News
სითბური დარტყმის დროს ადამიანის შინაგანი ტემპერატურის დაქვეითების ყველაზე ეფექტური საშუალება მისი ყინულიან წყალში ჩაწვენაა, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრენდონ მაკდერმოტი და მის კოლეგები კონეკტიკუტის უნ-ივერსიტეტიდან სითბურ დარტყმასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებისა და მათი შედეგების გაანალიზების შემდეგ.
ცივი აბაზანის ალტერნატივას წარმოადგენს სპეციალური სარწყავი შლანგით წყლის გადავლება სხეულზე, სველ პირსახოცში გახვევა და ვენტილატორით დანიავება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ,,მსხვილი სისხლძარღვების გავლის ადგილებში ყინულის დადება, - რასაც ექიმების უმრავლესობა ანიჭებს უპირატესობას, - არ არის ეფექტიანი და არ იძლევა სხეულის ტემპერატურის სათანადოდ დაწევის საშუალებას".
ორგანიზმის გადახურება შეიძლება აღმოცენდეს ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში კუნთების აქტიური მუშაობის შედეგად. საწყის სტადიაში გადახურება ვლინდება მოთენთილობით, გულისრევით, თავბრუხვევით. შემდგომში შესაძლოა განვითარდეს სითბური დარტყმა (რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა) და ორგანიზმის ტემპერატურის რეგულაციის მკვეთრი მოშლა მოხდეს.
სითბური დარტყმის სიმპტომებია: სხეულის მაღალი ტემპერატურა (400C-მდე), კანის სიმშრალე და გახურება, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა.
გასარკვევად, თუ რომელი მკურნალობა უფრო ეფექტიანია კუნთების მუშაობით გამოწვეული გადახურების დროს, ამერიკელმა მეცნიერებმა გააანალიზეს სხეულის გაცივების მეთოდებისადმი მიძღვნილი კვლევები. მათ მიაგნეს 7 კვლევას, რომლებშიც განხილული იყო ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ყინულიანი წყლის ნაწილობრივი ან მთლიანი აბაზანა, ყინულიანი წყლის გადავლება, სველ პირსახოცში გახვევა და შებერვა, ყინულის დადება სხეულის გარკვეულ უბნებზე და ჩრდილში დასვენება. ამ მეთოდებს შორის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გამოდგა გადახურებული ადამიანის ყინულიან წყალში ჩაწვენა. სწორედ ეს მეთოდია მითითებული აშშ-ის მწვრთნელთა ნაციონალური ატლანტიკური ასოციაციისა და სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეჯის ოფიციალურ რეკომენდაციებში, რომლებიც ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ჰიპერტენზიის მკურნალობას ეხება.
ზაფხულში ყურადღება მიაქციეთ თვალებს
ექიმი ოფთალმოლოგები გვირჩევენ: ზაფხული - თვალისთვის საშიში დროა. ულტრაიისფერ სხივებს შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს თვალებსაც და კანსაც. ამიტომ სათვალის ლინზებმა უნდა დაბლოკოს გამოსხივების საშიში სპექტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კატარაქტას, ბადურას დაზიანებას და სხვა პრობლემებსაც კი გამოჰკრათ ხელი.
ზაფხულში ყველაზე მეტად გამოგადგებათ სათვალე, რომლის ლინზაც მთლიანად ჩასმულია ჩარჩოში. ეს საშუალებას მოგცემთ დაიცვათ თვალები არა მარტო მზისგან, არამედ მტვრისგანაც. განსაკუთებით ყურადღებით უნდა ამოირჩიოთ სათვალე, თუ ზაფხულში წყლის პროცედურების ჩატარებას აპირებთ. სხვათა შორის, აუზში უმჯობესია იცურაოთ სათვალით, რადგან წელიწადის ამ დროს, ჩვეულებრივ, წყლის ქლორირებას ზრდიან. ამან კი შეიძლება თვალების გაღიზიანება გამოიწვიოს. ამავე მიზეზით, აუზის შემდეგ აუცილებელია თვალები გამოირეცხოთ სუფთა წყლით. მაღალი ტემპერატურის დროს მატულობს დაბინძურების დონე, ამ დროს მაღალია თვალის ალერგიის განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით კი - ბავშვებში. ჯობს, მათ დღეში ორჯერ გამოვურეცხოთ თვალები ცივი წყლით და მოვარიდოთ მტვრიან ადგილებს. არცთუ იშვიათად ვითარდება კონიუნქტივიტი, რომელსაც ახასიათებს თვალების სიწითლე, სინათლის შიში, ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება და ქავილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტს, რათა თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის გაუარესება. რაც შეეხება თვალების სიმშრალეს, გიშველით ჩვეულებრივი გამორეცხვა და ხელოვნური ცრემლი.
ლავანდის ზეთის საიდუმლო
მოგეხსენებათ, რაოდენ ხშირია ზაფხულში სოკოვანი ინფექციის გამწვავება. კოიმბრის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, ლავანდის ზეთი შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ ქრონიკული და უკურნებელი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. მათი აზრით, ზეთი დაგვეხმარება კანისა და ფრჩხილის სოკოვანი დაზიანების დროს.
მეცნიერებმა სამხრეთ პორტუგალიაში არსებული Lavandula viridis-ისგან სპეციალურად გამოყვეს ლავანდის ზეთი. ზეთი გამოსცადეს პათოგენურ სოკოებზე, რომელთა შორის ზოგიერთი სასიკვდილოც კია.
დერმატოფიტების ჯგუფის წარმომადგენლები იწვევენ კანის, ფრჩხილის, თმის დაზიანებას, ხოლო კანდიდას ტიპისა - რძიანას განვითარებას. აღნიშნული სოკოვანი ინფექცია განსაკუთრებით საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ექსპერიმენტის პროცესში ლავანდის ზეთმა გამოავლინა დამამშვიდებელი, ანტისპასტიკური, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ზეთი კლავდა სოკოების ფართო სპექტრს უჯრედების მემბრანის დაზიანებით.
მკვლევართა თქმით, ამჟამად ანტიმიკოზური პრეპარატების შედარებით ნაკლები ვარიანტები არსებობს, გარდა ამისა, მათ აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები. უკანასკნელ წლებში სოკოვანი ინფექცია არნახულად სწრაფად ვრცელდება, სწორედ ამიტომ მედიცინა მწვავედ საჭიროებს ახალი საშუალებების შემუშავებას.
ზრდის თუ არა ზაფხულის სიცხე ფსიქიკურ დატვირთვას
ცნობილია, რომ ზამთარში, როდესაც დღის ხანგრძლივობა მცირეა, ხოლო გარეთ ყინავს, ადამიანს დეპრესია ეუფლება. მზე და დღის სინათლე მძლავრი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც გვიცავს მრავალი დაავადებისგან. როგორც ფსიქიატრიის დოქტორი მასიმო დი ჯანანტონიო აღნიშნავს, ზაფხულში დეპრესია, როგორც წესი, არ მწვავდება, ვინაიდან მზის სხივები ასტიმულირებს ორი მნიშვნელოვანი ნეიროჰორმონის, სეროტონინისა და ნორადრენალინის, მეტაბოლიზმს. ისინი იწვევენ დეპრესიის შენელებას. სწორედ ამ მიზეზით ჩრდილოეთ ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა შუქთერაპიამ. მაგრამ საქმე ასე მარტივად როდია. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ზაფხულის მწველ დღეებშიც განიცდის დისკომფორტს. მათ გამოუვლინდებათ დისფორიის სიმპტომები, კერძოდ, მოწყენილობა, მოღუშულობა და უგუნებობა, რასაც ემატება გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, არცთუ იშვიათად - შიში, განწყობის მკვეთრი ცვლილება და უძილობა. ამდენად, ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის ცხელი ამინდი შეიძლება გახდეს მძლავრი სტრესული ფაქტორი, რომელიც იწვევს ზემოთ აღწერილ დარღვევებს, რადგანაც ორგანიზმი მუდმივად დაძაბულია. ის ცდილობს დაიცვას თავი ასეთი ემოციური რეაქციებით.
პროფესორის აზრით, ნეგატიური მდგომარეობის მოხსნაში დაგვეხმარება დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, ურთიერთობები და საკუთარი სხეულისადმი ყურადღება, ასევე მნიშვნელოვანია, შევივსოთ სულიერი სიცარიელე. ეს განსაკუთრებით მოზარდებს ეხდება. თავისუფალი დრო უმჯობესია დავუთმოთ მეგობრებს ან რაიმე სასარგებლო საქმეს.