ქიმიოთერაპია და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქიმიოთერაპია და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

ტერმინი ქიმიოთერაპია კიბოს დიაგნოზზე არანაკლებ საშინელი და აუტანელია ადამიანებისთვის. არც არის გასაკვირი, რომ ბევრ პაციენტს ამ მეთოდის უფრო მეტად ეშინია, ვიდრე თავად დაავადების.

ქიმიოთერაპია არის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალო მეთოდი. ამისთვის შეიძლება გამოიყენონ ჰორმონები, იმუნომოდულატორები და იმუნოსუპრესანტები. ასეთი თერაპიის გარეშე შეუძლებელია კიბოს მკურნალობა.

არის თუ არა ქიმიოთერაპია მართლაც ასეთი საშინელი? რაზეა დაფუძნებული მისი ეფექტი? ამ და ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ნადირაძე.

ბატონი ირაკლი ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა (1990 წ.) და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია (1999წ.); ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 190 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადების, ორი გამოგონებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.

  • ბატონო ირაკლი, რას გვეტყვით ქიმიოთერაპიაზე როგორც ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის მეთოდზე?

– ქიმიოთერაპია – ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის განსაკუთრებული, სპეციფიკური მეთოდია, რომელიც პაციენტის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების გამრავლების დამთრგუნველი ან მათი შეუქცევადი დაზიანებისა და სიკვდილის გამომწვევი თვისებების მქონე სპეციალური პრეპარატების შეყვანას გულისხმობს.

მსოფლიოში ყოველწლიურად ქიმიოთერპია უტარდება მილიონობით ონკოლოგიურ ავადმყოფს და ბევრ მათგანს ის უნარჩუნებს სიცოცხლეს, სულ მცირე, უხანგრძლივებს მას.

ტერმინი „ქიმიოთერაპია“ მიღებულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. გარკვეულწილად ის შეესაბამება ტერმინს „მედიკანტური თერაპია“, თუმცა, ეს უკანასკნელი უფრო ფართოა.

ტერმინი „ქიმიოთერაპია“ არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად, რაც ორ გარემოებას უკავშირდება: ერთი მხრივ, თანამედროვე მედიცინაში მოხმარებული სამკურნალო პრეპარატების უმრავლესობა სინთეზურია, ანუ ადამიანის მიერ არის შექმნილი და ქიმიური წარმოშობისაა (მაგალითად, ასპირინი, ანტიბიოტიკები და სხვა); მეორე მხრივ, თვით სიტყვა „ქიმიოთერაპია“ იწვევს ავადმყოფთა გარკვეული ნაწილის უნდობლობას, ნეგატიურ დამოკიდებულებასა და შიშსაც კი. მიზეზი კი ის არის, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში საკმაოდ ღრმადაა ფესვებგადგმული წარმოდგენა ზოგადად ქიმიაზე და ქიმიურ ფაქტორებზე, კერძოდ, როგორც ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზზე. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მედიცინის სხვადასხვა დარგში (მათ შორის, ონკოლოგიაში) მოხმარებადი ეფექტური სამკურნალო პრეპარატების უმეტესობა ქიმიური წარმოშობისაა. უფრო მეტიც, ყველა იმედი ფარმაკოთერაპიის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს (რაც ეხება სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებსაც) უკავშირდება, ძირითადად, სწორედ ქიმიის დარგში მიღწევებზეა დაფუძნებული.

კარგადაა ცნობილი, რომ სიმსივნეთა ქიმიოთერაპიის ჩატარებას თან ახლავს მთელი რიგი გართულებები, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების არასასურველი გვერდითი მოქმედება იწვევს. იცის რა ამგვარი გართულებების არსებობაზე, ონკოლოგიური ავადმყოფების დიდი ნაწილი, უარს ამბობს ქიმიოთერაპიაზე; არცთუ იშვიათად, პაციენტის ასეთი განწყობა უსაფუძვლოა და ხელს უშლის დროულ მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ავადმყოფობის მიმდინარეობას და აუარესებს მის გამოსავალს (პროგნოზს).

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცემულია იმ პაციენტებისთვის განკუთვნილი მრავალრიცხოვანი ბროშურა, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ან უტარდებათ ქიმიოთერაპია. აღნიშნულ ბროშურებში განზოგადებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვუმარტოთ ავადმყოფს მკურნალობის მიზანი, მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც გაუადვილებენ მას ქიმიოთერაპიის გადატანას. გარდა ამისა, ამ ბროშურებში მოცემული რჩევები სასარგებლოა არა მხოლოდ თვით პაციენტებისათვის, არამედ, მათი ნათესავებისა და ახლობლებისათვის.

საზოგადოდ, მაღალკვალიფიციური ექიმი-ქიმიოთერაპევტი უნდა იყოს არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალი, არამედ პიროვნება, რომელსაც შეუძლია, გასაგებად აუხსნას პაციენტს, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს იგი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს, როგორია ამ პრეპარატებთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი მოქმედების ადრეული გამოვლინებები. ასეთმა სპეციალისტმა არგუმენტირებულად უნდა დაარწმუნოს ავადმყოფი მისთვის შეთავაზებული მკურნალობის ეფექტურობაში და მიაღწიოს იმას, რომ როგორც პაციენტი, ასევე მისი ახლობლები, გახდნენ მკურნალი ექიმის აქტიური დამხმარეები ქიმიოთერაპიის ჩატარების პროცესში.

  • ტერმინი „ქიმიოთერაპია“ მართლაც განსაკუთრებულად აშინებთ ადამიანებს, მაშინ როცა უამრავი სხვა, ასევე ქიმიური პრეპარატის მიღებაზე არც კი ფიქრობენ.

– დღეისათვის ანტიბიოტიკებსა და სინთეზურ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს შორის პრინციპული განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს. ისეთ ტიპურ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა, მაგალითად, ლევომიცეტინი, ამჟამად მხოლოდ სინთეზური გზით ამზადებენ, რაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მათი მიღება პროდუცენტების კულტურებიდან. თუმცა, ცნობილია, ზოგიერთი ანტიბიოტიკის (კერძოდ, პენიცილინის) სინთეზური დამზადების მეთოდები, რომელთაც, როგორც წესი, არ გამოიყენებენ, რადგან, ამ გზით მიღებული ანტიბიოტიკი ბიოლოგიური მეთოდით დამზადებულზე გაცილებით ძვირი ჯდება.

სამედიცინო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკები, რომლებიც მიიღება მათი ბუნებრივი პრეპარატების (პენიცილინები, ტეტრაციკლინები და სხვა) ქიმიური ტრანსფორმაციით. ამიტომ ყველა ეს ნივთიერება (როგორც ბიოლოგიური, ასევე, სინთეზური გზით მიღებული) უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი ჯგუფის მედიკამენტი – ქიმიოთერაპიული პრეპარატები.

  • რას წამოადგენს ქიმიოთერაპია?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქიმიოთერაპია არის ინკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის განსაკუთრებული მედიკამენტური მეთოდი, რომლის გამოყენებით ითრგუნება სიმსივნური უჯრედების განვითარება, ან ხდება მათი შეუქცევადი დაზიანება და სიკვდილი.

ქიმიოთერაპია ტარდება როგორც ცალკეული სამკურნალო პრეპარატებით, ისე მათი სხვადასხვა კომბინაციით. დღეისათვის ცნობილია სიმსივნის საწინააღმდეგო რამდენიმე ათეული მედიკამენტი. ისინი გამოიყენება მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდის სახით, ზოგჯერ კი ქირურგიულ ჩარევასთან ან სხივურ თერაპიასთან ერთად.

  • როგორ ხდება ქიმიოთერაპიის დაგეგმარება?

– კონკრეტული პაციენტისთვის გამოსაყენებელი ოპტიმალური ქიმიოთერაპიული რეჟიმის დაგეგმარებისას, ექიმი ითვალისწინებს მთელ რიგ ფაქტორებს. მათგან ყველაზე მნიშვენლოვანია სიმსივნის ლოკალიზაცია, მისი ტიპი და გავრცელება, აგრეთვე პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამრიგად, ქიმიოთერაპია ყველა ავადმყოფთან ერთი და იგივე სქემით არ ტარდება. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და მათი დოზირების შერჩევაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მკაცრად ინდივიდუალურია.

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარტებით მკურნალობას ქიმიოთერაპიაში საკმარისი გამოცდილების მქონე ექიმ-ონკოლოგი უნდა უძღვებოდეს!

  • ქიმიოთერაპიის პროცესში რატომ არის აუცილებელი დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება?

– მკურნალობის პროცესში პერიოდულად ტარდება დამატებითი გამოკვლევები, რომელთა მიზანია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის კონტროლი, მათში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების არასასურველ გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული ცვლილებების დროულად გამოსავლენად. მაგალითად, ამ პრეპარატთა პრაქტიკულად ყოველი მომდევნო შეყვანის წინ, ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სისხლის საერთო ანალიზის შედეგების შესახებ. საჭიროების მიხედვით, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს მთელი რიგი სხვა გამოკვლევები.

  • რა გზით შეიყვანება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები?

– ყველაზე ხშირად სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები შეიყვანება ინტრავენურად (ვენაში), ამასთან, ამ გადასხმების ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათი იყოს. ზოგიერთი ქიმიოთერაპიული საშუალება ინიშნება ტაბლეტების სახით.

  • როგორია სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების შეყვანის რეჟიმი და ქიმიოთერაპიის საერთო ხანგრძლივობა?

– შემთხვევათა უმრავლესობაში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები შეიყვანება ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში. შემდგომში მათი შეყვანა პერიოდულად მეორდება, მაგალითად, 3-4 კვირაში ერთხელ. ქიმიოთერაპიის საერთო ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეაქცია აქვს პაციენტს მკურნალობაზე, ამ უკანასკნელთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოხატულების ხარისხზე. შეიძლება, მკურნალობის თავდაპირველ გეგმაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო.

  • როგორია ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებასთან დაკავშირებული გართულებების გამოვლინებები? როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ პაციენტი ან თუ შეიძლება ამ გართულებების გამოხატულებათა შესუსტება?

– პაციენტებსა და მათ ნათესავებს ხშირად აინტერესებთ სწორედ შესაძლო გართულებები, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტურ მკურნალობას უკავშირდება. კერძოდ, მათ აინტერესებთ, გარდაუვალია თუ არა ამ გართულებათა განვითარება ქიმიოთერაპიის დროს, როგორია მათი გამოვლინება და რამდენად მოსალოდნელია ის კონკრეტულ შემთხვევაში.

პაციენტთა უმრავლესობასთან ქიმიოთერაპიას თან ახლავს მხოლოდ უმნიშვნელო გართულებები, ბევრ შემთხვევაში კი ისინი საერთოდ არ ვითარდება. კერძოდ, რომელი გვერდითი ეფექტია მოსალოდნელი მკურნალობის პროცესში და როგორი შეიძლება იყოს მისი გამოხატულება, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მკურნალობისას გამოყენებულ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატზე და იმაზე, თუ როგორი რეაქციით უპასუხებს მკურნალობას ორგანიზმი.

  • რა არის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების არასასურველი გვერდითი მოქმედების მიზეზი?

– სიმსივნური უჯრედებისთვის დამახასათებელია სწრაფი ზრდა და შედარებით სწრაფი გაყოფა-გამრავლება. სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები არა მხოლოდ ბლოკავენ ამ პროცესს, არამედ იწვევენ ამ უჯრედთა შეუქცევად დაზიანებასა და სიკვდილს. თუმცა, ზოგიერთი ნორმალური უჯრედიც ასევე სწრაფად იზრდება და იყოფა, მაგალითად, ძვლის ტვინის, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის, რეპროდუქციული სისტემისა და თმის ფოლიკულების უჯრედები. ამიტომ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ ამ ნორმალური უჯრედების დაზიანებასაც, რაც იმ გართულებათა მიზეზია, ქიმიოთერაპიის გვერდით მოქმედებას რომ უკავშირდება.

გართულებათა გამოვლინებებს მიეკუთვნება: გულისრევა და პირღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, ანემია, გამელოტება და დაღლილობა.

ქიმიოთერაპიის გვერდითი მოქმედებით აიხსნება აგრეთვე სისხლდენებისა და ინფექციური გართულებების მაღალი ალბათობა. მკურნალობის პროცესში შეიძლება განვითარდეს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა თირკმელების, შარდის ბუშტის, ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოთა ფუნქციის დარღვევები.

  • რას ურჩევთ ონკოპაციენტებს, რა უნდა გაითვალისწინონ ქიმიოთერაპიის ჩატარებისას და საზოგადოდ?

– ყველა პაციენტის საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო ერთი რამ: შეუძლებელია იმ ავადმყოფის განკურნება, რომელიც არ აღიარებს, რომ დაავადებულია ან აღიარებს, მაგრამ არ აქვს იმედი განკურნებისა...

როგორც ველინგტონი ვერ დაამარცხებდა უძლეველ ნაპოლეონს უამინდობისა და პრუსიის ლაშქრის დახმარების გარეშე, ისე ვერ გაუწევს ქიმიოთერაპია „ღირსეულ“ წინააღმდეგობას ასევე უძლეველ კიბოს, მკურნალი ექიმის ფსიქოლოგიური „შეიარაღებისა“ და თვით პაციენტის მტკიცე სულისკვეთების გარეშე...