როგორ ხდება აირების წარმოქმნა და გამოყოფა
ნორმაში, აირები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოიდევნება ბოყინის გზით, სწორი ნაწლავის საშუალებით (ფლატულენცია) და უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება სისხლში. ადამიანმა დღეში შესაძლოა 14-20-ჯერ გამოყოს აირები სხვადასხვა გზით.
ნაწლავური აირები ძირითადად ნახშირორჟანგისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, წყალბადისა და ცოტაოდენი მეთანისგან შედგება. ამ აირებს სუნი არ აქვთ. უსიამოვნო სუნს მათ აძლევს გოგირდშემცველი ნაერთები, რომლებსაც მცირე რაოდენობით წარმოქმნიან მსხვილ ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები. აირების დიდი რაოდენობით წარმოქმნისას ან ორგანიზმიდან მათი გამოძევების მექანიზმთა დარღვევისას უსიამოვნო სიმპტომები წარმოიშობა.
როგორ წარმოიქმნება აირები
გადაყლაპული ჰაერი
აეროფაგია ანუ ჰაერის გადაყლაპვა კუჭის შებერილობის მთავარი მიზეზია. საკვებისა თუ სითხის მიღების დროს ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ყლაპავს გარკვეული მოცულობის ჰაერს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ჰაერი იყლაპება სწრაფად ჭამისა და სმის, კევის ღეჭვისა და მოწევის დროს.
აირების უდიდესი ნაწილი ბოყინით გამოიყოფა, დანარჩენი კი წვრილ ნაწლავში გადადის, საიდანაც ნაწილს შეიწოვს სისხლი. აირების ის ნაწილი, რომელიც წვრილ ნაწლავში არ შეიწოვება, მსხვილ ნაწლავში გადადის და ანალური ხვრელით გარეთ გამოიყოფა.
კუჭში აირები განსაკუთრებით უხვად გროვდება გაზიანი სასმელების მიღებისას. ამ სასმელებში არსებული ნახშირორჟანგი ან ბოყინის გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან, ან სისხლში შეიწოვება. მსხვილ ნაწლავამდე ის პრაქტიკულად ვერ აღწევს.
კუჭის აირები ძირითადად აზოტისგან, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგისგან შედგება. როგორც უკვე ითქვა, ამ აირებს სუნი არ აქვთ. ასე რომ, თუ ბოყინის დროს უსიამოვნო სუნის მქონე აირები ამოგდით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს - ეს შესაძლოა სერიოზული დარღვევის ნიშანი იყოს.
ევოლუციის პროცესში ადამიანის საჭმლის მომნელებელმა სისტემამ ადაპტაცია ვერ განიცადა (ვერ მოერგო) ზოგიერთი ნახშირწყლის მონელებასთან (მარტივი შაქრების ზოგიერთი სახეობა, ცელულოზა, ლიგნინი, პექტინები, ქიტინი და სხვა რთული ნახშირწყლები). ეს ნივთიერებები ფეკალური მასების ძირითადი კომპონენტებია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრანზიტით გავლის შემდეგ მათი ნაწილი მსხვილ ნაწლავში ხვდება, სადაც მიკროორგანიზმთა სამიზნედ იქცევა, რამდენადაც საუკეთესო საკვები ნიადაგია მათთვის. სწორედ ასეთი მიკრობული გადამუშავების შედეგად წარმოიშობა აირები.
ნაწლავის მიკროფლორა მსხვილ ნაწლავში მოხვედრილი საკვების სხვა ნარჩენებსაც (ცილებსა და ცხიმებს) შლის. ნაწლავებში ძირითადად წყალბადი და ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, ასიდან დაახლოებით 30 ადამიანის ორგანიზმში - იმავდროულად მეთანიც. ნაწლავებში წარმოქმნილი აირები სწორი ნაწლავის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება სისხლში. აირების წარმოქმნის პროცესი გარკვეულწილად ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს - ზოგში იწვევს აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას, ზოგში კი არა.
რომელი პროდუქტები იწვევს შებერილობას
შებერილობის პროვოცირება ნახშირწყლების შემცველ ბევრ პროდუქტს შეუძლია. ცხიმები და ცილები აირების წარმოქმნაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ნახშირწყლებიდან აღსანიშნავია რაფინოზა, ლაქტოზა, ფრუქტოზა და სორბიტოლი.
რაფინოზა
ამ ნახშირწყალს უხვად შეიცავს პარკოსნები. გაცილებით ნაკლებია გოგრაში, ბროკოლში, ბრიუსელის კომბოსტოში, სატაცურში, სხვა ბოსტნეულსა და მარცვლოვნებში.
ლაქტოზა
ლაქტოზა ნატურალური დისაქარიდია, რომელსაც რძე შეიცავს. ის შედის ყველა იმ პროდუქტის შემადგენლობაშიც, რომელიც რძისაგან მზადდება ან შეიცავს მას (ნაყინი, პური, მშრალი რძე, სალათების საკაზმები და სხვა).
ზოგიერთ ადამიანს ლაქტოზის დამშლელი ფერმენტის, ლაქტაზის, შეძენილი ან თანდაყოლილი დეფიციტი აღენიშნება. ზემოთ დასახელებული პროდუქტები მათში შებერილობას იწვევს.
ფრუქტოზა
ფრუქტოზა ნახშირწყალია, რომელსაც ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა შეიცავს. მას ფართოდ იყენებენ უალკოჰოლო სასმელების, ხილის წვენებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში (ზოგიერთი პრეპარატის დანამატია).
სორბიტოლი
სორბიტოლი ასევე ფართოდაა გავრცელებული ხილსა და ბოსტნეულში. მას იყენებენ დიეტური პროდუქტების დასატკბობად, აგრეთვე - სხვადასხვა ტკბილეულისა და უშაქრო კევების წარმოებაში.
სახამებელი
სახამებლის შემცველი მრავალი პროდუქტი, კარტოფილის, სიმინდის, ხორბლისა და პარკოსნების ჩათვლით, აირთა წარმოქმნას აძლიერებს. ბრინჯი ამ ჯგუფიდან ერთადერთია, რომელიც შებერილობას არ იწვევს.
საკვები ბოჭკოები
პრაქტიკულად ყველა პროდუქტი შეიცავს ხსნად და უხსნად საკვებ ბოჭკოებს. ხსნადი ბოჭკოები (პექტინები) წყალში ფუვდება და ჟელესმაგვარ მასას წარმოქმნის. ასეთ ბოჭკოებს შეიცავს პარკოსნები, ბარდა, შვრია და ხილის უმრავლესობა. ისინი შეუცვლელი სახით აღწევენ მსხვილ ნაწლავს, სადაც მათი დაშლის შედეგად აირები წარმოიქმნება. ხსნადი ბოჭკოები პრაქტიკულად უცვლელი სახით გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და არ იწვევს აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას.
როგორ ვლინდება აირთა გაძლიერებული წარმოქმნა
შებერილობის ძირითადი სიმპტომებია ბოყინი, სწორი ნაწლავიდან აირების გახშირებული გამოყოფა (ფლატულენცია), მუცლის ყურყური და კოლიკა (მოვლითი, შეტევისებური ხასიათის ტკივილი). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს, მიუხედვად აირების მოჭარბებული წარმოქმნისა, ჩამოთვლილი სიმპტომები არ უვითარდება. ეს დამოკიდებულია როგორც აირების მოცულობაზე, ასევე იმ ცხიმოვანი მჟავების რაოდენობაზე, რომლებიც შეიწოვება ნაწლავებიდან და, რაც მთავარია, აირების გაძლიერებული წარმოქმნისადმი მსხვილი ნაწლავის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ბოყინი
ბოყინი ჭამის დროს და ჭამის შემდეგ უჩვეულო და, მით უმეტეს, საგანგაშო არ არის, რადგან ის ჭამის დროს კუჭში მოხვედრილი აირების გამოდევნას ემსახურება. გახშირებული ბოყინი საკმაოდ დიდი რაოდენობის ჰაერის გადაყლაპვაზე და კუჭში მოხვედრამდე მის გამოდევნაზე მეტყველებს. თუმცა გახშირებული ბოყინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთ დაავადებასაც ახლავს თან. მაგალითად, წყლულოვან პათოლოგიას, გასტრიტს, გასტროეზოფაგურ რეფლუქსს.
ფლატულენცია
აირების ჭარბი წარმოქმნის დამადასტურებელია სწორი ნაწლავიდან მათი გახშირებული გამოდევნა (ფლატულენცია). ნორმაში ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 14-20-ჯერ გამოყოფს აირებს. ამაზე მეტად გახშირებული ფლატულენცია ნახშირწყლების შეწოვის სერიოზულ დარღვევაზე ან დისბაქტერიოზზე მიანიშნებს.
მეტეორიზმი
ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მუცლის შებერილობა და ყურყური აირების ჭარბი წარმოქმნის ბრალია, მაშინ როცა ეს ჩივილები ზოგს ნორმალური რაოდენობის აირების დროსაც აწუხებს, ანუ აირების ნორმალური წარმოქმნის მიუხედავად, ნაწლავების შებერილობა უვითარდება. ეს ზოგჯერ აირთა გამოდევნის დარღვევის შედეგია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შებერილობა, ჩვეულებრივ, ვითარდება ნაწლავის მოძრაობითი ფუნქციის დარღვევის გამო, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, როდესაც ნაწლავის კედლის რეცეპტორული აპარატის მგრძნობელობა მომატებულია.
შებერილობას იწვევს ყველა ის დაავადება, რომლის დროსაც ნაწლავებში ფეკალური მასების გადაადგილება ბრკოლდება (მაგალითად, კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა).
მუცლის შებერილობა და ტკივილი აწუხებთ ადამიანებს, რომლებმაც მუცლის ღრუს ორგანოების ოპერაცია გადაიტანეს. ამის მიზეზი ხშირად პოსტოპერაციული შეხორცებები და შინაგანი თიაქრებია.
შებერილობა შესაძლოა ცხიმიანი საკვების ჭარბმა მიღებამაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიზეზი აირთა ჭარბად წარმოქმნა კი არ არის, არამედ კუჭიდან ნაწლავებში საკვების გადაადგილების შეფერხება.
კოლიკა
შებერილობის დროს ზოგიერთს კოლიკა (მუცლის შეტევისებური ტკივილი) აღენიშნება. ამასთან, თუ აირები უპირატესად ნაწლავის მარცხენა ნახევარშია დაგროვილი, გულის შეტევის იმიტაციას ახდენს, ხოლო თუ მარჯვენა მხარეს - ნაღვლის კოლიკისა და აპენდიციტისას.