლელობისას შესაძლებელია გულისრევისა და პირღებინების არიდება ან მათი გამოხატულების ხარისხისა და ხანგრძლივობის შემცირება, თუმცა, ამ პრეპარატების ეფექტურობა სხვადასხვა პაციენტთან არაერთგვაროვანია. ზოგჯერ კი აუცილებელი ხდება რამდენიმე ამგვარი მედიკამენტის ერთდროული დანიშვნა.
ამიტომ მხოლოდ მკურნალ ექიმთან ერთად არის აუცილებელი ოპტიმალური გზის მოძებნა გულისრევისა და პირღებინებისაგან თავის დასაღწევად.
-
რა რეკომენდაციებს მისცემთ ონკოპაციენტებს გულისრევისა და პირღებინების ასარიდებლად ან შესასუსტებლად?
1) საჭმლის ყოველი მიღების დროს, ეცადეთ, ისეთი რაოდენობით მიიღოთ საკვები, რომ არ წარმოიშვას კუჭის გადავსების შეგრძნება. ჭამეთ ცოტ-ცოტა მთელი დღის განმავლობაში და არა ჩვეულებრივ, 3-4-ჯერ დღეში;
2) ეცადეთ, ასევე, მიიღოთ მხოლოდ რბილი საკვები;
3) ჭამეთ აუჩქარებლად, სითხე დალიეთ მცირე ყლუპებით;
4) ერიდეთ ტკბილ, ცხიმიან, ცხარე და ზედმეტად მარილიან საკვებს;
5) საჭმელი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და არა ცხელი;
6) საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად საკვები კარგად დაღეჭეთ;
7) საგულდაგულოდ დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა;
8) თუ დილით გაწუხებთ გულისრევა, ჯერ კიდევ საწოლიდან წამოდგომამდე ჭამეთ მცირე ოდენობით სიმინდის ჩხირები, მაგრამ ამას ნუ გააკეთებთ პირის ღრუში სიმშრალისას და მისი ლორწოვანი გარსის დაზიანებების არსებობისას;
9) ძლიერი გულისრევის შემთხვევაში დალიეთ გრილი, უშაქრო ხილის წვენი, მაგალითად, ვაშლის ან ყურძნის. თუ გაზიანი მინერალური სასმელის დალევა გინდათ, უნდა დაელოდოთ გაზის ბუშტუკების ბოლომდე გამოყოფას;
10) ზოგჯერ შეიძლება მოწუწნოთ ყინულის კუბურა ან მჟავე შაქარყინული, პირის ღრუ უნდა გამოივლოთ ლიმონიანი წყლით, მაგრამ ერიდეთ ყველაფერს მომჟავოს იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებული გაქვთ;
11) ერიდეთ სუნს, რომელიც ჩვეულებრივ თან ახლავს საჭმლის მომზადების პროცესს, სიგარეტის კვამლს, სუნამოს. ეცადეთ თავად არ მოამზადოთ კერძი და თუ ეს შეუძლებელია, მოამზადეთ ის წინასწარ, იმ დღის გათვალისწინებით, როდესაც გიწევთ სიმსივნის საწინააღმდგო პრეპარატების მომდევნო მიღება;
12) უშუალოდ ჭამის შემდეგ ნუ დაწვებით, იჯექით სავარძელში არანაკლებ 2 საათისა;
13) მაქსიმალურად ძლიერი გულისრევის დროს ეცადეთ, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, წაუძინოთ;
14) თუ გეუფლებათ გულისრევის შეგრძნება, ისუნთქეთ ნელა და აუჩქარებლად, გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა;
15) ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი;
16) ეცადეთ ყურადღება გადაიტანოთ არასასიამოვნო შეგრძნებისაგან, იურთიერთეთ მეგობრებთან, უსმინეთ მუსიკას, უყურეთ ტელევიზორს, იკითხეთ;
17) სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების წინ და შემდეგ, ერთი-ორი საათის განმავლობაში, ერიდეთ საჭმლისა და სითხის მიღებას;
18) გულისრევის ან პირღებინების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრეპარატების მიღების შემდეგ, 24-48 საათის განმავლობაში, ნუ მოგერიდებათ მკურნალ ექიმთან მიმართვა, ეცადეთ შეასრულოთ მის მიერ მოცემული რეკომენდაციები.