News
-
დადასტურდა კავშირი შემოქმედებით უნარსა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის
უნგრელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემოქმედებით აქტიურობასა და ფსიქიკური დაავადებებისადმი მიდრეკილებას შორის კავშირი გენეტიკურ დონეზე არსებობს. იმისთვის, რომ შეემოწმებინა ფართოდ გავრცელებული აზრი კრეატიულობასა და ფსიქოპათოლოგიას შორის კავშირის შესახებ, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა საბოლჩ კერიმ გენი ნეირეგულინ 1 (NRG1) გამოიკვლია. ეს გენი გავლენას ახდენს ადამიანის ტვინში მიმდინარე მრავალ პროცესზე, მათ შორის - ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის კავშირების ფორმირებასა და გამყარებაზეც. ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ NRG1 გენის ერთ-ერთი ვარიანტის მფლობელებს აქვთ შიზოფრენიისა და ბიპოლარული (მანიაკურ-დეპრესიული) დარღვევების განვითარების მაღალი რისკი.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა, რომლებიც თავს ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებად მიიჩნევდნენ. მათ უტარებდნენ ტესტებს გამჭრიახობასა და შემოქმედებით უნარზე. კერძოდ, კრეატიულობის შესაფასებლად ექსპერიმენტის მონაწილეებს სთავაზობდნენ, ეპასუხათ არასტანდარტულ კითხვებზე (მაგალითად, რა მოხდებოდა, ღრუბლები მიწაზე სადენით რომ ყოფილიყო მიმაგრებული). აფასებდნენ პასუხების ორიგინალობასა და სისხარტეს. გარდა ამისა, კვლევის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, რომელიც მათ მიღწევებს ეხებოდა. ამის შემდეგ განსაზღვრეს, NRG1 გენის რომელი ვარიანტის მატარებელი იყო თითოეული მონაწილე.
ტესტებსა და კითხვარებში ყველაზე მეტი ქულა მიიღეს გენის იმ ვარიანტის მატარებლებმა, რომელიც ზრდის ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკს. ამრიგად, ექსპერიმენტმა ფსიქოპათოლოგიასა და შემოქმედებით აქტიურობას შორის კავშირი დაადასტურა. გარდა ამისა, დაადგინეს, რომ დაავადებასთან დაკავშირებული გენის ზოგიერთი ვარიანტი განიცდის ევოლუციურ გადარჩევას და რჩება ადამიანის გენოფონდში თავისი დადებითი ეფექტების გამო.
-
ვარჯიში დეპრესიასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია
ამერიკელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ვარჯიში შესაძლოა დეპრესიასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად იქცეს, თუ მას რეგულარულად და ზომიერი დატვირთვით შევასრულებთ. მაგრამ ვარჯიში შედეგიანია მხოლოდ როგორც მკურნალობის დამატებითი მეთოდი.
ფსიქიატრიის პროფესორმა ენდრიუ ლიუჩრეტმა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ადამიანის ნევროლოგიურ და ქცევით პრობლემებზე მუშაობს, განაცხადა: "თავისთავად ვარჯიში ვერ გააუმჯობესებს დეპრესიული პაციენტის გუნება-განწყობას, მაგრამ თუ დაავადებულს წამლები და დანიშნული მკურნალობა ბოლომდე ვერ შველის, კურსში ფიზიკური ვარჯიშების ჩართვამ შესაძლოა ეფექტი სრულყოფილი გახადოს".
დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობისას კომპლექსში ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. აღსანიშნავია, რომ დეპრესიით დაავადებული ინერტულია, ჩაკეტილი, გაურბის საზოგადოებას, მისი აქტიურობის ხარისხი მკვეთრად იკლებს, უჭირს მუშაობა. ფიზიკური ვარჯიში კი ადამიანს ააქტიურებს, მატებს შრომის უნარს, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი უფრო გულღიას ხდის.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ დარემში მდებარე უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, პროფესორი ჯეიმს ბლუმენტალი, აცხადებს, რომ "ფიზიკური ვარჯიშის გავლენით პაციენტები თავის ხელში აყვანას სწავლობენ, მოდიან გუნებაზე და უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა". მრავალ ექიმსა და მეცნიერს მიაჩნია, რომ ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც განაგებს უამრავ ფუნქციას, კერძოდ, ზრდის აქტიურობას და ხელს უწყობს გუნება-განწყობის გაუმჯობესებას. მათი რეკომენდაციით, ადამიანმა კვირაში 3-5-ჯერ უნდა ივარჯიშოს - სწორედ ასეთი რეჟიმი იძლევა საუკეთესო შედეგს.
ლიუჩტერი ხაზგასმით აღნიშნავს: "უბრალოდ, მინდა, ჩემი პაციენტი აქტიური იყოს. ქუჩაში ენერგიულმა სეირნობამაც კი შეიძლება არგოს მას. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიში რეგულარულად არის საჭირო. ადამიანმა უნდა შეასრულოს ის ვარჯიში, რომელიც მოსწონს - სულ უსაქმოდ ყოფნას რამის კეთება ხომ მაინც სჯობს?!"
-
თვალების ხამხამი და მასთან ბრძოლის ახალი მეთოდი
თვალების ხამხამის პროცესის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალების შესამუშავებლად კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა (UC Davis Medical Center) ტრევის ტოპლეფსონის ხელმძღვანელობით საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
თვალების ხამხამი ირღვევა სახის ნერვებისა და ზედა ქუთუთოების ამწევი კუნთების სხვადასხვა ფორმის დაზიანებისას. ამ კუნთების მუდმივი დამბლა შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, ინსულტმა, სიმსივნურმა წარმონაქმნმა, ნევროლოგიურმა დაავადებამ. გვამებზე ხამხამის პროცესის მოდელირების მიზნით ქირურგებმა გარდაცვლილს ქუთუთოებში ჩაუნერგეს შემაერთებელი ქსოვილისა და პოლიტეტრაფთორეთილენის (ტეფლონი) ბოჭკოებისგან დამზადებული სიმები.
სიმის ცალი ბოლო თვალის კაკალზე მიამაგრეს, მეორე კი ხელოვნურ კუნთზე. ეს მოწყობილობა საფეთქლის ძვლის სიღრმეში გადაინერგა. ხელოვნური კუნთი შედგება სამი-სამი ფენა აკრილისა და სილიკონისგან, რომელთა შორისაც მოთავსებულია გრაფიტის საცხი. ელექტრული იმპულსები უზრუნველყოფს კუნთის შეკუმშვას. შედეგად ქუთუთოებში ჩანერგილი სიმები იჭიმება და თვალი იხუჭება. კუნთის ცალმხრივი დამბლით დაავადებულთა სამკურნალოდ მეცნიერები გვთავაზობენ სენსორების გამოყენებას, რომლებსაც უნარი შესწევთ, დაიჭირონ ჯანმრთელი თვალის დახუჭვისას გამოცემული ელექტრული იმპულსები. შედეგად დაავადებული ქუთუთო ჯანმრთელის სინქრონულად იხუჭება. ორმხრივი დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს რიტმის ელექტრული მატარებლის მსგავსი მოწყობილობა.
-
აფერხებს თუ არა ნაყოფის განვითარებას ნერვიულობა და სტრესი
ცნობილია, რომ ორსულებს კატეგორიულად ეკრძალებათ ნერვიულობა და დარდი. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ გადამეტებული შფოთვა ორსულობის დროს აფერხებს ნაყოფის განვითარებას, რის შედეგადაც იზრდება მცირე წონის ბავშვის დაბადების რისკი.
ჟურნალ Pediatric and Perinatal Epidemiology-ში გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, რომელიც ნაყოფზე ერთჯერადი და მუდმივი სტრესის ნეგატიურ გავლენას ასახავს. ექიმები აკვირდებოდნენ იმ ორსულთა ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, რომლებიც დაბალი ფინანსური შემოსავლების მქონე სოციალურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ. სხვა ფაქტორების (ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, განათლების დონე, რასა, მოწევა) ზემოქმედების გამოკლებით დაადგინეს, რომ შფოთვა და ფსიქოემოციური სტრესი ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენდა ახალშობილთა ჯანმრთელობაზე.
ქრონიკული შფოთვა ორსულობის მესამე ტრიმესტრში იწვევდა ნაყოფის განვითარების შეფერხებას და არასაკმარისი წონისა და სიგრძის ახალშობილის დაბადებას. პირველ და მეორე ტრიმესტრში ეფექტი მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ იმ ქალებში, რომელთა მღელვარება განსაკუთრებით ძლიერი იყო.
მცირე ან საშუალო დონის ნერვიულობა პირველ და მეორე ტრიმესტრში არსებით გავლენას არ ახდენდა ბავშვის ჯანმრთელობაზე. სპეციალისტები ორსულებს ურჩევენ, თავი არიდონ სიტუაციებსა და გარემოებებს, რომლებიც მათში მღელვარებას იწვევს და ყველა ღონე იხმარონ საკუთარი ემოციებისა და ქცევის გასაკონტროლებლად. აღნიშნული პრობლემების აღკვეთის ერთ-ერთ მეთოდად მეანები მიიჩნევენ ყურადღების კონცენტრაციას საკუთარი ჯანმრთელობის მოვლაზე პრენატალურ პერიოდში.
-
ამცირებს თუ არა ტკბილი სასმელები სტრესსა და აგრესიას
ავსტრალიელი ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ტკბილი სასმელები ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ამცირებს აგრესიის გამოვლინებას. მაგალითად, ჩვეულებრივი შაქრიანი ჩაი ტვინს ენერგიით ამარაგებს, ინარჩუნებს იმპულსებზე კონტროლს და სტრესის შემთხვევაში სპონტანური რეაქციის შეჩერება შეუძლია. მეცნიერებმა მოხალისეებზე გამოკვლევა ჩაატარეს. მათ შესთავაზეს რამდენიმე დავალების შესრულება, რომლებიც ძალისხმევას მოითხოვდა. ამასთან, ზოგიერთ საკვლევ პირს შაქრიანი ლიმონათი დაალევინეს, ზოგიერთს კი ხელოვნური დამატკბობლით მომზადებული სასმელი.
ამის შემდეგ მკვლევრებმა მონაწილეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს - გააკრიტიკეს მათ მიერ შესრულებული სამუშაო. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც შაქრიან ლიმონათს სვამდა, ამ კრიტიკაზე სხვებთან შედარებით მშვიდად რეაგირებდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზია გლუკოზა, რომელიც ტვინს სპონტანური იმპულსების შეკავებაში ეხმარება. ეს უპირისპირდება ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომ გლუკოზამ შესაძლოა ორგანიზმში "შაქრის დონე" ასწიოს, რაც იმპულსური ქმედებების პროვოცირებას ახდენს.
ავსტრალიელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ტკბილი სასმელი შეგვიმსუბუქებს მძიმე სამუშაოს, გაგვიადვილებს რთული მოლაპარაკების წარმოებას, ხოლო დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ სტრესის მოხსნაში დაგვეხმარება.