ლიმფის ქიმიური შედგენილობა, ფუნქციები და გაწმენდის მეთოდები
სხვადასხვა ქსოვილიდან და ორგანოდან გამონადენ ლიმფას, ორგანოს ფუნქციისა და მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის სპეციფიკის კვალობაზე, სხვადასხვა შემადგენლობა აქვს. მაგალითად, ღვიძლიდან გამომავალ ლიმფაში გაცილებით მეტი ცილა და ნახშირწყალია, ვიდრე კიდურებიდან მომდინარეში; შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ჯირკვლების ლიმფურ ძარღვებში გამავალი ლიმფა ჰორმონებს შეიცავს; ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფა ცხიმებით გაჯერების გამო მოთეთრო რძისფერია, განსაკუთრებით - ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. ლიმფის წყაროა ქსოვილოვანი სითხე, ანუ ლიმფა ქსოვილებში ინტერსტიციული (ქსოვილოვანი) სითხისგან წარმოიქმნება. ლიმფური სისტემის ძარღვებში გადაადგილებისდა კვალად, იგი გაივლის ლიმფურ კვანძებს, საიდანაც მასში ფორმიანი ელემენტები - ლიმფოციტები ხვდება. ლიმფის შემადგენლობის ცვლილება დაკავშირებულია სისხლის პლაზმის ცვლილებებსა და ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებთან. ლიმფის ძირითადი ფუნქციებია:
- ქსოვილოვანი სითხის მოცულობისა და შემადგენლობის მუდმივობის უზრუნველყოფა;
- უჯრედშორისი სივრციდან სისხლის მიმოქცევის წრეში ცილების დაბრუნება;
- ორგანიზმში სითხის გადანაწილებაში მონაწილეობა;
- ქსოვილებსა და ორგანოებს შორის, აგრეთვე ლიმფოიდურ სისტემასა და სისხლს შორის ჰუმორული კავშირის უზრუნველყოფა;
- საკვების ჰიდროლიზის (დაშლის) პროდუქტთა, განსაკუთრებით - ცხიმების, შეწოვა და ტრანსპორტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლში;
- იმუნიტეტის მექანიზმთა უზრუნველყოფა.
ლიმფური შეშუპების მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს: ლიმფური კვანძებისა და ლიმფური ძარღვების თანდაყოლილი განუვითარებლობა, ანთებითი პროცესები, ტრავმული დაზიანებანი, ავთვისებიანი წარმონაქმნები, ცხოვრების უმოძრაო წესი და სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ლიმფის გადაადგილებას. ლიმფის შეგუბების მიზეზად შესაძლოა ლიმფური სისტემის გადატვირთვაც იქცეს.
როგორ წარმოიქმნება ლიმფა
როგორც უკვე ვთქვით, ლიმფის წყარო ქსოვილოვანი სითხეა. ეს უკანასკნელი კაპილარებში გამავალი სისხლისგან წარმოიქმნება და ავსებს უჯრედშორის სივრცეს. წყალი და სისხლის პლაზმაში გახსნილი ნივთიერებები სისხლის კაპილარებიდან ქსოვილებში განიცდის ფილტრაციას, ქსოვილებიდან კი ლიმფურ კაპილარებში. ლიმფის წარმოქმნა დამოკიდებულია კაპილარებში სისხლის ჰიდროსტატიკურ და ონკოზურ წნევაზე. სისხლის წნევის მომატება კაპილარებში ხელს უწყობს სითხის ფილტრაციას ძარღვებიდან უჯრედშორის სივრცეში, ხოლო წნევის დაქვეითება იწვევს სითხის უკუდენას უჯრედშორისი სივრციდან კაპილარებში. ცილებით შექმნილი ონკოზური წნევა უზრუნველყოფს კაპილარების სისხლში წყლის შეკავებას. ამგვარად, ჰიდროსტატიკური წნევა კაპილარებში ხელს უწყობს, ხოლო სისხლის პლაზმის ონკოზური წნევა აფერხებს სითხის ფილტრაციას კაპილარების კედლიდან და ლიმფის წარმოქმნას. აღსანიშნავია ისიც, რომ სითხის ფილტრაცია სისხლის კაპილარში მხოლოდ მის არტერიულ ბოლოზე ანუ კაპილარის საწყის ნაწილში წარმოებს. კაპილარის ვენურ ბოლოზე კი საპირისპირო პროცესი - სითხის ქსოვილებიდან კაპილარში გადასვლა აღინიშნება. ეს იმით აიხსნება, რომ სისხლის წნევა მისი არტერიული ბოლოდან ვენურისკენ ვერცხლისწყლის სვეტის დაახლოებით 10-15 მმ-ით ეცემა, ონკოზური კი, პირიქით, იმატებს სისხლის გარკვეული შესქელების გამო. ლიმფური კაპილარების განვლადობა იცვლება ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის შესაბამისად, სისხლის ე. წ კაპილარული შხამების ჰისტამინისა და სხვა ნივთიერებების ზემოქმედებით, მექანიკურად, ნერვულ-ჰუმორული და სხვა ფაქტორების გავლენით. საზოგადოდ, გაძლიერებულად მომუშავე ორგანოში ქსოვილოვანი სითხის ონკოზური წნევა იზრდება. ამის კვალობაზე, სისხლიდან ქსოვილებში სითხის გადასვლა და ლიმფის წარმოქმნაც ძლიერდება. ლიმფის ძირითადი ფუნქცია მაინც ცილების, წყლის, მარილების, ტოქსინებისა და მეტაბოლიტების ქსოვილებიდან სისხლში დაბრუნებაა. ლიმფური სისტემა უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, დაავადების გამომწვევი მიკრობებისა და ვირუსებისგან ორგანიზმის დაცვას. იმუნური მექანიზმების დასუსტებისა და ორგანიზმის გაუწყლოების ფონზე ლიმფური ძარღვების მეშვეობით შესაძლოა გავრცელდეს უმარტივესები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები... ამას ინფექციის ლიმფოგენური გზით გავრცელებას, ინვაზიას უწოდებენ. ამავე გზით ხდება სიმსივნური უჯრედების მეტასტაზირებაც.
ლიმფის გაწმენდის მეთოდები
ლიმფოდრენირება
ლიმფოდრენირება ტოქსიკური მეტაბოლიტებისგან ორგანიზმის გაწმენდის მეთოდია, რომელიც ეფუძნება კანულირებული (კანულაჩადგმული) გულმკერდის სადინარიდან ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი ლიმფის გამოყოფას. ეს მეთოდი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე კომბინირებულადაც, ლიმფოსორბციასთან, ლიმფოფილტრაციასა და ლიმფის გაწმენდის სხვა მეთოდებთან ერთად. გულმკერდის სადინარი, რომელიც ორგანიზმში ლიმფის ძირითადი კოლექტორია (შემკრები), დრენაჟის ფუნქციას ასრულებს - უჯრედშორისი სივრციდან სისხლში გადააქვს პლაზმური ცილის კოლოიდური ხსნარები, ლიპიდები, ლიპოპროტეიდები, ანტისხეულები, იმუნურად აქტიური უჯრედები, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს კი უჯრედული დაშლის დაუჟანგავი პროდუქტები, ტოქსინები, ბაქტერიები. ენდოტოქსიკოზების დროს გულმკერდის სადინარის დრენირება ლიმფის გარეთ თავისუფალი გადმოდენის უზრუნველყოფით აბრკოლებს სისხლში ტოქსიკური ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხვედრას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას, ამცირებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციურ გადატვირთვას - ამ ორგანოთა ფუნქციური გადატვირთვა ხომ ასეთ დროს ტოქსინების გაძლიერებულ ნეიტრალიზაციასა და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას უკავშირდება. ლიმფოდრენირება ხელს უწყობს მიკროცირკულაციის აღდგენას, განსაკუთრებით - ღვიძლის, თირკმელების, გულის, პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ქსოვილებში, ხსნის ტოქსიკურ შეშუპებას, ნორმალიზებას უწევს ჰემოდინამიკას, ქსოვილოვან მეტაბოლიზმს და ყოველივე ამით აუმჯობესებს ორგანიზმის რეპარაციულ (აღმდგენ) პროცესებს. გულმკერდის სადინარის დრენირების ოპერაცია, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიის (გაუტკივარების) ფონზე ტარდება. ეფექტური ლიმფოდრენირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ლიმფის საკმარისი სიჩქარით დინებაა. ნორმაში ის 0,5 -1 მლ/წთ-ს უდრის. ლიმფის დინების სიჩქარე მკვეთრად მცირდება დაბალი ან უარყოფითი ცენტრალური ვენური წნევის ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების ფონზე (მაგალითად, ეგზოტოქსიკური შოკის დროს), ჰიპოპროტეინემიის (სისხლში ცილების დაბალი შემცველობის) და დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) შემთხვევაში (კერძოდ, ფაღარათისა და შეუჩერებელი ღებინებისას). ლიმფა აჩქარებით გადაადგილდება ჰიპერჰიდრატაციის დროს, აგრეთვე - ორგანიზმში ისეთი პრეპარატების შეყვანისას, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს (ჰეპარინი, რეოპოლიგლიუკინი და სხვა). შესაბამისად, იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაბალი არტერიული ან ვენური წნევა, ჰიპოპროტეინემია, ლიმფოდრენირების წინ აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ მოსამზადებელი ინფუზიური თერაპია. ლიმფოდრენირების ძირითადი ჩვენებაა მზარდი ენდოტოქსიკოზი, განპირობებული მწვავე ანთებითი დაავადებებით (კერძოდ დესქტრუქციული პანკრეატიტით, ქოლეცისტიტით, გავრცობილი პერიტონიტით და სხვა), პოზიციური ზეწოლის სინდრომით, ქსოვილთა დესტრუქციით (რღვევით) მიმდინარე პათოლოგიებით, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობით. ლიმფოდრენირება უეფექტოა ღვიძლისმიერი კომის დროს.
ლიმფოსორბცია
ლიმფოსორბცია ხორციელდება სხვადასხვა მარკის ნახშირ-სორბენტებით. სორბციის, იმავე შთანთქმის ეფექტურობის შემფასებელ კრიტერიუმებს წარმოადგენს ლიმფის ტოქსიკური თვისებების შემცირების დონე და გაწმენდის შემდეგ მასში მეტაბოლიტების შემცველობის მაჩვენებლები. სორბენტების სახით სხვადასხვა მარკის გააქტიურებული ნახშირების გამოყენება საშუალებას იძლევა, ლიმფიდან განიდევნოს ტოქსიკური მეტაბოლიტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, არასპეციფიკური ციტოპლაზმური ფერმენტები, შარდოვანა, კრეატინინი, ბილირუბინი, ამილაზა, ლიპაზა, ტრიფსინი, ამიაკი და სხვა. ნახშირ-სორბენტების არასელექციურობის (არაშერჩევითობის) გამო ლიმფოსორბციას თან ახლავს ლიმფაში ცილების, ელექტროლიტებისა და გლუკოზის შემცველობის სხვადასხვა ხარისხით გამოხატული დაქვეითება. ლიმფოსორბცია ნაჩვენებია გამოხატული ეგზო და ენდოტოქსიკოზის დროს, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში.
ლიმფოფილტრაცია
ლიმფოფილტრაცია ლიმფის გაწმენდის ფილტრაციულ-დიალიზური მეთოდია, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სახის მაღალგამტარი ფირფიტებითა და მემბრანებით. ამ პროცედურის დროს დიალიზატორში (“ხელოვნურ თირკმელში”) მაღალი წნევის შექმნის გზით მაღალგამტარ ფირფიტასა თუ მემბრანაში ატარებენ ლიმფის თხევად ნაწილს, რომელიც ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. ეს ზოგჯერ სადიალიზო ხსნარის გამოყენებით ხდება. უფრო ეფექტურია ლიმფოფილტრაცია სადიალიზო ხსნარის გარეშე. ლიმფის ფილტრაციული მეთოდით გაწმენდა საშუალებას იძლევა, ორგანიზმიდან განიდევნოს ჭარბი სითხე, მკვეთრად შემცირდეს ტოქსიკური მეტაბოლიტების - შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის - დონე. განსაკუთრებით ეფექტურია ლიმფოფილტრაციისა და დიალიზის კომბინაცია. ამ მეთოდს წარმარტებით იყენებენ თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებთან.
ლიმფოდიალიზი
ლიმფოდიალიზი ტარდება დიალიზატორში. ამ გზით ლიმფა იწმინდება შარდოვანასა და კრეატინინისგან, ამ უკანასკნელთა ტოქსიკურობა ორჯერ მცირდება. ცილისა და ნატრიუმის შემცველობა ამ დროს პრაქტიკულად არ იცვლება, კალიუმისა საშუალოდ სამჯერ მცირდება, ჰიპერკალიემიის (სისხლში კალიუმის მომატებული რაოდენობის) დროს კი უფრო მეტჯერ, თუ გამოიყენებენ უკალიუმო სადიალიზო ხსნარს საგანგებოდ პლაზმაში კალიუმის დონის კორექციის მიზნით. ლიმფოდიალიზის დროს ლიმფაში პრაქტიკულად არ მცირდება ბილირუბინის, ქოლესტერინისა და პანკრეასის ფერმენტების შემცველობა. ლიმფის დეტოქსიკაციის (მავნე ნივთიერებებისაგან გაწმენდის) ეფექტურობის გასაზრდელად მძიმე ენდოგენური ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებს ლიმფოდიალიზი უნდა ჩაუტარდეთ ლიმფოსორბციასთან ერთად.
ლიმფოფორეზი
ლიმფოფორეზი ლიმფიდან სისხლის სხვადასხვა ფორმიანი ელემენტის (ჰემოლიზის დროს - ერითროციტების, აგრეთვე - ლიმფოციტების, ლეიკოციტების) გამოყოფის მეთოდია. ამ დროს ლიმფას ატარებენ სხვადასხვაკალიბრიანი ფორების მქონე აცეტატცელულოზურ გამტარ მემბრანაში. ინტრავენურად რეინფუზია (იგივე გადასხმა) გამოყოფილი (ე.წ. გამორეცხილი) უჯრედული ელემენტებისა ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით ხელს უშლის ორგანიზმის იმუნოლოგიური რეზისტენტობის (გამძლეობის) დაქვეითებას ლიმფოციტების დაკარგვის გამო, ასევე აფერხებს ანემიის განვითარებას.
* * *
ლიმფის გაწმენდის განხილული მეთოდების (სორბენტების, იგივე მშთანთქმელების, ნახევრადგამტარი ფირფიტებისა და მემბრანების დახმარებით) კომპლექსური გამოყენება საშუალებას იძლევა, ლიმფა გაიწმინდოს ტოქსიკური მეტაბოლიტებისაგან და ვარგისი გახდეს რეინფუზიისთვის. ლიმფის დეტოქსიკაციის მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია პათოლოგიურ პროცესზე, ღვიძლის, თირკმელებისა და პანკრეასის ფუნქციურ დარღვევებზე. მაგალითად, მაღალი ხარისხის ნეფროპათიის (თირკმლის მწვავე უკმარისობა) დროს ნაჩვენებია ლიმფოდიალიზი და ლიმფოფილტრაცია, მძიმე ხარისხის მწვავე ღვიძლ-თირკმლის უკმარისობის დროს - ლიმფოსორბცია, ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს - ლიმფოდიალიზი და ლიმფოსორბცია. ლიმფოდრენირება გაწმენდილი ლიმფის რეინფუზიით (უკან გადასხმით), თუ ის ენდოტოქსიკოზის ადრეულ ეტაპზე, ორგანოებში შეუქცევადი ცვლილებების განვითარებამდე ჩატარდა, დაავადების მწვავე პერიოდში ჰემოდიალიზისა და პერიტონეული დიალიზის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.