ტოქსიკომანია და მისი გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტოქსიკომანია და მისი გართულებები

- ბატონო მალხაზ, ქცევითი დამოკიდებულების რა სახეა ტოქსიკომანია?

- ტოქსიკომანია ავადმყოფურ მდგომარეობათა ერთობლიობაა, რომელიც ხასიათდება იმ სამკურნალო საშუალებებისა და სხვა ნივთიერებების (საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები - მღრღნელების გასანადგურებლად განკუთვნილი შხამები, ინსექტიციდები, ლაქები, საღებავები, ქიმწმენდის საშუალებები და სხვ.) მიმართ მისწრაფებითა და მიჩვევით, რომლებიც,  “გაეროს 1961 წლის ნარკოტიკული საშუალებების ერთიანი კონვენციის” მიხედვით, არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ტოქსიკომანიისთვის დამახასიათებელია ქრონიკული ინტოქსიკაცია, ფსიქიკური და/ან ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მედიცინის თვალთახედვით, ტოქსიკომანია გამოიხატება ტოქსიკური ნივთიერებების მუდმივი მოხმარებით, რასაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების, შრომისუნარიანობისა და ფსიქიკის დარღვევამდე, პიროვნების ღრმა დეგრადაციამდე მივყავართ. წესისამებრ, ტოქსიკომანიას თან ახლავს მრავალი ნეგატიური სოციალური გამოვლინება - ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და პროსტიტუცია. ტოქსიკომანებისთვის დამახასიათებელია მიჩვევის ძალიან მოკლე პერიოდი, ორგანიზმის დაცვითი რეაქციების უქონლობა დოზის გადაჭარბებისას, ერთჯერადი და დღიური დოზების გაზრდა, შიში, პარანოია და ჰალუცინაციები. ფსიქიკური დამოკიდებულება გამოიხატება ავადმყოფური მისწრაფებით, მუდმივად ან პერიოდულად მიიღონ ფსიქოაქტიური ნივთიერება ეიფორიის განსაცდელად ან ფსიქიკური დისკომფორტის მოსახსნელად. ამით აიხსნება პიროვნების მიზანმიმართული ქცევა. მისი მთავარი მიზანი საჭირო ნივთიერების მოძიებაა. ფიზიკური დამოკიდებულება ანუ აბსტინენციური სინდრომი (მოხსნის სინდრომი) გამოიხატება ვეგეტონევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით, რასაც ტოქსიკური ნივთიერებების მიღების შეწყვეტა იწვევს.

- უმეტესად რომელ ნივთიერებებს მოიხმარენ ტოქსიკომანები? თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოში ყველაზე ფართოდ მოხმარებად “წამლებზე”? რომლებს იყენებენ ჩვენში ყველაზე ხშირად და რატომ?

- ტოქსიკომანიას მრავალი პრეპარატი თუ ნივთიერება იწვევს. უპირველეს ყოვლისა, მათ მიეკუთვნება სედაციური და დამაძინებელი მოქმედების მედიკამენტები: ბარბიტურის მჟავას ნაწარმები (ციკლობარბიტალის გარდა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებაა), ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ტრანკვილიზატორები (ელენიუმი, დიაზეპამი, ტემაზეპამი და სხვა), პარკინსონიზმის სამკურნალო (ციკლოდოლი) და ანტიჰისტამინური (დიმედროლი, პიპოლფენი) პრეპარატები, ფსიქოსტიმულატორები (ეფედრინი, თეოფედრინი, კოფეინი, სიდნოკარბი, სოლუტანი და სხვა), საინჰალაციო სანარკოზე საშუალებები (ეთერი, აზოტის ქვეჟანგი). ბოლო წლებში საქართველოში გავრცელდა მიორელაქსანტი (კუნთების მომადუნებელი) ბაკლოფენისა და ნეიროლეპტიკური საშუალება აზალეპტინის ბოროტად გამოყენება. ხშირია ამ ორი მედიკამენტით გამოწვეული ინტოქსიკაციები და ლეტალობაც.

- კარგი იქნება, თუ ტოქსიკომანების მიერ გამოყენებულ ნივთიერებებს დაახასიათებთ: რომელი ტოლერანტობის რა დონით გამოირჩევა, რომელი იწვევს უფრო სწრაფ მიჩვევას, რომელი იწვევს უფრო ძლიერ ეიფორიას (ნეტარებას, კაიფს) ან განსაკუთრებით მძიმე გართულებებს ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მხრივ, უფრო ხშირ და სწრაფად ლეტალობას და სხვა.

- სედაციური და საძილე საშუალებებით გამოწვეულ მწვავე ინტოქსიკაციას ახასიათებს მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, სიტუაციის სწორად აღქმის უნარის დაქვეითება, გონების დაბინდვა. ავადმყოფები მოგვაგონებენ ალკოჰოლური თრობის მძიმე მდომარეობაში მყოფ ადამიანებს. აქვთ დამახასიათებელი იერი: მოხუჭული თვალები, ფერმკრთალი კანი, გამონაყარი, ენაზე - ყავისფერი ნადები, დადიან მოუქნელად, ოდნავ კოჭლობენ, აქვთ უზუსტო მოძრაობები. ხშირად აღენიშნებათ ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ზედაპირული სუნთქვა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, ციანოზი. ინტოქსიკაციის მწვავე პერიოდში შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვების შეშუპება, სისხლის მამოძრავებელი და სასუნთქი გზების დამბლა. სედაციური და საძილე საშუალებების თერაპიული დოზით უწყვეტი და ხანგრძლივი მოხმარების დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს წამალზე დამოკიდებულების სინდრომი, რომლის დროსაც თანდათანობით მცირდება ამ პრეპარატების ეფექტურობა და წარმოიშობა დოზის გაზრდის საჭიროება. აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას დამოკიდებულების სინდრომი უფრო მოკლე ხანში ყალიბდება. ქრონიკული ინტოქსიკაციის პროცესში იცვლება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა. ის ხდება დაბნეული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, უქვეითდება მეხსიერება და განსჯის უნარი. ხშირად ეფექტის გასაზრდელად სედაციურ და საძილე პრეპარატებს ალკოჰოლთან და/ან ნარკოტიკთან ერთად იღებენ. ამ შემთხვევაში შეინიშნება პიროვნების აშკარა ცვლილება: ის ან ძლიერ ნეტარებას განიცდის, ხდება დიდსულოვანი, ან დაძაბული, გაღიზიანებული და ფეთქებადია. სედაციური და საძილე პრეპარატებით გამოწვეული აბსტინენციური სინდრომი, წესისამებრ, მძიმედ მიმდინარეობს. ის ყალიბდება პრეპარატის მოხსნიდან 24 საათში და პიკს აღწევს 2-3 დღის შემდეგ.


აბსტინენციური სინდრომის სიმპტომების თანმიმდევრობა ასეთია: შფოთვა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, კიდურებისა და თითების ტრემორი (კანკალი), პროგრესირებადი სისუსტე, თავბრუხვევა, მხედველობითი აღქმის დამახინჯება, გულისრევა, ღებინება, წონის კლება, არტერიული წნევის დაქვეითება ვერტიკალური მდგომარეობის მიღებისას, მსხვილი სახსრების ტკივილი, ძილის დარღვევა სრულ უძილობამდე. ზოგჯერ აღინიშნება დელირია (ცნობიერების მოშლა, ბოდვა), ჰალუცინაციურ-ბოდვითი ფსიქოზები და გენერალიზებული კრუნჩხვები, რომლებიც შეიძლება სიკვდილის მიზეზად იქცეს. ციკლოდოლის, დიმედროლის, პიპოლფენისა და სხვა ქოლინოლიზური მოქმედების პრეპარატების ბოროტად გამოყენებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს მწვავე ინტოქსიკაცია, რომელიც თავდაპირველად მოგვაგონებს ალკოჰოლურ სიმთვრალეს. ის გამოიხატება არამოტივირებული მხიარულებით, ყურადღებისა და ზუსტი მოძრაობების შესუსტებით. ინტოქსიკაციის გაძლიერებისას ავადმყოფს გონება უბნელდება, უჭირს ადგილისა და დროის მიხედვით ორიენტირება, უყალიბდება მხედველობითი ჰალუცინაციები. ფსიქოსტიმულატორების ბოროტად გამოყენებისას განვითარებულ კლინიკურ სურათს ახასიათებს რამდენიმე თავისებურება. მწვავე ინტოქსიკაცია გამოიხატება მიდრიაზით (გუგის გაფართოებით), ტაქიკარდიითა და უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზიით, სიფითრით, ლორწოვანი გარსების სიმშრალით. ყოველივე ამას თან ახლავს აჩქარებული სიარული, მოუსვენრობა, ყბედობა, ზედმეტი გულახდილობა. მადის ხანგრძლივი დაქვეითება, მკვეთრად გამოხატული უძილობა. ფსიქოსტიმულატორების დიდი დოზით მიღებისას, ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა განვითარდეს ფსიქოზი, რომელიც მოგვაგონებს ტოქსიკურ დელირიას ცნობიერების დარღვევით, მხედველობითი ჰალუცინაციებით და შიშით.

- ცნობილია, რომ ეიფორიას ტოქსიკომანები ხშირად ნივთიერებათა შესუნთქვით აღწევენ. რომელი საშუალებები გამოიყენება ამ მიზნით უხშირესად?

- ნარკოტიკული ეფექტის გამომწვევი აქროლადი ნივთიერებების შესუნთქვა ბოლო ხანს ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვის გამო გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი ყოველდღიურად ათასს აჭარბებს. ასეთ ტოქსიკომანთა საშუალო ასაკი 8-15 წელია. ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის მიზნით (ეიფორიის, ჰალუცინაციების განცდა და სხვა) მოზარდები შეისუნთქავენ ორგანულ გამხსნელებს. მათ სიაში შეხვდებით ისეთ აქროლად ნივთიერებებსაც, როგორებიცაა ავტომანქანების საწვავი, საღებავების გამზავებელი, ფეხსაცმლის ლაქი, წებო. ესენია ალიფატური და არომატული ნახშირწყალბადების დიდი ჯგუფი: ტოლუოლი, ქსილოლი, ტრიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ბენზოლი, აცეტონი, ბენზინი, ქლოროფორმი, ეთილაცეტატი და სხვა. ყველა ამ ნივთიერებას აქვს საერთო თვისებები: ლიპიდებში ადვილად გახსნის უნარი, სწრაფი აქროლადობა და მაღალი ტოქსიკურობა. აღსანიშნავია, რომ აქროლადი გამხსნელებიდან ყველაზე ტოქსიკურია და ყველაზე სწრაფად იწვევს პიროვნების ინტელექტუალურ დეგრადაციას ლაქის ამომყვანები, ტოლუოლი და ეთილირებული ბენზინი. ბავშვებისა და მოზარდებისთვის აქროლადი გამხსნელების მიმზიდველობა აიხსნება თრობის თვისებით და ხასიათით. თავბრუხვევისა და სიმსუბუქის განცდის ფონზე წარმოიშობა მცდარი ფერადი შეგრძნებები და ილუზიები. მხედველობითი წარმოდგენები კალეიდოსკოპურად იცვლება. ბავშვები მათ “მულტფილმებს” უწოდებენ. ეფექტი სწრაფად დგება. ტოქსიკური თრობა აქროლადი გამხსნელების ზემოქმედებით იწყება რამდენიმე წამში. შხამიანი ნივთიერებები ძალიან სწაფად ხვდება სისხლში და ვრცელდება მთელ სხეულში. ძლიერი ლიპოფილურობის გამო ისინი ადვილად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდებიან ტვინის ქსოვილში და იწვევენ ნერვული უჯრედების ღრმა ფუნქციურ მოშლილობებს.

- მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვისას განვითარებული თრობის სტადიებზე რას გვეტყვით? რამდენად რეალურია მოზარდისთვის წამალდამოკიდებულებისგან თავის დაღწევა?

- არსებობს ტოქსიკური ნივთიერებით თრობის რამდენიმე სტადია. თავდაპირველად ტიქსიკომანი განიცდის მსუბუქ თრობას, რომელიც ალკოჰოლურს წააგავს. სხეული მსუბუქდება, გუნება-განწყობილება მაღლდება. შემდეგ, თუ შესუნთქვა გაგრძელდა, იწყება აღქმის ცვლილება, საგნები იცვლიან ფორმას და ზომას. ამას მოჰყვება ძლიერი ჰალუცინაციების სტადია. ჰალუცინაციები მხედველობითიც შეიძლება იყოს და შეგრძნებითიც. სხეულზე “დაცოცავენ” მწერები. ტოქსიკომანი საკუთარ რეალობაშია. ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ძალიან საშინელიც. მათი ზემოქმედების ქვეშ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მოზარდმა შეიძლება ჩაიდინოს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფთათვის საშიში ქმედებები. მწვავე ინტოქსიკაციის დროს ტოქსიკომანს სახე შესივებული აქვს, გუგები - გაფართოებული. გამოხატულია ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე რიტმული მოძრაობები), თითებისა და ქუთუთოების ტრემორი. უფრო ძლიერი ინტოქსიკაციის დროს მოსალოდნელია მწვავე ტოქსიკური ენცეფალოპათიისა და კომატოზური მდგომარეობის განვითარება. დამოკიდებულება შესაძლოა არც განვითარდეს, თუ ადამიანს არ მოეწონა შეგრძნებები პირველი ან მეორე მოხმარებისას, მაგრამ თუ მოეწონა... ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება ძალიან მძიმედ. აბსტინენციის სინდრომი გამოიხატება კუნთებისა და ძვლების ტკივილით, ტრემორით, ღებინებით, ძლიერი თავის ტკივილით, უმადობით, უძილობით, კრუნჩხვებით. აბსტინენციის ფსიქიკური გამოვლენაც არასასიამოვნოა - დეპრესიები, აგრესიული შეტევები, ძლიერი გაღიზიანებადობა, უკონტროლო ქცევა. ტოქსიკომანი ცხოვრობს თავის სამყაროში, სადაც მას არავინ სჭირდება. ის უუცხოვდება ოჯახს, ნათესავებსა და ნაცნობებს. თუ ტოქსიკომანმა კვირაობით და თვეობით განაგრძო ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვა, განუვითარდება ქრონიკული ინტოქსიკაცია. მისი განვითარება ჩქარდება, თუ ადამიანი დღის განმავლობაში საათობით შეისუნთქავს მომწამვლელ ნივთიერებას. ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად ყალიბდება ტოქსიკური ენცეფალოპათია. მოზარდს სწრაფად უჩლუნგდება გონება, იკეტება საკუთარ თავში, უჭირს გარემოში ორიენტირება, გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ძლიერ ზიანდება შინაგანი ორგანოები, რადგან შესუნთქვის დროს ორგანიზმში ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებები შეიწოვება. 1-2 თვის შემდეგ მუდმივ ტოქსიკომანს ეპილეფსიური შეტევები ეწყება. მიუხედავად იმისა, რომ აქროლადი გამხსნელები არ არის თრობის ყველაზე სასურველი წყარო, მათ იყენებენ, რადგან იაფი და ხელმისაწვდომია. ბევრი ასეთი ნივთიერება იყიდება მაღაზიებში და თითქმის ყველა ოჯახშია. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ქიმიის საშუალებებია პირველი, რასაც იყენებენ ბავშვები ცნობიერების შეცვლისთვის. უფროსი ასაკის მოზარდები წყვეტენ აქროლადი გამხსნელების ინჰალაციას და სხვა ნივთიერებებზე გადადიან. აქროლადი გამხსნელებით თრობის სურათი ყველა ტოქსიკომანისთვის მსგავსია და ნაკლებად არის დამოკიდებული საინჰალაციო ნივთიერებაზე. ნარკოტიკსა და ტოქსიკომანიურ საშუალებებთან პირველ შეხებას მოზარდები აღიქვამენ “ექსპერიმენტად”, რაც გამომდინარეობს მათი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური სპეციფიკიდან - თვითდამკვიდრების “საინტერესო”, “უჩვეულო”, “სარისკო” ფორმის აქტიური ძიებიდან. მათ მოტივაციას ზრდის ცნობისმოყვარეობა, მიმბაძველობა (ჯგუფის ლიდერის), დამმორჩილებლობა, ჯგუფში თავისი ადგილის პოვნისკენ სწრაფვა, ზოგჯერ - პროტესტი “ზრდასული ადამიანების ქცევების” მიმართ. ეს კი, როგორც წესი, ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებების არარსებობისას ხდება.