News
ყავის მოყვარულმა ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, რომ დროთა განმავლობაში მკერდი დაუპატარავდებათ, ყველაზე მეტად - მათ, ვინც ყავას დღეში რამდენჯერმე სვამს.
ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი) ჩატარდა უჩვეულო კვლევა, რომელშიც 300-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ყოველდღე სვამდნენ ყავას, მკვლევრები კი მკერდის ზომის ცვლილებებს აღნუსხავდნენ. შედეგად გამოვლინდა კანონზომიერება: რაც მეტ ყავას სვამენ ქალები, მით უფრო მცირდება მათი ბიუსტი. ეს ეხება ქალებს, რომლებიც ყოველდღე სამ ან მეტ ფინჯან ყავას სვამენ - ასეთ მონაწილეებს მკერდი საშუალოდ 17%-ით დაუპატარავდათ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყავა დადებითად იმოქმედებს დიდმკერდიანი ქალების ჯანმრთელობაზე - შეამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, ეს სასმელი გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების დონეზე, რასაც ასევე უკავშირებენ ძუძუს კიბოს განვითარების მომატებულ რისკს.
-
"ტეტრისი" ზარმაცი თვალის სამკურნალო საშუალებაა
მაკჰილის უნივერსიტეტში (კანადა) მომუშავე ექიმების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პოპულარული კომპიუტერული თამაში “ტეტრისი” ხელს უწყობს ორივე თვალის გავარჯიშებას, მეტიც - მისი მეშვეობით ამბლიოპიის მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე აქამდე ფართოდ გამოყენებული საღად მოფუნქციე თვალის ახვევის მეთოდით.
შეგახსენებთ, რომ ამბლიოპია ანუ “ზარმაცი თვალი” - ეს არის მხედველობის შექცევადი დაქვეითება, რომლის დროსაც ცალი თვალი თითქმის არ არის ჩართული მხედველობით პროცესში. კერძოდ, ავადმყოფს თითქმის არ გააჩნია ბინოკულარული მხედველობა. ამბლიოპიას ყველაზე ხშირად იწვევს სიელმე. მისი ტრადიციული მკურნალობა გულისხმობს კარგად მოფუნქციე თვალზე ნახვევის დადებას, რათა სუსტს უფრო გულმოდგინედ მუშაობა აიძულონ.
ზარმაცი თვალის მკურნალობაში “ტეტრისის” დადებითი როლი მეცნიერებმა ამბლიოპიის მქონე 9 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს. ამჯერად მათ განზრახული აქვთ კვლევების ჩატარება ბავშვებზე.
-
ღამის კონტაქტური ლინზები
ოტოკერატოლოგია მხედველობის გაუმჯობესების ახალი მეთოდია. აშშ-ში გამოიგონეს ლინზები, რომლებიც ძილის დროს რქოვანას ფორმის კორექციას ახდენს. ეს პროცედურა შემუშავებულია მათთვის, ვისაც არ სურს სათვალის ან სტანდარტული კონტაქტური ლინზების ტარება.
ღამის ლინზების დამზადების წინ სპეციალური ხელსაწყო რქოვანას 150 ათასი ადგილიდან მონაცემებს იღებს. ეს ლინზების მაღალი სიზუსტით მუშაობას უზრუნველყოფს. წყვილი ასეთი ლინზა 8000 დოლარი ღირს და სამი წლის გარანტია აქვს.
ღამის ლინზები, რომელთა შიგნითა ზედაპირი კომპიუტერზეა დაპროგრამებული, ფორმას უცვლის რქოვანას. ამის ხარჯზე მიიღწევა ლაზერული ოპერაციის ანალოგიური ეფექტი, რომელიც 20 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 58%-თან ლინზის გამოყენების შემდეგ მხედველობა ნორმას დაუბრუნდა. “ჩვენ არ ვაპირებთ ყველა ავადმყოფისთვის იდეალური მხედველობის დაბრუნებას. ჩვენი მიზანია, პაციენტებს მხედველობა იმ დონეზე გავუუმჯობესოთ, რომ მათ უსათვალოდ შეძლონ საქმიანობა”, - ამბობს ოფთალმოლოგი ჯონ ჰაჩეტი.
ღამის ლინზების გამოყენებას აპირებენ მხედველობის არცთუ მნიშვნელოვანი ცვლილების კორექციისთვის. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ დადებითი ეფექტი შეიძლება ყველა პაციენტთან არ მივიღოთ. კლინიკური გამოცდის დროს ზოგი თვალებში დისკომფორტსა და ქავილს გრძნობდა.
მასაჩუსეტსის ოფთალმოლოგიისა და ოტოლოგიის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, დოქტორი დიმიტრი აზარი აცხადებს: “ვფიქრობ, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ლინზები ჰაერგამტარია, მათი გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს თვალის კაკალში ჟანგბადის კონცენტრაცია. გარდა ამისა, ვინაიდან ქუთუთოები დახურულია, ადგილობრივად მოიმატებს ტემპერატურა, რაც ინფექციის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის”. “ამ ლინზების გამოყენებისას არ არის გამორიცხული რქოვანა გარსის ტრავმირება. არა მგონია, ეს მხედველობის კორექციის საუკეთესო გზა იყოს”, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ახალ ლინზებს ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის თანამშრომელმა, დოქტორმა რობერტ მალონმა.
-
წითელი ღვინო ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას
წითელი ღვინო სახელგანთქმულია სასარგებლო თვისებებით, თუმცა ისინი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სუსტ ალკოჰოლურ სასმელს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შესძლებია.
საქმე ის არის, რომ ყურძნის ქერქში, რომელიც ხარისხიანი ღვინის ძირითად ნედლეულს წარმოადგენს, შედის განსაკუთრებული ნივთიერება - რესვერატროლი, რომელიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. რესვერატროლი დიდ როლს ასრულებს სისხლძარღვების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
ამერიკელმა მეცნიერებმა მის ამ თვისებასა და ადამიანის მხედველობის მდგომარეობას შორის კავშირი აღმოაჩინეს. მათი დასკვნის თანახმად, ეს ნივთიერება საგრძნობლად ამცირებს მხედველობის დაქვეითების ალბათობას, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლის, დოქტორ რაჟენდრა არტის თქმით, გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესვერატროლი ხელს უშლის სისხლძარღვებში ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას, აქედან გამომდინარე, თვალის სისხლძარღვებში წნევა ქვეითდება და მცირდება მხედველობის გაუარესების ალბათობა.
რესვერატროლს, გარდა ყურძნისა, ზოგიერთი სხვა მცენარეც შეიცავს. იგი მათ პარაზიტებთან, კერძოდ, ბაქტერიებსა და სოკოებთან ბრძოლაში ეხმარება.
-
აღმოჩენილია ახლომხედველობის გენი
ScienceDaily-ს ცნობით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ახლომხედველობასთან დაკავშირებული გენი, რაც ამ დაავადების გენური თერაპიის შექმნას შეუწყობს ხელს. დიუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა) თაოსნობით ჩატარებულ კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის (მათ შორის - დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ავსტრალიის) 13 414 თეთრკანიან მოხალისეს ჩაუტარდა გენომის ანალიზი. გაირკვა, რომ ახლომხედველობის განვითარება მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული დნმ-ს იმ უბანთან, რომელიც გავლენას ახდენს RASGRF1 გენის მუშაობაზე. ეს გენი ნეირონებსა და თვალის ბადურაში ფუნქციობს, პასუხს აგებს მხედველობითი მეხსიერების აღქმასა და ფორმირებაზე.
მიღებული მონაცემების დასტურად მკვლევრებმა გენური ინჟინერიის დახმარებით გამოიყვანეს RASGRF1 გენის არმქონე თაგვები და მათ თვალის ბროლში გადახრები აღმოაჩინეს. დიუკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აზიელ კოლეგებთან ერთად იმავე თემაზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოაჩინა კიდევ ერთი გენი - CTNDD2, რომელიც იაპონელებსა და ჩინელებთან ახლომხედველობის განვითარებაზე აგებს პასუხს. ორივე ამ გამოკვლევის ხელმძღვანელი, ტერი იანგი, აცხადებს, რომ რომელიმე დაავადების გენეტიკური საფუძვლების აღმოჩენიდან ამ დარღვევათა კორექციის მეთოდების შემუშავებამდე, ჩვეულებრივ, არცთუ მოკლე ხანი გადის. მაგრამ ვინაიდან თვალი მცირე ზომისაა და ძლიერი ანატომიური თავისებურებებით გამოირჩევა, მასში შეყვანილი გენური პრეპარატი დიდხანს ინარჩუნებს მნიშვნელოვან კონცენტრაციას.
ამრიგად, ახლომხედველობის გენური თერაპია შესაძლოა საკმაოდ სწრაფად შემუშავდეს.
-
თვალების ხამხამის დარღვევასთან ბრძოლის ახალი მეთოდი
თვალების ხამხამის პროცესის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალების შემუშავებისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis Medical Center) მეცნიერებმა ტრევის ტოლეფსონის (Travis Tollefson) ხელმძღვანელობით გამოკვლევა ჩაატარეს. ამ სამუშაოს შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნეს ჟურნალ Archives of Facial Plastic Surgery-ში.
ხამხამის პროცესის დარღვევა გვხვდება სახის ნერვებისა და ზედა ქუთუთოების ამწევი კუნთების სხვადასხვა ფორმის დაზიანებისას. ამ კუნთების მუდმივი დამბლა შეიძლება გამოიწვიოს ტრავმებმა, ინსულტმა, სიმსივნურმა წარმონაქმნებმა, ნევროლოგიურმა დაავადებებმა.
გვამებზე ხამხამის პროცესის მოდელირების მიზნით ქირურგებმა გარდაცვლილს ქუთუთოებში ჩაუნერგეს შემაერთებელი ქსოვილისგან ან პოლიტეტრაფთორეთილენის (ტეფლონი) ბოჭკოებისგან დამზადებული სიმები. სიმის ერთი ბოლო მიამაგრეს თვალის კაკალზე, მეორე კი - ხელოვნურ კუნთზე. ეს მოწყობილობა საფეთქლის ძვლის სიღრმეში ჩაინერგა. ხელოვნური კუნთი შედგება სამი-სამი ფენა აკრილის ან სილიკონისგან, რომელთა შორისაც მოთავსებულია გრაფიტის საცხი. ელექტრული იმპულსები უზრუნველყოფს კუნთის შეკუმშვას. შედეგად ქუთუთოებში ჩანერგილი სიმები იჭიმება და თვალი იხუჭება.
კუნთის ცალმხრივი დამბლით დაავადებულთა სამკურნალოდ მეცნიერები გვთავაზობენ სენსორების გამოყენებას, რომელთაც ჯანმრთელი თვალის დახურვისას გამოცემული ელექტრონული იმპულსების დაჭერის უნარი შესწევთ. ეს უზრუნველყოფს დაავადებული ქუთუთოს ჯანმრთელთან სინქრონულ დახურვას. ორმხრივი დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რიტმის ელექტრული მატარებლის მსგავსი მოწყობილობა.