ცხოვრება გადანერგილი თირკმლით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება გადანერგილი თირკმლით

თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა - ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს. 1933 წელს პირველად იქნა გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, თუმცა ორივე პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილის თირკმლის გადანერგვა წარმატებით მხოლოდ 1954 წელს განხორციელდა. ამ თირკმელმა რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა. სწორედ ამ წარმატებული ოპერაციისთვის მიენიჭა 1990 წელს ჯოზეფ მიურეის მედიცინის სფეროში ნობელის პრემია. მისი ნაშრომები თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიის საფუძვლად მიიჩნევა.

თირკმლის გადანერგვა გახშირდა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამაქვეითებელი) პრეპარატების (აზატიოპრინის) გაჩენის შემდეგ, რომლებმაც საგრძნობლად შეასუსტა უცხო თირკმლის განდევნის, მოშორების რეაქცია. მოგვიანებით აზატიოპრინს პრედნიზოლონი და ციკლოსპორინი დაემატა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა ტრანსპლანტანტის (გადანერგილი თირკმლის) მოშორების ალბათობა.

დღესდღეობით მსოფლიოში თირკმლის გადანერგვის ნახევარ მილიონზე მეტი ოპერაციაა ჩატარებული. ჩვენს დროში ეს საშიშ ოპერაციულ ჩარევად აღარ ითვლება და აუცილებლობის შემთხვევაში ადრეული ასაკის ბავშვებისთვისაც კი გამოიყენება.

ამჟამად გადასანერგავად იყენებენ როგორც გარდაცვლილი, ასევე ცოცხალი დონორის თირკმელს. საუკეთესო შედეგებს მაშინ იღებენ, როცა თირკმელი პაციენტის დისა ან ძმისაა. მათი შეთავსების საკითხის გარკვევის შემდეგ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება. გარკვეული ანატომიური მოსაზრების გამო დონორის მარჯვენა თირკმელი მარცხნივ ინერგება, ხოლო მარცხენა - მარჯვნივ. ხშირად დონორის თირკმელი თეძოს ფოსოში თავსდება, კეთდება სისხლძარღვების ანასტომოზები (თირკმლის ვენა და არტერია სხვა ვენებსა და არტერიებს უერთდება), შარდსადენი შარდის ბუშტში ინერგება. ჯანმრთელი დონორული თირკმელი ოპერაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მასში სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე, შარდის გამოყოფას იწყებს.

თუ ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულებების გარეშე წარიმართა, ცოცხალი დონორისგან აღებული თირკმელი 5 დღის შემდეგ ნორმალურად იწყებს ფუნქციობას.

თუ თირკმელი გვამისგან არის აღებული, მაშინ მისი ფუნქცია სრულად აღდგება ორი კვირის შემდეგ.

თირკმლის განდევნის პროფილაქტიკის მიზნით იწყება იმუნოსუპრესიული თერაპია, პაციენტს უნიშნავენ თირკმლის სისხლმომარაგების გასაუმჯობესებლად საჭირო და თრომბების ჩამოყალიბების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ტრანსპლანტანტების ნახევარზე მეტი 5 წელზე მეტხანს მუშაობს. დისა და ძმისგან გადანერგილი თირკმლის შემთხვევაში სიკვდილიანობა ნული პროცენტია.

თირკმლის გადანერგვის ჩვენებები

თირკმლის გადანერგვის ჩვენებად ითვლება ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობა - ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ქრონიკული პიელონეფრიტის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლის პოლიკისტოზის, ტრავმებისა და უროლოგიური დაავადებების, თირკმლის თანდაყოლილი დაავადებების ფინალური ეტაპი.

ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, რომელსაც მიეკუთვნება ქრონიკული ჰემოდიალიზი, პერიტონეული დიალიზი და თირკმლის გადანერგვა. ეს უკანასკნელი სიცოცხლის გახანგრძლივების უფრო მეტ შანსს იძლევა (დანარჩენ ორთან შედარებით 1,5-2-ჯერ მეტად ახანგრძლივებს სიცოცხლეს) და უფრო მეტადაც აუმჯობესებს მის ხარისხს.

თირკმლის ტრანსპლანტაცია არჩევით მეთოდად ითვლება ბავშვებში, რადგან ჰემოდიალიზის შემთხვევაში მათი განვითარება საგრძნობლად ფერხდება.

უკუჩვენებები

დღესდღეობით თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებების თაობაზე საერთო აზრი არ არსებობს, ისე რომ, სხვადასხვა ცენტრში მათი ჩამონათვალი შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს. უმეტესად თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად მიიჩნევა:

  • დონორის ლიმფოციტებთან ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციის არსებობა - ეს ტრანსპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა;
  • ისეთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებიც გადანერგვის საკითხის წამოჭრის დროს არსებობს ან რომელთა რადიკალური მკურნალობიდან მცირე ხანია გასული - თირკმლის გადანერგვა შესაძლებელი რომ იყოს, მათი რადიკალური მკურნალობიდან ორი წელი მაინც უნდა გავიდეს;
  • აქტიური ინფექცია. ტუბერკულოზის განკურნების შემთხვევაში პაციენტზე დაკვირვება არანაკლებ ერთი წელი უნდა გაგრძელდეს. ტრანსპლანტოლოგიის ცენტრთა უმრავლესობაში შიდსი გადანერგვის აბსოლუტურ უკუჩვენებად ითვლება. ქრონიკული არააქტიური ბ და ც ჰეპატიტები ოპერაციის უკუჩვენებად არ მიიჩნევა.
  • ექსტრარენული დაავადება, რომელიც დეკომპენსაციის სტადიაშია. კუჭის აქტიურმა წყლულმა ან გულის დეკომპენსირებულმა უკმარისობამ შესაძლოა ოპერაციის შემდგომ პერიოდში მძიმე გართულებები გამოიწვიოს.
  • პაციენტის მიერ სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობა და არადისციპლინირებულობა. მსოფლიოში ტრანსპლანტანტების 5-10% სწორედ ამ მიზეზით იკარგება.
  • პიროვნების ცვლილება ნარკომანიის, ქრონიკული ფსიქოზისა და ალკოჰოლიზმის დროს.

შაქრიანი დიაბეტი (რომელმაც დიაბეტური ნეფროპათია და თირკმელების ტერმინალური დაზიანება გამოიწვია) დღესდღეობით ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად აღარ განიხილება.


დონორის ეტაპი

თირკმლის იმპლანტანტი შეიძლება აღებულ იქნეს ცოცხალი ნათესავი ან გარდაცვლილი დონორისგან. ტრანსპლანტანტის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი სისხლის ჯგუფისა (თუმცა ზოგიერთი ცენტრი ტრანსპლანტაციას უამისოდაც აკეთებს) და ჰლა ალელების შეთავსებაა. გარდა ამისა, დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს დონორისა და რეციპიენტის მასა და ასაკი.

სასურველია, თირკმლის გადანერგვა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის მოხდეს. დონორს არ უნდა ჰქონდეს გადამდები ინფექცია (სიფილისი, შიდსი, ბ და ც ჰეპატიტები). ხდება დონორის თირკმელებისა და საშარდე გზების ზედმიწევნითი შესწავლა სპეციფიკური ანალიზების საშუალებით. ამჟამად დონორის ორგანოების დეფიციტის გამო მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დონორებისადმი წაყენებული მოთხოვნების გადახედვა. ბოლო დროს დონორებად ხშირად განიხილავენ ასაკოვან გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, აგონიურ და აგონიამდელ პერიოდში ჰიპოტონიის ეპიზოდები ჰქონდათ.

გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღება მაშინ, როცა თირკმლის ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორისგან ხდება, მაგრამ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობას არ ჰყავს ისეთი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნათესავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის დაუზიანებლად გაიღებენ თირკმელს. სიკვდილის შედგომი ორგანოთა დონორობა პაციენტთა ძირითადი ნაწილისთვის ტრანსპლანტოლოგიური დახმარების უზრუნველყოფის ერთადერთი შესაძლებლობაა.

სადღეისოდ ცოცხალ დონორად განიხილება 18-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანი. დონორი ორგანოს ნებაყოფლობით გამცემი პირია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ხომ არ განიცდიან პოტენციური მოხალისეები ზეწოლას ოჯახის წევრებისგან, რათა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გასცენ თირკმელი. განსაკუთრებით ეხება ეს უმცროსი ასაკის ადამიანებს. ამის კვალობაზე, ყველა დონორმა უნდა გაიაროს ფსიქოსოციალური გამოკვლევა თირკმლის გაცემის მოტივაციის შესაფასებლად.

რეციპიენტის ეტაპი

გადანერგვისათვის საჭიროა პაციენტის მომზადება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. თავის დროზე უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი; უნდა მოხდეს სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების, არტერიული წნევის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზება; აუცილებელია გამოვლინდეს და განიკურნოს ორგანიზმში არსებული ყველა ანთებითი პროცესი, მათ შორის - კარიესიც კი, და ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციური გართულებების რისკი. აუცილებელია ანემიის მკურნალობა და სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის სათანადო დონის უზრუნველყოფა. გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული თირკმელები და საშარდე ტრაქტი. თირკმლის გადანერგვას შესაძლოა ხელი შეუშალოს აქტიურმა ინფექციურმა პროცესმა, ავთვისებიანმა ონკოლოგიურმა და ზოგიერთმა აუტოიმუნურმა დაავადებამ. დონორის თირკმლის თავსებადობის გამოსავლენად უნდა ჩატარდეს ანტიგენებისა და ჰისტოშეთავსების სისტემათა კომპლექსური გამოკვლევა. რეციპიენტი, ისევე როგორც დონორი, სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა მოსალოდნელი გართულების შესახებ.

ქირურგიული გართულებები

ამ ტიპის გართულებებიდან მოსალოდნელია: სისხლდენა; თირკმლის არტერიის თრომბოზი; ტრანსპლანტანტის გაგლეჯა; ვენური თრომბოზი; უროლოგიური გართულებები; ლიმფოცელე; ჭრილობის ინფექცია და მრავალი სხვა.

მოსალოდნელია თუ არა გართულებები თირკმლის გადანერგვის შემდეგ?

პაციენტების უმრავლესობა თირკმლის წარმატებით გადანერგვის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე დიალიზით მკურნალობის დროს. გარდა ამისა, აუცილებელი აღარ არის ჰემოდიალიზის ჩატარება, განსაკუთრებული დიეტის დაცვა და სითხის მიღების კონტროლი. მაგრამ ოპერაციის შემდეგ შესაძლოა მოხდეს გართულებაც და ეს ალბათობა ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. თირკმლის გადანერგვის შემდეგ მოსალოდნელია:

1) ტრანსპლანტანტის მწვავე ან ქრონიკული უკუგდება;

2) სხვადასხვა ინფექციური დაავადების განვითარების რისკის მატება;

3) სტეროიდული დიაბეტის განვითარება;

4) კუჭში მწვავე წყლულების განვითარება;

5) სიმსივნეთა განვითარების რისკის მატება;

6) ძვლების დაავადებების განვითარება;

7) სხეულის მასის მომატება.

თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ პაციენტი ხვდება ინტენსიური თერაპიის ან რეანიმაციის პალატაში, საიდანაც მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ჩვეულებრივ პალატაში გადაჰყავთ. სამედიცინო მანიპულაციების ჩამოთვლით აღარ გადაგღლით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი საავადმყოფოში რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე შეიძლება დარჩეს.

მისი დიეტა თანდათანობით იცვლება სითხეებიდან მკვრივ საკვებამდე. სითხეების შეზღუდვა მანამდე მოქმედებს, ვიდრე გადანერგილი თირკმელი ნორმალურად არ დაიწყებს ფუნქციობას. სიარული ოპერაციის მეორე დღიდანვე შეიძლება. პაციენტი დღეში რამდენჯერმე უნდა წამოდგეს. ტკივილის შესამცირებლად მხოლოდ ის პრეპარატები უნდა მიიღოს, რომლებსაც ექიმი გაუწევს რეკომენდაციას, რადგან ასპირინმა და ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს. ექთნები, ფარმაცევტები, დიეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა სპეციალობის ექიმები ზედმიწევნით აუხსნიან, როგორ მოიქცეს შინ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.

რაც შეეხება თირკმლის დონორს, გარკვეული ხნის განმავლობაში მან ზოგიერთი საკვებისგან (ცომეულისგან, მწარე, ცხარე, მლაშე კერძებისგან, ალკოჰოლური სასმელებისგან და სხვა) თავი უნდა შეიკავოს. როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ დარჩენილი თირკმელი მეტ-ნაკლებად საკუთარ თავზე იღებს დაკარგულის ფუნქციას და მდგომარეობა სტაბილური ხდება. მიუხედავად ამისა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და წელიწადში ერთხელ მაინც გავიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა.

რაც შეეხება რეციპიენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, ნაოპერაციევი მიდამო სუფთა და მშრალი იყოს. ექიმი გასწავლით, როგორ უნდა მიიღოთ შხაპი. ნაკერებს საავადმყოფოდან გაწერის წინ ან ექიმთან განმეორებითი ვიზიტის დროს იღებენ. ვიდრე ექიმი ნებას არ დაგრთავთ, არ შეიძლება საჭესთან დაჯდომა. თავი უნდა არიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა გადანერგილ თირკმელზე ზეწოლა გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ექიმებმა სხვა ფიზიკური შეზღუდვებიც დაგიწესონ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

  • ციებ-ცხელებას - შესაძლოა, თირკმლის უკუგდების ან ინფექციის ნიშანი იყოს;
  • ნაოპერაციევი ადგილის შეწითლება, შეშუპებას, ამ ადგილიდან სისხლდენას;
  • ჭრილობის მიდამოში ტკივილის გაძლიერებას - შესაძლოა, თირკმლის უკუგდების ან ინფექციის ნიშანი იყოს.

გადანერგილი თირკმლის უკუგდების ნიშნები შესაძლოა სხვა დაავადებისას ჰგავდეს, ამიტომ ჯანრთელობის მხრივ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ექიმ ტრანსპლანტოლოგს. მასთან ხშირი ვიზიტი და კონტაქტი აუცილებელია.