დაღლილობის ფარული მიზეზები
დილიდანვე ძილის დაუოკებელი სურვილი გკლავთ. ეს ორგანიზმს ენერგიისგან ცლის და ფიტავს, გუნება-განწყობილებას აუარესებს.
სპეციალისტები ხშირად ვერ ახერხებენ დაღლილობის ნამდვილი მიზეზის დადგენას, ამიტომ ზოგად რეკომენდაციებსა და რჩევებს სჯერდებიან. შევეცდებით, დაგეხმაროთ. არსებობს დაღლილობის ფარული მიზეზები, რომლებიც ისე გაცლიან სანუკვარ ენერგიას, მათზე ეჭვის მიტანაც კი შეუძლებელია.
-
ბევრი ნახშირწყალი
როდესაც სადილი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს და მცირე რაოდენობით ცილებს შეიცავს, ადამიანს დაღლილობა დღის განმავლობაში ეუფლება.
ეს იმით არის განპირობებული, რომ ნახშირწყლები ზრდის ტვინის მიერ ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას - იმ ქიმიური ნივთიერებისა, რომელიც ორგანიზმზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ცილა კი, პირიქით, მის გამომუშავებას ზღუდავს, წინ ეღობება ნახშირწყლებით გამოწვეულ ძილიანობასა და მოთენთილობას.
ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს რაციონში ნახშირწყლების წილის შემცირებას და ცილების გაზრდას გთავაზობდეთ - ვითარების გამოსასწორებლად საკმარისია, ნახშირწყლებითა და ცილებით დაბალანსებული სადილი მიირთვათ.
-
უქმეებზე გამოძინება
გამოძინებისთვის საუკეთესო დროდ ბევრი სწორედ შაბათ-კვირას მიიჩნევს. ყველას აქვს ბიოლოგიური საათი, რომელიც განსაზღვავს ჩვენი სიფხიზლისა და ძილის პერიოდულ მონაცვლეობას. თუ, ჩვეულებისამებრ, 7 საათზე დგებით, ხოლო უქმეებზე შუადღემდე გძინავთ, ამით არღვევთ ბიოლოგიური საათის მუშაობას და უფრო მეტად ზრდით დაღლილობის ხარისხს. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია სისხლში ჰორმონ კორტიზოლის გაძლიერებული სინთეზით, რომელიც სიფხიზლეს იწვევს. იგი ტოროლებს გამოუმუშავდებათ დილის 7.00 საათზე და პიკს 11.00 საათისთვის აღწევს. თუ ამ დროის შემდეგაც საწოლში დარჩით, დაირღვევა კორტიზოლის ნორმალური სინთეზი და ტვინი ნახევრად მძინარე მდგომარეობაში დარჩება.
უქმეებზე გამოძინების ნაცვლად ეცადეთ, სადაგ დღეებში დაწვეთ ადრე - ეს ბიოლოგიური საათის მუშაობას გააუმჯობესებს.
-
არტერიული წნევის ცვლილებანი
არტერიული წნევის პერიოდული დაქვეითება, რომელსაც ხშირად ნერვულ ფონზე განვითარებულ ჰიპოტონიასაც უწოდებენ, ასევე შეიძლება იქცეს ძლიერი დაღლილობის მიზეზად. ხშირად ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სწორედ ამ ნიშნით ამოიცნობა. აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და არტერიული წნევის სტაბილიზაცია.
-
ორგანიზმის გაუწყლოება
ორგანიზმში სითხის საჭირო დონის დაქვეითებას თან სდევს ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, რადგან სითხის უკმარისობა იწვევს სისხლის მოცულობის შემცირებას. თუ აქტიურ ცხოვრების წესს მისდევთ, აუცილებელია, სვათ დღეში 6-7 ჭიქა წყალი.
-
მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
ანტიჰისტამინები, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები იწვევს ძილიანობას, მოთენთვას. ასეთი რამ დამახასიათებელია წნევის მარეგულირებელი და შარდმდენი პრეპარატებისთვისაც. თუ აღნიშნულ მედიკამენტებს იღებთ და ძლიერმა დაღლილობამ, უძალობამ შემოგიტიათ, უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს.
-
სტრესი
სტრესული სიტუაცია ადამიანს ენერგიისგან რამდენიმე საათში ცლის. შიშის გავლენით სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ისე იჭიმებიან, თითქოს მთელი დღე შეშა გიჩეხიათ.
შიშს შეუძლია სუნთქვის პროცესის დაქვეითება და ორგანიზმში ჟანგბადოვანი შიმშილის გამოწვევა, რაც ასევე იწვევს გადაქანცვას.
-
მხედველობის დაძაბვა
თუ შრომის დროს გიჭირთ მხედველობის ფოკუსირება, ესე იგი სწორად არ ზიხართ, ამიტომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა ზომაზე მეტად დაგღლით. აუცილებელია მოიწესრიგოთ სამუშაო ადგილი და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ოფთალმოლოგთანაც გაარკვიოთ.
-
მუქი ფერები
ადამიანს ძლიერ აცლის ენერგიას სამუშაო გარემოში მოდომინირე მუქი ფერები. ეს შესაძლოა დეპრესიის მიზეზადაც კი იქცეს. აჯობებს, თქვენ ირგვლივ თბილი ფერები იღვრებოდეს: ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი. დიდი ხანია დაადგინეს, რომ თუ გსურთ, სწრაფად დააღწიოთ თავი დაღლილობას, მხედველობა რამე წითელზე უნდა შეაჩეროთ. ამისთვის საკმარისია, სამუშაო გარემოში მოათავსოთ რამდენიმე წითელი ფერის ნივთი, რათა მუქმა ფერებმა არ დაგღალოთ და არ გამოგფიტოთ.