ტოქსიკომანიით ყოველდღიურად ათასზე მეტი ბავშვი იღუპება
ასეთ ტოქსიკომანთა საშუალო ასაკი 8-15 წელია. ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის მიზნით მოზარდები შეისუნთქავენ ორგანულ გამხსნელებს. მათ სიაში შეხვდებით ისეთ აქროლად ნივთიერებებსაც, როგორებიცაა ავტომანქანების საწვავი, საღებავების გამზავებელი, ფეხსაცმლის ლაქი, წებო. აქროლადი გამხსნელებიდან ყველაზე ტოქსიკურია და ყველაზე სწრაფად იწვევს პიროვნების ინტელექტუალურ დეგრადაციას ლაქის ამომყვანები, ტოლუოლი და ეთილირებული ბენზინი.
ტოქსიკური თრობა აქროლადი გამხსნელების ზემოქმედებით იწყება რამდენიმე წამში. შხამიანი ნივთიერებები ძალიან სწაფად ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულში. ისინი ადვილად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდებიან ტვინის ქსოვილში და იწვევენ ნერვული უჯრედების ღრმა ფუნქციურ მოშლილობებს.
ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ყალიბდება ტოქსიკური ენცეფალოპათია. მოზარდს სწრაფად უჩლუნგდება გონება, იკეტება საკუთარ თავში, უჭირს გარემოში ორიენტირება, გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ძლიერ ზიანდება შინაგანი ორგანოები, რადგან შესუნთქვის დროს ორგანიზმში ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებები შეიწოვება. 1-2 თვის შემდეგ მუდმივ ტოქსიკომანს ეპილეფსიური შეტევები ეწყება.
ნარკოტიკსა და ტოქსიკომანიურ საშუალებებთან პირველ შეხებას მოზარდები აღიქვამენ "ექსპერიმენტად", რაც გამომდინარეობს მათი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური სპეციფიკიდან - თვითდამკვიდრების "საინტერესო", "უჩვეულო", "სარისკო" ფორმის აქტიური ძიებიდან. მათ მოტივაციას ზრდის ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა (ჯგუფის ლიდერის), დამმორჩილებლობა, ჯგუფში თავისი ადგილის პოვნისკენ სწრაფვა, ზოგჯერ - პროტესტი "ზრდასული ადამიანების ქცევების" მიმართ. ეს კი, როგორც წესი, ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებების არარსებობისას ხდება. იხილეთ ვრცლად