ფსიქოლოგიურად რომ არ დავბერდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიურად რომ არ დავბერდეთ

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ უჯრედები შეიცავენ განსაკუთრებულ ცილებს, რომელთა საშუალებითაც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან, თუმცა ასაკის მომატებასთან ერთად ამ ცილების გამომუშავება მცირდება, ბოლოს წყდება და უჯრედი თავისუფალი რადიკალებისგან თავის დაცვის ბუნებრივ უნარს კარგავს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ უნიკალური თვისებების მქონე ცილების შესწავლით შესაძლებელია დაბერების პროცესების შემაფერხებელი და თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი საშუალებების შექმნა. ასაკთან ერთად ცილოვანი მოლეკულები თანდათან კარგავენ წყალს, იცვლიან სტრუქტურას, იშლებიან, ხდებიან უფრო ინერტულნი, ახალ კავშირებს აღარ წარმოქმნიან. ყოველივე ეს ხდება ავადმყოფობის, სტრესის, ზოგჯერ სერიოზული ფსიქიკური ტრავმის შედეგად. ხანდაზმული ორგანიზმი ბიოლოგიური სიმტკიცის აღდგენას უფრო მეტხანს უნდება, ვიდრე ახალგაზრდა.

ფსიქოლოგიური განწყობა

ახალგაზრდა ორგანიზმი სწრაფად ახდენს ადაპტაციას შეცვლილ გარემო პირობებთან, ადვილად აღიდგენს ძალებს გადატანილი სტრესის შემდეგ. ორგანიზმის ეს უნარი ერთნაირად ეხება როგორც ფიზიოლოგიას, ისე ფსიქიკას, თუმცა ფსიქიკის, ფსიქიკური პროცესების აღდგენა და გაახალგაზრდავება უფრო ადვილია. ამისთვის საჭიროა, ადამიანმა შეიტანოს სიახლეები თავის ყოველდღიურ ყოფაში, შეიცვალოს გარემო, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილი, გაიფართოოს ნაცნობთა წრე... ყოველი ცვლილება ხვეწს და წვრთნის ადამიანის ადაპტაციის უნარს. ამ მხრივ გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები - მათი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, ახალ-ახალი მისწრაფებებით, ამიტომ ისინი უფრო გვიან ბერდებიან. სტრესი ძალიან აჩქარებს დაბერებას. ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მყარი ფსიქოლოგიური განწყობა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს რაღაც, რისი შეცვლაც შეუძლებელია, შეეგუოს ამას, მშვიდად შეხვდეს ცხოვრების ყოველგვარ სიურპრიზს. ეს დაეხმარება სტრესის დამანგრეველი ზემოქმედების განეიტრალებაში, დააზოგვინებს სასიცოცხლო ძალებსა და ენერგიას, რომელიც ასე აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

ხანდაზმული ასაკი და ცხოვრების წესი

ხანდაზმულობისთვის ადამიანი გაცილებით ადრე უნდა მოემზადოს. ამისთვის მან უნდა შეცვალოს ან სრულიად გარდაქმნას თავისი ცხოვრების წესი, რათა მეტხანს შეინარჩუნოს სულიერი თუ ფიზიკური მხნეობა, ფსიქოლოგიურად არ დაბერდეს. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ყველა აცნობიერებს, რომ ახალგაზრდობა მიდის; დრო გადის და თან მიაქვს ჩვენი მომხიბვლელობა და ჯანმრთელობა. ამაზე ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს, თუმცა ჯობს, ამ ფაქტს მშვიდად შევხვდეთ - ადრე თუ გვიან ყველა ბერდება - და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობის წლები. მაინც როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სული? უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიკრიბოთ ნებისყოფა და შევიმუშაოთ გამაჯანსაღებელი პროგრამა. სიბერის ერთ-ერთი ნიშანია თავის ტვინის მუშაობის გაუარესება, აღქმის, ყურადღების, აზროვნების პროცესების შენელება. როგორც გაირკვა, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვების თვისებურებებზე, ფიზიკურ აქტივობაზე, სრულფასოვან ძილზე. ფსიქოლოგიურად არ დავბერდებით, თუ სიახლეებისადმი ინტერესი არ გაგვინელდება; გამუდმებით უნდა ვისწრაფოდეთ სიახლისკენ, არ ამოვვარდეთ ცხოვრების რიტმიდან, არ დავკარგოთ ცხოვრების ხალისი, გვიყვარდეს ადამიანები, ხშირად გავიღიმოთ... იყავით ბრძენნი, მიზანდასახულნი და წლები ვერაფერს დაგაკლებენ!