რა არის მასტოპათია და რას მოიცავს ძუძუს კიბოს პრევენციის პროგრამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის მასტოპათია და რას მოიცავს ძუძუს კიბოს პრევენციის პროგრამა

საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ამ დაავადებათაგანი ძუძუს კიბოსწინარე პათოლოგიად განიხილება.

ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის კი ძუძუს კიბო პირველ ადგილს იკავებს (მეორე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო). ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის აუცილებელი პირობა სწორედ კიბოსწინარე დაავადებების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობაა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ძუძუს დაავადებათა მკვეთრი გახშირება შეიმჩნევა. შესაბამისად, მასტოპათია თავისი არსითა და აქტუალობით გლობალური სამედიცინო პრობლემაა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ძუძუს კიბოს პრევენციის პროგრამა, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც ამოქმედდა. სწორედ ამ პროგრამის დეტალებსა და მასტოპათიის ძირითად საკითხებზე გვესაუბრება ეროვნული სკრინინგცენტრის ონკო-მამოლოგი თამარ აბულაძე:

- რომელ პათოლოგიებს მოიცავს მასტოპათია და რა ცვლილებები ვითარდება ძირითადად მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალში?

- მასტოპათია რეპროდუქციული ასაკის ქალებში დისჰორმონული ჰიპერსეკრეციის შედეგად მიმდინარე პროცესია. ის ძირითადად გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის (გამოყოფის), ენდოკრინული სისტემის ფუნქციისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება.

მასტოპათია უფრო ხშირად გვხვდება იმ ასაკში, როდესაც საკვერცხეები ყველაზე მეტად არის გააქტიურებული და პრეკლიმაქსურ (კლიმაქსისწინა, კლიმაქსამდელ) პერიოდში.

მასტოპათიები ორ ჯგუფად - დიფუზურ ფიბროზულ მასტოპათიებად და კვანძოვან ფიბროზულ მასტოპათიებად იყოფა. ხშირია ამ ორი ფორმის თანხვედრა.

დიფუზური მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალში შეინიშნება ტკივილისა და სისავსის შეგრძნება. ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ციკლური და უკავშირდებოდეს მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდს (ხშირად ის მენსტრუაციის დამთავრებისთანავე ქრება), ასევე არაციკლური ანუ არარეგულარული. გარდა ამისა, დიფუზური მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალში შეინიშნება უმნიშვნელო დიფუზური გამკვრივება, ქსოვილის მარცვლოვანება, პალპაციისას - მგრძნობელობის მომატება.

რაც შეეხება კვანძოვან მასტოპათიას, ამ დროს ძუძუს ქსოვილში მკვეთრად შემოფარგლული გამკვრივებული კვანძები ჩნდება. კვანძოვან წარმონაქმნებში ზოგჯერ ვითარდება პროლიფერაციული ცვლილებები (პროლიფერაცია უჯრედთა დაყოფის გზით ქსოვილის გამრავლებაა). მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პროლიფერაციული ცვლილებების ინტენსივობა წარმოადგენს განსაზღვრულ ეტაპს სიმსივნური ტრანსფორმაციის (ანუ გადაგვარების) გზაზე. დადგენილია კორელაცია (ანუ კავშირი) კიბოს განვითარების სიხშირესა და ეპითელიუმის პროლიფერაციის ხარისხს შორის.

ბანალური მასტოპათიების დროს კიბო 0,83%-ში ვითარდება, პროლიფერაციული მასტოპათიების დროს - 20%-ში, ხოლო უჯრედთა ატიპიით მიმდინარე პროლიფერაციული მასტოპათიის დროს (III ხარისხის დისპლაზია) - 31,4%-ში. ეპითელიუმის III ხარისხის დისპლაზიით მიმდინარე მასტოპათია მორფოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას კიბოსთან და მიკროსკოპიული გამოკვლევისას განიხილება როგორც კიბოსწინარე დაავადება, კიბოს თვალსაზრისით საეჭვო მდგომარეობა ან კიბოს შესაძლო დასაწყისი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფორმებისა, სარძევე ჯირკვალში გვხვდება ისეთი კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიც, როგორიც არის კისტა, ფიბროადენომა, დვრილის ადენომა, სადინარშიდა პაპილომა.

სადინარშიდა პაპილომისთვის დამახასიათებელია დვრილიდან სისხლიანი გამონადენი. ამ გამონადენის არსებობა აიხსნება ძუძუს მსხვილ სადინარებში მოპროლიფერირე ეპითელიუმის დვრილისებრი ან სოლიდური წანაზარდების განვითარებით.

სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა უმეტესად გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში გვხვდება. ის მკვრივი კონსისტენციის, სადაზედაპირიანი მოძრავი წარმონაქმნია. მოსალოდნელია განვითარდეს ან ერთ, ან ორივე ძუძუში.

რაც შეეხება ძუძუს კისტოზურ დაავადებას ანუ კისტოზურ მასტოპათიას, ის, ნეიროჰორმონული დარღვევების მრავალფეროვნების კვალობაზე, რამდენიმე ფორმას მოიცავს. ესენია:

1) გალაქტორეა, რომელსაც საფუძვლად უდევს მნიშვნელოვანი დისჰორმონული ცვლილებები საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის მხრივ. გამოიხატება უმთავრესად ჰორმონ პროლაქტინის პროლონგირებული (გახანგრძლივებული) და მომატებული სეკრეციით (გამოყოფით).

2) სარძევე ჯირკვლის მიკროკისტოზური დაავადება (რეკლიუ-შიმელბუშის დაავადება), რომელიც, წესისამებრ, ორმხრივია და ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კლინიკური და მორფოლოგიური სურათი. ამ პათოლოგიის დროს მიკროსკოპიულად გამოხატულია სარძევე სადინარების მიოეპითელური უჯრედების პროლიფერაცია – ჰიპერპლაზია.

3) რეტენციული კისტები - გლუვი კედლებით, პროლიფერაციული ზრდის გარეშე.

4) ღია კისტები - დვრილიდან ხსენისმაგვარი გამონადენით.

- თქვენ ბრძანეთ, რომ მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალში ხშირად ტკივილი აღმოცენდება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად სწორედ ტკივილის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი მეტისმეტად ღრმავდება და ქალი საკმაოდ გვიან აღმოჩნდება ხოლმე დაავადების შორსწასული ფორმის წინაშე...

- მასტოდინია ნამდვილად ცალკე და განსაკუთრებულად აღსანიშნავი სიმპტომია. უპირველეს ყოვლისა, მინდა მკითხველს ავუხსნა, რომ მასტოდინია არის მეტ-ნაკლებად ინტენსიური ტკივილის შეგრძნება სარძევე ჯირკვალში. ის დაავადების სიმპტომებს შორის შესაძლოა დომინანტურიც კი იყოს. ტკივილის ინტენსივობა სარძევე ჯირკვალში ზოგჯერ ძალიან მაღალ ხარისხს აღწევს. ამავე დროს მას თან ახლავს სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ფუნქციური ცვლილებები.

- გარდა ტკივილისა, რომელი სიმპტომის აღმოჩენისთანავე უნდა მიაკითხოს ექიმს ქალმა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება?

- დავიწყოთ იმით, რომ ქალი რეგულარულად უნდა იტარებდეს ძუძუს თვითგასინჯვას, თვითპალპირებას. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ყოველ თვე, მენსტრუაციის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს, უნდა ჩაიტარონ ეს პროცედურა, მენოპაუზის შემთხვევაში კი ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. ნებისმიერი წარმონაქმნის აღმოჩენისთანავე ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ მამოლოგს, რათა ჩაუტარდეს მამოგრაფიულ-ექოსკოპიური და, საჭიროებისამებრ, ციტოლოგიური გამოკვლევები.

შეგახსენებთ, რომ კომპლექსური დიაგნოსტიკის ეფექტურობა 98%-ია. ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კიბოსწინარე დაავადებების ადრეული გამოვლენა და მათი დროული მკურნალობა.


- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ მიზნით თბილისში მოსახლეობის მასობრივი სკრინინგი ("სკრინ" ინგლისურად გადარჩევას ნიშნავს) ტარდება. თუ შეიძლება, გვესაუბრეთ ამ პროგრამის დეტალებზე. რატომ გახდა აუცილებელი მისი განხორციელება?

- საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 800-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. ბოლო ხანს, მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, შეინიშნება მისი გაახალგაზრდავების ტენდენცია. დღესდღეობით სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციულ ღონისძიებად მიჩნეულია სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენას, აგრეთვე - კიბოსწინარე დაავადებების (ფონური ქრონიკული პროცესების) დროულ დიაგნოსტიკას.

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ადრეული გამოვლენის წყალობით აღნიშნული პათოლოგიებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შესამჩნევად იკლო.

თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებში განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები. პროგრამა ხორციელდება პირველი ლედის პატრონაჟით. პროგრამაში ჩართული ქალბატონებისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურება უფასოა. პროგრამა, სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისში იურიდიული საცხოვრებელი ადგილის მქონე ქალებისთვის არის განკუთვნილი. ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის მანდილოსნებს, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინიგი კი - 25-60 წლისებს. არსებობს პროგრამაში ჩართვის სამი ძირითადი გზა:

  • თვითდინებით;
  • წინასწარი ჩაწერით;
  • სხვა სამკურნალო დაწესებულებებიდან მომართვით (რეფერალი).

გამოკვლევა წარმოებს გუნდური პრინციპით. ქალს თავდაპირველად სინჯავს მამოლოგი. ყველა პროგრამულ პაციენტს უტარდება მამოგრაფიული კვლევა და სარძევე ჯირკვლის მდგომარეობის შეფასება ხდება BIRAD სისტემით. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ექოსკოპიური და ციტოლოგიური გამოკვლევები.

2008 წლის მაისიდან 2010 წლის ბოლომდე ეროვნულ სკრინინგცენტრში გამოკვლევა ჩაუტარდა 28256 ქალს, რომელთაგან 910 გაგზავნილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად. ცენტრის პრიორიტეტად მიიჩნევა ის, რომ პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს ძირითადად I, II ა, II ბ სტადიები ანუ ადრეული სტადიებია გამოვლენილი.

- მოდი, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებს დავუბრუნდეთ. რას მოიცავს ძუძუს კიბოს სკრინინგი?

- ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება მინიმალური, ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო დოზით ხდება. მამოგრაფია ძალზე ხანმოკლე პროცედურაა. ტარდება შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატის ქვეშ. პროცედურა უმტკივნეულოა, თუმცა თან სდევს უმნიშვნელო დისკომფორტი, რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და მამოგრაფიული კვლევის დასრულებისთანავე გაივლის.

- სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიურ და სხვა გამოკვლევებზე რას გვეტყვით?

- საზოგადოდ, ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ფართოდ გამოიყენება 35 წლამდე ასაკის ქალებში კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეული ფორმების სკრინინგისთვის. არსებობს დუქტოგრაფია, იგივე კონტრასტული მამოგრაფია, რომელიც ტარდება სადინარშიგა სიმსივნეზე ეჭვისას, პნევმოცისტოგრაფია, რომელსაც მიმართავენ კისტის კედლების კონტრასტირებისა და კისტის შიგნითა წარმონაქმნების ვიზუალიზაციისთვის.

განსაკუთრებით ღირებული ინფორმაციის მოპოვება შეიძლება სარძევე ჯირკვლის პუნქტატის კლინიკოციტოლოგიური გამოკვლევისას. მისი სიზუსტე ადრეულ სტადიებში 62%-ს აღწევს, საეჭვო შემთხვევებში - 22,8%-ს.

აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს ადრეული ფორმებისა და კიბოსწინარე დაავადებათა დიაგნოსტიკა კომპლექსურ გამოკვლევას ეფუძნება. როგორც მოგახსენეთ, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ქალბატონები იღებენ მამოლოგის კონსულტაციას და უტარდებათ მამოგრაფიული კვლევა. საეჭვო შემთხვევაში პაციენტს სპეციალიზებულ კლინიკაში ვგზავნით. კიბოსწინარე დაავადებების - კვანძოვანი მასტოპათიის, დვრილის ადენომის, კისტის, ფიბროადენომის დროს ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია ან სიმსივნის ენუკლეაცია (ამოკვეთა).

- ვინ შედის რისკჯგუფში და რა უნდა გაითვალისწინონ მათ?

- სკრინინგული პროგრამების რეალიზაციისას მნიშვნელოვანია სწორედ იმ კონტინგენტის გამოვლენა, რომელსაც ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი საფრთხე აქვს. რისკის ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:

  • მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში (12 წლამდე) დაწყება;
  • ნაგვიანევი მენოპაუზა (მენსტრუაციის შეწყვეტა 50 წლის შემდეგ);
  • აბორტები;
  • მშობიარობა გვიან ასაკში (ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ასევე, შედარებით მაღალი აქვთ არანამშობიარებ ქალებს);
  • ხანმოკლე ლაქტაცია ანუ ძუძუთი კვების ნაადრევად შეწყვეტა;
  • საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი დაავადება;
  • გენეტიკური განწყობა, ოჯახური ისტორია;
  • ძუძუს კიბო პირველი რიგის ნათესავებში (დედა, და, დეიდა).

რისკის ჯგუფში მყოფმა ქალმა წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ძუძუს კიბოს სკრინინგი. ყველა ქალს ვურჩევ, გულისყურით მოეკიდოს ძუძუში პათოლოგიური პროცესების მაუწყებელ ნიშნებს, მაგალითად, დვრილიდან გამონადენს (მით უფრო - სისხლიანს), ძუძუს დეფორმაციას. თვითგასინჯვისას ძუძუში ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მამოლოგს და აუცილებლად გაიაროს კონსულტაცია.


გთავაზობთ ეროვნული სკრინინგცენტრის მიერ

შემუშავებულ ძუძუს თვითგასინჯვის სქემასა და რეკომენდაციებს

ძუძუს კიბოს მკურნალობის ეფექტურობა მის ადრეულ გამოვლენაზეა დამოკიდებული. პირველი, რაც ამ სენის თავიდან ასაცილებლად შეიძლება გაკეთდეს, სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვაა.

როგორ ვაწარმოოთ თვითგასინჯვა?

  • ძუძუს თვითგასინჯვა რეგულარულად, ყოველთვიურად მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს აწარმოეთ, მენოპაუზის შემთხვევაში კი ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში.
  • თვითგასინჯვა უნდა ჩაიტაროთ მდგომარემ - სარკის წინ, შხაპის ქვეშ - ან ზურგზე მწოლიარემ.
  • პირველ რიგში აზღუდი (ბიუსტჰალტერი) დაითვალიერეთ. შესაძლოა, მასზე სისველე, დვრილიდან გამონადენის კვალი იყოს დარჩენილი.
  • გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუს დვრილები, ხომ არ შეინიშნება ჩაბრუნება, დაწყლულება, ფერის შეცვლა.
  • დაითვალიერეთ ძუძუს კანი, ხომ არ შეინიშნება მისი შეშუპება, შეჭმუხვნა, ფერის შეცვლა.

1. სარკის წინ

ყურადღებით დაითვალიერეთ მკერდი, ხომ არ შეინიშნება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია, თითოეული ძუძუს ფორმის, ზომის, კანის სტრუქტურის ან დვრილის ცვლილება (მაგალითად, ჩაბრუნება). ამ ნიშნების შემჩნევა შეგიძლიათ შემდეგი თანამიმდევრული მოქმედებების დროს:

  • ხელები ჩამოუშვით;
  • შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და მკერდის კუნთები;
  • ხელები გაშალეთ განზე;
  • ორივე ხელი კეფაზე შემოიწყვეთ;
  • დაიხარეთ 90 გრადუსით და კიდევ ერთხელ გულდასმით დაითვალიერეთ ორივე ძუძუ.

2. შხაპის მიღების დროს

მარცხენა ხელი დაიდეთ კეფაზე. მარჯვენა ხელის გასაპნული სამი თითის (საჩვენებელი თითის, შუა თითისა და არათითის) წრიული მოძრაობებით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითები თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნიც მოსინჯოთ. იგივე გაიმეორეთ მეორე ძუძუზე.

3. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

დაწექით ზურგზე, ბეჭების ქვეშ მჭიდროდ დახვეული პირსახოცი ამოიდეთ. მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდეთ, ხოლო მარჯვენა ხელის თითების წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითების მსუბუქი ზეწოლით გაისინჯეთ ზერელე ქსოვილები, ძლიერი ზეწოლით კი ღრმად მდებარე. გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსა და იღლიას შორის არსებული მიდამო და იღლიის ფოსო. გახსოვდეთ, დვრილიდან გამონადენი თეთრეულზე კვალს ყოველთვის არ ტოვებს, ამიტომ მის გამოსავლენად გირჩევთ, ძუძუსთავებს მსუბუქად მოუჭიროთ საჩვენებელი და ცერა თითი. განსაკუთრებით საშიშია სისხლიანი გამონადენი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს, თუკი შეამჩნევთ:

  • მკვრივ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
  • ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს;
  • ლიმონის ქერქისებრ კანს;
  • ძუძუს კანის შეჭმუხვნას;
  • უჩვეულო ტკივილს ძუძუში;
  • წვას და სიწითლეს დვრილის არეში;
  • დვრილის ჩაბრუნებას;
  • სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.

კიბოსწინარე დაავადებების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა!